Blog

  • გადავწყვიტეთ, რომ მოვემზადოთ – ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც საქართველოზე იქნება ძალიან მკაცრი რეზოლუცია” – ზურაბიშვილი

    “კოორდინაცია დღეს შედგა, ის კოორდინაცია, რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული, თავისი წესებით, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები მთავარ საკითხებზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში…

    ეს არის ასეთი ფორმის კოორდინაცია, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას. შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ყველას გვაძლევს ძალიან დიდ იმედს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. ეს პროტესტი არსებობს საზოგადოებაში და საზოგადოებას როცა ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს გამოჩნდება, მაგრამ არის მუდმივი და ვერავინ ვერ აშინებს ამ პროტესტის მონაწილეებს.

    ჩვენ შევთანხმდით, დღეს მიმდინარეობს კიდევ ერთი შეტევა პოლიტიკურ სპექტრზე. პოლიტიკური დევნა იღებს ახალ ეტაპს და ჩვენც ამაზე ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პროცესების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახავთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ.

    ჩვენ ასევე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოვამზადოთ, ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც საქართველოზე იქნება ალბათ ძალიან მკაცრი რეზოლუცია და სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე. ასევე იქნება ყველა ის ახალი კანონი რაც მიღებულია ამ დღეებში, რომელიც ცდილობს რომ FARA-თი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახრჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ… ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, ჩვენ მივდივართ მშვიდობიან გზაზე, ჩვენ მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც”

    განაცხადა საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. 

  • ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც მისი წამება – კალაძე

    ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც მისი წამება – კალაძე

    ეს ჩვეულებრივი სისულელე და პოლიტიკური სპეკულაციაა. ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც წამება. წამება იყო მათი ხელწერა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ – აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. ეს იყო რეალური ფაქტები, არსებობს კონკრეტული კადრები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება. დღეს, ისინი შეიძლება სხვადასხვა სახელით გამოდიან, მაგრამ მაშინ ერთნი იყვნენ და ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ. ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ, არასდროს არავის არავინ უწამებია. ეს არ არის ქართული ოცნების ხელწერა. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, ყველასთან გვაქვს ერთი მიდგომა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.

    თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

  • იმედია მომავალ წელს, მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი – სამხარაძე

    „საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის ჩვენ მზად არ ვართ გავხდეთ კავშირის წევრი, მაგრამ გვჯერა, რომ მომდევნო 5 წელიწადში, კერძოდ 2030 წელს, განვახორციელებთ ყველა საჭირო რეფორმას გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რათა 2030 წლისთვის მზად ვიყოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩნდება კითხვა, არის თუ არა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად დგას…

    ნატოში ინტეგრაციას არ აქვს ასეთივე ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ქართველები უბრალოდ დაიღალნენ ნატოში მიღების მოლოდინით. მას შემდეგ, რაც 2008 წელს, ბუქარესტში გაიმართა სამიტი, როდესაც ნატოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, მას შემდეგ და დღემდე – გავიდა 17 წელი – ჩვენ არ მიგვიღია არანაირი სიგნალი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. შესაბამისად, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ნატოს მხარდაჭერის შემცირებას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასთან შედარებით. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სავარაუდოა, რომ ნატოში ინტეგრაციის ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

    თუ მომდევნო 15 წელიწადში ჩვენ აღმოვჩნდებით იმავე პოზიციაში, ანუ გავაგრძელებთ კაკუნს ევროკავშირის კარზე და არ გვექნება პოზიტიური გამოხმაურება, რა თქმა უნდა, იგივე მოხდება ევროკავშირთან მიმართებით. პირადად მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიური არ განმეორდება ევროკავშირთან დაკავშირებით. ასევე იმედი მაქვს, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს, მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის პოტენციური წევრი“,

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუმინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

  • ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა მეორედ დაიწყო

    ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა მეორედ დაიწყო.

