Home Blog Page 3075

რუსეთში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

0

რუსეთში ირკუტსკის ოლქში, წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად დატბორილია 4200 საცხოვრებელი სახლი. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რეგიონში გამოცხადებულია საგანგებო მდგომაროება.წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 800 მილიონ რუბლს აჭარბებს.

რატომ კანკალებს მერკელი. გერმანული მედია კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევს

27 ივნისს ანგელა მერკელი იუსტიციის ახალი მინისტრის დანიშვნის ცერემონიალს ესწრებოდა, როცა პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვით გამოსვლის დროს ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ის კანკალებდა. ორი კვირის განმავლობაში ასეთი უკონტროლო კანკალის შემთხვევა მედიის თვალწინ მერკელს უკვე მეორედ ჰქონდა. პირველად საჯაროდ გერმანიის კანცლერი 18 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას აკანკალდა.

გერმანული მედია ცდილობს გამოიცნოს, რა ხდება. პირველ ჯერზე მერკელმა კანკალი იმით ახსნა, რომ ცხელოდა და ძალიან უნდოდა წყალი. ამჯერად კანცლერის საქმეთა სამმართველომ მომხდარი სიტყვაძუნწად შეაფასა და თქვა, რომ მერკელი თავს კარგად გრძნობს და დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობის შემდეგ 30 ივნისს ევროკავშირის სამიტში მონაწილეობას გეგმავს.

გერმანული მედია რამდენიმე ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, რა ჭირს მათ კანცლერს.

ფსიქოლოგიური მიზეზები
როგორც მედიის ნაწილი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, კანკალის მეორე შეტევის მიზეზი ფსიქოლოგიური იყო. “წინა ინციდენტის გახსენებამ ახალი კანკალი გამოიწვია. ეს ფსიქოლოგიური პროცესია.“ – წერს Sueddeutsche Zeitung. ავტორი აღნიშნავს, რომ მაღალჩინოსან გერმანელ პოლიტიკოსებს პირადი ექიმები არ ყავთ. “კარგია, რომ კანცლერის აპარატის უფროსი ჰელგე ბრაუნი განათლებით ანესთეზიოლოგი და რეანიმაციის ექიმია“– წერს გაზეთი.

სტრესული სამუშაო
“როცა მერკელი კანკალს იწყებს, სეირის მოყვარულები ხარობენ“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას მემარჯვენე ცენტრისტული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung.
“ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის მანძილზე მერკელმა აჩვენა გამძლეობა – ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც. შეიძლება თუ არა დავუშვათ, რომ მძიმე დატვირთვა, რომელიც მის თანამდებობას ახლავს თან უკვე აისახება მასზე?“ – კითხულობს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ზოგადი კომენტარები, როგორიც არის მაგალითად “კანცლერი კარგად არის“ საკმარისი აღარ არის, მერკელის თანამდებობის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე.
ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ დაუშვებელია კანცლერი კანკალებდეს. “როცა კანცლერი კანკალებს, ესეიგი სახელმწიფო კანკალებს. კანცლერს რკინის ჯანმრთელობა უნდა ქონდეს. ის გამთენიისას დგება და გვიან ღამემდე მოლაპარაკებები აქვს. თითქმის არ სძინავს. ჩვენი კანცლერი ნერვების, ვენებისა და კუნთებისგან შედგება. თუმცა მას გული და სულიც აქვს“ – ლერს Bild-ის ჟურნალისტი ფრანც იოზებ ვაგნერი და ურჩევს მერკელს უფრო დიდხანს დარჩეს საწოლში. კანკალის შესაძლო მიზეზად გამოცემა ორგანიზმში სითხის ნაკლებობას ან ჰიპოგლიკემიურ შოკსაც ასახელებს.

მერკელი წასასვლელად ემზადება?

