Blog

  • “სად შეინახავს ივანიშვილი საქართველოში შემოტანილ ნახატებს? ერთადერთი ადგილი ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავია – რომან გოცირიძე

    “სად შეინახავს ივანიშვილი საქართველოში შემოტანილ ნახატებს? ერთადერთი ადგილი ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავია – რომან გოცირიძე

    ივანიშვილმა იანვარში ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 480 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები უცხოეთიდან საქართველოში შემოიტანა. ოფშორების კანონის წყალობით ამ მაქინაციის შედეგად ბიუჯეტში 86 მილიონი დოლარი არ გადაიხადა. ბლუმბერგის შეფასებით ნახატების რეალური ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია, ანუ ბიუჯეტს 180 მილიონი დოლარი დაუმალა.
    სად შეინახავს ამ ნახატებს ივანიშვილი? სახლში გამორიცხულია, ჯარი უნდა დააყენოს დასაცავად. “ქართუს” სარდაფი ამისთვის არ გამოდგება, სპეციალური რეჟიმია საჭირო. ერთადერთი ადგილი, სადაც ტენიანობის და ტემპერატურის სტაბილური და სტანდარტების შესაბამისი გარემოა, არის ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავი, სადაც 7 ტონა ოქროს ზოდები ინახება. ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაუწვდის დახმარების ხელს ეროვნული ბანკი ბიძინა ივანიშვილს თუ არა.
    ეროვნული ბანკის საცავში, სადაც ნაღდი ფულისა და ოქროს მარაგები ინახება, სხვა პირების ნივთების შენახვა დაუშვებელია. ამისთვის სპეციალური გადაწყვეტილებაა საჭირო, რათა მოხდეს საკასო ცენტრის ფართის კერძო პირებზე გაქირავება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
    სანქციიდან თავის დაღწევის ბევრ ამბავს შევიტყობთ თანდათანობით. მაინც ვერაფერი უშველის.

    ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • რეზოლუცია არის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგი, რომელსაც „ოცნება“ ეწევა – ჯაფარიძე

    „ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსი სიმწვავის გადაწყვეტილება ჯერ არ გვინახავს. ეს არის შედეგი სწორედ ძირგამომთხრელი საქმიანობის, რომელსაც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დესტრუქციული, დამანგრეველი მოქმედების შედეგი. რეზოლუციაში ასახულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა მის წევრ ქვეყანას, არ აღიაროს დე ფაქტო ხელისუფლება. უწოდებს მას თვითმარქვია ხელისუფლებას, თვითდანიშნულ თანამდებობის პირებს, ამავდროულად მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორმხრივ საფუძველზე გამოიყენოს ყველა შესაძლო სასანქციო მექანიზმი და იწონებს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ჩეხეთის მიერ მიღებულ ორმხრივ სანქციებს.

    ამავდროულად, საუბარია იმაზე, რაც ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ის უდიდესი სიკეთეები, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისი შრომის, სისხლის ფასად – ევროკავშირთან დაახლოება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, უვიზო გადაადგილების საშუალება. ყველაფერი ეს “ქართულმა ოცნებამ” საფრთხის ქვეშ დააყენა. სწორედ ესაა რეზოლუციაში ასახული, რომ თუ ივანიშვილი არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, არ იქნება შეთანხმება, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილოს იმ უდიდესი სიკეთეების გაუქმება, რომელიც ჩვენი ხალხისთვის მართლაც ასეთი სანუკვარი იყო და ამდენი შრომის შედეგად იქნა მიღწეული. ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა მოვახერხოთ, რომ “ქართული ოცნება” ვაიძულოთ, შეასრულოს ამ რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნა – დანიშნოს ახალი არჩევნები, რადგან, ეს არის ერთადერთი გამოსავალი უმწვავესი კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” შეგვიყვანა. ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან პირობებში უნდა ჩატარდეს. ამავდროულად ყველას უნდა ესმოდეს, მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, რომლებიც აფინანსებენ “ქართული ოცნების” რეპრესიულ რეჟიმს და თანამონაწილეები არიან რეპრესიების, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება, რომ მათ ასევე ემუქრებათ სანქციები. ამიტომ ისინი გონს უნდა მოეგონ და შექმნან წნეხი ივანიშვილზე და მის გადაწყვეტილებაზე, რომ აუცილებლად უახლოეს ვადაში, იმისთვის, რომ ვითარების კიდევ უფრო გაუარესება არ მოხდეს და არ განიხილოს ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნისთვის იმ სიკეთეების გაუქმება, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოლეთ, აიძულონ ივანიშვილი, დანიშნონ ახალი არჩევნები. ეს იქნება ერთადერთი სწორი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვიმყოფებით“,