    “მე, “ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ და ვუძღვნი თურქეთის ეთნიკური ქართველების, “ჩვენებურების” “ბელად”, ახმედ მელაშვილს. რა თქმა უნდა, ბრძოლის ეს ფორმა ჩემთვის უკვე სიმბოლურია, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე. ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას და სოლდარობას გიორგი ჩიკვაიძეს. ჩემგან განსაკუთრებული ომკითხვა “ავტოფაგიის ოსტატს”, აფგან მუხთარლის. სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე. ანწუხელიძე უკვდავია და მარადიულია. “არასდროს, არასდროს არ დანებდე!”, – წერია ქათამაძის წერილში.

  • ”მივესალმებით ჯიდას წინადადებებს. ახლა პუტინის გადასაწყვეტია.” – შოლცი

    “30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეა მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია უკრაინის სამართლიანი მშვიდობისკენ. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და შეერთებული შტატების გვერდით და მივესალმებით ჯიდას წინადადებებს. ახლა პუტინის გადასაწყვეტია.”

    წერს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

  • ამერიკამ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა – ტულსი გაბარდი

    “აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებას. პრეზიდენტის განკარგულებით, უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულდა”,

    წერს ამის შესახებ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდი.

  • უკრაინა მზადაა ცეცხლის 30 დღით შესაწყვეტად – ამერიკა აშშ უკრაინის დახმარებას აგრძელებს

    უკრაინული მხარე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.  საუდის არაბეთში გამართული  7 საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა.

    “უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ს წინადადება, რომ ამოქმედდეს დაუყოვნებელი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება მხარეთა ურთიერთთანხმობის შედეგად და რომელიც მიღებული იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ საპასუხო ამოქმედების შემთხვევაში.” – ნათქვამია დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში.

    ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა თანხმდება აშშ-ის შეთავაზებას, სრულად შეწყდეს ცეცხლი 30 დღით ფრონტის მთელ ხაზზე და ამბობს, რომ “აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, ეს გააკეთოს”.

    “ჩვენი შეთავაზება ამერიკელებთან შეხვედრაზე იყო სამი რამ: სიჩუმე ცაში – რაკეტები, ბომბები, დრონები, სიჩუმე ზღვაში და რეალური ზომები ნდობის დასამყარებლად, პირველ რიგში – ტყვეების გათავისუფლება. ამერიკულ მხარეს ესმის ჩვენი არგუმენტები და ეთანხმება შეთავაზებას, მადლობა პრეზიდენტ ტრამპს შეხვედრის კონსტრუქციულობისთვის. დღეს აშშ-მა წარმოადგინა კიდევ უფრო ფართო შეთავაზება, რომ ვცადოთ ცეცხლის სრულად შეწყვეტა 30 დღით, არა მხოლოდ რაკეტების, დრონების და ბომბების, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, მას პოზიტიურად მივიჩნევთ, მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის. აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, ეს გააკეთოს. ჩვენ თანახმა ვართ და თუ რუსეთიც დათანხმდება – ამ მომენტში სიჩუმე იმუშავებს. დღევანდელი საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტია აშშ-ის მზაობა, განაგრძოს უკრაინის თავდაცვისთვის დახმარება, სადაზვერვო მონაცემების ჩათვლით. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების მზაობა, ან განაგრძოს ომი. სრული სიმართლის დროა. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

    აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ისევ მიიწვევს.

    პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, რომელიც შედგენილია ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ და რომ აშშ-ის შეხვედრა რუსეთთან სამშაბათს ან ოთხშაბათს გაიმართება.

     

  • მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა – მაშველებმა მძღოლის გადარჩენა შეძლეს

    ცოტა ხნის წინ, მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  აცხადებენ, რომ მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს.

    ამ წუთებში, ადგილზე, ავტომობილის ამოყვანისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.

     

  • ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, მათგან 2 კვლავ უკანონო პატიმრობაშია – სუს

    ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, მათგან 2 კვლავ უკანონო პატიმრობაშია – სუს

    რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  როგორც განცხადებიდან ხდება ცნობილი,  მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო 2 კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.

    “ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”.

    ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.