Category: ახალი ამბები

  • თუ ელისაშვილს არ გარიცხავენ „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და  „ალდე“ ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები – პაპუაშვილი

    თუ ელისაშვილს არ გარიცხავენ „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები – პაპუაშვილი

    „ალდე“ გახლავთ ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ძალები არიან გაერთიანებული, ზოგ ქვეყანაში, ხელისუფლებაშიც არის „ალდეს“ წარმომადგენელი. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, ქართველი ხალხი ვითხოვთ პასუხს და მოველით „ალდესგან“, ამ ევროპული ძალებისგან, გვითხრან ტერორიზმი არის თუ არა ევროპული ღირებულება. ვინაიდან, თუ ადამიანმა აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა, მას საკუთარი პარტია არ ემიჯნება, პარტია „მოქალაქეები“, ე.ი. ეს პარტია არის ტერორისტის მფარველი პარტია. თუ არ ემიჯნება მისი კოალიციური პარტნიორი, ის გუნდი, რომელშიც ირიცხება დღემდე, ესეც არის ტერორისტის მფარველი. თუ მას არ ემიჯნება ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის წევრიც არის ეს პარტია, გაერთიანება, კოალიცია, ისინიც ტერორიზმის მფარველები არიან. დღეს არის ოთხშაბათი, დაველოდებით, ეს კვირა დრო აქვთ, ორშაბათამდე არ იქნება გამიჯვნა, გარიცხვა, ორშაბათიდან როგორც მოქალაქეები, ისე ძლიერი საქართველოს გაერთიანება, “ალდე” ჩემს რიტორიკაში მოხსენიებული იქნება, როგორც ტერორისტის მფარველები. ორშაბათამდე აქვთ დრო, ორშაბათიდან ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები, შემდეგ ყოველ განცხადებაზე შევახსენებთ, რომ ტერორისტების მფარველი ორგანიზაცია არიან“,

     

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

  • მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში,დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ – სააკაშვილი

    მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში,დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ – სააკაშვილი

    „მე დღეს მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში თხოვნით, დაიწყონ გამოძიება საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური აგენტების გამოყენების გამოსაკვლევად.

    ეს გამოძიება აუცილებელია, ვინაიდან არანაირი იმედი არ არსებობს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ამ საკითხს სერიოზულად გამოიძიებენ. რა თქმა უნდა, ჰააგას დასჭირდება წლები, მაგრამ თავად გამოძიების დაწყების დაწყებას სერიოზული ეფექტი ექნება.

    მე მაქვს გამოცდილება ჰააგის ამ სასამართლოსთან მუშაობის, როცა 2019 წელს შევკრიბე იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა 300 გვერდიანი დოკუმენტი ICC-ში წარსადგენად, 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

    მაშინ სასამართლომ მთლიანად გაამართლა საქართველო და ბრალი წაუყენა რუს ოფიციალურ პირებს. ახლა ჩემი თავისუფლება საერთაშორისო კონტაქტების ბევრად შეზღუდულია, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იმუშავებს და თავიდან აგვაცილებს ახალ ტრაგედიებს.

    ვიცი, რომ ჩემი ეს მიმართვა ახალ რეპრესიებს და ე.წ. სასჯელებს გამოიწვევს ჩემს მიმართ, მაგრამ მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და არ შემიძლია ეს არ გამოვიყენო ხალხის დასახმარებლად, ამიტომ ვერ გავჩუმდები და მაინც ვდგამ ამ ნაბიჯს”,

    წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

  • კობახიძემ აღიარა, რომ წყალში იმ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერება იყო შერეული, BBC-ის ექსპერტი ამბობდა, რომ ამ კოდის ქვეშ „კამიტი“ ყველაზე მსუბუქია – ლომჯარია

    “დაუჯერებელი ამბავი გავიგეთ. ახლა გავიგეთ ირაკლი კობახიძისგან, რომ გასულ წელს წყლის ჭავლში იყო გარეული იმ კოდის ქვეშ მყოფი ნივთიერება, რაზეც საუბრობდა BBC. რეალურად დაადასტურა კობახიძემ, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერება, როგორც BBC ამბობდა და როგორც მათ მოიპოვეს შსს-დან გაჟონილი ინფორმაცია, მართლაც აქვთ შეძენილი.

    ის საუბრობდა, რომ ამ კოდის ქვეშ მყოფი ნივთიერება იყო გარეული გასულ წელს წყლის ჭავლში. BBC-ის ექსპერტი ამბობდა, რომ ამ კოდის ქვეშ „კამიტი“ ყველაზე მსუბუქიაო, ის ვარაუდობდა, რომ „კამიტი“ იყო გამოყენებული, სხვა ნივთიერებები ამ კოდის ქვეშ მოქალაქეების დასაშლელად არსად გამოყენებულიაო, ერთადერთი „კამიტი“ არის, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდნენო.

    ახლა, დღეს, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები იყო სავარაუდოდ შერეული. ამ კოდის ქვეშ ყველა არის ძალიან ტოქსიკური და მავნე ნივთიერება. ბრიტანელი ექსპერტი ამბობდა, რომ „კამიტზე“ უარესი ნივთიერებებია ყველა დანარჩენიო. ხალხო, საშინელება მოხდა. ეს არ იყო წყლის ჭავლი! ქიმიური ნივთიერებების ჭავლი იყო! უამრავმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება.

    როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ვეუბნებოდით, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული გვითხარითო, იწერებოდა, რომ არ ვიცით, არ მაინტერესებს, არ არის ჩემი საქმეო. არც დაინტერესებულა გამოეკვლიათ, რა ნივთიერებებით მოწამლეს ათი ათასობით ადამიანი“

    ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

  • მკითხეს, ავიღე თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარის მიცემაში – გიგაური

    “მკითხეს, ავიღე თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარის მიცემაში” – ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) აღამსრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა თბილისის სამოქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი. ვისაუბრე იმაზე თუ ვინ ვარ მე, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს და სად ვმუშაობ. ასევე კითხვები ეხებოდა იმას, რომელიმე ჩემი განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო განათლებას, რაც ასე არ არის. ასევე საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის, და კიდევ ერთხელ ვისაუბრე, რას ვფიქრობ ქართულ ოცნებაზე, იმ განცხადებებზე, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე ოცნების ქმედებებთან დაკავშირებით.

    […] არ დაუსვამთ შეკითხვები მოწამვლასთან დაკავშირებით. მართალი გითხრათ, არ ვიცი რატომ დამიბარეს, ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრე გამოკითხვაზე, ვსაუბრობ ხოლმე ამას საჯაროდ, მედიაში. ამ ინტერვიუდან რამე ახალი ვერც მათ გაიგეს და რაში შეიძლება გამოადგეთ ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ როგორც საერთაშორის, ისე ადგილობრივ მედიაში.

    რა თქმა უნდა, აქ არაფერს არ გამოვრიცხავ, რადგან ეს არ არის დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანო და დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე არ არის საუბარი, ვიცით, ყველაფერს ველოდებით მათგან. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული. სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის და მომიტინგეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელსაც ისინი არ ასახელებენ, არ ამბობენ რა იყო. შეუძლიათ, რომ გამოაქვეყნონ. ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებდა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია შსს-მ გამოაქვეყნოს ინფორმაცია თუ რა ტიპის ქიმიური საშუალებები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ”.- განაცხადა ჟურნალისტებთან გიგაურმა.

  • 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა – კობახიძე

    2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა – კობახიძე

    “2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა” – განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

    “არა, როგორ გეკადრებათ, თეორიულადაც რომ დავუშვათ, აქ არაფერ შუაში არ არის… კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად, ეს არის ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია, თუ ასეთი რამ დადგინდება”.-განაცხადა კობახიძემ.

  • „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება – კობახიძე

    „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება – კობახიძე

    „რა თქმა უნდა, როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის უკვე სხვა პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ შემთხვევაში უკვე სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, შესაბამისად, რაც მოიტყუეს BBC-სთან, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან და უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ. BBC ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც არის უკვე ყველაფრის მაჩვენებელი და მეორე, ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ნივთიერება „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით.

    კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს თუ რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს ჩვენ საქმე. ძალიან დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა BBC-იმ, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად, თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული, სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია“,

    განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • რაც შეეხება (წყლის ჭავლში) ნივთიერების გარევას – იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული” – კობახიძე BBC-ის გამოძიებაზე

    რაც შეეხება (წყლის ჭავლში) ნივთიერების გარევას – იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული” – კობახიძე BBC-ის გამოძიებაზე

    „რაც შეეხება [წყლის ჭავლში] ნივთიერების გარევას – ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება ინფორმაციას „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით – ამაზე მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა, შსს-მ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შსს-ს, მათ შორის, არც ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში. დანარჩენი – მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებას აწარმოებს სუსი. ყველა დეტალი იქნება გასაჯაროებული საზოდადოების წინაშე გამოძიების დასრულების შემდეგ. რაც შეეხება „კამიტის“ გამოყენებას – ეს უკვე უარყო შსს-მ იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რაც მის ხელთაა“.

    განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს კონსტანტინე ჩახუნაშვილის მამა, გიორგი ჩახუნაშვილიც

    ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ  სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში დაიბარეს მამამისი, პედიატრი გიორგი ჩახუნაშილიც.

    “მამაჩემიც დაიბარეს, დღეს ჩაბარდება უწყება.” – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

    კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი.

  • საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობას ვერ ვხედავთ – რუსეთის საგარეო

    საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობას ვერ ვხედავთ – რუსეთის საგარეო

    რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი კვლავ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკავებულ პოზიციას ინარჩუნებს, რაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. ეს თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალისტური მოთხოვნაა. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები შეუქცევადია

    ასე განუცხადეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გამოცემა „იზვესტიას“ რომ მოსკოვი ამ ეტაპზე ვერ ხედავს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს.

  • “მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს” – საია თანამშრომლები სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

    “მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს” – BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომელი. როგორც საია აცხადებს, მათი თანამშრომლები მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

     

    ”BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომელი. ჩვენი თანამშრომლები მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

    ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-თან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს.

    ფილმში საიამ ისაუბრა 2024 წლის მასობრივი პროტესტების დროს აქციის მონაწილეების წამების და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა სისტემურ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, სადაც ათეულობით დაზარალებულის შემთხვევაა აღწერილი. ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომია და საია ამ საკითხებზე ღიად საუბრობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საიას თანამშრომლების მოწმის სტატუსით დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ.

    სუს-ის მიერ ამ საქმის ფარგლებში გამოყენებული ფორმულირება – „სახელმწიფო ინტერესების დაზიანების“ კვალიფიკაციის შესახებ განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

    ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამინის უფლებებს იცავავენ.

    მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს. გამოძიებას საიას თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამოვლენას, დოკუმენტირებას და საზოგადოების ინფორმირებას. ”- ნათქვამია ინფორმაციაშ.