Blog

  • სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ რუსული კანონის საქმეზე შეტანილი სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.

    განცხადება:

    რუსული კანონის” საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს. ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ,,რუსული კანონის” მიღების შემდგომ გაუარესებული მდგომარეობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა.

    „რუსულ კანონზე” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა. სასამართლომ საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაიწყო, რის შემდგომაც საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა.

    არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები სტრასბურგის სასამართლოში დავობენ, რომ ,,რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).

    სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. ამასთან, სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

    იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ პოზიციაში დამალა/არ მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია “FARA”-ს მიღებისა და ,,გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის შევიწროებისა და დევნის მექანიზმებია და თავისი არსით წარმოადგენს ,,რუსული კანონით” დაწესებული შემზღუდველი რეჟიმის გაგრძელებას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით ,,რუსული კანონი” არ არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებს.

    მომჩივნებმა სასამართლოს წარუდგინეს ინფორმაცია იმ რეპრესიული მექანიზმების და ეფექტების შესახებ, რაც ,,რუსული კანონის” ძალაში შესვლიდან დღემდე უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების პროცესის შესახებ.

    საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს ისიც, რომ მასში მესამე მხარედ ჩართვა ადამიანის უფლებების დამცველმა 8 საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ 21 სუბიექტის სახელით მოითხოვა.1 ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების მიმართ იმ სისტემურ რეპრესიებს, რომლებსაც საკანონმდებლო დონეზე სათავე ,,რუსული კანონით” დაედო. საქმეში მესამე მხარის მოსაზრებები წარადგინეს, მათ შორის ვენეციის კომისიამ და ამნესთი ინთერნეშენალმა“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

  • გერმანიაში საქართველოს ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა

    გერმანიაში საქართველოს ელჩად ალექსანდრე კარტოზია დანიშნეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.სხვადასხვა წლებში (1998–2004) ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე, მუშაობდა მკვლევრად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დანიშნეს

    NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს იკავებდა.წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე გახლდათ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში.სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა”, – ნათქვამია  განცხადებაში.

  • გდდ-ს 4 000 თანამშრომელი ვერ მოერევა ათასობით მოქალაქეს! – წითლიძე

    საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით, მაშინ ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა.

    4 000 გდდ-ის თანამშრომელი, რომელსაც არანაირი მოტივაცია არ აქვს საერთოდ, განსაკუთრებით, იმ რღვევის შემდეგ, რაც ქართულ ოცნებაში ხდება, ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე.

    მშვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, რუსული კანონის დროს აქციები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ცემეს. ლევან ხაბეიშვილი რომ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, მშვიდობიანად იდგა და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. დავით ქაცარავა მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა. გუკა როგავაც პირდაპირ ეთერში ერთვებოდა და მშვიდობიანად იდგა, როცა გდდ-ის სპეცრაზმელი მივიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს პრაქტიკა არის ხელისუფლების მხრიდან, მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ და ისე სასტიკად მოექცნენ, როგორც რეჟიმი ყველა აქციის დროს იქცეოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება დაიცვან თავი.

    ამ ქვეყანაში ერთადერთი, 13 წლის განმავლობაში, თუ ვინმე ძალადობს, ეს არის რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს მოქალაქეებში, ამიტომ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ჰგონია, რომ შეუძლია ასეთი ძალადობით.

    სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება, ვერ შეძლებს ვერავინ დაუპირისპირდეს. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი.

    განაცხადა ენმ-ის წევრმა, ანა წითლიძემ.

  • გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო

    პატიმრობაში მყოფმა, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ  შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.

    “პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შ ი მ შ ი ლ ო ბ ა გამოაცხადა… დღეს 23 სექტემბრს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო…

    პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე-8 დაწესებულების ახალ დირექტორს რამაზ ფირცხალავას.

    P.,s. პოლიტპატიმრის მშობლებისადმი უდიდესი პატუვისცემის მიუხედავად, გთხოვათ, არ მოუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისაკენ”, – წერს ის.

  • საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

    საფრანგეთმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო. ამის შესახებ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა,  გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    “დადგა დრო. სწორედ ამიტომ, ჩემი ქვეყნის ისტორიული ერთგულებიდან გამომდინარე ახლო აღმოსავლეთში ისრაელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარების მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს,” – განაცხადა მაკრონმა.

    მანამდე, პალესტინის სახელმწიფო ასევე აღიარეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ.

  • ყოყმანის გარეშე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოაგვდოთ მფრინავი ობიექტები, თუ დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს! – ტუსკი

    „პოლონეთი დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტები, თუ ისინი დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს. ამ საკითხში განსახილველი არაფერია.[…] 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩვენი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით იმავენაირად მოიქცევიან, როგორც ჩვენ, რომ თუ კონფლიქტი ძალიან მწვავე ფაზაში გადავა, ჩვენ მარტო არ ვიქნებით“

    ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

     

  • მოლდოვამ კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი დაასრულა.. EU-ში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის მზად არის – მარტა კოსი

    „მოლდოვის რესპუბლიკამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში მოლდოვამ კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი დაასრულა. მოლდოვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის მზად არის“,

    წერს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი X-ზე.

  • 4 ოქტომბერი მშვიდად ჩაივლის – თუ ვინმეს დაუცდება ხელი, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

    4 ოქტომბერი მშვიდად ჩაივლის – თუ ვინმეს დაუცდება ხელი, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

    „საბოლოოდ, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ჩვენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ. სინამდვილეში, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. არჩევნებთან დაკავშირებით, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს. მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ, ბუნებრივია. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობისა“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ. არის სუბიექტური ინტერესები, მაგრამ საბოლოოდ, ყველას ჰყავს ერთი პატრონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორი განსხვავებებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ – ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოოდ, მათი პატრონი ერთად ყრის ხოლმე ამ პარტიებს. ბუნებრივია, ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით, მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. ბუნებრივია, საქართველოში არის დემოკრატია. ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმეს თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს.

    4 ოქტომბერი მთლიანად, არჩევნების, აქციისა და ყველაფრის ჩათვლით, ჩაივლის ძალიან მშვიდად. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მთავარია კანონის დარღვევაზე არავინ იფიქროს. თუ ვინმეს მაინც დაუცდება ხელი, ნახავენ მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. რეალურად, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ“,

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას აღნიშნა.

  • ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს – აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს! დაისჯებიან! – კუპრაძე

    „ჩვენ ველოდებით რომ ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება სამართლიანი არჩევნები. ეს არჩევნები არ არის უკვე სამართლიანი იმ პირობებში, როცა პოლიტიკური ლიდერები საპატიმროში სხედან. მარტივი მოცემულობაა – ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ველზე. მათ შორის, თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს, რომლითაც აღვწერთ რეალურ გაყალბებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს. რაც 2024 წელს 20-მა პროდასავლურმა პარტიამ ვერ შეძლო, რომ დაეყენებინა კამერები ან გამოგვეთხოვა სამაგიდო სიები, ჩვენ ახლა ერთი პოლიტიკური პარტია ვახერხებთ ამას. თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც სრულყოფილად აღწერს ყველა იმ პირს, რომელიც საარჩევნო უბანზე შევა. აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, აბა, გაბედოს ვინმემ რომ შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის. ყველას ჩანაწერი ფიზიკურად გვექნება ჩვენ და სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან ის პირები, რომლებიც შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არ არიან ჩაწერილი, შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთხელ უკვე ნაყოფები არიან. გაყალბების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ,“

    ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.