ის, რომ მერკელი საჯაროდ უკვე ორჯერ აკანკალდა მის ჯანმრთელობაზე სერიოზული მსჯელობის მიზეზი გახდა. “ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან არა მხოლოდ გადატვირთული გრაფიკი და გადაღლა, არამედ რამე უფრო სერიოზული? და ხომ არ უნდა ვიფიქრიოთ, როგორც ერთმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსმა ივარაუდა ქრისტიან–დემოკრატიული კავშირიდან მის ნაადრევ წასვლაზე?“– კითხულობს გამოცემა Tagesspiegel.
სერიოზული დაავადება?
ლიბერალური ყოველკვირეული გამოცემა Focus ექიმებთან მერკელის სიმპტომების განხილვის შემდეგ წერს, რომ არ არის გამორიცხული სერიოზული დაავადება.
18 ივლისის შემდეგ, როცა მერკელი პირველად აკანკალდა გერმანიის ოჯახის ექიმების ასოციაციის ხელმძღვანელმა, იაკობ ბერგერმა განაცხადა, რომ დიდი შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს. თუმცა ახლა უკვე თვლის, რომ სიმპტომების განმეორების შემდეგ სასწრაფოდ არის მოსაძებნი სამედიცინო ახსნა.
“ისეთი ადამიანი, როგორიც არის ანგელა მერკელი, რომელიც მუდმივად მუშაობს და ღონისძიებიდან ღონისძიებაზე დარბის, შესაძლოა ამ სიმპტომებს მალავდეს, თუმცა ექიმებმა უნდა აიძულონ ინფორმაცია გაამჟღავნოს.“– ამბობს ის.

“ყველა ნაძირალა სპეცრაზმელი,ზონდერი,პროკურორი და მოსამართლე თანამდებობაზეა და დაწინაურებულია“–ცოტნე გამსახურდია

0
ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ პროცესებს აფასებს:

“ვანო მერაბიშვილი, გარდა იმისა, რომ კრიმინალი დაამარცხა ქუჩაში, არბევდა მიტინგებს და ამისათვის დღეს ციხეშია. ფორმალურად – უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ბოროტად გამოყენებისთვის. მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რეალურად რატომ არის ვანო ციხეში? იმიტომ, რომ ბიძინე ვერ იტანდა, იმიტომ, რომ ვანომ არ უღალატა ნაცმოძრაობას, იმიტომ, რომ არ წაყვა რაღაც ბინძურ თამაშებზე და სააკაშვილზე ჩვენება არ მისცა.

მტკიცებულებები გინდათ? ძალიან მარტივია! მე იქ არც სანთლით ხელში ვმდგარვარ და არც კამერით, მაგრამ ყველა ის ნაძირალა სპეცრაზმელი თუ ზონდერი, პროკურორი და მოსამართლე, ვინც მიტინგებს არბევდა, ხალხს აწამებდა და კიდევ სასჯელს აკისრებდა, თანამდებობაზეა და დაწინაურებულია, ზოგი – ტკბილად გაქცეულია ევროპაში დიდი ფულით და არც არავინ იწუხებს თავს ძებნით; მაგალითად, ამირან მესხელი, მერაბიშვილის მოადგილე. მხოლოდ ვანოა ციხეში.
ხვდებით ახლა, რატომ არის ნაძირალა ხიხო და მისი კანტორა?!“– წერს ცოტნე გამსახურდია.

როსპოტრებნადზორმა ბათუმი–მოსკოვის რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომა

0
როსპოტრებნადზორის თანამშრომლებმა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ბათუმიდან ჩაფრენილი თვითმფრინავი შეამოწმეს. მიზანი მაღალი ტემპერატურის მქონე მგზავრების გამოვლენა იყო.
“რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადებების შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით დომოდედოვოს აეროპორტში სანიტარულ–საკარანტინო კონტროლის თანამშრომლებმა განახორციელეს ურალის ავიახაზების ბათუმი–მოსკოვის რეისის საჰაერო ხომალდის დათვალიერება“– ნათქვამია როსპოტრებნადზორის განცხადებაში, რომელსაც ინტერფაქსი ავრცელებს.
ექიმებმა უკონტაქტო თერმომეტრები გამოიყენეს და ერთი ბავშვი აღმოაჩინეს ტემპერატურით 38.0. როსპოტრებნადზორის სპეციალისტებმა ბორტზე აეროპორტის მედპუნქტის ექიმი გამოიძახეს. “დიაგნოზი –ფარინგიტი. თუმცა მშობლებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ბავშვი სახლში წაიყვანეს. სხვა დაავადებული მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ გამოვლენილა“– ამბობენ როსპოტრებნადზორის პრეს სამსახურში.
უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ჯამში მგზავრები სულ 30 წუთით შეაფერხეს და უწყების თანამშრომლების ქმედებები ჩატარდა საერთაშორისო მედ–სანიტარული წესების ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და რუსეთს შორის 8 ივლისიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

