Category: ახალი ამბები

  • სურათი დემონსტრირებაა, თუ როგორ შეიცვალა ადამიანი, ყველა საერთაშორისო მონაწილე უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში – არახამია სააკაშვილზე

    “მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას ძირითადად არ აქვს სხვა გამოსავალი, არ იცის, როგორ აუხსნას საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ რა მიზეზით დაუნგრიეს ჯანმრთელობა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ეს ფაქტია. მეორე ფაქტი კი ისაა, რომ ივანიშვილს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს რუსულ ხელისუფლებასთან და კრემლის პოლიტიკოსებთან, ამიტომ ის პირდაპირ ბრძანებებს იღებს მათგან და ბრძანება კი ასეთია, რომ არაფერი მოიმოქმედოს სააკაშვილის გადასარჩენად. ისინი მოხარული იქნებიან, თუ ის ციხეში გარდაიცვლება.

    თუ შევხედავთ ამ სურათს, ეს დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ შეიცვალა ადამიანი. ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია, ჩვენ ყველა საერთაშორისო მონაწილე უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებიც ნათლად აკეთებენ განცხადებას, რომ მის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

    გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირ რეაქციას არ ახდენს ამ სიგნალებზე, რომელიც მოდის საერთაშორისო თანამეგობრობისგან და პირიქით უსმენს კრემლს და ყველაფერს აკეთებენ, რომ არ გააღიზიანონ კრემლი, ნაცვლად იმისა რომ მოუსმინო საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც ფაქტია, რომ არის საქართველოს ხალხის სურვილის წინააღმდეგ, შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს.

    არ ვიცი, სხვა რა რეაქცია უნდა გვქონოდა ჩვენი მხრიდან, რაღა დაგვრჩენია თუ არა ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას, დაველოდოთ რას მოიმოქმედებენ ისინი,”

    აცხადებს უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი”.

  • არაფერი არ ხდება, მნიშვნელოვანია მიიღოს შესაბამისი კალორიები და იკვებოს ჩვეულებრივად – კალაძე სააკაშვილზე

    “ვფიქრობ ეს თემა დახურულია, სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე მიხეილ სააკაშვილს. თქვენ იცით, რომ მის მიერ მოხდა გასაჩივრება და საკითხის სტრასბურგში წაღება, ისიც კარგად ვიცით, სტრასბურგმა რა პასუხი მოიწერა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად ყველაზე კითხვაზე არსებობს პასუხი, ის რასაც სააკაშვილი ცდილობდა, აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარ კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო მცდელობა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, პატიმრის უფლებები ირღვეოდა, მათი ქმედებები იყო მიმართული ზუსტად ამისკენ. ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა და მიზანმიმართულად კეთდებოდა ესეც, ეს იყო პიარ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. რეალურად არაფერი არ ხდება, რეალურად მთავარი და მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და იკვებოს ჩვეულებრივად”.

    თქვა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.

  • ადამიანურობის ეტალონი გამოაჩინა და ომის დროს, ჩემთვის მოიცალა – სააკაშვილი ზელენსკიზე

    “პრეზიდენტმა ზელენსკიმ ადამიანურობის ეტალონი გამოაჩინა და გაგანია ომისა და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს, ჩემთვის მოიცალა. როგორ შეიძლება, თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და პატივს არ სცემდე მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ. უახლოეს დღეებში ფრონტიდან კარგ ამბებს ველოდები. ასევე, დიდი მადლობა ანდრეი ერმაკს, დმიტრო კულებასა და მიხაილო პოდოლიაკს”.

    საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.

  • ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს – ბოკუჩავა

    „წელიწადზე მეტია მას შემდეგ გასული, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ელჩი გაიწვია საქართველოდან, შემდეგ ვნახეთ არაერთი კრიტიკული გზავნილი, ვნახეთ სანქცია მათ შორის, გაიაშვილის და მისი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ღიად არღვევს სანქციებს, რაც დაწესებულია რუსეთზე, ახლა ვხედავთ, რომ საქართველოს ელჩი კიევში რეალურად დემარშით გამოუშვეს დედაქალაქში, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება იკავებს ღიად ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პოზიციებს, ამაში მოიაზრება მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის განგრძობადი, უკანონო, პოლიტიკური ტყვეობა.

    პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და პრაქტიკულად, მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს – 48 საათი იმისთვის, რომ მან მიიღოს კონკრეტული ზომები და პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გადასცეს უკრაინას, მას დაუყოვნებლივ სჭირდება ადეკვატური მომსახურების მიღება ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. იმედია, გაიაზრებს დღევანდელი რეჟიმი, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ამას მათთვის და ქვეყნისთვის, თუ უგულებელყოფენ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკის ამგვარ მოთხოვნას“,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ციხეში დატოვება წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას უდრის – კუბილიუსი სააკაშვილზე

    “პირის ციხეში დატოვება, მაშინ როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი მძიმეა, სახელისუფლებო ინსტიტუტების მხრიდან წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას უდრის. წამების აღწერა წამების წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით: “როდესაც ასეთი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია თანამდებობის პირის ან სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი სხვა პირის მიერ ან წაქეზებით ან თანხმობით”.

    ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება.

  • როცა ევროპარლამენტარი ამბობს დებიძინიზაციას, ეს არაა პერსონალიზებული მიდგომა და ჰარასმენტი? – კობახიძე

    [ვენეციის კომისიის დასკვნაში] საუბარია რისკებზე, რასაც შეიცავს ეს კანონი [დეოლიგარქიზაცია] ე.წ. ჰარასმენტის კუთხით. როდესაც გამოდის კონკრეტული ევროპარლამენტარი და ამბობს ტერმინს დებიძინიზაცია – ეს არ არის პერსონალიზებული მიდგომა და ჰარასმენტი? ჩვენ ამას ვეუბნებით ევროკომისიის წარმომადგენლებს, რომ ის ჩანაწერი, რომელიც არის 12 პუნქტში, უკვე თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას და პირდაპირ წაახალისებს ამ ე.წ. ჰარასმენტს.

    თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდოამრემ, ირაკლი კობახიძემ.

  • ხელისუფლებას აქვს შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და სააკაშვილი გაათავისუფლოს – ხაბეიშვილი

    უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამოცანა აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ევროპულ მომავალს. ,ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. ამ თვეების განმავლობაში, რაც პუტინი ტერორისტულ მოქმედებებს აწარმოებს უკრაინაში, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს, არ ეხმარება უკრაინას, ანტიუკრაინული კამპანია აქვს, აღადგინა ფრენები, არსებობს ეჭვი, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ კარგად არ იქცევა. ამას ვამბობ დიდი მოწიწებით, როცა ვამბობ, რომ მინიმუმ კარგად არ იქცევა.

    საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა ფაქტობრივად, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნაღა აქვს საქართველოსთან – გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალია. ზელენსკის განცხადების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რუსეთის სანქციების კოორდინატორის, მაკფოლის განცხადება, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს. ვნახეთ ბილ ბრაუდერის მოწოდება, ისიც ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას.

    ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი ლიდერი ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი – მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს.

    ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

  • სასწრაფოდ უზრუნველყონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა საზღვარგარეთ – მაია სანდუ სააკაშვილზე

    ღრმად შეწუხებული ვარ მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი ფოტოების გამო სასამართლოში, რამაც ციხეში ყოფნის პერიოდში ჯანმრთელობის მძიმე გაუარესება აჩვენა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად აქციოს მისი კეთილდღეობა და სასწრაფოდ უზრუნველყონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.

    წერს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ტვიტერზე.

  • კობახიძის თქმით, პრაიდის უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია მობილიზებულია

    ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრაიდის უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია მობილიზებულია.

    “ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მობილიზებული იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული”, – თქვა მან კონფერენციაზე, რომელზეც 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.

  • ელჩისთვის ქვეყნის დატოვების თხოვნა უკიდურესად მკაცრი ფორმაა, ოცნება ამას იმსახურებს – კულება

    “როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე დონე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება. და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამას იმსახურებს”.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მან  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.