Category: ახალი ამბები

  • გვიხარია, რომ ამნისტიის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც წინასაარჩევნოდ წამოსწია – საბო

    “არ ვიცი, ეს როგორი ამნისტია იქნება. კონკრეტიკაზე ჯერ საუბარი ძალიან რთულია, სანამ კანონპროექტი არ შემოვა, თუმცა ჩვენ ასეთი განწყობით ვართ, რომ ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი რაოდენობის ადამიანზე, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ. არა მხოლოდ მხარი დავუჭიროთ, არამედ ჩვენც აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი იდეებით თუ შენიშვნებით გავაუმჯობესოთ, რომ რამდენიც გამოვა, იმდენი გამოვიდეს, ხოლო დანარჩენებს შეეხოთ რაიმე სახით სასჯელის შემცირება მაინც. ძალიან გვიხარია, რომ ეს პროცესი “ქართულმა ოცნებამ” თუნდაც წინასაარჩევნოდ ასწია. გასაგებია, რომ ამაზე კრიტიკა იქნება, რომ არჩევნებზე ხმების ყიდვის მცდელობაა და ა.შ. არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ასეთი ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამ ამნისტიას გააკეთებს,”

    ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის – ესტონეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს

    “მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას!

    მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია!

    მადლობა ბიჭებს!”.

    ესტონეთის საელჩო საქართველოს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

  • გახარიას ვურჩევ, რომ ჭორიკანობას თავი დაანებოს და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას – მაჭარაშვილი

    ”გახარიას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას თავი დაანებოს და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე.[…]
    მას არანაირი პოლიტიკური განცხადება არ შეუძლია გააკეთოს ისეთი, რომელიც აწევს მის პოლიტიკურ წონას და გადავიდა ჭორაობაზე. წარმოიდგინეთ ახლა მითი, რომ ივანიშვილი თურმე რომელიღაცა მინისტრს ამერიკაში აგზავნის და მერე ამას ზედამხედველობას უწევს გახარია. აი, ამ მითებით ცხოვრობს გახარია და ცდილობს, აცხოვროს თავისი გუნდი. მას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას დაანებოს თავი და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე. ხომ დაინახა, რომ მისი საქმე არ არის პოლიტიკა. ამ ჭორაობაზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაგვყავს და ამაში ხელს გვიწყობს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა,”

    ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წარმომადგენელი შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი”.

  • ივანიშვილს მთავრობის წარმომადგენელი პერსონალურ შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი აშშ-ში – გახარია

    “ჩვენი ხელისუფლება აქ რომ პოზებში დგას, რომ აი ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი, სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში იმდენად შეშინებულები არიან შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან იქნებ როგორმე გაიგონ მაინც იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი ჰყავდათ გაგზავნილი, ფოსტალიონი, საკმაოდ მაღალი დონის, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს იქ. ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს … დემოკრატია.

    ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ე.წ. საპატიო თავმჯდომარე, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ, პოლიტიკურ?! ნუ ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, თავის ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, ეს ჰგონია ან სწორად, თავისი უძლეველობის რაღაც წარმომსახველად, ნუ საოცარია”,

    აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია.

  • ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ! მადლობელი ვარ იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც მივიღე – ბუდუ ზივზივაძე

    აქ და ამ გუნდის ნაწილი რომ ვიყავი, უკვე ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუნდაც სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის უკვე დღესასწაული იყო. გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, მაგრამ ამ ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და როგორც პროფესიონალი, მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც მივიღე, ძალიან ბედნიერი და მისი მადლობელი ვარ.

    ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ.

  • წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

  • მადლობა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის – აშშ-ის საელჩო

    ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში.

    ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

  • რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს–კონსტიტუციონალისტის განმარტება

    კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განიხილავს რამდენიმე ვერსიას, როგორ შეიძლება პარლამენტში პროცესები განვითარდეს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. ვახუტში  მენაბდე წერს, არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

    1. უმრავლესობას შეუძლია გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები; ამისთვის პარლამენტმა უბრალო უმრავლესობით მხარი უნდა დაუჭიროს სალომე ზირაბიშვილის წინადადებას;
    2. პარლამენტს შეუძლია დაძლიოს ვეტო. ამისთვის საჭიროა სამი მოსმენით უკვე მიღებულ კანონს, კიდევ ერთხელ, მინიმუმ 76 დეპუტატმა მისცეს ხმა (ოცნებას 84 აქვს). ასეთ დროს კანონი უკან ეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. მას ვეტოს გამოყენების უფლება აღარ აქვს;
    3. ოცნებას შეუძლია ვეტოს განხილვა გადადოს. განხილვისთვის მას კონკრეტული ვადები არ აქვს. შეუძლია უსასრულოდ “შემოდოს თაროზე” და როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ დაუბრუნდეს;
    4. მმართველ გუნდს შეუძლია არც პრეზიდენტის ვეტოს დაუჭიროს მხარი და არც კანონის სამი მოსმენით მიღებულ ვერსიას. ასეთ შემთხვევაში კანონი უარყოფილად ჩაითვლება და მოიხსნება დღის წესრიგიდან.
    როგორც ხედავთ, მე-4 ვარიანტით ოცნებას კიდევ ერთი შანსი აქვს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და უარი თქვას კანონზე. რეგლამენტი და კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას აძლევს- წერს ვახუშტი მენაბდე.

     

    კანონზე მოტივირებული შენიშვნები ჯერ არ გამოქვეყნებულა. სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს  ვეტო გუშინ  დაადო. ამის შესახებ მან რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, არის „რუსული კანონი“.

    „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო – ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

    სალომე ზურაბიშვილმა “საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ვეტო დაადო. პრეზიდენტმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ვეტო იურიდიულად გამართულია, თუმცა ის არ ემსახურება კანონის გაკეთილშობილებას.  “ეს კანონი უნდა გაუქმდეს”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

    „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    ქართული ოცნება ბოლო კვირაა აცხადებს, რომ მზად არის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს და კანონში ცვლილებები შეიტანოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ არ აპირებს ოცნებას კანონის გაკეთილშობილბაში დაეხმაროს.

    ახლა ოცნებას ორი არჩევანი აქვს: ან ვეტო დაძლიოს და ის კანონი აამოქმედოს, რომელსაც მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, დასავლეთის კრიტიკა და სანქციების მუქარა მოჰყვა, ან ვეტო არ დაძლიოს და კანონი ჩააგდოს.

  • საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ს კონგრესში მოსმენა გაიმართება

    4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

    „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენის „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩვენებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მისცემენ.

    „აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ“, – წერია განცხადებაში.