Blog

  • კაია კალასი: პუტინი „არ არის დაინტერესებული მშვიდობით“ უკრაინაში

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „არ არის დაინტერესებული მშვიდობით“, — განაცხადა შაბათს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა, როდესაც კომენტარს აკეთებდა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.

    „რუსული რაკეტები შეუჩერებლად ეცემა უკრაინას, იწვევს სულ უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას. პუტინი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ სურს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა — წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის ყველაზე მაღალ ფასს“, — დაწერა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში.

    7-დან 8 მარტის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს უკრაინულ ქალაქებზე — დონეცკის ოლქში მდებარე დობროპოლიესა და ხარკოვის ოლქში მდებარე ბოგოდუხოვზე. შედეგად, 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 37 დაიჭრა, მათ შორის ხუთი ბავშვი.

  • გამათავისუფლეს, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ – თბილისის მერიის თანამშრომელი

    “გამათავისულფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 4 შვილის დედა რომლის ერთადერთი შემოსავალი ხელფასი იყო. რა უნდა დაწერო ადამიანმა, როცა არაფერი ადამიანური აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. 8 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ვიმუშავე 4 სხვადასხვა სერვისცენტრში აღმოჩნდა, რომ შტატი შემიმცირეს. გამაკვირვა თუ არა ამ ფაქტმა. რა თქმა უნდა არა. რატო გამიშვეს?! გამიშვეს იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ.  არასდროს ყოფილა სხვისი ჭირი ჩემთვის ჩხირი. გამიშვეს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვის მოთხოვნისთვის. გამიშვეს ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვეს ჩემი შვილების ნათელი მომავლისთვის. გამიშვეს იმისთვის რომ უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძვი გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ქვეყნის გადასარჩენად. ვერ მაიძულებ გაჩერებას არ დავიღლები ამ ბრძოლაში. მიყვარხართ, ყველა”

    ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის თანამშრომელი, მარიამ კანდელაკი წერს.

  • “დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლავე” – ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და საბაჟო ტარიფების დაწესებას განიხილავს

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა, რომ იგი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და საბაჟო ტარიფების დაწესების იდეას.

    „იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ამჟამად აბსოლუტურად „ანადგურებს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, მე სერიოზულად განვიხილავ მასშტაბური საბანკო სანქციების, სხვა სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის მიმართ, სანამ არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო მშვიდობიანი შეთანხმება. რუსეთო და უკრაინა, დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლავე, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ არის. მადლობა!!!“ — დაწერა ტრამპმა.

     

  • ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის რეიტინგი 67%-მდე გაიზარდა – კვლევა

    კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თეთრ სახლში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი 67%-მდე გაიზარდა. ტრამპთან შეხვედრამდე, უკრაინის მეთაურს  უკრაინელების 57% ენდობოდა,  37% – არ ენდობოდა.

    „პრეზიდენტისადმი ნდობა ოდნავ დაბალია აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ამ რეგიონშიც კი უმრავლესობა ენდობა ზელენსკის – 60%, ხოლო 36% არ ენდობა. სხვა რეგიონებში (დასავლეთი, ცენტრი, სამხრეთი) მას ენდობა 66-69%, ხოლო 28-30% არ ენდობა“ – წერს Ukrainska Pravda.

    კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის, აღმასრულებელი დირექტორი ანტონ ხრუშეცკი ამბობს, რომ “პრეზიდენტისადმი ერთიანობისა და ნდობის გაზრდის მთავარი მიზეზი არ არის მასზე თავდასხმები. უკრაინელები აშშ-ის ახალი მთავრობის რიტორიკას აღიქვამენ, როგორც თავდასხმას მთელ უკრაინაზე და ყველა უკრაინელზე”.

    კვლევის ფარგლებში სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით გამოკითხული იქნა 1029 რესპონდენტი. გამოკითხვა ჩატარდა უკრაინის სრულწლოვან (18 წლის და უფროსი ასაკის) მოქალაქეებთან, რომლებიც კვლევის დროს ცხოვრობდნენ უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

    „ფორმალურად, ნორმალურ პირობებში, ასეთი ნიმუშის სტატისტიკური ცდომილება (0.95 ალბათობით და 1.3 დიზაინის ეფექტის გათვალისწინებით) არ აღემატებოდა 4.1% 50-თან ახლოს ინდიკატორებისთვის, 3.5% 25-თან ახლოს მაჩვენებლებისთვის, 2.5% 10-თან ახლოს ინდიკატორებისთვის, 1.8% ინდიკატორებისთვის.ომის პირობებში, მითითებული ფორმალური ცდომილების გარდა, ემატება გარკვეული სისტემატური გადახრა. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ მიღებული შედეგები ჯერ კიდევ უაღრესად წარმომადგენლობითია და მოსახლეობის საზოგადოებრივი განწყობის საკმაოდ სანდო ანალიზის საშუალებას იძლევა“, – აცხადებს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი.

  • ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის $1 მილიარდის პირველი ტრანში გადაურიცხა

    უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა, გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პირველი ტრანში უკრაინას გადაურიცხა, რომელიც უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება.

    “თანხები მოხმარდება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაციას ყველა სუვერენული აქტივი ჩამოერთმევა და გადაიცემა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მომავალში,” – განაცხადა დენის შმიგალმა.

    ეს არის პირველი ნაწილი £2.26 მილიარდი ფუნტის ოდენობის სესხიდან, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გამოუყო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების საფუძველზე.

  • რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე 260 დრონითა და რაკეტებთ იერიში მიიტანეს

    გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაზე 260 უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით მასობრივი კომბინირებული საჰაერო თავდასხმა მიიტანეს.  უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ 100 დრონისა და 34 რაკეტის განეიტრალება შეძლეს.

    საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ფრანგული Mirage-2000 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც უკრაინას ერთი თვის წინ გადაეცა, პირველად მონაწილეობდნენ რუსეთის საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში.

    “მტრის საჰაერო თავდასხმას აკავებდნენ საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) საშუალებები და მობილური საარტილერიო ჯგუფები, რომლებიც უკრაინის საჰაერო ძალებსა და თავდაცვის ძალებს ეკუთვნიან. ასევე, ოპერაციაში ჩართული იყო გამანადგურებელი ავიაცია, კერძოდ, F-16 და Mirage-2000 ტიპის თვითმფრინავები” – წერია განცხადებაში.

  • უკრაინელებმა ბევრი რამ გამოიარეს.. არ გვინდა ვავნოთ მათ – ტრამპი

    უკრაინელებმა ბევრი რამ გამოიარეს.. არ გვინდა ვავნოთ მათ – ტრამპი

    “ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეს ზიანი მივაყენოთ, რა თქმა უნდა არ ვცდილობთ მათ ვავნოთ და მე ამას განვიხილავ. იყო ხალხი, რომელიც ფიქრობს რომ ეს მიზანშეწონილია და ზოგი ფიქრობ რომ არ არის. გადაწყვეტილებას მალე მივიღებ. მაგრამ არ გვსურს, მათ ვავნოთ, განსაკუთრებით უკრაინელებს, მათ ბევრი რამ გამოიარეს,”

    ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • “სხედან, აკვირდებიან რევიზორები”  – პაპუაშვილი პროცესებზე დიპლომატების დასწრებაზე

    “სხედან, აკვირდებიან რევიზორები” – პაპუაშვილი პროცესებზე დიპლომატების დასწრებაზე

    “ელჩების დასწრებას სასამართლოზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება – ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან რევიზორები და თუკი ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ და რა სურთ საჯაროდაც ამბობენ, ამას მოჰყვება სასჯელი”

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა.

  • MEGOBARI აქტის რეგისტრირებულ ვერსიას საგარეო კომიტეტი შემდეგ კვირას განიხილავს – რაუფოღლუ

    ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, მომავალი კვირის დასაწყისში, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას, საგარეო კომიტეტი განიხილავს.

    “როგორც წყარო მეუბნება კონგრესიდან, MEGOBARI აქტის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.ამასობაში, MEGBARI აქტის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ვერსიას, რომელიც ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს, მხარდამჭერები ყოველ დღე ემატებიან. მას ახლა 18 თანასპონსორი ჰყავს”. – წერს რაუფოღულო სოციალურ ქსელში.

  • მზად ვართ ევროპული თავდაცვისთვის 800 მილიარდის მობილიზებისთვის – ევროკომისია

    “მზად ვართ ევროპული თავდაცვისთვის 800 მილიარდის მობილიზებისთვის ” – ამის შესახებ, ნათქვამია ევროპული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “ევროპისთვის გადამწყვეტი მომენტი აქ არის და ჩვენ მზად ვართ  ევროპული თავდაცვისთვის 800 მილიარდის მობილიზებისთვის: მიეცით უფლება ევროკავშირის ქვეყნებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები საბიუჯეტო წესების ფარგლებში.

    ევროკავშირი გთავაზობთ 150 მილიარდ ევროს კრედიტს თავდაცვის ინვესტიციებისთვის;

    თანმიმდევრული ფონდების გამოყენება თავდაცვისთვის;

    კერძო ინვესტიციების გაძლიერება.

    ამ წინადადებებს ევროკავშირის ლიდერებს წარვუდგენთ დღევანდელ ევროსაბჭოს სხდომაზე.

    ევროპა მზად არის აიღოს თავისი პასუხისმგებლობა”, – წერია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.