    ამის შესახებ ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • ფედერალისტებმა უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი პარტიის დაფუძნებაზე – ჩერგოლეიშვილი

    ფედერალისტებმა უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი პარტიის დაფუძნებაზე – ჩერგოლეიშვილი

    ფედერალისტებმა უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი პარტიის დაფუძნებაზე -აცხადებს ამის შესახებ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

    ფედერალისტებმა უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი პარტიის დაფუძნებაზე. პირველი სრულიად უშინაარსო და გაუგებარი მიზეზებით დაგვიხარვეზეს. ახლა ხერხი ვიხმარეთ – გადმოვწერეთ ქართული ოცნების წესდება, ტექნიკურად ყველაფერი იგივეა, მხოლოდ იდეოლოგიური სხვაობებია და ვნახოთ, ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი ქართული ოცნების წესდებას დაახარვეზებს თუ არა. ვადა აქვს ერთი თვე, ასე რომ ერთი თვის ვადაში გავიგებთ, დაარეგისტრირეს თუ არა პარტია.ჩვენს მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა ვარიანტში მივიღებთ, რაც არ უნდა ქნას ივანიშვილის რეჟიმმა.” – ამბობს ჩერგოლეიშვილი.

  • 400 ხმით, ევროპარლამენტარები ოცნების ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ! – კოლსი

    “ევროპარლამენტმა 400 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარყოფს “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმაციას გაყალბებული არჩევნების შემდეგ.
    რეზოლუციაში მოცემულია შემდეგი მოთხოვნები:
    საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტი
    სანქციები იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო მანიპულაციებსა და რეპრესიებში მონაწილეობდნენ.
    სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას;
    ახალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

    საქართველოს მომავალი დემოკრატიაშია და არა ავტორიტარიზმისკენ დაბრუნებაში,”

    ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ზე წერს.

  • სამწუხაროდ ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს შეუძლებელია – ”ქართული ოცნება”

    “სამწუხაროდ ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს შეუძლებელია ” – ქართული ოცნების პოლიტსაბჭო განცხადებით ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას.

    “გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან “დიფ სთეითი” გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ „დიფ სთეითი“. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას „დიფ სთეითის” განადგურების საქმეში. ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს “დიფ სთეითის” გავლენას.

    როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას “დიფ სთეითის” წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ , რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით. ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება – „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“.

    ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია”- აცხადებენ ოცნებაში.

  • კოალიცია ცვლილებებისთვის მოქალაქეებს ჯარიმების გასაჩივრებისკენ მოუწოდებს

    კოალიცია ცვლილებისთვის მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არ გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმები და გაასაჩივრონ.

    • “არ გადაიხადოთ ეს პატრულის ჯარიმები, გაასაჩივრეთ ეს ჯარიმები იმიტომ, რომ ერთი, გასაჩივრება აჩერებს გადახდის პროცესს, ანუ თქვენ არ მოგიწევთ გასაჩივრების პერიოდში ჯარიმის გადახდა, რომელიც არის უკანონო. მეორე, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავტვირთოთ სისტემა მაქსიმალურად. ეს პატაკი და ზოგადად, მათი ეს ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მიუთითებს, რომ ადამიანების შესაშინებლად მოფიქრებული ჯარიმები გახდა პრობლემა თავად რეპრესიული სისტემისთვის”,- თქვა გიგა ლემონჯავამ, კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა

    კოალიციის წევრების თქმით, მათ შეუძლიათ მოქალაქეებს მისცენ საჩივრის მარტივი ფორმა, რომლის შევსებასაც ისინი ადვოკატებისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.

