Blog

  • თბილისის ქუჩების ჩამონათვალი, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 12 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    საბურთალოს რაიონი 

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ფერდინანდ თავაძის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა გოგიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას III, IV, VI  კვარტლების, ქავთარაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი 

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ნადირა ხოშარაულის, დავით ბაქრაძის, რაფიელ აგლაძის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას ქუჩის მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი 

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, მეორე ხეივნის და ცოლიკაურის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი  

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 III, IV, VI, VII, VIII, X კვარტლების, ჯავახეთის, კალოუბნის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, საცხენისის, შუამთის, თრიალეთის, იყალთოს და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • დავუპირისპირდებით უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას! – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

    საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ, განაცხადა, რომ უკრაინის არმია ქვეყნის “მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა” და პარიზი მკაცრად დაუპირისპირდება  “უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას”. სებასტიან ლეკორნუმ ამის შესახებ, პარიზში თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის გახსნისას ისაუბრა.

    ფორუმის პარალელურად დაგეგმილია ევროპული ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელშიც მაკრონიც მიიღებს მონაწილეობას.

    შეხვედრაზე შესაძლოა განიხილონ ევროპის ქვეყნების ჩართულობა უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიაში. არსებული  ინფორმაციით, განიხილება საფრანგეთის მონაწილეობა უკრაინაში პოტენციურ სამშვიდობო ოპერაციაში.

  • რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასიური იერიში მიიტანა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 11 მარტს, უკრაინამ, ომის დაწყებიის დღიდან  დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

    რუსული მხარე აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის სხვდასხვა რეგიონში 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. იერიშის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა მოსკოვის ოლქი, სადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 18 ადამიანი. დაზიანდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის პარკინგი და დედაქალაქის რამდენიმე სარკინიგზო მაგისტრალი.

    მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქის მისადგომებთან რეკორდული რაოდენობის, 74 დრონი ჩამოაგდეს.

  • “გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ”- ხატია ბუნიათიშვილი

    “გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! სრულიად უდანაშაულო, უვნებელი და თავისუფალი ადამიანები.

    მათი დაკავებით თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ. ამ ადამიანებს კი აკლებთ თავისუფლად ჰაერის ჩასუნთქვის (თუნდაც დანაგვიანებულის), ახლობლებთან მოსიყვარულების და კამათის, თავის ნებაზე ცხოვრების დღეებს, რომელიც ყველა მოქალაქის უფლება და თქვენი, მთავრობის, მთავარი მოვალეობაა. თქვენზე იქნება ამ დღეების, თვეების და წლების მანძილზე დაკარგული დღეების, რომლებსაც ვერასდროს ვერ დაუბრუნებთ, ტვირთად ტარება.  ბევრად უფრო მძიმეა ეს ტვირთი, ვიდრე გგონიათ. თავისუფლების  ჩახშობა ჩვენთვის ყოველთვის დროებითი იყო. დღეს “დროებით” ბევრად უფრო მალეა, ვიდრე ადრე. ასეთი დროა.

    გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება – გთხოვთ, გთხოვთ, – გთხოვთ, დაუბრუნოთ ადამიანებს ის, რაც ეკუთვნით და წაერთვათ. მათი ღიმილის გისოსებს გარეთ დანახვა გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ გაღიმება, სამშობლოს საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ისე რომ არ შეგვაშრეს.”

    წერს Facebook-ზე პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი.

  • ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში! – მაჭარაშვილი

    „რა გასაკვირია, რომ ეს ხალხი საქართველოს წინააღმდეგ იყოს განწყობილი, მით უმეტეს, ბოლო სამი წელია, ისინი ხმალამოღებით იბრძვიან, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ის ხელისუფლება იქნება, ვინც მეორე ფრონტს დაიწყებს. მათ უსამართლო განცხადებებზე აღარ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მათ დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ეს ხალხი – რიშიც და შაჰინიც თავად ტრამპისა და ამერიკელი ხალხის უმეტესობის წინააღმდეგი არიან. გასაკვირი არ არის, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ“,

    ასე ეხმაურება აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში Megobari act-ის წარდგენას დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

  • სასამართლოში ირაკლი პაპიაშვილს ჩხრეკენ – პარალელურად ჩხრეკა ტარდება მის საცხოვრებელ სახლშიც

    თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილს ჩხრეკენ- პაპიაშვილის ინფორმაციით, პარალელურად ჩხრეკა ტარდება ქსნის ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლშიც.

