Category: ახალი ამბები

  • CNN-აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან ირანზე დარტყმისთვის უკვე ამ შაბათ-კვირიდან

    CNN-აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან ირანზე დარტყმისთვის უკვე ამ შაბათ-კვირიდან

    აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან ირანზე დარტყმისთვის უკვე ამ შაბათ-კვირიდან, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია — ამის შესახებ CNN-ს საკითხთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს.

    წყაროების ინფორმაციით, თეთრ სახლს აცნობეს, რომ ბოლო დღეებში ახლო აღმოსავლეთში საჰაერო და საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი თავმოყრის შემდეგ, სამხედროები შაბათ-კვირისთვის მზად იქნებიან შესაძლო შეტევისთვის. თუმცა ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ტრამპი პირად საუბრებში როგორც სამხედრო მოქმედების მომხრე, ისე მოწინააღმდეგე არგუმენტებს გამოთქვამს და მრჩევლებსა და მოკავშირეებს ეკითხება, რა იქნებოდა საუკეთესო ნაბიჯი.

    ოთხშაბათს ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლები თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში შეხვდნენ ირანში არსებული ვითარების განსახილველად. ამავე დღეს ტრამპს ინფორმაცია მიაწოდეს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და მისმა სიძემ, ჯარედ კუშნერმა, ირანთან ერთი დღით ადრე გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. უცნობია, მიიღებს თუ არა ტრამპი გადაწყვეტილებას შაბათ-კვირამდე.

    „ის ამ საკითხზე ძალიან ბევრს ფიქრობს,“ — თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

    სამშაბათს ჟენევაში ირანელმა და ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა სამსაათნახევრის განმავლობაში არაპირდაპირი ფორმატით გაცვალეს პოზიციები, თუმცა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დაიშალნენ. ირანის მთავარმა სპიკერმა განაცხადა, რომ მხარეები „მიმართულების განსაზღვრული პრინციპების ნაკრებზე“ შეთანხმდნენ, ხოლო ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ „ბევრი დეტალი ჯერ კიდევ განსახილველია“.

    თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანმა უახლოეს „რამდენიმე კვირაში“ უნდა წარმოადგინოს უფრო დეტალური პოზიცია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, შეიკავებს თუ არა ტრამპი თავს სამხედრო მოქმედებისგან ამ პერიოდში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 28 თებერვალს ისრაელში მიემგზავრება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შესახვედრად და ირანთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად.

    „მე არ დავადგენ ვადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით,“ — განაცხადა ლევიტმა და დასძინა, რომ „დიპლომატია ყოველთვის მისი პირველი არჩევანია“, თუმცა სამხედრო მოქმედება კვლავ დღის წესრიგში რჩება.

    „არსებობს მრავალი მიზეზი და არგუმენტი ირანზე დარტყმის სასარგებლოდ,“ — თქვა მან და აღნიშნა, რომ ტრამპი პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების გუნდის რჩევებზე დაყრდნობით მოქმედებს.

    CNN-ის ინფორმაციით, ამ ბუნდოვანმა განცხადებებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტის შიში გააძლიერა — მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები დიპლომატიური გზის იმედსაც ტოვებენ. აშშ-ის ყველაზე თანამედროვე ავიამზიდი ჯგუფი USS Gerald Ford შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას ჩავიდეს რეგიონში, სხვა სამხედრო გაძლიერების პარალელურად. ასევე, დიდი ბრიტანეთის ბაზებზე განთავსებული ამერიკული საჰაერო ძალები — მათ შორის საწვავის შემავსებელი ტანკერები და გამანადგურებლები — ახლო აღმოსავლეთთან უფრო ახლოს გადაადგილდებიან.

    თავის მხრივ, ირანი აძლიერებს რამდენიმე ბირთვულ ობიექტს — იყენებს ბეტონსა და დიდი რაოდენობით მიწას სტრატეგიული პუნქტების დასაფარად აშშ-ის სამხედრო ზეწოლის ფონზე. ეს დასკვნა გაკეთდა ახალი სატელიტური გამოსახულებებისა და მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის ანალიზის საფუძველზე.

    შეტევის დროის განსაზღვრაში შესაძლოა კალენდარულმა ფაქტორებმაც ითამაშოს როლი. ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომლებიც ტრადიციულად გლობალური ერთიანობის სიმბოლოა, კვირას სრულდება. ზოგი ევროპელი ოფიციალური პირი ფიქრობს, რომ მანამდე დარტყმა არ განხორციელდება. ამასთან, ოთხშაბათს დაიწყო რამადანი. ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც დარტყმის წინააღმდეგ ლობირებენ რეგიონული დესტაბილიზაციის შიშით, აღნიშნავს, რომ მუსლიმთა წმინდა თვეში თავდასხმა ამერიკის უპატივცემულობას გამოხატავდა. გარდა ამისა, სამშაბათს ტრამპი ყოველწლიურ მიმართვას წარადგენს კონგრესის წინაშე. მისი მრჩევლების თქმით, ეს გამოსვლა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მომავალი კამპანიის დასაწყისი იქნება. უცნობია, ითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტი ამ მოვლენებს გადაწყვეტილების მიღებისას.

    ბოლო კვირებში ირანზე გაკეთებულ განცხადებებში ტრამპს ფართო საზოგადოებრივი ან კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ გამოუჩენია. მან მიანიშნა რეჟიმის შეცვლის სურვილზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა მიზნებს ისახავს სამხედრო მოქმედების ბრძანების შემთხვევაში.

  • 10 წლის გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა – შსს-მ თბილისში ერთი პირი დააკავა

    10 წლის გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა – შსს-მ თბილისში ერთი პირი დააკავა

    თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეზობლად მცხოვრებ – 2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. ბ.ბ.-მ იგი დაითანხმა, რომ მსგავსი შინაარსის ფოტო მისთვისაც გაეგზავნა. საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა.
    ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა”. – წერს შსს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა – ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს

    ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა – ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს

    ქართული ოცნების ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

    ცოტა ხნის წინ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ფორმულა ლევან დავითაშვილს დაუკავშირდა. მან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანა დატოვა, “სპეკულაცია” უწოდა.

    გუშინ, 17 თებერვალს ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

    სუს-ში გამოკითხვაზე ლევან დავითაშვილთან ერთად გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

     

  • ყველა საქმე დასრულდა, მშობლების საქმეც შეწყდა, დაეკისრა 50 000 ლარი და ერთი წელი პირობითი – ბაჩიაშვილის ადვოკატი

    ყველა საქმე დასრულდა, მშობლების საქმეც შეწყდა, დაეკისრა 50 000 ლარი და ერთი წელი პირობითი – ბაჩიაშვილის ადვოკატი

    „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს დაეკისრა 50 000 ლარის ჯარიმა და ერთი წელი პირობითი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

    „ყველა საქმე დასრულდა, სამოქალაქოც და სისხლიც, მშობლების საქმეც შეწყდა. დაეკისრა 50 ათასი ლარი და ერთი წელი პირობითი. 9 თვე მოხდილი აქვს და 3 თვე დარჩა პირობითი“, – განაცხადა ადვოკატმა.

    “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა.

    ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

  • გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა

    გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა

    თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია. ინფორმაცია, ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დაადასტურა.

    ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

    ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.  ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ბრალს არ ვაღიარებ, ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. ბრძოლა იქნება ბოლომდე – ელისო კილაძე

    ბრალს არ ვაღიარებ, ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. ბრძოლა იქნება ბოლომდე – ელისო კილაძე

    ” ბრალს არ ვაღიარებ, ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ” – წერს, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ჟურნალისტი ელისო კილაძე წერილში.

    “ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემს მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს.

    რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის ქოლცენტრების მხილებაში – (კონკურენტებს ანადგურებსო). ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლცენტრების არსებობა ვიცოდი. დასახელებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ოჯახს გამძლეობა”, – ვკითხულობთ ელისო კილაძის წერილში.

    ელისო კილაძე დღეს, 18 თებერვალს დააკავეს.

    პროკურატურის თანახმად, “ქოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთის რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟი გზით გადმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა”.

  • ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორში გადაიყვანეს –  საქმე 20 ტომისგან შედგება

    ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორში გადაიყვანეს – საქმე 20 ტომისგან შედგება

    ჟურნალისტი ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი,- ამის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ”საქმე მოცულობითია, 20 ტომია”.

    ელისო კილაძე ჯერ არ დაუკითხავთ, მისი დაკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც საქმის მასალებს გადასცემენ.

    „ელისო კილაძე არ გამოუკითხავთ. ბრალი წაუყენეს. დაკავების ოქმი გადმოგვცეს, გადმოგვცეს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გადმოგცეს განჩინება, ეს იყო 2026 წლის 17 თებერვლით დათარიღებული და დღეს დილით დააკავეს. მტკიცებულებები და საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. სავარაუდოდ, როგორც გამომძიებელთან შევთანხმდი, ხვალისთვის გადმომეცემა. საქმე მოცულობითია, 20 ტომია. ელისო კილაძე გადაყვანილია რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ადგილები არ არის და პროკურატურიდან პირდაპირ წაიყვანეს. ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არის უდანაშაულო“, – განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

    უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების – ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. პროკურატურის განცხადებით, ბენ ანორმა „ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას“.

  • სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას – ირაკლი კობახიძე

    სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას – ირაკლი კობახიძე

    „სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო. კოვიდის დროს გაიზარდა, 2020 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე. რეალურად ბაზა არის გადასახედი, არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული.

    ჩვენ, ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მხოლოდ 8 პროცენტი არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული. არათუ, სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ამ 700-800 ათასიდან დაახლოებით 8% შეძლებულია. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც 2020 წლის შემდეგ არსებითად არ მომხდარა. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა.“

    “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების სისტემაზე და განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას და განახლებას.

  • EU-მ დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა

    EU-მ დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა

    „ევროკავშირმა, კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა.

    ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ჩვენ ვახსოვართ.

    იმედია, ამაზე იქნება საუბარი,“

    ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

     

    „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატები შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს. მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.

  • ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს

    ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს

    საქართველოს პროკურატურის ცნობით,  ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

    ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და “დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს”, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ გიორგი მიქაძეს. პროკურატურის განცხადებით, “ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე”. ყველა მათგანის მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

    ბრალდება ასევე  წარედგინებათ – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, “რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”. პროკურატურა, “გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით”, მათთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

    “საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

    ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.

    ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე.

    ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც წინა პერიოდში ჩატარებულ ბრიფინგზეც განვაცხადეთ, 2020-2023 წლებში, მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას, გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ.

    მოცემულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.

    ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. ქოლ-ცენტრების ოპერატორები, ხელმძღვანელი პირების მითითებისამებრ, მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.

    ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ქოლ-ცენტრის უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. ,,დაუმორჩილებელი კონკურენტების’’ საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას.კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.

    ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები – გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.

    აღსანიშნავია, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

    გაწეული საქმიანობისათვის, გავლენის და საინფორმაციო მფარველები, არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან, ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.

    რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი, 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.შემდგომში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული, ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს – ხელფასების და ბონუსების გაცემას, ქოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას, ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.

    ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის,ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    საქართველოს პროკურატურა ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების – ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    საქმეზე გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების, სხვა დაზარალებულთა ვინაობების დადგენის და შესაბამისი ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”, – განაცხადა სადრაძემ.