Category: ახალი ამბები

  • ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს

    ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს

    ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა

    „დღეისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს 710 ათასს. ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათით. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. 2012 წლის შემდეგ, 2-ჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღება განსაზღვრავს, ქულა რომ არ გაზრდილიყო, შედარებით შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა შემწეობა, დღეისთვის, შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა 120 ათასი 185 ათასი ოჯახის ნაცვლად.

    ფაქტია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლები. ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ ფაზას. ჩვენი მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება“,- აღნიშნა მინისტრმა.

  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა მანქანაში თავი მოიკლა

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა მანქანაში თავი მოიკლა

    შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო”, – აცხადებენ შსს-ში.

  • ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – 2 უცხოელს ბრალდება წარედგინა

    ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – 2 უცხოელს ბრალდება წარედგინა

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე 3 მილიონ აშშ დოლარად ბირთვული მასალა ურანის და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის შეძენას ცდილობდა. ბრალდებულები შემდგომ ბირთვული მასალის და რადიოაქტიური ნივთიერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე ბრალდებული ხსენებული ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას დააკავეს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით.

  • “ენჯეო“ არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა. მნიშვნელოვანია სათანადოდ დარეგულირება – კობახიძე

    “ენჯეო“ არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა. მნიშვნელოვანია სათანადოდ დარეგულირება – კობახიძე

    “NGO ზოგადად არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა NGO, როგორც ფენომენი. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სათანადოდ დარეგულირება. ქვეყნის შიგნით არ უნდა შემოდიოდეს გარედან ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად. ” – განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

    „ძალიან საინტერესო პროცესებია დაწყებული. NGO ზოგადად არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ამიტომ შეიქმნა NGO, როგორც ფენომენი. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სათანადოდ დარეგულირება. ქვეყნის შიგნით არ უნდა შემოდიოდეს გარედან ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად. კიდევ ერთხელ, „ენჯეო“ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, თავის დროზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „ენჯეოების“ დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე. რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნებში. ბუნებრივია, ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია ასეთი კანონის არსებობა – არავინ უნდა ჩაერიოს სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში“,- განაცხადა კობახიძემ.

    კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები კანონზე, რომელიც გრანტებს ეხება, რა რისკი უნდა დააზღვიოს და რატომ გახდა საჭირო მისი გამკაცრება, პრემიერი პასუხობს, რომ ქვეყნის შიგნით არიან გარედან წაქეზებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას.

    პრემიერის თქმით, ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირდაპირდეს კანონმდებლობა.

    „კონკრეტული ევროპული ბიუროკრატები პირდაპირ აანონსებენ, რომ ისინი გეგმავენ მოიძიონ არსებული კანონის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში. ამას უპირისპირდება ის კანონპროექტი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა.

    რაც შეეხება კონსტიტუციური სისტემის არ აღიარებას, ესეც არის დაკავშირებული ეროვნულ ინტერესებთან. იცით, რომ არის 5 სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე ჩვენი ხელისუფლების იურისდიქციას. ქვეყნის შიგნით არიან გარედან წაქეზებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირდაპირდეს კანონმდებლობა“,- განაცხადა კობახიძემ.

  • დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი! არ ჩახვიდეთ იქ! – დონალდ ტუსკი პოლონელ მოქალაქეებს მიმართავს

    დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი! არ ჩახვიდეთ იქ! – დონალდ ტუსკი პოლონელ მოქალაქეებს მიმართავს

    პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც ირანში იმყოფებიან ან იქ წასვლას გეგმავენ, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ და ირანში მოგზაურობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.ტუსკის თქმით, მალე “ვერავინ შეძლებს ირანიდან ევაკუაციის შესაძლებლობის გარანტირებას.”