    “გავდიოდი სასამართლოს შენობიდან და მადგება 20 პირი, ფინანსური პოლიციიდან თუ რა თქვეს, არ ვიცი, გამოგვყევიო… არსად გაყოლას არ ვაპირებ, ჩემი ადვოკატის გარეშე”, – თქვა მან მანამდე.

    ცნობისთვის,  პაპიაშვილი მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება გირაო ძალაში დაუტოვა, გიორგი ჩიკვაიძეს კი პატიმრობით შეუცვალა.

  • გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

    სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა.

    მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა.

    მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.

    პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის განმარტებით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.

    გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან მოსამართლეს „მურუსიძის მონა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.

     

  • უკრაინა თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო იღებს – რუბიო

     

    “ამ წუთას, უკრაინელები უკვე იღებენ თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას. ვფიქრობ დახმარების შეჩერების საკითხს მთლიანობაში მოვაგვარებთ”. – თქვა რუბიომ.

    სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აშშ-ს მხარე გაიგებს, თუ რა დათმობებზე წასვლა შეუძლია უკრაინას:

    “არ ვაპირებთ ვისხდეთ ოთახში და რუკაზე ვავლოთ ხაზები. უნდა გავიგოთ რა დათმობები შედის მათი (უკრაინელების) შესაძლებლობების სფეროში”.

    განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ და იმედი გამოთქვა, რომ დღეს  საუდის არაბეთში უკრაინის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე, დახმარების შეჩერების საკითხი მოგვარდება.

  • ”არ იცავენ სტუდენტების უფლებებს!” – საია თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზე

    თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების   ქმედებები ნათლად ცხადყოფენ, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით”  – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას ეხმაურება.

    ” 2025 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტში მონაწილე სტუდენტებს შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის საფუძვლად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ასახელებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებმა დაარღვიეს ნორმები. დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი გადაწყვეტილება სტატუსის შეწყვეტის შესახებ სტუდენტებს ეცნობათ მეილის საშუალებით 10 მარტს, ორშაბათს დილის 10:04 საათზე.
    ‼ შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტს თან ერთვის წინა დღეს უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ჯერ მოსთხოვეს სასწავლებლის შენობის დატოვება, შემდეგ კი პოლიციის წარმომადგენლებმა 9 სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა.
    ‼ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საბაბით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოსთხოვა შენობის დატოვება. სტუდენტებმა მიმართეს თხოვნით მათთვის გამოეყოთ სხვა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ მშვიდობიანად პროტესტის გაგრძელებას.
    ‼ მიუხედავად ამ თხოვნისა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო სტუდენტებისთვის ალტერნატიული სივრცე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით მოსთხოვა შენობის დატოვება. საიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციებს პატივი სცენ და დაიცვან სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება.
    ‼ თუმცა, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ზემოხსენებული ქმედებები ნათლად ცხადყოფენ, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით”.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • მე-12 კლასელი მოსწავლე 5 000 ლარით დააჯარიმეს

    17 წლის, სკოლის მოსწავლე, გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით დააჯარიმეს- შესაბამის ინფორმაციას არასრულწლოვანის დედა, ნატალი ჯღამაძე ავრცელებს.

    „ვისაც მცირედი მოლოდინი მაინც გქონდათ, რომ 17 წლის და მეთორმეტე კლასელს ჯარიმას არ გამოუწერდნენ, მინდა ეს იმედები გაგიცრუოთ. დღეს ჩავიბარე მისი 5 000-ლარიანი ჯარიმა“, – აცხადებს ნატალი ჯღამაძე.