Category: ახალი ამბები

  • წელს მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება – მიქანაძე

    წელს მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება – მიქანაძე

    ქართული ოცნების განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ წელს უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება.

    “გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ”- თქვა მიქანაძემ.

    დღეს ქართული ოცნებამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტები დაამტკიცა:

    თსუ- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

    სტუ – საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები თსსუ – მედიცინის სპეციალობები ილიაუნი – პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები

    სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი – შესაბამისი სპეციალობები

    ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები – მრავალფუნქციური სპეციალობები

    ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები – აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში, , კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო [ბაკურ] ბულისკირია დაიღუპა.

    ბულისკირია ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვედანაყოფ “შერეკილებში” იბრძოდა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 11 თებერვალს ქვედანაყოფის მეთაურმა ავთო ქაჯაიამ გაავრცელა.

    ბულისკირია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, თავდაპირველად “ქართული ლეგიონის” შემადგენლობაში, იბრძოდა.

  • პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის ერთადერთი ვარ, რომელსაც ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს – პაატა ბურჭულაძე

    პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის ერთადერთი ვარ, რომელსაც ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს – პაატა ბურჭულაძე

    ”მე-12 დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის ერთადერთი ვარ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს – თვითონ გჯერათ, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს?”-  ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

    „პროტესტს ვაცხადებ, გამოდის დამნაშავეები ვზივართ და უდანაშაულოები გარეთ არიან, ეს ასობით ადამიანი რომ გამოვიდა, პარლამენტში ხომ არ სხედან დამნაშავეები? ჩვენ აქ ყველა ამაყად ვსხედვართ.

    ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა შარშან, როცა რუსთაველის ოპერის თეატრი არ დამითმო „ოცნებამ” და ოპერის წინ საბარგო მანქანაზე მივიღე მრავალათასიანი მილოცვა და კონცერტი. წელს სასამრთლოში ვიღებ მილოცვებს და ეს დაუვიწყარი იქნება ჩემს კარიერაში.

    როგორც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, მთელი მსოფლიოდან. დღეს კი ამ ორი პროკურორის გადაწყვეტილებით ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც მეკრძალება – აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე. ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთ და მეც, როგორც ქრისტიანმა, გადავწყვიტე, რომ თქვენ, ბატონო ვაჟა თოდუა და განსაკუთრებით, თქვენ, ქალბატონო თამარ ბეჟუაშვილო – რომელიც ძალიან გამოირჩევით ამ უსამართლო ბრძოლაში, მინდა საჩუქარი გაგიკეთოთ და სიკეთით გიპასუხოთ. მე შემიძლია წერილი მივწერო ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, რომ შემთხვევით არ გამორჩეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები, იმ დასანქცირებულთა სიაში, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება – მერწმუნეთ ამ წერილს ანგარიშს გაუწევენ; მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ არა იმიტომ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებს, გამორჩეულად უარყოფით ადამიანებსაც კი, ჰყავთ შესანიშნავი შვილები და ვფიქრობ მათი მომავალი მშობლების საქციელს არ უნდა გადაჰყვეს, ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან.

    რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. გულწრფელად გეკითხებით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

    ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, ბევრი ადამიანი მელოდება ციხეში და მის გარეთ, ტელევიზიით, მილოცვისთვის”,- განაცხადა ბურჭულაძემ.

  • “ბიოს” დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა

    “ბიოს” დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა

    შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ბიოს” უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.დ. დააკავა.

    ბრალდებულის  პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 9 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო”. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე ამოღებულია 30 ადგილიდან.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

    ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

    8-თვიანი პატიმრობის შემდეგ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია თავისუფალია. მან რუსთავის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

    გვარამია 2025 წლის 13 ივნისს წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო დააკავეს.

    “ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვეულებრივი სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია. არ ვგულისხმობ, რომ არჩევნებზე წარვდგეთ ერთ-ერთ სუბიექტურად, როგორც მოქმედებენ პარტიები, ოპოზიცია, გაერთიანებული ოპოზიცია რეჟიმთან დაპირისპირების დროს არჩევნებისას. ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და ერთად უნდა ვამარცხებდეთ.”- თქვა გვარამიამ.

    გვარამიას გარეთ ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

  • ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად – ხოშტარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

    ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად – ხოშტარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

    „მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ პოლიტიკურ პროცესს. ამ ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეში მთავარი ის კი არ არის, ვის როდის გამოუშვებენ, შეაბრუნებენ, დაიბარებენ, მთავარია, რომ ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად. დასავლეთის მტრად გამოცხადება და საქართველოში მისი ვითომ დამარცხება ოპოზიციის სახით.

    აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს ამ საქმეში რაიმე ინდივიდუალური სამართლებრივი განზომილებების ძებნას. პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთიანად უნდა ანახოს, რომ ეს პროცესი დამთავრდება კრახით, რადგან ე.წ. გასამართლებით ვერ დაამარცხებენ ვერც ოპოზიციას და ვერც დასავლეთის იდეას.

    ქართული ოპოზიცია იქნება რეალური მტრისგან, რუსეთისგან, დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღუდე. ეს პასუხისმგებლობაა ახლა ჩვენზე.

    აქვე მინდა, გამოვაქვეყნო წლების წინ საერთაშორისო პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ჩემ მიერ შემუშავებული დოკუმენტის თავფურცელი, რომელსაც ამაყად, აქტიურად, საჯაროდ და დასაბუთებულად ვუზიარებდი ჩვენი სახელმწიფოს ყველა მეგობარს, რადგან ამაზე გადის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მტრისგან დაცვა. მხოლოდ ბედნიერი ვიქნები თუ ივანიშვილის დასანქცირებაში 1% მაინც არის ჩემი წვლილი. ასევე ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა, ყულევის ტერმინალზე დასავლეთიც საუბრობს. შეუძლებელია, არ გავუწიოთ ყველანაირი წინააღმდეგობა ტერორიზმს, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის და მათ დამხმარე ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. დღეს სწორედ ამაზე გადის სახელმწიფოს დაცვა და მორალური გადარჩენაც. სირცხვილით რომ არ იწვოდნენ ჩვენი მომავალი თაობები, როცა კითხავენ: და თქვენ რას აკეთებდით, როცა ბუჩა ხდებოდა?

    ციხიდან და გარედან, ერთიანად უნდა შევუტიოთ რეჟიმს სიტყვით და საქმით, მათ შორის, ამ პოლიტიკურ პროცესზე! ბოლომდე!

    პ.ს. პროცესებზე ჩემთვის დანიშნული სახაზინო ადვოკატის მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა ჩემთან კავშირში არ არის და არ იქნება”,

    ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია „დროა“ აქვეყნებს.

  • დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული..ჩვენი დაშანტაჟება ვერანაირი ვიზებით ვერ მოხდება – ნინო წილოსანი

    დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული..ჩვენი დაშანტაჟება ვერანაირი ვიზებით ვერ მოხდება – ნინო წილოსანი

    ეს დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული – და როცა ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით, ვიზებს ვიღებდით. ამიტომ, ვერანაირი სკანდალი ვერ გამოგივიდათ, ეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია. და მეორე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი დაშანტაჟება ვერანაირი ვიზებით ვერ მოხდება.

    თქვა “ქართული ოცნების”  დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბარში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

  • ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ, სხდომის ოქმის დახევისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს

    ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ, სხდომის ოქმის დახევისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს

    საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის, ბაია მარგიშვილის თქმით, მის მიმართ სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

    აქტივისტს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს.

    2025 წლის 7 ნოემბერს მოსამართლე ზვიად ცეკვავა ბაია მარგიშვილის გზის გადაკეტვის საქმეს განიხილავდა. სხდომის მიმდინარეობისას ბაია მარგიშვილმა საქმის მასალები დახია და მოსამართლის წინ მაგიდაზე დაყარა. ცეკვავამ ის 200 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა, მოგვიანებით კი 14 დღე შეუფარდა. ბაია მარგიშვილი სასამართლოს ეზოში დააკავეს.

    სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლი, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებს.

  • EU-ს ქვეყნებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს – იოზვიაკი

    EU-ს ქვეყნებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს – იოზვიაკი

    რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის, განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ იოზვიაკმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე დაწერა.

    „ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი იყო. გადაწყვეტილება ძალაში მარტის დასაწყისში შევა“, – დაწერა X-ზე რიკარდ იოზვიაკმა.

  • შიდა ქართლში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის საწარმო გამოვავლინეთ – სეს

    შიდა ქართლში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის საწარმო გამოვავლინეთ – სეს

    შიდა ქართლის რეგიონში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    “ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.

    გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შემდეგ ობიექტებს:

    • ფრინველთა სასაკლაო – ინდმეწარმე ნ. ზ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა ქათმის ტანხორცი;
    • ფრინველთა სასაკლაო – მ. თ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო – ბ. კ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარების გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო – გ. ბ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • კვერცხის წარმოება – ბ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო- გ. მ.(მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო – მ. გ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
    • ფრინველთა სასაკლაო-ა. ჩ. (მის: გორის რაიონი, სოფ დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;
    • ფრინველთა სასაკლაო- “შპს ქათმის ხორცპროდუქტები” ( მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

    არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

    სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან და დადგენილ ვადებში განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.” – წერია სააგენტოს განცხადებაში.