    “გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი და არავითარ შემთხვევაში არ ჩახვიდეთ იქ..[…] მწვავე კონფლიქტის შესაძლებლობა ძალზე რეალურია. რამდენიმე, ან სულაც ათეულობით, საათში ევაკუაციის შესაძლებლობა გამორიცხული იქნება. გთხოვთ, ეს ძალიან სერიოზულად მიიღეთ, რადგან ზოგიერთი ამ თხოვნას უგულებელყოფს.” – დაამატა ტუსკმა.

     

  • ჩვენ ომი არ გვინდა – სერგეი ლავროვი

    ჩვენ ომი არ გვინდა – სერგეი ლავროვი

    ჩვენ არ ვეძებთ ომს. ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ თუ ეს ჩვენი ევროპელი მეზობლები იმის ნაცვლად, რომ გაიაზრონ თავიანთი შეცდომები და გაიაზრონ, რომ თანაცხოვრება მაინც მოგვიწევს, თუ ამის გააზრების ნაცვლად, ისინი ჩვენ წინააღმდეგ ომის ამზადებენ, როგორც მათ განაცხადეს, პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს და გაგვახსენა, რომ უკრაინაში ჩვენ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და თუ მათ უნდათ ომი, ეს სრულიად სხვანაირი ომი იქნება, სრულიად განსხვავებული საშუალებებით.

    განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

  • 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს – ხუნდაძე

    6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს – ხუნდაძე

    6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

    „გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.

    ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება.

    რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

    ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს.

    სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი, „ხალხის ძალა”, მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში“,-წერს ხუნდაძე.

  • ვინახულე ელისო კილაძე,არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება – ადვოკატი, ვალერი გელბახიანი

    ვინახულე ელისო კილაძე,არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება – ადვოკატი, ვალერი გელბახიანი

    “ვინახულე [ელისო კილაძე], ერთად გავეცანით ბრალდების დადგენილებას, რა თქმა უნდა, არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება – იქიდან, რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება”,- ამის შესახებ ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    „საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. გავეცანი ბრალდების დადგენილებას, რომელიც ქალბატონ ელისოსაც აქვს. ვინახულე, ერთად გავეცანით. რა თქმა უნდა, ის არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება ამ ბრალდებაში. მიაჩნია, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი იმისათვის, რომ მისი იზოლაცია მომხდარიყო. ჩამოიშორეს. გააკეთებს ალბათ განცხადებას, როცა მოვა სასამართლოში. ამ შემთხვევაში, ვიდრე არ გავეცნობი საქმის მასალებს, ჩემი ნებისმიერი კომენტარი სამართლებრივად არ აღიქმება. პროკურატურა რასაც ამბობს, ამბობს მოსახლეობის დასარწმუნებლად. სინამდვილეში, იქიდან, რაც მაგ ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება. [რატომ აღმოჩნდა სამიზნე] იტყვის თვითონ, მე რატომ უნდა ვთქვა? მე ადვოკატი ვარ, იურიდიულ საფუძვლებზე შემიძლია კომენტარი. რაც შეეხება მისი ცხოვრების ნიუანსებს ან პოლიტიკურ ნაწილს, მე არ შემიძლია ამაზე ვისაუბრო. რადგან უდანაშაულოდ ცნობს თავს და ჩემთვის, ჯერჯერობით, ხელთარსებული დოკუმენტებით ვხელმძღვანელობ, მიმაჩნია, რომ უდანაშაულოა. მასაც მიაჩნია, რომ უდანაშაულოა. რა თქმა უნდა, [სასამართლოს] არც ალტერნატივას შევთავაზებთ, არც გირაოს.[…] მოვისმინე აუდიო, მერე რა? არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ, უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი ან თუნდაც კომპლექსური ექსპერტიზა, სხვადასხვა ექსპერტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. რომ გითხრათ, რომ ხელისუფლების წყაროებს სანდოობა გააჩნიათ, არ გააჩნიათ. მართლმსაჯულება არ ხორციელდება დიდი ნდობის გარემოში და პირობებში. უფრო ხშირია კერძო ინტერესები, უფრო ხშირია ჩარევები სახელმწიფოს მხრიდან. ეს საზოგადოებამაც იცის, თქვენც იცით და რატომ, მაინც და მაინც, აქ არ გიჩნდებათ კითხვები?“,- აღნიშნა ადვოკატმა.

    მისივე თქმით, დაცვის მხარე დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.

    „მე არაფერი თავის მართლება არ მჭირდება, როდესაც ადამიანი უდანაშაულოა, დოკუმენტები არის მის სასარგებლოდ და ის თავს იმართლებს“,- დასძინა გელბახიანმა.

    კითხვაზე: „ხომ არ შეუთავაზებიათ კილაძისთვის, რომ ვინმეს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება“, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს თემა მისთვის უცნობია.

    „მისთვის [კილაძისთვის] ბრალის წარდგენის პროცესს არ ვესწრებოდი, სხვა ადვოკატი ესწრებოდა. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას აპირებს თუ არა მისი გადასაწყვეტია. თუ არჩევანი ექნება, თვითონ გადაწყვეტს. მე კონსულტაციას გავივლი“,- აღნიშნა გელბახიანმა.

  • სუს-მა 2 უცხოელი დააკავა, რომლებიც ქუთაისში ბირთვული მასალის  შეძენას ცდილობდნენ

    სუს-მა 2 უცხოელი დააკავა, რომლებიც ქუთაისში ბირთვული მასალის შეძენას ცდილობდნენ

    სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ დოლარად გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის უკანონო შეძენას და სხვა ქვეყანაში გადატანას.

    უწყების განცხადებით, კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას ქუთაისში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის უკანონო შეძენას 3 მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყანაში.

    “დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა-ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ როგორც წესი, ზემოაღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის.გამოძიება სსკ-ის 19-130-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი

    13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი

    სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის ცნობით, ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი.

    “მათ შორისაა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, ასევე მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 პირი. მსგავსი საქმე უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტსაც, სადაც სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ბრალდება 3 პირს წარედგინა.

    ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტებზე, ბათუმსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავეს. ბათუმის შემთხვევა ეხება შპს „სანდასუფთავების“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მიერ აღნიშნული შპს-ს ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომანქანებით სამშენებლო ნარჩენების გატანის სანაცვლოდ ქრთამის აღებას, ხოლო ლაგოდეხის შემთხვევაში მერის წარმომადგენელმა სოფელ კაბალში, ქრთამის სანაცვლოდ, მოქალაქეს თავიდან აარიდა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა”, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

    უწყების ცნობითვე, ხუთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში მშენებლობის კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდის და უნებართვო მშენებლობის ფაქტებზე, ე.წ. K2 კოეფიციენტებთან დაკავშირებით.

    “სახელმწიფოს კუთვნილი მიწების კერძო საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 6 პირი, ხოლო სატენდერო პირობების ხელოვნურად მორგების, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისგება ორ მოქალაქეს მოუწია.

    როგორც ხედავთ, მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მასშტაბებისა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ეგრეთ წოდებული „შუა რგოლის კორუფცია“, რასთან შეგუებასაც, ბუნებრივია, არ ვაპირებთ. ამიტომ: 1.მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც კი რაიმე შეხება ექნება მსგავს საკითხებთან, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მოგვაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. 2. ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უჩნდებათ სურვილი თავისი მდგომარეობა ბოროტად, მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

    თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბოლო თვეების განმავლობაში გატარებული შიდა რეფორმების, საკადრო ცვლილებების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების ხარჯზე, თვისებრივად გაძლიერდა უწყების შესაძლებლობები.

    შემოსული, დამუშავებული და რეალიზებული ოპერატიული ინფორმაციის მოცულობა, მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 24-ჯერ არის გაზრდილი, რაც მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური და ოპერატიული შესაძლებლობების იმგვარად გაძლიერებაზე, რომ ჩვენს სამსახურს, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუძლია როგორც კორუფციასთან შეურიგებელი და შედეგიანი ბრძოლა, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა პრევენციული ზომების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა”, – აცხადებენ სუს-ში.