“არ დავუშვათ ამ ახალგაზრდების დამარცხება. ისინი გამარჯვებულნი უნდა წავიდნენ რუსთაველიდან“–ნიკა გვარამია

0
რუსთავი2–ის გენერალური დირექტორი პარლამენტის წინ გამართულ აქციას ფეისბუქზე სტატუსით გამოეხმაურა:

“ვინც ახლა რუსთაველზე დგას, მათი გამარჯვება, ამ ქვეყნის ისტორიული საჭიროებაა და საქართველოს ფუნდამეტური ინტერესების გამარჯვება.

ცხადია, ივანიშვილისთვის, ყოველი მათგანი პირადი მტერია და ეცდება დამარცხებულები დატოვოს (გახარიას არგადაყენებით დაშლილი აქცია, საიდანაც არ უნდა მოაბა ყური, დამარცხებულად ჩაითვლება ხალხში) და საზოგადოებას ხელი ჩააქნევინოს ამ ახალ გმირებზე და ასევე ფრუსტრაციაში ჩააგდოს.
ყველანი, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, ვალდებულნი ვართ სამშობლოს წინაშე, არ დავუშვათ ამ ახალგაზრდების დამარცხება. ისინი გამარჯვებულნი უნდა წავიდნენ რუსთაველიდან.
ყველაფერი უნდა გვაკეთოთ, სრულიად ყველაფერი, საკუთარ თავსაც გადავახტეთ, რომ ოქროს ახალგაზრდობამ გაიმარჯვოს. და გვახსოვდეს, რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებთ და არა პირადად მათთვის, ან რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკოსისთვის. გახარია უნდა გადავაყენოთ და სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაში მიეცეს.
საბოლოოდ კი: უზურპატორი უნდა წავიდეს!“– წერს გვარამია

რას მალავს ხელისუფლება აქციის დროს დაჭრილ მამაკაცზე რომელიც კომაშია

0
20 ივნისის  ღამეს პარლამენტის წინ აქციის დარბევისას დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი კომაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოჯახი დარბევის შემდეგ სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. გრიგორიანებს ბოლოს ექიმმა დაურეკა და უთხრა, რომ კომაში მყოფი დავით გრიგორიანი რეგიონულ ჰოსპიტალშია. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ის სიკვდილს ებრძოდა.
დავით გრიგორიანს ტყვია თავში აქვს ნასროლი, ტყვიამ თავის ქალი ჩაამსხვრია და ტვინი დააზიანა. ძვლის ფრაგმენტები ტვინის არეში გაიფანტა, რამაც მდგომაროება კიდევ უფრო დაამძიმა.
სასიკვდილოდ დაჭრილი პაციენტის შესახებ ოჯახს მხოლოდ მას შემდეგ შეატყობინეს, რაც გრიგორიანს ოპერაცია გაუკეთდა და ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ინფორმაცია განზრახ დამალეს, რადგან მრავალათასიანი აქციების ფონზე, ქუჩაში გამოსულ ხალხს არ სცოდნოდა, რომ აქციების ერთ-ერთ მონაწილეს თავში მიბჯენით ესროლეს.
„კურიერმა“ გაარკვია, რომ პირი, რომელმაც ოჯახის წევრებს დავით გრიგორიანის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკი აუკრძალა, ალექსანდრე სიყმაშვილია – შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. ის პაციენტ გრიგორიანის მეზობლად ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი  ზარებს არ პასუხობს. მის საცხოვრებელ სახლში მისვლის შემდეგ კი მისმა ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ ხელისუფლებას მძიმედ დაშავებული პაციენტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა და არჩილ თალაკვაძის ძმა პირადად აკონტროლებდა რეანიმაციულ განყოფილებასთან, ვინ და რა მიზნით მოინახულა პაციენტი.
კომაში მყოფი მამის ზუსტი დიაგნოზი შვილმა ამ დრომდე არ იცის. არ აძლევენ სამედიცნო დოკუმენტაციას და ვერც იმას ეუბნებიან, რომელი ტყვიით გაუხვრიტა სპეცრაზმმა თავის ქალა აქციის 46 წლის მონაწილეს.
საავადმყოფო კი, სადაც ახლა დავით გრიგორიანი წევს, ყველა ინფორმაციას მალავს. კლინიკის ადმინისტრაცია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ დაშავებული მამაკაცი ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორც 9 დღის წინ და მკურნალობამ ჯერ შედეგი ვერ გამოიღო.
დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სომხეთის საელჩოც დაინტერესდა, რომელსაც სრული ინფორმაცია დაუმალეს და რეგიონულ ჰოსპიტალში კომაში მყოფ პაციენტზე უთხრეს, რომ კარგადაა.
საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ, ოპერაციის მიმდინარეობისას ჭრილობაში ტყვია ვერ ნახეს. ესროლეს თუ არა აქციის მონაწილეს ტყვია მიბჯენით, პასუხის ამ მთავარ კითხვას ექსპერტიზამ უნდა გასცეს. ტყვიის სროლის ტრაექტორიის დადგენა, მკურნალი ექიმების კომპეტენციაში არ შედის.
ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში ამბობენ, რომ ექსპერტიზა ჯერ არ დანიშნულა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ სასწრაფოდ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები უნდა ჩაერთონ.