    • “ადამიანის უფლებათა ოფისი სთავაზობს მოქალაქეებს ადმინისტრაციული საჩივრის ძალიან მარტივ ფორმას, რომლის შევსებაც ადვოკატის ყოლის გარეშე, დამოუკიდებლად არის შესაძლებელი”,- თქვა კოალიციის წევრმა მარიკა არევაძემ
  • იმედია, გატეხილი ცხვირით ვინმეს რამე არ ვატკინე და უარეს შედეგს არ მივიღებ

    “პირველივე დღეს, ჭიჭინაძის ქუჩის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სპეცრაზმიც და წყლის ჭავლიც კი არ იყო გამოყვანილი, მაშინ შემომეხვივნენ გარს, სრულიად აბსურდულ სიტუაციაში – მედიის მხარეს ვიდექი, ბევრ სხვა ჟურნალისტთან ერთად, იქ შემოცვივდნენ პირდაპირ. დაკავებამდე მცემეს – რამდენიმეწუთიანი ცემის შემდეგ, ვიღაცამ ახსენა, რომ ეს გაიყვანეთ და დააკავეთო.

    ამის შემდეგ გადამცეს საპატრულო პოლიციას და გადამიყვანეს განყოფილებაში. 2 საათის შემდეგ, შემიდგინეს გაყალბებული ოქმი, თითქოს მე იქ ხმამაღლა ვიგინებოდი, რაზეც უარი ვთქვი, რადგან ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ვიყავი კამერებით. უნდა ვკითხო, სად წაიღეს ჩემი კამერები, სადმე თუ დაალომბარდეს, რადგან დღემდე გამქრალია. იმედი მაქვს, რომ ჩემი გატეხილი ცხვირით ვინმეს ხელი არ ვატკინე და უარეს შედეგს არ მივიღებ.

    ვადევნებდი თვალს სერგი ბარამიძის [“მთავარი არხის” ოპერატორი] საქმესაც, მაშინაც იქ ვიყავი, ვმუშაობდი და მახსოვს, ფოტოებს ვიღებდი და ჩემ კადრშიც მოხვდა, როგორ აბსურდულ სიტუაციაში დააკავეს და იძალადეს მასზეც. მაშინ მივხვდი, რომ ალბათ მეც დამიბარებდნენ”,

    გამოცემა პუბლიკის რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი შსს-ს მიერ მის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას ეხმიანება.

    ცნობისთვის,  გუშინ, “პუბლიკის” ნაცემი რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს მიმართა.

  • “შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ, მოვიგოთ უმძიმესი ბრძოლა” – კოლეგები მზია ამაღლობელს წერილით მიმართავენ

    ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს, რომელიც 33-ე დღეა შიმშილობს, კოლეგები წერილს უგზავნიან. წერილს ხელს 150 ადამიანი აწერს. მზია ამაღლობელს მას ვივამედში დღეს შეუტანენ.

    “ძვირფასო მზია,

    ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა შენ მიმართ იყენებს! ასევე, კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი – ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება!

    მაგრამ უკვე 33-ე დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია! – გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო!

    ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა! ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია – ყველამ  ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება!

    გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები!”

  • ”ჩვენი დანებება გამოიწვევს ისეთ მენტალურ და იდენტობის მარცხს რომ თაობები დაჭირდება ახალი შანსის გაჩენას” – გიორგი ახობაძის წერილი

    ეს მოძრაობა რაც დღესაა, არის ის ბოლო შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი დანებება გამოიწვევს ისეთ მენტალურ და იდენტობის მარცხს ამ ქვეყანაში, რომ თაობები დაჭირდება ახალი შანსის გაჩენას”-წერია რეჟიმის პატიმრის, ექიმი გიორგი ახობაძის წერილში

    ”გამარჯობა და გამარჯვება ყველა ჩემს გულშემატკივარს და თანამებრძოლს. დიდი ხანია წერილის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ ვაბამდი თავს. ალბათ იყო ემოციაც, ღელვაც, შფოთიც და კიდევ სხვა მიზეზებიც, რომლებსაც ჯერ ვერ ვხვდები, რაც ამაში ხელს მიშლიდა. კომუნიკაციის ეს ფორმა ძალიან უჩვეულოა დღევანდელი დღისთვის, როცა მივეჩვიეთ სოციალურ ქსელებს და ამიტომაც ამასაც დამუღამება უნდა.

