Blog

  • ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე 65%-ს – თბილისი ენერჯი

    თბილისი ენერჯიში აცხადებენ, რომ ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა. ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი ამ დროისთვის 65% ჩართულია.

    “გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით”- აცხადებენ კომპანიაში.

    9 თებერვალს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, სავარაუდოდ, მესამე პირის ჩარევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს.

  • უსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა

    იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა –  ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს.

    მანამდე, ღვინიანიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია მთავარმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

    ღვინიანიძე მოადგილედ 2022 წელს დაინიშნა.

  • “საქართველო არ შეუერთდება EU-ს თავისი ახლანდელი კურსით – თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობას – ცაჰკნა

    “სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება შეიძლება შეტრიალდეს, რასაც მოწმობს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული. ნათელია, რომ საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. თუ [საქართველოს] ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა”.

    განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

  • არ მივმართავ წერილობით ადამიანს, რომელსაც არ ვაღიარებ.. რაღაც მომენტში ისედაც შეწყდება მანდატები – ლევან გოგიჩაიშვილი

    „ვის მივმართო, ვის სახელზე უნდა დავწერო წერილი? – არ ვაღიარებ ადამიანს და რატომ დავწერო? მიზანი ის არის, რომ რაღაც მომენტში ისედაც შეწყდება ეს მანდატები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ 24 საათის განმავლობაში შეკვეთილი სიუჟეტებით ჩემზე გავლენას მოახდენს, ცდება, არ მოახდენს გავლენას. მე არავის სახელზე განცხადებას არ დავწერ. რაც არის რეგლამენტის მიხედვით, ის რეალობა დადგება. საერთოდ არ მაინტერესებს, სხვა რომ წერდა, მე რამე შემითანხმა, მკითხა დავწერო თუ არაო? – ჩვენ არ ვიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებებს.

    არ მივმართავ წერილობით ადამიანს, რომელსაც არ ვაღიარებ. ვინც მიმართა, იმან აგოს პასუხი. ანუ აღიარებს, რომ იმ ადამიანს აქვს ამის უფლებამოსილება? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი უფლებამოსილება არ აქვს ამ პარლამენტს, არც ჩემი მანდატის შეწყვეტის უფლებამოსილება აქვს. ჩემი მხრიდან მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მოქმედებს ლეგიტიმაციაზე“

    ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსთან” ისაუბრა.

  • დგას საშიშროება, რომ რუსეთმა აქ მოიგოს… მნიშვნელოვანია, მიუნხენში მივიტანო ის მთავარი გზავნილი – ზურაბიშვილი

    “…[შეხვედრაზე] ძალიან საინტერესო საკითხები წამოიჭრა, შეიძლება ითქვას უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიტანო იქ, მითუმეტეს რომ ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალი დონის ხელმძღვანელები იქნებიან, მათთან მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რომელიც არის არამხოლოდ დიქტატურა, ეს რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რეალურად რუსეთმა აქ მოიგოს ის, რაც ვერასდროს ვერ მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ახალი ამერიკული ადმინისტრაციისთვის.”

    ანაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში გამგზავრებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • შეხვედრები, რაც დავიწყე, მიმართულია  რომ მიუნხენში ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით – ზურაბიშვილი

    „შეხვედრები, რაც დავიწყე, ერთი მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ მიუნხენში მხოლოდ მე კი არ წავიდე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით, რაც ქვეყანაშია. ამავე დროს, ჩემი სურვილია, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც შემცირებული, შემჭიდროებულია, შედგეს სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ამ მიზნით შევხვდი დიპლომატებს და ერთგვარი დიპლომატიური კლუბი შევქმენით. დღეს მედია მენეჯერებთან მქონდა მნიშვნელოვანია შეხვედრა, რომ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქართული მედია გაძლიერდეს იმ მდგომარეობასა და მომენტში, როდესაც მასზე ძალიან დიდი წნეხია, რადგან ყველა დიქტატურული რეჟიმის სამიზნე, რომელიც ცდილობს, რომ გამყარდეს, საზოგადოება და მედიაა. სიტყვის თავისუფლება, არის საზოგადოებაში უპირველესად, მაგრამ დაცული უნდა იყოს მედიის მიერ. ამიტომ, მათ გზავნილებს წავიღებ მიუნხენში, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება. გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზია ამაღლობელი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რადგან ის გახდა სიმბოლო სიტყვის თავისუფლების, წნეხის, რომელიც უპირველესად, რეგიონულ მედიაზე ვრცელდება. ალბათ, რუსული რეჟიმი თვლის, რომ რეგიონული მედია უფრო სუსტია და შეუძლია, იქ დაამყაროს თავისი გავლენა. ეს ასე არ იქნება. ჩვენ ერთად ვიქნებით და როგორც შევძლებ და სადაც შევძლებ, ყველას დავიცავ“,

