Blog

  • კალაძემ კახი კავსაძეს დაბადების დღე მიულოცა [ვიდეო]

    დღეს კახი კავსაძე 84 წლის გახდა. თბილისის მერმა კახი კალაძემ მსახიობს დაბადების დღე პირდაპირ ეთერსი მიულოცა. კალაძემ მას დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა. 

    “დღეს ერთი ძალიან მაგარი კაცის, ძალიან მაგარი ადამიანის დაბადების დღეა – ბატონი კახი კავსაძის. ასეთი ადამიანები, როგორიც კახი კავსაძეა სამაგალითოა და ჩვენს შვილებს ზუსტად ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა ავუხსნათ და ვუთხრათ ყველაფერი, რაც ამ ადამიანებს აქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურისთვის,” – განაცხადა კალაძემ.

  • იუსტიციის სამინისტრო მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    განცხადებაში წერია, რომ 2019 წლის 5 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა. კომიტეტმა კვლავ მოიწონა ის ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა საერთოდ არ განიხილა.

    “მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა რომ: 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ივანე მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;

    “იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით – 30 დღით გახდება შესაძლებელი; ამ ბრძანების 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება 2019 წლის 1 ივლისს და დასრულდება 2021 წლის 1 იანვრამდე;

    პარლამენტმა დაამტკიცა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე,”-წერია განცხადებაში.

    იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მერაბიშვილის საქმის შემდგომი განხილვა 2019 წლის სექტემბრის სხდომაზე აღარ გაიმართება და მას მინისტრთა კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.

  • თენგიზ კალანდია ამბობს, რომ შესაძლოა ისიც დააკავონ

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია ამბობს, რომ შესაძლოა ისიც დააკავონ.  მან ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

    „ხვალ და ზეგ დამიჭერენ მეც და ჩემს უფროს შვილსაც, ასევე ჩვენთან ერთად ორი ბიჭი რომ იყო, მათაც. 9 თვეა, გარეთ ვართ და სპეციალურად არ დაამთავრეს ჩვენი პროცესი, რომ ჩვენს გასაჩუმებლად ბერკეტი ჰქონოდათ, ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ როგორც კი ხმას ამოვიღებთ და იმ პირების სახელებს და გვარებს დავასახელებთ, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ჩვენს დაკავებას არ გამოვრიცხავ, რომ ხმის ამომღები არავინ დარჩეს“, – განაცხადა კალანდიამ.

  • მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს

    მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.

    ქალაქის მთავარ სამმართველოში მოთავსებულ მიხეილ კალანდიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

    მიხეილ კალანდიას ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

  • საქართველოში წელს ცხელი ზაფხული იქნება

    საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, 2019 წელს  ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით მეტი იქნება, ხოლო ნალექის რაოდენობა კი ნორმაზე მეტი.  საქართველოში ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

    საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა  დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +23 გრადუსია.მთაში +17, 19; მაღალ მთაში +14, +15 გრადუსს შეადგენს.საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-300 მმ, სანაპირო რაიონებში 550-600, მთაში 220-250 მმ, მაღალმთაში 250-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მმ, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში 200-300 მმ-ს შეადგენს.

    სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-21) მომზადებული, 2019 წლების ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

  • ნიდერლანდებში,ძალადობის მსხვერპლი 17 წლის გოგონა ევთანაზიით გარდაიცვალა

    ნიდერლანდებში, 17 წლის გოგონა საკუთარი ნებით, ლეგალური ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. მიზეზად მან განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლი  გახდა და სიცოცხლის გაგრძელება აღარ შეეძლო.

    ნოა პოთჰოვენმა  სოციალურ ქსელში ბოლო პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ მალე ცოცხალი აღარ იქნებოდა და  სიცოცხლის დასრულების შესახებ საბოლოო  გადაწყვეტილება მიიღო.

    17 წლის მოზარდმა სექსუალური ძალადობის გამო მიღებული სტრესი და დეპრესია თავის ბიოგრაფიულ წიგნშიც აღწერა.

    როგორც აღმოჩნდა,  გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პირველად 11 წლის ასაკში გახდა, 14 წლის ასაკში კი ორმა მამაკაცმა გააუპატიურა. მან მომხდარის შესახებ მშობლები საქმის კურსში არ ჩააყენა, რადგან რცხვენოდა.

    “მე ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვცხოვრობ”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

    ნიდერლანდებში ევთანაზია ლეგალურია. იმ ადამიანების უმეტესობას, ვინც ბოლო წლებში  ევთანაზიით დაასრულა სიცოცხლე, განუკურნებელი სიმსივნე ჰქონდა.

  • 1 ივლისიდან თბილისის მეტრო მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

    1 ივლისიდან მეტროს მუშაობა დილის 06:00 საათზე დაიწყება და ღამის 11:00 საათზე დასრულდება-ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. მეტროს ახალი განრიგი სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც  პირველი ივლისიდან დაიწყება. კახა კალაძის განცხადებით, მეტროს მუშაობის დრო ერთი საათით შემცირდება. 

    „მეტრო ჩვეულებრივად დილის 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ ერთი საათით ადრე, ღამის 11:00 საათზე დაამთავრებს მუშაობას. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ის სამუშაოები, რომელიც არის დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის უსაფრთხოება, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის და ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა  კალაძემ.

    მეტროსადგურში დილასაც  შეფერხება იყო. “სადგურის მოედანზე” მყოფი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მეტრო თითქმის, ნახევარი საათით გაჩერებული იყო.

  • „არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად დაათრევს ამ ქვებს”-კახა კალაძე მრგვალი ბაღის რეაბილიტაციაზე

    “თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ” – ეს განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.  კალაძემ სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვა მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის შესახებ და განაცხადა, რომ  უკმაყოფილოა იმ კომპანიით, რომელსაც სამუსაოების შესრულება დაევალა.

    თბილისის მერმა მის მოადგილეს დაავალა, რომ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტოს.

    „არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან – იქეთ , ხან – აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ირაკლი, ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს,”-განაცხადა კალაძემ.

  • “აბა შენს ცოლის ძმას ხო არ დავნიშნავდი?”- ქობულეთის სანდასუფთავების უფროსი ნეპოტიზმზე

    TV25 ქობულეთის სანდასუფთავებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.მათი ინფორმაციით,  ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში დაახლოებით 15-მდე ადამიანია ფიქტიურად დასაქმებული. ჟურნალისტმა შეკითხვით დასუფთავების სამსახურის უფროსს მიმართა, რომელმაც საკუთარი ნათესავის დასაქმება არ უარყო.

    “რას ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? არა შენს ცოლის ძმას ხო არ დავნიშნავდი აბა, დავნიშნე დიახ,  მოვედი შევხედე ადგილები ცარიელი და მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი?”- აცხადებს ქობულეთის დასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე.

  • დღის განმავლობაში მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მივაწვდით-GWP

    კომპანია GWP განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    „მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენიდან წყლის დინების გასაჩერებლად უკვე დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

    როგორც კი, წყალსადენის ქსელი წყლისგან დაიცლება, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყებთ ტექნიკურ სამუშაოებს მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად.

    სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.

    რაც შეეხება წყალმომარაგების შეზღუდვას, ამ ეტაპზე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, ცინაციძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს.

    დღის განმავლობაში მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მივაწვდით“, – აღნიშნულია  განცხადებაში.