Category: ახალი ამბები

  • ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით – კობახიძე

    ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით – კობახიძე

    მარკო რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ჩვენი განაცხადი არის ცნობილი – ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, კულმინაციის სახით შეწყვიტა, შეაჩერა საქართველოსთან.

    ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.

    თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • კობახიძის თქმით, თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება

    კობახიძის თქმით, თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება

    ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება.  ამის შესახებ,  მან ბრიფინგზე, სტუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

    “ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა.

    ასევე, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება”, – თქვა კობახიძემ.

  • ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს

    ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს

    სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.” – ნათქვამია განცხადებაში.

    ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ვინაიდან, ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს.

  • “ნიკა მელია გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე “- ადვოკატი

    “ნიკა მელია გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე “- ადვოკატი

    “ნიკა ამჟამად გადაყვანილია კლინიკა ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებთან მიმართებით. (…) მისი ჯანმრთელობის შესახებ არ მაქვს უფლება გავავრცელო ინფორმაცია.” – თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა TV პირველის ეთერში.

    კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მორიგი ბრალის წარდგენას უპირებენ. კონდახაშვილის განმარტებით, მელიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან.

  • აუდიტი ამოწმებს ყველა სამსახურს, დარღვევას მოჰყვება რეაგირება – კალაძე

    აუდიტი ამოწმებს ყველა სამსახურს, დარღვევას მოჰყვება რეაგირება – კალაძე

    თბილისის მერმა კახა კალაძემ “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ დიდი ოდენობით თანხის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

    “აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ რაიმე სიახლე იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში სხვა არაფერი გადაგვიგზავნია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აუდიტის სამსახური ერთდროულად ვერ შევა ყველა უწყებასა და სამსახურში. მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი წლის წინ იყო თუ სამის. აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, – თქვა კალაძემ.

  • დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, ის გარდაიცვალა – შსს

    დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, ის გარდაიცვალა – შსს

    შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

    შსს-ს თანახმად, ის ადგილზე გარდაიცვალა.

    “მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, თ.ო გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს”, – წერს შსს.მომხდარზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს პროკურატურაც:

    “დღეს 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”.

  • “ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა” – შსს-მ  მუქარის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის 2 პირი დააკავა

    “ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა” – შსს-მ მუქარის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის 2 პირი დააკავა

    შიდა ქართლის პოლიციის დეპარატამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით, ორი პირი: 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1995 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.მ. დააკავეს.

    “ბრალდებული მ.ნ. კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს და მის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა მ.მ.-სთვის, რომელმაც გ.გ-ს ავტომანქანის დაზიანება განიზრახა და ცეცხლი წაუკიდა.სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ნ. და მ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს” – აცხადებს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ირაკლი რუხაძემ “იმედი” დატოვა –  100%-იან წილს მაკა ლომიძე და პრაიმ მედია გლობალი გაიყოფენ

    ირაკლი რუხაძემ “იმედი” დატოვა – 100%-იან წილს მაკა ლომიძე და პრაიმ მედია გლობალი გაიყოფენ

    ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ტელევიზიის 100%-იან წილს „პრაიმ მედია გლობალი” და მაკა ლომიძე გაიყოფს.

    „ამ განცხადებაში შევეცდები ავხსნა ის რთული და ემოციური გადაწყვეტილება, რომელიც მე და ჩემმა პარტნიორებმა მივიღეთ „ტელე-იმედთან“ („იმედი“) დაკავშირებით.2018 წელს, როცა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების დაბრუნებაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, ბადრის ოჯახმა გვთხოვა, რომ მათგან გამოგვესყიდა „იმედი“.მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ფლობა საქართველოში ჩემს გეგმებში არ შედიოდა და ზოგიერთი ჩემი პარტნიორი საერთოდ ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, დავეთანხმეთ ბადრის ოჯახს „იმედის“ ყიდვაზე.

    2003 წლიდან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და კარგად მესმოდა, რომ „იმედის“ ფლობა სარისკო იყო ჩვენი ბიზნეს-ჯგუფისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნესი გამოყოფილი უნდა იყოს პოლიტიკისგან და ამიტომ ვერიდებოდით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. „იმედის“ განცალკევება პოლიტიკისგან კი ყოველთვის რთული იყო.

