Blog

  • რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, ჩემი სიცოცხლეც რომ დასჭირდეს ჩემ ქვეყანას, მე მზად ვარ – ვეფხია კასრაძე

    მე მინდა სიმართლე დადგინდეს, ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ სამართლიან ქვეყნად ვაქციოთ.

    რამდენ წელს მომისჯიან, მნიშვნელობა არ აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯები. რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, ჩემი სიცოცხლეც რომ დასჭირდეს ჩემ ქვეყანას, მე მზად ვარ, გავიღო და ამისთვის არაერთხელ ვყოფილვარ მზად და დღესაც მზად ვარ.

    სანამ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად, სამართლიან ქვეყნად არ იქცევა, მანამდე ვიბრძოლებ კანონიერად, სამართლიანად.

    თქვა დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

  • ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

    გუშინ, 5 მარტს, ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას,  “ნიუ ჰოსპიტალში” დაუდასტურეს.

    დაშავებულ ქალს გუშინ ოპერაციაც ჩაუტარდა.

    ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან  ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.

  • ევროპა უნდა ჩაერთოს შეიარაღების რბოლაში და რუსეთი წააგებს, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო 40 წლის წინ – ტუსკი

    “ბევრი დრო დავკარგეთ, როგორც ევროპამ, მაგრამ დღეს, ყველაფერი ნამდვილად შეიცვალა. ვსაუბრობ ევროკომისიის წინადადებაზე [თავდაცვაზე 800 მილიარდი ევროს მობილიზების შესახებ] და ყველა ჩემი თანამოსაუბრის ერთგულებაზე. მათ ეს დაადასტურეს პარიზსა და ლონდონში შეხვედრების დროს.

    ყველა მზად არის ეს გამოწვევა მიიღოს. ეჭვი არ არსებობს, რომ ომი უკრაინაში, ევროპისადმი ამერიკული ადმინისტრაციის ახალი მიდგომა და, ყველაფერზე მეტად, რუსეთის მიერ დაწყებული შეიარაღების რბოლა, სრულიად ახალ გამოწვევებს წარმოადგენს ჩვენთვის. ევროპა უნდა ჩაერთოს ამ შეიარაღების რბოლაში და მოიგოს ის.

    დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს არ რბოლას, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო მსგავსი რბოლა 40 წლის წინ. და ეს უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტის თავიდან არიდების ერთადერთი მეთოდია…

    ევროპა დღეს მზად არის უსაფრთხოებაზე სტარტისთვის, მზად არის უფრო სწრაფად, ჭკვიანურად და ეფექტურად შეიარაღდეს, ვიდრე რუსეთი…

    დღეს არ გვაქვს ზედმეტად ოპტიმისტურად ყოფნის საბაბები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარდამტეხი მომენტია, როდესაც ევროპამ გაიაზრა, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია მას”

    განაცხადა პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

  • მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის მოსამართლე, მზიას ნათესავია – ზურა ვარდიაშვილი

    “ბათუმში მიმდინარეობს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული პროცესი. აი სტიკერი რომ გააკრა ღობეზე და პირველად რომ დაიჭირეს, ეგ საქმე.
    მოსამართლე არის მზიას ნათესავი. ” –  წერს ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა „პუბლიკის“ დირექტორი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი.

    ”ბათუმში მიმდინარეობს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული პროცესი. აი სტიკერი რომ გააკრა ღობეზე და პირველად რომ დაიჭირეს, ეგ საქმე.
    მოსამართლე არის მზიას ნათესავი.
    მზიას დეიდაშვილის სიძეა – მისი სიმამრი არის მზიას დეიდაშვილი.
    შესაძლოა ერთი სისხლი და ხორცი არაა მთლად, მაგრამ საქართველოსთვის ამგვარი ნათესაობაც ნათესაობაა მოგეხსენებათ.
    მოსამართლე არ იცილებს საქმეს. მაგის ძმას ვიცნობ, თვითონ მზიას არაო. შსს-ც ამბობს, ვენდობითო”- წერს ვარდიაშვილი.

  • ბევრი პარლამენტი გვინახავს, მაგრამ დრაკონული კანონების ამ მასშტაბით მიმღები პარლამენტი არ მახსენდება – Amnesty International-ის წარმომადგენელი

    “ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით, ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს” – Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

    “იმის შერჩევაც კი რთულია, საიდან დავიწყოთ. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით, ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს. საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, როგორც რაღაცას, რაც მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია, ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს, თავდასხმის სამიზნე ხდება. ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტის და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვხედავთ, როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას..[…] როდესაც ადამიანები ქუჩაში გადიან, მათ აქვთ უფლება იქ იყვნენ. პოლიცია და ხელისუფლება ამას განსხვავებულად უდგება. ისინი თავისი შეხედულებებით ასხვავებენ ავტორიზებულ და არაავტორიზებულ პროტესტს და როდესაც გადაწყვეტენ, რომ ადამიანები იქ არ უნდა იყვნენ, ამას ისე უდგებიან, როგორც უკანონო შეკრებას. ადამიანების დაკავება ასეთ გარემოებებში შერჩევითია. ეს კანონის და ადამიანის უფლებების არსის საწინააღმდეგოა, მაგრამ პოლიცია ამას მაინც აკეთებს და აკეთებს სისასტიკით. ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაგროვონ ქუჩებიდან და მათ უხეშად ექცევიან. მათ, ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამ ბრძანებებს გასცემს პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს არ ხდება. ამგვარად, ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე საკმაოდ შემაშფოთებელია. [გამოყენებულია ამერიკის ხმის სინქრონული თარგმანი]”

  • ხვალ პროტესტს 100 დღე უსრულდება, ასე მტკიცედ დგომა უკვე გამარჯვებაა! – ზურაბიშვილი

    რუსებს ჰქონდათ მუდამ ზამთრის იმედი-რუსული ზამთრის-ომის მოსაგებად… აქაც ასე იყო ურთულესი ზამთარი და ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა.

    მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთ პატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის. 100 დღე სოლიდარობის და სიყვარულის.

    რა საშინელებაა, რომ ასე დაიყო ქვეყანა: ერთ მხარესაა რეპრესიები და სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა (დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან მოგხსნით, …), ლანძღვა (ყველა რადიკალები, ყველა აგენტები…)…

    მეორე მხარეს კი ღირსებაა თუნდაც წყლის ჭავლის ან უსამართლო მოსამართლესთან პირისპირ დგომაში , სოლიდარობაა თუნდაც ყავის მიწოდებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უმოწყალოდ გცემენ), უკიდეგანო სამშობლოს ერთგულება , რწმენა ღვთისა -ფარისეველთა აფიშირების გარეშე – და ერის, და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული… ესე იგი ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უძლებს და ამარცხებს მკვდარ რეჟიმს … საბოლოო გამარჯვება ამ სხვაობაშია !

    იწყება მარხვა და შენდობის და სინანულის დღეები აირჩიეს იმისათვის, რომ გაამკაცრონ რეპრესიები და პატიმრობაში დატოვონ უდანაშაულო პატიმრები.

    ამათ ტყუილა არ ჰქვიათ სინდისის პატიმრები რამეთუ სინდისი და სიდინჯე მათ მხარეს არის. მეორე  მხარეს “ტიტუშკები” დარბიან ქალაქში შიში რომ დათესონ!

    ამ დროს კი ქალაქი დგას! უკვე 100 დღეა! და 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, ეს უკვე გამარჯვებაა!

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.

    ცნობისთვის ხვალ  უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 100 დღე გადის.

  • რუსეთი უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებას არ მოითმენს – სერგეი ლავროვი

    რუსეთი უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებას არ მოითმენს – სერგეი ლავროვი

    რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებას არ მოითმენს.  მისი თქმით, რუსეთი NATO-ს სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე შეაფასებს, როგორც ადრე განიხილავდა NATO-ს პოტენციურ განლაგებას უკრაინაში.

    “ეს უკვე აღარ იქნება ვითომდა ჰიბრიდული მონაწილეობა, არამედ ომში NATO-ს ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი, ოფიციალური და დაუფარავი ჩართვა.[…] თუ ის [მაკრონი] გვთვლის საფრთხედ, იწვევს ევროპული ქვეყნების და ბრიტანეთის გენერალური შტაბების უფროსების შეხვედრას, აცხადებს, რომ საჭიროა ბირთვული იარაღის გამოყენება და ემზადება მისი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მუქარაა” – ციტირებს РИА Новости სერგეი ლავროვის სიტყვებს.

  • “მადლობელი ვარ მაკრონის – მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან ჩამოშლას” – ზელენსკი

    “მადლობელი ვარ ემანუელ მაკრონის, მისი ნათელი ხედვისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გამო, რომ მივაღწიოთ მშვიდობას. მშვიდობა უნდა იყოს ნამდვილი და არა უბრალოდ სიტყვა. მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან ჩამოშლას. ის უნდა იყოს სამართლიანი, სანდო და გრძელვადიანი და მისი მიღწევა შეიძლება მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტებით – უკრაინისთვის, ევროპისთვის და მთლიანი სამყაროსთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველას წინამძღოლობასა და ძალისხმევას, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს და აძლიერებს ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის დაწყებას მშვიდობისკენ ნაბიჯების გადასადგმელად”.

    წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

  • 4-5-ჯერ ჩამარტყა ცხვირში, ქრისტის მუცელში ჩაარტყა ფეხი – Krab Coffee-ის დამფუძნებელი

    ” 4-5-ჯერ ჩამარტყა ცხვირში, ქრისტის მუცელში ჩაარტყა ფეხი” – ამბობს კრაბ კოფის  ერთ-ერთი დამფუძნებელი TV პირველთან.

    ”ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი და თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან და ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს თუ რა ქნეს ვერ მივხვდი. ერთი ადამიანი დაგვესხა თავს, გინება დაიწყო ჩვენი მისამართით და ჩვენ ვუთხარით, ვის აგინებ, რა ხდება. ვიდექით დაახლოებით 10 მეტრში და შორიდან დაიწყო გინება.

    ჯერ ქრისტი მივიდა, რა ხდებაო, და ის გამოიქცა, ახტა და ფეხებით მიარტყა მუცელში. მე რომ დავინახე, რომ ურტყამდა, მივედი, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით 4-5-ჯერ, არ ვიცი რამდენჯერ ჩამარტყა ცხვირში. ცუდად მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ვერ დავიჯერე რა მოხდა. დავიწყე ყვირილი და ამაზე მოვიდა ხალხი. ცხვირი მაქვს გატეხილი და 3 საათზე მივდივარ ოპერაციაზე. პირველად დავინახე, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, უბრალოდ ძალიან აგრესიული იყო”. – განაცხადა კრაბ კოფის  ერთ-ერთი დამფუძნებელმა.

    ცნობისთვის, გუშინ, დიღმის მასივში “კრაბ კოფის” დამფუძნებლებს თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 1 პირი.

  • დაკავებულია კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი ერთი პირი – შსს

    დაკავებულია კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი ერთი პირი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი 1 ადამიანია დაკავებული.

    თავდამსმელი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

    “კრაბ კოფის” თანამშრომლებს, რომლებიც რუსთაველზე საპროტესტო აქციების მონაწილეებს ცხელი სასმელებით უმასპინძლდებიან ხოლმე, თავს დაესხნენ.