    წერილი თავისებური თხზულებაა როგორც ჩანს და ამაში სკოლიდან მოყოლებული უნიჭო ვარ. ჩემი ქართულის მასწავლებელი, კახა თოდაძე დამეთანხმება ამაში. აქვე დროს ვიხელთებ და მას მოვიკითხავ. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი რაც სკოლიდან წამოვიღე, მისი ლექცია-გაკვეთილები იყო, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი კლასის ქართველობის იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ამას მაშინ ნაკლებად ვხვდებოდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ეს ცალსახაა. დიდი მადლობა ამისთვის კახა მას.

    ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თანაგრძნობისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატეთ იმ უმძიმეს დღეებში, როცა დედა გარდაიცვალა. ამას არასოდეს დავივიწყებ. სამწუხაროდ მე ჯერ ვერც ვიგლოვე. ამის არც ადგილია აქ და არც დრო. ეს შიგნით გულში მაქვს შენახული, თავისებურ დახურულ ყუთში,რომელსაც მაშინ გავხსნი, როცა აქაურობას დავემშვიდობები. სიმშვიდეს ის მინარჩუნებს, რომ უკანასკნელად საშუალება მომეცა ჩავხუტებოდი და ისე გამეცილებინა მამასთან. დარწმუნებული ვარ, თუ რამე გრძელდება დედამიწაზე სიცოცხლის შემდეგ, ისინი ერთად არიან ახლა და ჩახუტებულები. არ შემიძლია და არასწორი ვიქნები მადლობა არ გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემ გადაყვანაზე იზრუნა პანაშვიდის დღეს. არც ამას დავივიწყებ არასოდეს, იმიტომ რომ ეგ იყო ის, რამაც დამტოვა “ცოცხლად”. ეს ბოლო “ნახვამდის” იყო ის, რასაც მერე უკვე ვეღარ გავაკეთებდი. დანარჩენი ჩემ “გულის ყუთშია” და როცა დრო მოვა გავხსნი.

    ჩემ გულის ნადებს გავაგრძელებ ჩვენ საერთო ბრძოლაზე და საქმეზე საუბრით. ალბათ ამას ყველა გრძნობთ, ხედავთ და ხვდებით, რომ ჩაისახა და ძალას იკრებს, ის მრავალფეროვანი ერთობა, რომელსაც ამდენი ხანია ყველა ველოდებოდით. ერთი დიდი ბირთვი იკვრება, რომელსაც ქართული სახელმწიფოს ძრავის ფუნქცია უნდა დაეკისროს. იმის გამო, რომ ათწლეულებია საბჭოთა საქართველოს ნანგრევებში დავაბიჯებდით, ბევრი ადამიანი ჩვენ ირგვლივ უიმედობაშია ჩავარდნილი.

    მახინჯ წრეზე გვაქვს  ნაბოდიალები 90-იანებიდან მოყოლებული. როგორც ჩანს, არ გვქონდა ნაგრძნობი ის, რას ნიშნავს იყო სახელმწიფოს ნაწილი, როგორ უნდა იპოვო სხვა ნაწილები, იპოვო საერთო და ააშენო ერთი მთლიანი. ახლა ვინც გარეთ ვდგავართ, ვართ ქართული სახელმწიფოს “ფაზლის” ის ნაწილები, რომლებმაც უნდა  ჩვენი ერთობით და დაუღალავი ბრძოლით სხვა ამ ფაზლის იმედგაცრუებულ ნაწილებს ვანახოთ და დავაჯეროთ კვლავ, რომ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ავაწყოთ ერთობა, მოვიტანოთ რეალური ცვლილებები და შემდეგ ვიზრუნოთ სახელმწიფოს პროგრესის უწყვეტობაზე. ჩვენ ვართ ისინი, ვინც დანარჩენებს უნდა გავუღვიძოთ იმის რწმენა, რაც გერბზე გვიწერია – “ძალა ერთობაშია”.

    ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ამიერიდან აღარცერთ მთავრობას არ მისცემს საშუალებას, ირბინოს მოქალაქეების თავებზე. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ ახლა. მთავარი, რაც უნდა გვამოძრავებდეს, არის სოლიდარობა და ემპათია თითოეულიჩვენი გვერდშიდგომის მიმართ. ზუსტად ამის დეფიციტმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ – პოლარიზებულ ჭაობამდე. ნაწილი ჩვენგანი წინა ხელისუფლების დროს ვერ ხედავდა სხვის ჭირს, ნაწილი ახლა ვერ ხედავს, ნაწილი ორივე პერიოდში ხედავდა, მაგრამ საიმედო თანამებრძოლს ვერ პოულობდა და დანებდა.