    ამიტომ, 2018 წელს მე და ჩემი პარტნიორები შევთანხმდით ორ მიზანზე:

    1. „იმედი“ იდგებოდა ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე. ეს კი უპირველეს ყოვლისა გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მიგვეცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტებისათვის ხელისუფლებაში დაბრუნების, ქვეყნის ხელახლა არევისა და „იმედის“ ხელმეორედ მიტაცების საშუალება (2022 წლიდან „ქვეყნის არევა“ ასევე მოიცავდა საქართველოს რუსეთთან ომში ხელმეორედ ჩართვის საფრთხეს);
    2. „იმედი“ გვემართა სარედაქციო პოლიტიკაში მინიმალური ჩარევით (ძლიერ მენეჯმენტის ჯგუფზე დაყრდნობით, რომელიც მომართული იქნებოდა პირველი მიზნის შესრულებაზე) და ამით მაქსიმალურად შეგვემცირებინა პოლიტიკის მიერ ჩვენი ბიზნესისთვის ხელის შეშლის რისკი.

    „იმედის“ თვითმიზანი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა. თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო. საერთოდ როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი პარტია ერთმანეთს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, პენიტენციური სისტემა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა, ამ თავისუფლებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ.?! პარტიებს, რომელთა ლიდერებმაც თავიანთი მოსახლეობის თითქმის 10% გაუსაძლისი პირობების ციხეებში გამოკეტეს, არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ ქვეყნის ხელახლა მართვაზე.

    შეიძლება ითქვას, რომ გასული 7-8 წლის განმავლობაში, ჩვენი მიზნები მეტ-ნაკლებად შევასრულეთ. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ. ამ პროცესში „იმედმაც“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული. ქვეყნის შიგნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობამ ქართული საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო, რომ საქართველოსთვის აეცილებინა ამ ომში მხარედ გამოსვლა. ქვეყნის გარეთაც, ტრამპის ამერიკა აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს უკრაინის ომის დასრულებაზე. ამიტომ ქვეყნის არევის საშიშროებაც მინიმუმამდეა დასული.

    ეს კი, როგორც არაერთხელ საჯაროდაც მითქვამს და ზემოთაც აღვნიშნე, მთავარი მიზეზი იყო, რატომაც ტელევიზიის მფლობელობას დავთანხმდით. სხვა მხრივ ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნეს ჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს (რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს „იმედი“ ემოციურად პირადად ჩემთვის). პირიქით, ის ჩვენ დამატებით სირთულეებს გვიქმნის და აზიანებს ჩვენს მთავარ საქმიანობას – ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკაში.

    ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება.

    ეს გადაწყვეტილება ურთულესია პირადად ჩემთვის, რადგან „იმედთან“ და მის თანამშრომლებთან ოცზე მეტი ემოციური და სიამაყით სავსე წელიწადი მაკავშირებს. ამ წლების განმავლობაში, „იმედმა“ არაერთხელ დაუმტკიცა მტერს და მოყვარეს, რომ ის ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

    სააკაშვილის მთავრობის მიერ ორგანიზებული დარბევის და მიტაცების შემდეგ, იგი ფენიქსივით აღსდგა უიმედობის ნანგრევებიდან და დღეს 4-ჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე სიდიდით შემდეგ კონკურენტს. საქართველოს ტელემაყურებლების ნახევარზე მეტი სწორედ „იმედისგან“ იგებს თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში. ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მაყურებლებს.

    ჩემი მთავარი სინანულია „იმედის“ თანამშრომლებთან პროფესიული დაშორება (იმედი მაქვს, რომ პირადი მეგობრობები გაგრძელდება). „იმედი“ არ არის აპარატურა, სიხშირე ან ლიცენზია. „იმედი“ არის ხალხი და ამ ხალხის გამო დარჩა ის ყველაზე ძლიერი და სანდო წლების განმავლობაში. იცოდეთ, რომ წარმოუდგენელი პრივილეგია იყო თქვენთან მუშაობა. ძალიან დამაკლდება ჩვენი შეხვედრები, კამათები, საერთო სიხარული და გაბრაზება, ახალი იდეები და პროექტები, გამარჯვებების ზეიმი. ძალიან დამაკლდება ლიუბლიანას ქუჩაზე მოსვლა.

    არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში.

