Blog

  • რამდენად უსაფრთხოა წყალი ლისის ტბაზე- გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მაისში ლისის ტბის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. 

    მათი დასკვნის მიხედვით,  წყლის ხარისხი ლისის ტბაზე უსაფრთხოა და მასში შემავალი კომპონენტები ნორმის ფარგლებშია.

    „კვლევების შედეგების მიხედვით ლისის ტბაში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია. დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება, ხოლო სულფატებისა და კალციუმის კონცენტრაციები ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს.

    პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • ავარია ზაჰესთან – სკოლის ბანკეტზე მიმავალი მოზარდების ავტომანქანა კედელს შეეჯახა

    ავტოავარია ზაჰესთან- “ბეემვეს” მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. მანქანაში  მოზარდები ისხდნენ, რომლებიც  სკოლის ბანკეტზე მიდიოდნენ. 

    შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ

    დღეს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ. დეპუტატები ამ თანამდებობაზე კენჭს ლონდა თოლორაიას და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურას უყრიან.

    კანდიდატურების განხილვა გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობდა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა   თოლორაიამ მოიპოვა. თოლორაია ამჟამად  შსს-ს უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

    სახელმწიფო ინსპექტორს პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს.

    საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე იქნება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს.

  • აშშ არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას – სახელმწიფო დეპარტამენტი

    შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობს მათ შედეგებს – ამის შესახებ შეერთებული შტატები სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

    მორგან ორტაგუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია და ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

    მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრესსპიკერმა მამუკა ბახტაძის და მაიკ პომპეოს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

    “სახელმწიფო მდივანი პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა. ამ შეხვედრის წინ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობს მათ შედეგებს. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სახელმწიფო მდივანი ელოდება, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მთელი რიგი ორმხრივი საკითხები განხილვის შესაძლებლობას,”-განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა.

  • “დედაქალაქის ყველა უბანში შეგიძლიათ ნახოთ დანგრეული ნაგვის ურნები”- ოპოზიცია მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

    ნარჩენების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა თბილისში – ეს იქნება საკითხი, რომლის განხილვაც დღეს თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ხმაურის გარეშე არ ჩაივლის.

    ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნაგვის ავტომობილები წყობიდან გამოსულია, ურნები კი დაძველებული. ამ ფონზე კი ისევ ღიად რჩება ლილოს ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც კომპანია „დაგმა“ ბიუჯეტიდან მილიონი ლარი მიიღო, მაგრამ სამუშაოები შესრულებული არ არის.

    „ნაგავსაყრელთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არის თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელზე, რომელმაც ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ეს პრობლემა ვერ გვარდება. რაც შეეხება უკვე ნაგვის ურნებს და ახალი ავტომობილების შემოყვანას ან შეკეთებას, რა თქმა უნდა დედაქალაქის მერი უნდა იყოს დაინტერესებული ამით და პასუხისმგებლობა არის მისი. უკაცრავად, მაგრამ, დედაქალაქის ყველა უბანში შეგიძლიათ ნახოთ დანგრეული ნაგვის ურნები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ავტომობილები, რომლებიც ზაფხულში ვიცით, რომ ფაქტობრივად გზა და გზა ყრიან ამ ნაგავს. ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა დედაქალაქში, რომელიც არის გადასაწყვეტი,“-აცხადებს ხაბეიშვილი.

  • ზურაბიშვილი ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას.

    ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

    „ყოველთვის სასიამოვნოა სხვადასხვა ქვეყნის ქალ ლიდერებთან შეხვედრა, რადგან ჩვენ საკმაოდ ცოტანი ვართ. ვისაუბრეთ საქართველოსა და ნორვეგიის პოლიტიკური კურსის, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ნორვეგია გახსნის საელჩოს თბილისში, რაც ჩვენს შორის თანამშრომლობას იდევ უფრო გააღრმავებს. ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადების პროგრამებზე. ვფიქრობ ამ სფეროში ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ერთობლივი მუშაობა შეგვიძლია,”-განაცხადა ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგიმ.

  • ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

    ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ფაქტი გააძლიერებს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებას.

    დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტრირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს “ვეფხისტყაოსნის” თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები არიან ჩართული.

  • აშშ-ში სროლას 3 წლის გოგონა ემსხვერპლა

    აშშ-ში მისურის შტატში სროლას 3 წლის გოგონა ემსხვერპლა ხოლო 6 წლის ბიჭი დაიჭრა.  ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა  ქალაქ სენტ-ლუისში 3 წლის ბავშვი ქუჩაში უფროსებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გახსნეს.  ინციდენტის შედეგად 3 წლის გოგონა გარდაიცვალა ხოლო 6 წლის ბიჭი საავდმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.