“სჯობდა პატრიარქს მოენახულებინა ბიძინასაგან თვალგამოთხრილი ახალგაზრდები”-ნათელაშვილი

0

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პატრიარქთან პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა ილია მეორეს ის ახალგაზრდები მოენახულებინა, რომლებიც აქციის დროს დაშავდნენ.

“ახლა კიდევ გამამტყუნებენ. ამ მოძალადის უსახო ხელის ბიჭთან შეხვედრას იქნებ სჯობდა პატრიარქს მოენახულებინა ბიძინასაგან თვალგამოთხრილი ახალგაზრდები. თუმცა უჩინონი და უფულონი ბევრ, უმაღლეს ანაფორიანთათვის მხოლოდ გამოსაყენებელი მასაა, რომელთაც მორჩილების ნაცვლად მხოლოდ, იმ ქვეყანაში პირდებიან სამოთხეს”-წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძე საპატრიარქოში იმყოფებოდა, პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახთან ერთად დალოცა.

ბატონო ივანიშვილო, წაგლეკავს ხალხის ძალა – ზალიკო უდუმაშვილი

0

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან მივიდა და საერთო პროტესტს შეუერთდა. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.

„ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რომ ხმა მიაწვდინოს ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ივანიშვილო, წაგლეკავს ხალხის ძალა. ჯობია, მშვიდობიანად დათმოთ ხელისუფლება და წახვიდეთ. ამაზე მეტი ძალა არ არსებობს, ხალხის ძალას წინ ვერაფერი ვერ აღდგომია და ვერც თქვენ აღუდგებით. ახლა ხალხი ითხოვს სამართლიანობას და თვითონ აღადგენს ამ სამართლიანობას“, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი.

ლევან ხაბეიშვილი კი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მშვიდობიანად წავიდეს ხელისუფლებიდან.

„ხალხის ღირსებას ფულით ვერ იყიდით. გასაგებია, რომ 94 მონა გყავთ პარლამენტში. გახარიას მოაყოლეთ, რომ ჟანდარმია და შემდეგ თვითონ გამოიძიებს საკუთარ დანაშაულს, მაგრამ ვერაფერს ვეღარ იზამთ. დღევანდელი დღე არის ამის დადასტურება, უფრო მეტი ადამიანი გამოვა ხვალ, კიდევ მეტი იქნება ზეგ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა.

“თავისუფლების მარში” – რესპუბლიკის მოედნიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

0

თავისუფლების მარში – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

მათი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. აქციაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მხარდამჭერებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქციის ორგანიზატორებს შეუერთდნენ.