Blog

  • ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს კიევის თავზე აგდებენ და ძალიან ვბრაზდები – ტრამპი

    ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს კიევის თავზე აგდებენ და ძალიან ვბრაზდები – ტრამპი

    ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს – მათ ერთმანეთი არ მოსწონთ.[…] ყველა საუბარი, რაც მასთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები“,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ”მომავალი თვეები, ძირითადად, სუს-ი ილაპარაკებს”  – გვარამია

    ”მომავალი თვეები, ძირითადად, სუს-ი ილაპარაკებს” – გვარამია

    ” ვფიქრობ, ცხადი ხდება, რომ მომავალი თვეები, ძირითადად, სუსი ილაპარაკებს. რაზე? შესაძლო ვერსიებია ვითომ პარლამენტის, ვითომ კომისიის, ვითომ დასკვნის საფუძველზე აღძრული საქმეები”- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

    „ რაც შეეხება სუსის, ანუ პოლიტიკური ჟანდარმერიის უფროსად მდინარაძის გამწესებას:ცხადია, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი მარიონეტი იქნება ბიძინას მიერ დანიშნული, თუმცა გარკვეული დასკვნების გამოსატანად, თუ რას გეგმავს “ანტიქართული ოცნება”, ეს მაინც გამოგვადგება.

    „ოცნების“ ყველაზე ბინძური პროპაგანდისტის და მთავარი პოლიტიკური კომუნიკატორის დანიშვნით, ვფიქრობ ცხადი ხდება, რომ მომავალი თვეები, ძირითადად, სუსი ილაპარაკებს. რაზე? შესაძლო ვერსიებია ვითომ პარლამენტის, ვითომ კომისიის, ვითომ დასკვნის საფუძველზე აღძრული საქმეები:

    – ომი (უცხოელების დავალებით);

    – საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება (ამით მომზადდება “გაპრავება” ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტისთვის და ევროსაბჭოდან საქართველოს შესაძლო გარიცხვისთვის. უცხოელების ინტერესების გამტარ აგენტებად გამოცხადდებიან პოლიტიკოსები და არასამთავრობოების ცალკეული ლიდერები);

    – ჩორჩანას საქმე (ასევე უცხოელების დავალებით);

    – 20 ივნისი (ასევე უცხოელების დავალებით). ყველგან იფიგურირებს დავალება უცხოეთიდან, შესაბამისად, სუსის კომპეტენცია ჩაირთვება, ასევე კორუფცია და სახელმწიფო აპრატის შეთქმულება;

    – ცალკეული კორუფციული საქმეები;

    – “რიჟვაძის საქმე” (შესაძლოა თვითმკვლელობის ინსცენირების კუთხით);

    – ციხის შეთქმულება ბაჩიაშვილის საქმეზე;

    – ბომბის გატანა რუსეთში ყირიმის ხიდზე ტერაქტისთვის (აქაც შეთქმულებას უნდა ველოდოთ);

    – ჯანგველაძის საქმე (შეთქმულება საქმის ჩასაფარცხად)

    შეთქმულება იქნება ყველა ამგვარ ეპიზოდში, რათა ჩაირთოს სუსის კომპეტენცია.

    დაბოლოს, ყველაზე ვრცელი და მრავალეპიზოდიანი:

    – სახელმწიფო გადატრიალების საქმე და მასში ოპოზიციის, NGO-ების, ქოცების ყოფილი თანამდებობის პირების და, შესაძლოა, კრიმინალის ჩართულობის შესახებ. ცხადია, მედიის ჩართულობა გადატრიალებაში ასევე იქნება თემა.

    თქმა არ ჭირდება იმას, რომ ეს შეკრული იქნება რუსების დახმარებით, პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში. გადაზელილი იქნება ბევრი ტყუილი სიმართლის მარცვლებთან. ამ აბსურდის საინფორმაციო ნაკადის განეიტრალება მისი გაუჩერებელი უარყოფით, დეტალებში გარჩევით, თავის მართლებით და ისტერიკით, პრაქტიკულად, შეუძლებელია და პირიქით, ამ საშიში ბოდვის ტირაჟირებას შეუწყობს ხელს და ერთადერთ დღის წესრიგად აქცევს. გამოსავალი იმაშია, რომ პროტესტმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ თავად შექმნას დღის წესრიგი. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ოპოზიციური მედიის სწორად სიარული: გამყოფი ხაზი პროპაგანდის მხილებასა და მის გაძლიერება/ტირაჟირებას შორის ძალიან მყიფეა და ფილიგრანულ და ზომიერ მიდგომას საჭიროებს. მედიაზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული, დღის წესრიგს ქოცები შექმნიან თავისი დისტოპიური ნარატივებით და სანახაობებით, თუ ქართველი პატრიოტები რეჟიმის რყევით, წინააღმდეგობით და დაუმორჩილებლობით და არა ქოცებისთვის პასუხის გაცემით და თავდაცვით.

