Category: ახალი ამბები

  • ბატონი პეტერი, მხოლოდ გვარით მომიხსენიებს – პაპუაშვილი ფიშერზე

    ბატონი პეტერი, მხოლოდ გვარით მომიხსენიებს – პაპუაშვილი ფიშერზე

    “ბატონი პეტერი არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს – როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და დაკლებული 2 წელიც ამას უნდა მივაწეროთ”-“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ელჩი პაპუაშვილის ასაკსა და “გერმანულ ანაზღაურებაზე” საუბრობს.

    „სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს. როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და ეს დაკლებული 2 წელიც ამას უნდა მივაწეროთ. ეროვნული ინტერესები პიროვნების ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს. ის, რომ ბატონმა პეტერმა 30 – წლიანი სანიმუშო პარტნიორობა 3 წელიწადში დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია. ესეც გაივლის“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

  • უნივერსიტეტებს დაუნდობლად ჩეხავენ, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით – ილიაუნი

    უნივერსიტეტებს დაუნდობლად ჩეხავენ, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით – ილიაუნი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

    “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია “განათლების რეფორმის” სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.

    როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ ჩვენი კოლეგების უმრავლესობის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო იდეასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით.

    განათლების სკოლის ფუნქციონირება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსებობა აუცილებელია განათლების სფეროს სპეციალისტების მომზადებისთვის.

    განათლების სკოლის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის წინაშე. ჩვენ როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით.

    მოვითხოვთ, იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია.” – წერია განცხადებაში.

  • რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის – საქართველოს რკინიგზა

    რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის – საქართველოს რკინიგზა

    “რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

    „საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.

  • ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში დროებით რწმუნებულს ტოვებს

    ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში დროებით რწმუნებულს ტოვებს

    ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ესტონეთის ელჩი საქართველოში და სომხეთში, მარგე მარდისლაუ-კაჰარი, რომელიც აქამდე თბილისში ცხოვრობდა, სომხეთში გადაიყვანოს და საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტოს.

    ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს სადაც ნათავამია, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია – “საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გაციებით და სომხეთთან კონტაქტების გაძლიერებით”.

    ესტონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 11 თებერვალს აცნობეს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის საქმიანობას თბილისში 10 მარტს დაასრულებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საქართველოში ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

    მარგე მარდისალუ-კაჰარი საქმიანობას სომხეთის დედაქალაქში ერევანში გააგრძელებს ელჩის სტატუსით, სადაც ესტონეთი მარტში საკუთარი საელჩოს გახსნას გეგმავს. სომხეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ გასული წლის ნოემბერში მიიღო.

    ესტონეთმა და საქართველომ საელჩოები 2006 და 2007 წლებში გახსნეს, თუმცა ამჟამად საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს.

  • ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას – პაპუაშვილი ფიშერზე

    ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას – პაპუაშვილი ფიშერზე

    “გერმანიის ელჩს საქართველოსთან მხოლოდ და მხოლოდ სამწლიანი მისია აკავშირებს, მე და ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს, მათ შორის ჩვენი პროფესიული გამოცდილებიდან და განათლებიდან, გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან.

    მისი [ელჩი ფიშერის] წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან, რაც ჩვენ გვაქვს. იმის გამო თუ რა უქნეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობას, იმ ხელმძღვანელობამ, რომელმაც ფაქტობრივად აგურ-აგურ ნაშენი 30-წლიანი მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის, რომელიც გენშერის დროიდან დაიწყო და და რეპუტაცია გერმანიისა განსაკუთრებით მაღალი იყო ქართულ საზოგადოებას შორის და დღეს, როდესაც ადამიანებს, საზოგადოებას ვხვდები, მეკითხებიან, რა სჭირს გერმანიას, რატომ იქცევა ასე?! ქვეყანა, რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოში, მისი ელჩის სახით, წარმოდგენილია ქართველი ხალხის თვალში ისე, თითქოს არის ქვეყანა, რომელიც პირველი უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას. ამას გვეკითხება ჩვენ ჩვენი მოსახლეობა, რა სჭირს, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას.

