Blog

  • თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.შემდეგი პროცესი 20 ოქტომბერს 2 საათზე ჩაინიშნა.

    16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მზადაა თავდებში ჩაუდგეს პაატა მანჯგალაძეს, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დააკავეს

    “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მზადაა თავდებში ჩაუდგეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დააკავეს. ხვიჩია მოუწოდებს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან, მხარი დაუჭიროს ამ საკითხში.

    ”ჩემი აზრით, ყველა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ვინც მას იცნობს იცის, რომ პაატა მანჯგალაძე არაფერ შუაში არაა რევოლუციასთან და ტყუილად გაიშარა.
    ეს იმდენად აშკარა და ცხადი უსამართლობაა, რომ არ შეიძლება პაატა ამ სისულელის გამო სისხლის სამართლის წესით იჯდეს ციხეში.
    მე ვფიქრობ, რომ ის უნდა გამოუშვან დაუყონებლივ და შემიძლია პირადად ჩავუდგე თავდებში, როგორც ადამიანს და კოლეგას, რომელსაც ვიცნობ და მჯერა, რომ არანაირ რევოლუციას ის არ აწყობდა და აბსოლუტურად ტყუილად გაშარეს.
    ჩემს მეგობარს ლევან იოსელიანსაც მინდა ვთხოვო მხარდაჭერა ამ საქმეში, რადგან მჯერა რომ ისიც ჩემნაირად იცნობს პაატას და მასაც იგივენაირად აბსურდულად მიაჩნია მისი რევოლუციონერობა, როგორც მე.
    (შემეძლო პირადად მეთქვა ლევანისთვის ეს, მაგრამ საჯარო პროცესია და მინდა საჯაროდ დავიწყო ლაპარაკი ამაზე)
    ამ პოსტით მე არ ვამტკიცებ, რომ პაატას გარდა ყველა ვინც დაკავებულია დამნაშავეა, მაგრამ პაატას რევოლუციონერობა იმხელა აბსურდია, რომ ამაზე თვალის დახუჭვა ტეხავს იმ ხალხისაგან, ვინც მას ვიცნობთ”. – აცხადებს იაგო ხვიჩია.

  • მანჯგალაძის დაპატიმრება მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი შიშსა და რეპრესიებზე დგას – გიორგი ვაშაძე

    მანჯგალაძის დაპატიმრება მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი შიშსა და რეპრესიებზე დგას – გიორგი ვაშაძე

    დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს – არჩევნები არ შედგა და ეს ფაქტია, რომელსაც ვერავინ შეცვლის.

    4 ოქტომბერს ათასობით საქართველოს მოქალაქე კვლავ გამოვიდა ქუჩაში. ეს იყო მძლავრი დემონსტრაცია იმისა, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ამ დღემ კიდევ ერთხელ დააბრუნა ჩვენი პროტესტი საერთაშორისო დღის წესრიგში და მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ბრძოლა გრძელდება.

    მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვხატო ახალი პოლიტპატიმრების მიმართ.

    ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული, ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეთა ოჯახში გაზრდილი ადამიანი – დღეს რეჟიმის უსამართლო ტყვეობაშია.

    მისი დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი მხოლოდ შიშსა და რეპრესიებზე დგას.

    მაგრამ მათ დააგვიანდათ, ვეღარაფერი შეაჩერებს ქართველი ხალხის მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ ბრძოლას.

    ეს ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ საქართველოს გამარჯვებით!

    წერს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმრო დაწესებულებიდან.

  • კაცს, რომელმაც ცოლის დაწვა სცადა, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

    “ოცნების” პროკურატურამ კაცს, რომელმაც კასპში ცოლს ჭრილობები მიაყენა, ხოლო შემდეგ მისი დაწვა სცადა, ბრალდება დაუმძიმა.

    მას ბრალდება გადაუკვალიფიცირდა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

    დანაშაული თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

    საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯერ ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა“, – აცხადებს პროკურატურა.

    საუბარია 25 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა გულ-მკერდის არეში.გამოძიების ვერსიით, კაცი წარსულში სისტემატურად ძალადობდა ყოფილ ცოლზე.

  • არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული – ლატვიის საგარეო

    “არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას დევნიდნენ და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული.

    საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული.

    მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან.”

    ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს X-ზე პოსტით ეხმაურება.

  • აქციის ორგანიზატორებს ფილტვი ჰქონდათ თავში ტვინის ნაცვლად – ქადაგიშვილი

    აქციის ორგანიზატორებს ფილტვი ჰქონდათ თავში ტვინის ნაცვლად – ქადაგიშვილი

    „პრობლემა არის მათში და მათ პატრონებში. საერთოდ, ოპოზიციის ქმედება არ ჯდება არანაირ საშუალო დონის პოლიტიკური ლოგიკის ჩარჩოებში. აბსოლუტური ალოგიკურობაა. უფრო მძიმე სიტყვითაც შეიძლება ამის დახასიათება. აქედან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ მათ ამ აქციას, ერთადერთი, რაც შეიძლება, გაგრძელება ჰქონოდა, იყო პროვოკაცია. ამ აქციას სხვა არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და წავიდნენ პროვოკაციაზე სახელმწიფო აფრთხილებდა კიდეც, ნუ წახვალთ რაიმე ისეთ ქმედებაზე, რაზეც კანონი გაგცემთ შესაბამის პასუხს და რა თქმა უნდა, იქნება კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალებული ამ თქვენი პროვოკაციებით. მიემატებიან, რა თქმა უნდა, კიდევ ახალი პირები, ვინც პასუხისგებაში მიეცემიან.

    61 მანდატი მიიღეს პარლამენტში, ალღო არ ჰქონდათ?! თავში ფილტვი ჰქონდათ თუ ტვინი რომ ვერ მიხვდნენ, პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ და დემოკრატიული პროცესის ნაწილი ყოფილიყვნენ?! ახლაც ფილტვი ჰქონდათ თავში [ორგანიზატორებს]. როცა ფილტვი გაქვს თავში ტვინის მაგივრად, ყველაფერს ადვილად იჯერებ და მიყვები,“

    ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას  – შარაშიძე

    ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას – შარაშიძე

    “ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ თბილისი კორუმპირებულ კალაძე­სა და მოძალადე ‘ოცნებას’. მოხდა როგორც მშვიდობიანი პროტესტის, ისე არჩევნების, ასევე მშვიდობიანი ცვლილების დისკრედიტაცია. ‘ოცნებას’ კი გაუჩნდა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ მეტად დამძიმების შესაძლებლობა. უსამართლო, უთანასწორო არჩევნებში შესვლისას ჩვენ გააზრებული გვქონდა, რომ ნებისმიერი შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო. ჩვენთვის მთავარია, ყველაფრის მიუხედავად პატივი ვცეთ კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვაანალიზებთ ყველა გარემოებასა და მიზეზს, არ გავურბივართ დამდგარ რეალობას და ვაღიარებთ თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა წავაგეთ. შეიძლება ერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ. ‘ქართულ ოცნებას’ და ‘ნაციონალურ მოძრაობას’ ერთი ოცნება აქვთ — როგორმე გააქრონ პარტია ‘გახარია საქართველოსთვის’ პოლიტიკური ველიდან. ამ ორი რადიკალური ძალის ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, თუ ვინმეს შეუძლია, ეს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალაა. ბრძოლის ამ აუცილებელი ეტაპის გავლის შემდეგ ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას”,

    ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

  • სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის – ნორვეგიის საგარეო

    “სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ვერ აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული, ძალადობის სამწუხარო გამოყენება ხდება””, – ამის შესახებ ნათქვამია  ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

    „რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • “ეროვნული კრების” 5-ვე წევრს ბრალდება წარუდგინეს

    “ეროვნული კრების” ხუთივე წევრს პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, პაატა მანჯგალაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება წარუდგინეს – მათ 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);  225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას – ბიძინა ივანიშვილი

    “ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი. რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში.

    ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი: თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე ბევრად დიდმა და გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგეს სუვერენიტეტი. ვინც ერკვევით პოლიტიკაში, მე არ ჩამოვთვლი და არც არის საჭირო სცენიდან ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ, რომელი ქვეყნები იგულისხმება. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და საკუთარ ხალხს, საკუთარი საზოგადოების ნაწილს მიაქანებენ კატასტროფისკენ. აი, ეს გახლავთ სწორედ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ცივილიზებული, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას, უნგრევენ საზოგადოებებს. საშინელი დაპირისპირებებია, ერების აღრევა ერთმანეთში, და აი, ასეთი გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს.

    მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ რამეს: ყველაზე ნიჭიერია ქართველი ერი. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ – ერთადერთი სახელმწიფოა, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. თქვენ გახსოვთ, 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი და ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც მათ უდგა და ზურგს უმაგრებდა. თავიდან ყველას გვეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო პრობლემა, მაგრამ არაფერ შუაშია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ – მათ უკან დგას ძალიან დიდი ბოროტი ძალა. და ვინც პოლიტიკაში არის გათვითცნობიერებული, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერდნენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში.

    მე არ მინდა კონკრეტიკაზე გადავიდე – დღეს აქ გავჩერდები. უნიჭიერესი ერი ვართ, უნიჭიერესი ხალხი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ერთადერთი სახელმწიფო ვართ, ვინც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალის განდევნა. ჩვენ, ჩვენი ერთობით, ეს შევძელით და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს.

    დღეს გარწმუნებთ: ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა, მსოფლიოში საქართველოში ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ესე უნდა იყოს. მხოლოდ თქვენზე გადის გზა – იცოდეთ! მხოლოდ საზოგადოებაზე. ისინი ცდილობენ, როგორმე გაგვსრულელონ, გაგვაგიჟონ, გამოგვიყვანონ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ.

    დღესაც მცდელობა აქვთ: არჩევნები კატასტროფულად წააგეს და ცდილობენ ქუჩიდან რამე გააკეთონ. მაგრამ საბედნიეროდ აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე ჩანს – ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80%-იან მხარდაჭერას პარტია ფლობდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს?! წარმოუდგენელია.

    გილოცავთ, გილოცავთ! ძალიან დიდი მადლობა!”

    ამის შესახებ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.