    ანტიქართული ოლიგარქია უნდა დაემხოს! ან ოლიგარქია დაამხობს ქართულ სახელმწიფოებრიობას. მესამე არჩევანი არ არსებობს”, – წერს ნიკა გვარამია.

  • განზრახ არ გამოვეხმაურე კონსტიტუციის დღის სამარცხვინო „აღნიშვნას“, არავის შეუძლია ზეიმობდეს იმას, რაც უკვე ფეხქვეშ გათელა – ზურაბიშვილი

    განზრახ არ გამოვეხმაურე კონსტიტუციის დღის სამარცხვინო „აღნიშვნას“, არავის შეუძლია ზეიმობდეს იმას, რაც უკვე ფეხქვეშ გათელა – ზურაბიშვილი

    განზრახ არ გამოვეხმაურე კონსტიტუციის დღის სამარცხვინო „აღნიშვნას“, არავის შეუძლია ზეიმობდეს იმას, რაც უკვე ფეხქვეშ გათელა – წერს  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

    „ეს ის დღეა, როდესაც ქვეყანა უნდა ამაყობდეს იმით, რომ მისი ღერძი და ხერხემალი, კონსტიტუცია, უფროდაუფრო უნდა აძლიერებდეს სახელმწიფოს. ეს არის დღე, როცა უნდა ვიამაყოთ კონსტიტუციით გამყარებული დემოკრატიით, ეფექტურად დაცული მოქალაქეთა ძირითადი უფლებებით. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რას ითვალისწინებდა ჩვენი „იდეური“ კონსტიტუცია: ადამიანის ღირსების, ფიზიკური ხელშეუხებლობის, თანასწორობის, თავისუფალი განვითარების, პირადი თავისუფლების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის დაცვას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას, საკუთრების უფლების უზრუნველყოფას, შემოქმედებისა და აკადემიური თავისუფლებას, შეკრების, გაფიცვის, პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საარჩევნო უფლებებს, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უფლებას, სასამართლო პროცესში სამართლიანი განხილვის გარანტიას…

    ამ კონსტიტუციის შექმნაში მე თვითონ მივიღე მონაწილეობა, ხმა მივეცი და დღეს, პრაქტიკულად, ჩამოთვლილ არცერთ უფლებას რეალურად არ ვიცავთ. კონსტიტუცია კი აბუჩადაა აგდებული.

    გადავიდეთ მესამე თავზე, რომელიც ეხება პარლამენტს. პირველივე მუხლში ნათქვამია, რომ პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ვინმეს გახსოვთ, რომ კომიტეტების დონეზე ან პლენარულ სხდომაზე გამართულიყო დებატები, სანამ პრემიერი ერთპიროვნულად გამოაცხადებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას? ან რომელ სესიაზე იქნა განხილული და დამტკიცებული ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ დოკუმენტი, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა არ იკითხება, სამაგიეროდ კი ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“?

    ასევე, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარლამენტი უნდა აკონტროლებდეს მთავრობის საქმიანობას. ვინმეს თუ ახსოვს, როდის მოიწვია პარლამენტმა, რომელიმე გადამდგარი მინისტრი და მისი საქმიანობა განხილა? ასევე ცარიელ სიტყვებად გვევლინება მთავრობის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე.

    სასამართლო ხელისუფლების თავი იწყება მთავარი პრინციპით — დამოუკიდებლობით. აქ ზედმეტი კომენტარი არც არის საჭირო: ყველაფერი ნათქვამია.

    დარღვეულია კონსტიტუციით განსაზღვრული აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ბალანსი.

    „დამოუკიდებელი“ ინსტიტუტები — პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტი, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თვითმმართველობა — არცერთი არ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის ელემენტარულ კრიტერიუმს.

    გუშინ სასიამოვნო, საზეიმო არაფერი გვქონდა. სამაგიეროდ — დასაცავი და გადასარჩენი ბევრი გვაქვს.

    და არაფერს ვამბობ კონსტიტუციის მე-78 მუხლზე!!!“, – წერს სალომეზურაბიშვილი.

  • 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა

    “ოცნების” დადგენილებით 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა. ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის აღნიშნული, რას უკავშირდება გადაწყვეტილება.

    დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს და ის “არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

    ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს” – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

  • 13 სექტემბერს 8 ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციას გამართავს

    13 სექტემბერს 8 ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციას აანონსებს – ამის შესახებ,  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

    ”მსურს, 8 პროდასავლური, ართანამშრომლობის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიების მიერ გავაკეთოთ საერთო განცადება. 31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან ეს რუსული რეჟიმი არის თვისობრივად შეუთავსებელი ჩვენ ევროპულ დღის წესრიგთან, ჩვენს ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან. შესაბამისად, ეს იქნება ასე, სანამ ჩვენ არ მოვიკრებთ საკმარის ძალას, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს. 

    აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმაოდგენს ქართველ ხალხს, რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს საქართველოს. 

    ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში. არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია. უარი თქვით 4 ოქტმბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას. 

    ვკრიბებით 13 სექტემბერს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე, – განაცხადა ელენ ხოშტარიამ. 

  • რეჟიმი არ აპირებს ევროკომისიის პირობების შესრულებას, უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე რეალურია – ბოკუჩავა

    „არანაირი პირობების შესრულებას ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს, რომელიც ევროკომისიამ წაუყენა. ეს არის უტოპიური და შესაბამისად, ამაზე კონცენტრირება არის სრულიად გაუმართლებელი. უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე არის სრულიად რეალური. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებთან – გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს სიკეთე არ დაკარგონ და სხვა გამოსავალი მოვძებნოთ ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლისთვის. ეს არის დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა – შიდა წნეხის გაძლიერებასთან ერთად, რომ მოიძებნოს გარე წნეხის იმგვარი ფორმა, სადაც საქართველოს მოქალაქეები არ ზიანდებიან“,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

  • ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

    სასამართლომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    დაცვის მხარემ სასამართლოს 30 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.თავად ბრალდებული თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.

    ცნობისთვის, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. შსს-ს თანამშრომლებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ველოდები, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა სექტემბრის ბოლოდან დაიწყება – სამადაშვილი

    ველოდები, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა სექტემბრის ბოლოდან დაიწყება – სამადაშვილი

    “სამწუხარო რეალობაა, რომ სექტემბერში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი გააქტიურდება. დაწესებული იყო რვა პირობა იმისთვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ დაკარგოს. დღემდე არც ერთი ეს პირობა შესრულებული არ არის.

    ამაზე მსჯელობას რაღაც პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ველოდები, რომ სექტემბრის ბოლოდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა დაიწყება. ასევე ველოდები, რომ შემოდგომაზე პოლონეთი და შესაძლოა სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გარკვეული პერიოდით მუშაობის შესაძლებლობას გააუქმებენ.

    სამწუხაროდ, არაფერი კარგი ჩვენ არ გველოდება! ეს არის შედეგი, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ყველა დავალებას ასრულებს და ქვეყნისა და მოქალაქეების დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს“,

    აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.

  • “უკრაინას შეუძლია, გერმანიას მომავალშიც დაეყრდნოს” – გერმანიის ვიცეკანცლერი კიევში ჩავიდა

    “უკრაინას შეუძლია, გერმანიას მომავალშიც დაეყრდნოს” – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა  და ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბეილმა, რომელიც დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა. კლინგბეილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება.

    „პუტინს ილუზია არ უნდა ჰქონდეს, თითქოს გერმანიის მხარდაჭერა შეიძლება გაქრეს. პირიქით – ჩვენ ვრჩებით უკრაინის მეორე უმსხვილეს პარტნიორად მსოფლიოში და უდიდესად ევროპაში. უკრაინას კვლავ შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს,“ – აღნიშნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რომელიც კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციური მთავრობის უმცროსი პარტნიორია.

  • უკრაინამ დონეცკის ოლქში 3 სოფელი დაიბრუნა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინამ დონეცკის ოლქში 3 სოფელი დაიბრუნა ხოლო  კიდევ 2 სოფელზე კონტროლი დაიბრუნეს.

    “ჩვენმა ჯარებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა და დონეცკის ოლქში 3 სოფელი მტრისგან გაწმინდეს. სიტუაცია მართლაც რთულია, მტერმა ძირითადი ძალისხმევა ფრონტის ამ მონაკვეთზე გაამახვილა, მაგრამ ჩვენ ხაზი უნდა შევინარჩუნოთ. დახმარება სამხედრო ოპერაციების ორგანიზებაში იქნება უზრუნველყოფილი. დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონების და ელექტრონული საბრძოლო მასალის საკითხები მოგვარებულია”, – ამბობს სირსკი.