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედია მენეჯერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ვცდილობთ, ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე – თბილისი ენერჯი

    “თბილისი ენერჯი” გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    “ამ წუთის მონაცემებით:

    დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი – სრულად ჩართულია

    ვაკე-წყნეთი: 43 900 – ჩართულია 55% – მიმდინარეობს 19 755 ჩართვა.

    საბურთალო ნუცუბიძე: 87 200 აბონენტი – ჩაირთო 55% – მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა.

    სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

    კომპანია სრული რესურსით ჩართულია. ვცდილობთ, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე.” – წერია განცხადებაში.

  • EU-ს წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ფონ დერ ლაიენი

    ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროპულ ფოლადსა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. ტარიფები გადასახადებია – ეს ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს.

    აცხადევს  ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფების 25%-იან ზრდაზე.
  • დაკავების მერე მეუბნებოდნენ, რომ „ქათმებში“ ჩამსვამდნენ და გამაუპატიურებდნენ – საბა სხვიტარიძე

    „მინდოდა მომეყოლა ჩემი წამების ფაქტები. ოქმი, რომელიც პროკურატურამ წარადგინა არ შეესაბამება სიმართლეს და არის ყალბი. მე დამაკავეს სხვა ადგილას და ოქმში წერია, რომ მოწმის სტატუსით ვიყავი მისული განყოფილებაში. მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე მამაჩემთან ერთად. როცა გამაჩერა პოლიციამ მე მას დავემორჩილე, ვკითხე რატომ მაკავებდნენ და მითხრეს – გეტყვიანო. მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი განაცხადეს, მოვითხოვე ჩაერთოთ სამხრე კამერები და არ ჩართეს. მამაჩემს ვთხოვე, დაერეკა ადვოკატისთვის, რა დროსაც პოლიციამ ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალეს დარეკვა.

    წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით, სადღაც, გორთან გადამსვეს შავ სედანის მანქანაში, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ ადამიანებთან, რომლებმაც ჩამომიყვანეს თბილისის სამმართველოში. მანქანაში მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, იყო მუქარა გაუპატიურების და ა.შ. მანქანაში მომხსნეს ბორკილები და მითხრეს: მოწმის სახით ხარ შენ დაბარებული და რამე რომ არ „გეყ…ვა” იმიტომ გადევს ბორკილებიო. საშვი ამაღებინეს და ისე შემიყვანეს. ეს რომ მცოდნოდა, უარს ვიტყოდი და სასამართლოში მოწმის სახით მოვითხოვდი დაკითხვას.