    ასე, რომ გასცენ პასუხი ქართველ ხალხს ამასთან დაკავშირებით”.

    აცხადებს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი, გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე საუბრისას.

  • არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა – დააკავეს 1 პირი

    არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა – დააკავეს 1 პირი

    ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

    “საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული წინასწარი შეცნობით, სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ. გარდა ამისა, დგინდება, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

    ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა  მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს” – აცხადებს შსს.

  • არასრულწლოვნის გადამოწმებისას უფლებამოსილებას გადაამეტა – დააკავეს სამართალდამცველი

    არასრულწლოვნის გადამოწმებისას უფლებამოსილებას გადაამეტა – დააკავეს სამართალდამცველი

    სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. მას არასრულწლოვნის გადამოწმების მიზნით გაჩერებისას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

    10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს.

    “პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიებები, არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა, მისი იდენტიფიცირების მიზნით. პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე.

    ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ იცოდა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას სჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის მიუხედავად,ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

    ლ.ხ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.

    მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა” – აცხადებს პროკურატურა.

  • გამოვიყენებთ სამართლებრივ მექანიზმებს!მაქსიმალურად გავუწევთ წინააღმდეგობას – ილიაუნის ვიცე-რექტორი

    გამოვიყენებთ სამართლებრივ მექანიზმებს!მაქსიმალურად გავუწევთ წინააღმდეგობას – ილიაუნის ვიცე-რექტორი

    “გამოვიყენებთ სამართლებრივ მექანიზმებს!მაქსიმალურად გავუწევთ წინააღმდეგობას ” – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი გიორგი გვალია აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება მის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ამბობს, რომ გამოიყენებენ “ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს”.

    “ჩვენ მაქსიმალურად ვაპირებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ არ არის ლეგიტიმური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. გამოვიყენებთ ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთაც.საუნივერსიტეტო საზოგადოებაში სრული ერთიანობაა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ უნივერსიტეტის ისტორია ასეთი ფორმით არ დასრულდეს.

    ეს არის გამაოგნებელი გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს განათლების რეალურ რეფორმასთან და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი გრძელვადიანი იქნება განათლების ხარისხის დაბალ ნიშნულზე დაყვანა. ფაქტობრივად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს ამ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის გაუქმებას.

    წარმოიდგინეთ, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი ახორციელებს 100-მდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან რჩება მხოლოდ პედაგოგიური, ფაქტობრივად, ნიშნავს რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, შესაბამისად, სტუდენტების 90%-ს. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი იმ სახით, როგორსაც ვიცნობთ, ვეღარ იარსებებს.

    ამ გადაწყვეტილების მიხედვით, უკვე შემოდგომის სემესტრიდან აღარ გვექნება მიღება მთელ რიგ პროგრამებზე, რაც ბუნებრივად გამოიწვევს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. ეს , რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, უნივერსიტეტს შეექმნება პრობლემები არამხოლოდ ე.წ პედაგოგიური პროგრამების შენახვის, არამედ არსებული პროგრამების სტაბილურობის საკითხსაც.

    ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით კადრების შენარჩუნებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტუდენტების რაოდენობის კლება მოხდება, ბუნებრივია ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით აისახება კადრებზეც”, – ამბობს ის.

  • ჯანგველაძის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

    ჯანგველაძის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

    ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი წარსულში სანდრო წივწივაძის სახელზე იყო რეგისტრირებული. სანდრო წივწივაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

    შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განხორციელებულ მკვლელობასთან და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნობილია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

  • 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის – ლევან მაჭავარიანი

    2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის – ლევან მაჭავარიანი

    როგორც სასამართლომ  განაჩენი გამოიტანა, ეს ადამიანები [ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები] დამნაშავეები არიან კონკრეტულ საქმეებზე. 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის.

    ასე უპასუხა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა კითხვას ქართული ოცნების დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტპატიმრები არიან თუ არა.