    წარმატება მინდა ვუსურვო მაკას და მის მთელ გუნდს; წარმატება მინდა ვუსურვო „იმედის“ ახალ მფლობელს; დაბოლოს, წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ვინატრო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილას გამოჩნდებიან მორალური, გონიერი, თავის საქმის პროფესიონალი პატრიოტები, რომლებიც შეძლებენ ღირსეული ოპონირების გაწევას „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ევროპული მომავლის მისაღწევად“, – ნათქვამია ირაკლი რუხაძის განცხადებაში.

  • ჯუანშერ ბურჭულაძეს ესპანეთში სახლი დაუყადაღეს

    ჯუანშერ ბურჭულაძეს ესპანეთში სახლი დაუყადაღეს

    საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ესპანეთში ნაყიდი სახლი დაყადაღებულია,  რომელიც მისი ცოლის სახელზე იყო რეგისტრირებული.

    “ამ საქმიდან გამომდინარე, ესპანეთის სასამართლომ ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის, ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დააყადაღა. ეს ინფორმაცია ესპანეთიდან თებერვლის დასაწყისში მოგვივიდა. დაყადაღების მიზეზი ეს საქმე იმიტომ გახდა, რომ ბურჭულაძეს სწორედ ფინანსურ საკითხებს ვედავებით, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას […]

    ჩვენ ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც შესაბამისი განჩინება გამოსცა – შემდეგ კი საქართველოს პროკურატურამ ესპანეთს მიმართა და მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ეს სახლი დაეყადაღებინათ”. – თქვა პროკურორმა.

    ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების გარდა, დაყადაღებულია ბურჭულაძის მშობლების ქონება და ანგარიშები, აგრეთვე, ბურჭულაძის სიდედრისა და სიმამრის საპენსიო ანგარიშებიც.

    “დაყადაღებულია არა მარტო ჯუანშერ ბურჭულაძის მშობლების ქონება და ანგარიშები, არამედ დაყადაღებულია ბებიამისის, მისი სიდედრისა და სიმამრის საპენსიო ანგარიშები. ანუ, ამ ხალხს სახელმწიფო პენსიას რომ ურიცხავს, ვერ იღებენ […] გარდა ამისა, მის ერთ-ერთ ნათესავს საკუთარ კომპანიაში წილი დაუყადაღეს […]

    ეს დაყადაღებულია, დაახლოებით, 2025 წლის აგვისტოდან, როდესაც ბატონი ჯუანშერი ჯერ ბრალდებულის სახითაც კი არ იყო პასუხისგებაში მიცემული”. – თქვა ბურჭულაძის ადვოკატმა.

  • საია მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საია მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეთა საბანკო ანგარიშების დაყადაღების პრაქტიკას ეხმაურება,  რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეების საფუძველზე ხორციელდებოდა და კვლავ გრძელდება.

    ”საიასთვის მოქალაქეთა ნაწილის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მათ მხოლოდ ანგარიშების დაყადაღების შემდეგ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიმართ დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება და შედგენილი იყო საჯარიმო ოქმი. ამასთან კავშირში, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) ხშირ შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, თუმცა მისი ჩაბარების პროცედურები არ სრულდება კანონით განსაზღვრული წესით,რაც იწვევს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას.

    ყადაღის დადება ნიშნავს, რომ მოქალაქე ვერ გამოიყენებს საკუთარ ანგარიშზე არსებულ ან/და ჩარიცხულ თანხებს. ყადაღა ასევე შეიძლება გავრცელდეს უძრავ ან მოძრავ ქონებაზე, რაც ნიშნავს, რომ მესაკუთრეს ეკრძალება ქონების გასხვისება ან /და უფლებრივად დატვირთვა. ეს არის სერიოზული ჩარევა საკუთრების უფლებაში, რის გამოც სააღსრულებო პროცესის დაწყება უნდა ხდებოდეს კანონის სრული დაცვით. დამკვიდრებული მავნე პრაქტიკის მიხედვით, შსს საჯარიმო ქვითრებს აქვეყნებს ვებგვერდზე – Protocols.ge, თუმცა მოქალაქეებს ამის შესახებ წინასწარ არ ატყობინებენ SMS-ის ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვითრების გამოქვეყნება ხდება ისე, რომ არ არის დაცული მათი ჩაბარების კანონით დადგენილი წესი, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სავალდებულო მოთხოვნაა.

    იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ორგანო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით, მოქალაქის საბანკო ანგარიშებზე ყადაღას იყენებს ისე, რომ მანამდე მოქალაქე საერთოდ არ ყოფილა ინფორმირებული მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების, მიღებული გადაწყვეტილებისა და გადახდის ვადის თაობაზე, ეს წარმოშობს სერიოზულ კითხვებს, როგორც ქონების განკარგვის, ისე საქმის სამართლიანი განხილვისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაზე. ასეთ სიტუაციებში საკუთრების უფლება უკანონოდ და არაპროპორციულად იზღუდება, არამხოლოდ, იმიტომ, რომ პირი პრაქტიკულად კარგავს წვდომას საკუთარ ფინანსურ რესურსებზე, არამედ იმიტომაც, რომ ეს ხდება გაუფრთხილებლად, მკაფიო სამართლებრივი განმარტების და რეალური გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე, რაც არღვევს კანონიერებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ამავე დროს, სამართლიანი განხილვის კუთხით, მოქალაქეს არ ეძლევა ელემენტარული პროცედურული გარანტიები: იცოდეს, რას ედავებიან, როდის და რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება და რა ვადაში შეუძლია მასზე რეაგირება. შედეგად, ადამიანს, ფაქტობრივად, ერთმევა შესაძლებლობა, წარმოადგინოს არგუმენტები, მოითხოვოს მისი საქმის გადახედვა ან თუნდაც ნებაყოფლობით გადაიხადოს ჯარიმა მანამდე, სანამ სახელმწიფო მიმართავს უფრო მკაცრ აღსრულების მექანიზმს, როგორიცაა ანგარიშზე ყადაღა. ეს უკანასკნელი გარემოება, რომ, სათანადო ინფორმირების შემთხვევაში, პირი შესაძლოა დროულად და ნებაყოფლობით დაფარავდა ჯარიმას, განსაკუთრებულად აჩენს პროპორციულობის პრობლემას, რადგან სახელმწიფომ აღარ სცადა ნაკლებად ინტენსიური, ადეკვატური გზა მიზნის მისაღწევად და გაამწვავა ჩარევა, რითაც დაარღვია სამართლიანი ბალანსი საჯარო ინტერესსა (ჯარიმის ამოღება) და ინდივიდის ქონების ინტერესებს შორის.

    ქვემოთ მოცემულია ის სამართლებრივი რჩევები, რომლებიც მოქალაქეებს დაეხმარებათ ამ პროცესში საკუთარი უფლებების დაცვაში:

    თუ პირის ანგარიშზე უკვე დადებულია ყადაღა და ამასთან ჯერ არ ყოფილა ინფორმირებული მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის შესახებ. საჭიროა, პირმა:

    · მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს / საპარტულო პოლიციის დეპარტამენტს და გამოითხოვოს საჯარიმო ქვითარი და საქმის მასალები.

    · აღსრულების ბიუროდან მოითხოვოს ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო საქმეთან დაკავშირებით.

    · Protocols.ge ან/და სატელეფონო ქსელის პროვაიდერისგან მოიძიოს ინფორმაცია, იყო თუ არა სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე დაცული ინფორმაციის მოწოდების კანონისმიერი მოთხოვნა (გამოეგზავნა თუ არა SMS შეტყობინება).

    · ოქმის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საჩივრით და თანდართული დოკუმენტებით; და მოითხოვოს ქვითრის გაუქმება და სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

     

    გაითვალისწინეთ, რომ საჩივარი უნდა წარადგინოთ იმ სასამართლოში, რომელიც მდებარეობს შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. სასამართლოში საჩივრის წარდგენა უფასოა. საჩივარისათვის დადგენილი ფორმა არ არსებობს, არსებითია მოთხოვნა იყოს სწორად, ზემოთ მითითებული ფორმულირებით.

    აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს მოთხოვნას, აღსრულება შეჩერდება თქვენს საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

    · იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს აღსრულების შეჩერების მოთხოვნას, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება, აღსრულების შეჩერების მიზნით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

    თუ პირი ეჭვობს, რომ შეიძლება იყოს დაჯარიმებული, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ანგარიშების შესაძლო დაყადაღების შემთხვევა, საჭიროა:

    · მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვოს ინფორმაცია, ხომ არ არსებობს მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ოქმი.

    · ჩაიბაროს ოქმი და გაასაჩივროს სასამართლოში 10 დღის ვადაში”. ნათქვამია განცხადებაში.