    შემიყვანეს ოთახში და იქ მიდიოდა გინება, და შეურაცხყოფა. მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი მითხრეს…. მერე გავიდნენ და დაუძახეს ვიღაცას. ვიღაც ნიღბიანი სპეცეკიპირებით პოლიციელები შემოვიდნენ, ამ დროს დაიწყო ჩემზე ძალადობა, მირტყამდნენ თავის არეში, ზედ დამახტა ერთი და ეცადა ხელი მოეტეხა. მერე გადმომაგდეს და მირტყეს ხელის, ზურგის და თავის არეში, ხელის მოტეხა უნდოდათ. შემოვიდა ისევ პოლიციელი, გაიყვანა და კიდევ გავიმეოროთო, თქვეს. ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო. მოვითხოვე სასწრაფო დახმარება, ტვინის შერყევა მქონდა და გული მერეოდა. შემომიტანეს პარკი და ვარწყიე შიგნით, მადლობა რომ წყალი მაინც მომიტანეს. მეუბნებოდნენ, რომ “ქათმებში” ჩამსვამდნენ და გამაუპატიურებდნენ. ამიყვანეს სხვა სართულზე – ეს ის არისო? პოლიციელებზე ძალადობა არ შეგრჩებაო, სამ პიროვნებას გადამცეს, ამ სამმა შემიყვანა უფროსთან, უფროსმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და მითხრა, რომ ოქმზე ხელი მომეწერა, მე ვუთხარი, რომ არაფერს მოვაწერდი ხელს ადვოკატის გარეშე.

    გამომძიებლის ოთახში ჩემი წამების მეორე ეტაპი დაიწყო. ცუდად ვიყავი, პარკი მომაწოდეს და იქაც ვარწყიე. იქ იჯდა ერთი პიროვნება გამომძიებელთან ერთად, რომელიც აღწერდა ჩემს დაზიანებებს. გამომძიებელს უთხრა გარეთ გასულიყო, კიდევ ორი პირი სპეცეკიპირებით, პოლიციის ფორმაში, სახე დაფარული შემოვიდა. სამი პოლიციელი მაკავებდა და ეს ორი ძალადობდა. თავზე გადამამტვრიეს ნივთები, ხის ნივთები, ამის შემდეგ დაუძახეს გამომძიებელს და მან გააფორმა ოქმი.

    ჩამიყვანეს „კაპეზეზე”. ცუდად ვიყავი თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, მოვითხოვე სასწრაფო, მითხრეს, რომ არ მჭირდებოდა და შემიყვანეს საკანში.

    მე სამედიცინო დახმარებით ვერ ვისარგებლე იქამდე, ვიდრე პენიტენციურში არ შემამოწმეს იქაურმა ექიმებმა. ამის მერე მე სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში და უნდა ვიჯდე ციხეში, ის მოძალადეები კი გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას. სასამართლოსგან ვითხოვ სამართლიან განაჩენს, მე თავს ვიცავდი და ვიცავდი ჩემს გვერდით მყოფებს.

    ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით, რაც ჩემს მიმართ განხორციელდა, გირაო არ შემიფარდეს, არსად გაქცევას ვაპირებ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე ვარ საშიში და ისინი, ვინც ხალხს აწამებენ – დაზარალებულები. ამ უსამართლობის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ერთ-ერთი მონაწილე არის სასამართლო”,

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა საბა სხვიტარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა!  – ზარქუა გაბიტაშვილზე

    შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა! – ზარქუა გაბიტაშვილზე

    „მომხდარი ინციდენტის თაობაზე მეც დილით გავიგე. უნდა ითქვას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! რაც შეეხება ამ პიროვნებას, თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ სადაც უამრავი ადამიანი იყო, არ მომრიდებია პასუხი გამეცა. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ.

    ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ. მან დააფიქსირა პოზიცია რა, როგორ და რასთან დაკავშირებით ჰქონდა. მე გაგებით მოვეკიდე და მგონია, რომ არც ერთმა ახალგაზრდამ ამ უსამშობლოების სექტას თავი არ უნდა გამოაყენებინოს. თემა ამით დამთავრდა. ასე რომ, საცოდაობაა გარკვეული ჯგუფების მცდელობა, რომ ამ თემით გარკვეული ქულები დაიწერონ.

    თუ რამე ეჭვია, აგერ არის პოლიცია და ჩივილი არ გაუჭირდება. თუ დამიბარებენ იგივე ჩვენებას მივცემ, რა ჩვენებაც აბუ-დაბიში მივეცი, როცა გამოძიება მიმდინარეობდა.

    მოვიწოდებ ოპოზიციას ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ და თავის გაჭირვებულ თავს მიხედონ, მიტინგებზე დაცვის გარეშე რომ ვერ დადიან და ამ ახალგაზრდებს იყენებენ“,

    ასე ეხმაურება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა.