Category: ახალი ამბები

  • მინდოდა კონტრშეტევა გაცილებით ადრე მომხდარიყო – ვოლოდიმირ ზელენსკი

    “მინდოდა ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით ადრე მომხდარიყო, რადგან ყველას ესმოდა, რომ თუ კონტრშეტევა გვიან განვითარდება, ჩვენი ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილი იქნება დანაღმული. მტერს დროს და შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ნაღმები განათავსოს და თავდაცვითი ხაზები მოამზადოს”.

    განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

  • თუ დეკემბერში განმეორდება უსამართლო გადაწყვეტილება, დაგვჭირდება კარტების გახსნა – კობახიძე სტატუსზე

    “დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების მიცემა მოგვიწევს საზოგადოებისთვის.

    უფრო დეტალურად ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად თუ რას შეიძლება განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე“,

    მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ თუ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარყოფითი პასუხი იქნება, ხელისუფლებას “დასჭირდება” საზოგადოებისთვის “კარტები მეტად გახსნას”.

  • 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა – სუს-ის ანგარიში

    2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა – სუს-ის ანგარიში

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშიდან იკვეთება, რომ 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა. ანგარიშში არ წერია, ვისზეა საუბარი ან რა სახის თავდასხმა მზადდებოდა.54 გვერდიან ანგარიშში საუბარია, რომ შიდა და გარე აქტორები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ.

    “2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით.

    საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები.

    შიდა და გარე აქტორები პატრიოტულ განწყობებზე აპელირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ და მოსახლეობას დესტრუქციული, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ.

    ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებდა მტრულად განწყობილი სუბიექტების მიერ საზოგადოების მეტი პოლარიზაციისკენ მიმართული აქტივობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხების მცდელობები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდება და სოციალური დესტაბილიზაციის ხელშეწყობა”, – წერია ანგარიშში.

    დოკუმენტში ასევე წერია, რომ დესტრუქციული ძალები, მათ შორის უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფი სუბიექტები ცდილობდნენ საქართველოს ურთიერთობის დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან.

    “რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, მსგავსი აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას”, – წერია ანგარიშში.

  • თბილისში 4 დღეა დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

    4 დღეა თბილისში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ.

    გურამ ყინწურაშვილი 1-ელი ივლისის შემდეგ აღარ ჩანს და ვერც უკავშირდებიან.

    ის ვაზისუბნიდან გავიდა და არსებული ინფორმაციით, ბოლოს ტაბახმელა -კოჯრის ტერიტორიაზე შენიშნეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.

  • ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს – “მთავარი არხი”

    “მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით,  ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს. ამ ინფორმაციას “მთავარ არხს” კონფიდენციალური წყაროები აწვდიან. როგირც ცნობილია, ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

    მკვლელობის მცდელობის ნამდვილობას სხვა ფაქტებიც ადასტურებს – მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოც და საგამოძიებო ორგანოებიც მალავენ ინფორმაციას, ცნობილია, რომ საპატრიარქოში თვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდა გამოძიების ფარგლებში.

    შიდა მოკვლევა აქვს დაწყებული თავად ეკლესიის მმართველ ორგანოს.

    რამდენიმე მეუფე “მთავართან” საუბარში ადასტურებს, რომ სმენია თანამოსაყდრე შიოს მოწამვლის მცდელობის შესახებ.

  • მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მთხოვა ქვეყნის დატოვება კონსულტაციების გამართვის მიზნით – ელჩის პირველი კომენტარი

    “გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ბატონ პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

    აღინიშნა, რომ ცხადია, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისათვის მათ შორის.”

    უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის პირველ კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

     

  • ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დანაღმვის ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ – რაფაელ გროსი

    “დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ყურადღებით ვართ”,

    ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    ცნობისთვის, კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ რუსეთი ატომურ სადგურზე აფეთქების მოწყობას გეგმავს.  უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსმა თანამშრომლებმა 5 ივლისისთვის სადგურის დატოვების ბრძანება მიიღეს.

    “საფრთხე სერიოზულია. რუსეთი ტექნიკურად მზადაა, სადგურზე ლოკალური აფეთქება მოაწყოს, რაც გამოიწვევს ჰაერში საშიში ნივთიერების გამოფრქვევას. ამ საკითხს პარტნიორებთან განვიხილავთ. ყველას ესმის, რომ რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა საჭიროა, რათა არც იფიქრონ ამის გაკეთება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 4 ივლისს განაცხადა, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები, რომელთა აფეთქებამ ბლოკები არ უნდა დააზიანოს, მაგრამ უნდა შექმნას უკრაინის მხრიდან სადგურის დაცხრილვის სურათი.

    ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია და ის 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

  • “ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს” – პარლამენტთან ხვალ აქცია გაიმართება

    “ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს” – ამ ლოზუნგით, საქართველოს პარლამენტთან ხვალ, 6 ივლისს 19:00 საათზე აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც “გირჩი” და “ბიბლიური თავისუფლებაა”

    “ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს . იძულებით ჯარში გაწვევა – მონობაა. მონობა ამორალურია! ადამიანი არ არის მთავრობის მსახური. ჩვენი მოთხოვნაა – დასრულდეს სავალდებულო გაწვევა!

    11 მარტს, მიტინგზე, 3000 ადამიანი შევიკრიბეთ. ეს მონობის დაკანონების გასაჩერებლად არ აღმოჩნდა საკმარისი. ამჯერად, ბევრად მეტნი უნდა ვიყოთ, რადგან ეს, შესაძლოა, ბოლო შანსია, არგუმენტით და სიტყვით დავამარცხოთ ბოროტი იდეა და ახალგაზრდა ბიჭების მომავალი დავიცვათ!

    თუკი არც მრავალრიცხოვანი აქცია იქნება წარმატებული, წინ ქართულ ოცნებას თავისუფალი და გაბრაზებული ადამიანების სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ელის, რადგან ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ სწორ მხარეს ვდგავართ და სრული უფლება გვაქვს, ნებისმიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ მონათმფლობელებსა და მონობის დამცველებს.” –აცხადებენ  აქციის ორგანიზატორები.

  • უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთით, რამდენიმე ტერიტორია გაათავისუფლეს – სირსკი

    “ბახმუტის მიმართულება. თავდაცვის ძალები პროგრესირებენ. მე-10 ედელვაისის ბრიგადის თავდასხმის ქვედანაყოფები უტევენ რუსეთის პოზიციებს ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე. რამდენიმე ტერიტორია დაიბრუნეს და მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს”,

    აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი.

  • რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი უკრაინიდან უახლოეს პერიოდში დაბრუნდება – დარჩიაშვილი

    “ჩვენთვის გაუგებარი იყო და საფუძველსმოკლებული ის გადაწყვეტილება რომელიც მოვისმინეთ უკრაინისგან, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებს არ იმსახურებენ, ჩვენ ტრადიციულად აქამდე გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება მოვისმენთ საქართველოს მისამართით და ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის მისამართით. მომავალში გვექნება დრო ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში.

    ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით.” ამბობს დარჩიაშვილი და ამტკიცებს, რომ გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას – “უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს”

    აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ამასთანავე მადლობას უხდის ქართველ დიპლომატებს, რომლებსაც ომის დროს, უკრაინის დედაქალაქი არ დაუტოვებიათ და “საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდნენ”. დარჩიაშვილის შეფასებით, უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილება “გაუგებარი და საფუძველსმოკლებულია”.