    ასე მგონია და ვგრძნობ, რომ ეს მოძრაობა რაც დღესაა, არის ის ბოლო შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი დანებება გამოიწვევს ისეთ მენტალურ და იდენტობის მარცხს ამ ქვეყანაში, რომ თაობები დაჭირდება ახალი შანსის გაჩენას. ძალიან ბევრი ამ ქვეყანაზე შეყვარებული, მაგრამ უიმედოთ მყოფი ქართველი გვიყურებს და იმედი მაქვს, ნელ-ნელა იჯერებს ჩვენი ბრძოლის გულწრფელობას და უწყვეტობას. ამიტომ ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ ბოლომდე!!! ჩვენ უნდა შევქმნათ ის დიდი გუნდა, რომელიც დაეშვება, გადიდდება და წალეკავს საბჭოთა ნარჩენებს ქართულ ცნობიერებაში და ცხოვრების ფორმაში.

    ბრძოლა იქნება ბოლომდე!

    ორი სიტყვა აქაურობაზეც მინდა დავწერო. გამოგიტყდებით და აქ მოხვედრის ძალიან მეშინოდა. მეგონა ციხის კართან მთავრდება სიცოცხლე. შეიძლება ეს ასეთი შეგრძნებაც იყოს, როცა აქ დანაშაულის გამო ხვდები. ეხლა ვგრძნობ, რომ არაფერიც არ მთავრდება, ეს შიში არ იყო სწორი. საოცრად მშვიდათ და შემართებით ხარ, როცა იცი, რომ მართალი ხარ. ერთადერთი, რაც მაკლია, ჩემი სოციალური ქსელებია და ჩემი ტანი რუსთაველზე თქვენთან ერთად. დანარჩენი ყველაფერი ისევ აქაა ჩემთან ერთად და არცერთი წამით არ ვაპირებ არც უკან დახევას, არც გაჩერებას. სულ რომ გვირაბის გათხრა დამაბრალონ ბომბეიდან ლონდონამდე, წერონ და იკითხონ!

    ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემ ბრალეულობას დაამტკიცებს და ჩემ ციხეში ყოფნას გაამართლებს!

    იმედი მაქვს, მალე შემოგიერთდებით ფიზიკურადაც!

    ჩემი სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს!

    ბრძოლა ბოლომდე!”- აცხადებს გიორგი ახობაძე.

  • თემურ ქათამაძეს 17 კილო აქვს დაკლებული, უარს ამბობს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე – ადვოკატი

    „ისევ აგრძელებს ბატონი თემური  შიმშილობას და გამოკვლევების ჩატარების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მისი პროტესტიდან გამომდინარე.

    თანაც, მისი საქმე გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება.  იცით, რომ მას უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა, კიდევ ერთი იქნება, სადაც უნდა გაასაჩივროს ლტოლვილისა და ჰუმანიტარულ სტატუსზე უარის თქმის საკითხი. ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მას სჭირდება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და მტკიცებულებები.

    მისი შიმშილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ყოველდღე ამზადებს გარკვეულ ახსნა-განმარტებებს საქმისთვის, უკავშირდება ახლობლებს მტკიცებულებების მოძიების მიზნით და ამაშიც ძალიან შეზღუდულია, რადგან კვირაში სამი დღე აქვს, როცა შეუძლია 4-წუთიანი ზარის განხორციელება ახლობლებთან.

    შემოწმება, რაც მას იზოლატორში უტარდება – წნევის გაზომვა, შაქრის დონის ან სატურაციის გაზომვა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული სურათი მოგვცეს.

    თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში და კრიტიკული იქნება, რა თქმა უნდა, მისი კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა არსებობს, თუ ამაზე ექიმის დასკვნა იქნება,“

    აცხადებს ამის შესახებ, თემურ ქათამაძის ადვოკატი.

    ბათუმის აქციების მედროშე, 28-ე დღეა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს.