Category: ახალი ამბები

  • გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული – კობახიძე

    “ასეც და ისეც, გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული. თქვენ იცით ვინ არის ეს კაცი, გეორგიევსკის ლენტით დარბოდა და მერე გახდა ვითომ უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი. არავითარი ფასი არ აქვს არც უკრაინაში და მითუმეტეს ჩვენთანაც ვერ ექნება გონჩარენკოს სიტყვას რაიმე ფასი”

    ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინელი დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს განცხადებასთან დაკავშირებით.

  • უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯი შეურაცხმყოფელია, გვირჩევნია ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ – კობახიძე

    “მე მინდა, პირველ რიგში, შეგახსენოთ, რომ ჩვენი ელჩი უკრაინაში არის ის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა ელჩისგან. მათ შორის, უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების ელჩებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები იყო კიევს მიმდგარი, ის რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ძალიან ბევრ რამეზე: ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მის როლი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი.

    ესეც რომ არ ყოფილიყო და მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი და შესაბამისად, ძალიან დასანანი, ძალიან სამწუხარო. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მათ შორის არც კომენტარებით, რეაგირებას. ჩვენ გვირჩევნია, როგორც უკვე ითქვა, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან,”

    აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • 2 წელი გავიდა და შემაჯამებელი გადაწყვეტილება არაა მიღებული ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული

    საია 5-6 ივლისის განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 ადამიანის საქმეშია ჩართული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდნენ საგამოძიებო უწყებებთან, მათ შორის, თბილისის პროკურატურასთან, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, უწყებებში გაგზავნილია 10-ზე მეტი განცხადება/საჩივარი, რომლებზეც რეაგირება ძირითადად ჯეროვნად არ ხდებოდა.

    “დღესდღეობით ნათელია, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები. მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი. საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში.

    ამასთან, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. ამ დრომდე უცნობია დაწყებულია, თუ არა გამოძიება ტვ პირველის ეთერში 2022 წლის 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო“- ნათქვამია განცხადებაში.

    საია, მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსრულებლები, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ არიან, ხოლო, ზოგ შემთხვევაში არასრულად არიან გამოვლენილნი. ყველა ამ მოთხოვნით, საიამ საგამოძიებო უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებისგან არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

    საიასთვის ცნობილი ბოლო ინფორმაციით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან გასულია ორი წელი. ეს, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გამოძიებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები ამ დრომდე არ აქვს. ამ პერიოდში გარდაცვლილის ოჯახი კვლავ გამოძიების შედეგების მოლოდინშია.

    2022 წლის 4 ნოემბერს, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით გააგზავნა საჩივარი. მომჩივანები დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.

    საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები პრაქტიკულად თავადვე წაახალისა. მომჩივნები მიიჩნევენ, ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირდებიან ლგბტ+ თემთან.

    ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, რისთვისაც პასუხის წარმოსადგენად 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა ვადა. სახელმწიფოს თხოვნით, სასამართლოს მიერ შეპასუხების ვადა 2023 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა. ამ დროისთვის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და მხარეთა შორის საპასუხო პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს.

    აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს“- ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ, იმედია, შეძლებენ გადალახონ ეს ვითარება – კელი დეგნანი

    ცხადია, ძალიან დაძაბული დროა. რუსეთი ახორციელებს უზარმაზარ ზეწოლას უკრაინასა და საქართველოზე. რაც თავიდანვე ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ გაერთიანდნენ. მათ საერთო მტერი ჰყავთ და სჭირდებათ ერთიანობა. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური დისკუსიებით და კერძო საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, გადალახონ ეს ვითარება

    თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • საქართველოს მთავრობას ნატოს წევრობის არ სჯერა – ესტონეთის პრემიერი

    “Globasec-ის კონფერენციაზე (ბრატისლავა, 2023 წლის მაისი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ამბობდა, რომ ნატო არის დამნაშავე უკრაინის ომში, თუმცა ეს თავდაცვითი ალიანსია. ნატოს არაფერი გაუკეთებია. უკრაინას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მასზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება მოეხდინა. პროგოჟინმაც კი თქვა, რომ ეს მცდარი ნარატივია, ღარიბაშვილი კი ისე მკაფიოდ ამბობდა ამას თავის გამოსვლაში, რომ იგრძნობოდა, მათ NATO-ს წევრობის არ სჯერათ.”

    აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

  • ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერი, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, უნდა შესრულდეს -გვარამია

    ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერი, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, უნდა შესრულდეს -გვარამია

    ”უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერი, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, თხოვნა უნდა შესრულდეს. ყველამ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი საკუთარ მოქალაქესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რაღაცას სთხოვს ან ეუბნება, დასრულებული არ ექნებოდა ის ციტატა, რომ შესრულებული ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას, სამარცხვინოდ ამას გააკეთებდა.

    გაიხსენეთ უახლოეს წარსულში რა ხდებოდა. იგივე გიორგი გაბუნიას განცხადებებთან დაკავშირებით, საჩვენებელი დასჯა რომ მოაწყვეს, ყველაზე მეტად იაქტიურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საჩვენებელი დასჯა რომ მოუწყვეს 20 ივნისს ქართველ ახალგაზრდებს იმიტომ, რომ ვიღაცა არარაობა ჩამოვიდა საქართველოში და ის არ გააჩერეს. ელარჯის წელვის გამო რომ გააგდეს პოზნერი, იმ ქართველ ახალგაზრდებს როგორ მოექცნენ, ლავროვის შვილის გამო როგორ მოექცნენ ქართველ ახალგაზრდებს.

    ყველა ქართველს მოვუწოდებ წარმოიდგინოს რუსეთის პრეზიდენტი რომ ამბობდეს ან მაღალი თანამდებობის პირი საკუთარ მოქალაქეზე რაღაცას, როგორ მოიქცეოდნენ”

    აცხადებს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია,  უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან, ელჩისთვის ქვეყნის დატოვების მოთხოვნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

  • ეს არის წამება? ეწევა თვითდაზიანებას – ბრეგაძე სააკაშვილზე

    “ეს განცხადება არის სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ არ არის მოყვანილი არც ერთი მტკიცებულება და როდესაც საუბარია, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ამ ყველაფერს ვერასოდეს დავეთანხმები გადმომდინარე იქიდან, რომ თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი არის ნამდვილად საქართველო.

    ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მოვუწოდებთ გამუდმებულ რეჟიმში მას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამის მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება? თუ ისაა წამება, რომ 2300-მდე ვიზიტორი ჰყავდა? თუ ისაა, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ?…  ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას.”

    აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

  • სავალდებულო ჯარში გაწვევის ერთი წლით გადავადება 5 ათასი ლარით განისაზღვრება

    სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება – ამის შესახებ დღევანდელ სესიაზე გახდა ცნობილი, სადაც მეორე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

    ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.

    დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.

    „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

  • ”დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა, იმედია ოფიციალური კიევი გადახედავს გადაწყვეტილებას” – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

    ”დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა, იმედია ოფიციალური კიევი გადახედავს გადაწყვეტილებას” – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

    ”დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმაა, იმედია ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას” – ასე ეხმაურება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

    ”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო – დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.

    აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას.

    იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.

    კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.

    ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

    აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა – დღეს ქ.კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს.

    აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას. სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.” – ნათქვამია განცხადებაში.

    3  ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

  • არახამიას თქმით, თუ საქართველო სააკაშვილზე უკრაინის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი სანქციები რჩება

    უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ თუ საქართველო სააკაშვილზე უკრაინის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი სანქციები რჩება. ამის შესახებ, არახამიამ “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარში” განაცხადა.

    “მე მგონი, საერთაშორისო სანქციები ერთადერთი მეთოდი იქნება გამოყენებული საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ”, – თქვა დავით არახამიამ.

    ცნობისთვის, გუშინ, 3  ივლისსვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.