Category: ახალი ამბები

  • ეგეთი ფაქტი არ ყოფილა, თუ ცუდს ამბობენ დიმაზე, ბოდიში აქვთ მოსახდელი – ბუდუ

    სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, პირიქით, ვფიქრობ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა.

    აცხადებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე Facebook-მომხმარებელთა ნაწილის მტკიცებაზე, რომ საზეიმო შეკრებისას წამყვანმა დიმა ობოლაძემ მას სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

  • 14 წლის აითაჯის მკვლელობისთვის მოძალადე “ქმარს” უვადო პატიმრობა შეეფარდა

    14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ “ქმარს” თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.

    აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოძალადე “ქმარმა” ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ. ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

    “კმაყოფილი ვარ მოსამართლის გადაწყვეტილებით. თავს ისე ვგრძნობ თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია, რადგან სამართლიანი განაჩენი დადგა. აითაჯის მკვლელი სამუდამოდ ციხეში ყოფნას იმსახურებს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული და გვეხმარებოდა”. – თქვა შახმაროვას მამამ [ფორმულას სინქრონული თარგმანი].

  • რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • მთავრობამ ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი არ მიიწვია

    “ოცნების”  დეპუტატის,  გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ  ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია.

    “არ მიგვაჩნია ჩვენ, ორგანიზატორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც საქართველოში გამაერთიანებლის საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულა, პირიქით, თავის ყველა ქმედებით ცდილობს, როგორმე დაყოს, დაუპირისპიროს, მათ შორის ახალგაზრდები ერთმანეთს და ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ფიცის დადების დროს ისეთი რადიკალიზაცია შემოიტანოს საზოგადოებაში, რომელიც წინააღმდეგ არის მიმართული ჩვენი ეროვნული ინტერესის და აქედან გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომ არ დაეპატიჟებინა სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებაზე”, – თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

    დღეს, საღამოს 22 საათზე თავისუფლების მოედანზე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დახვედრა მოეწყობა.პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს – პერსონალსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

    სად გაიმართება დაჯილდოების ცერემონია ჯერ-ჯერობით უცნობია, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია კომენტარს ჯერ არ ავრცელებს.

  • “2000 წლიდან სამხედრო იყო, ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა” – დაღუპული პილოტის ახლობელი

    მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  დისველში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

    კახაბერ ზურაბაშვილი სამხედრო იყო, რომელმაც საავიაციო სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. იყო ომის ვეტერანი.

    “2000 წლიდან სამხედრო პირი იყო. ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. შაბათ-კვირას ყოველთვის აქ იყო. დედა ჰყავს ჩავარდნილი ავადმყოფი და თვითონ უვლიდა. ძმაც დაღუპული ჰყავს, მამაც და ჩამოდიოდა ხოლმე შაბათ-კვირას, დედას უვლიდა. მარნეულში ცხოვრობდა, იქ მუშაობდა.” – ამბობს ტრაგიკულად დაღუპული პილოტის მეზობელი და ახლობელი. 

    დაღუპული პილოტი გორიდან იყო.  ექსპერტიზის შემდეგ, მის ცხედარს სავარაუდოდ,  სწორედ გორში გადაასვენებენ.

  • ვიქტორ ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება ურჩია

    უნგრეთის პრემიერმინსტრმა ვიქტორ ორგანმა, უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შესთავაზა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან და მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი ორბანის შემოთავაზებაზე.

    ვიქტორ ორბანმა ასევე  განმარტა, რომ აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ მშვიდობის დამყარების ინიციატივას, თუმცა, მათი იმპლემენტაცია დროში გაიწელება და სწორედ ამიტომ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტს ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება.

    European Pravda-ს ინფორმაციით, ამ საკითხზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს მის მშვიდობის ინიციატივებს.

  • ბოლნისში Su-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

    ბოლნისის მუნიციპალიტეტშისაქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის კუთვნილი, Su-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა – შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. როგორც ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, დიმიტრი მოდებაძემ განაცხადა, ვარდნისას პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

    „ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზეა ჩამოვარდნილი, სამხედრო ბაზის მიმდებარედ… აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარაშუტო სწავლებაა, მაგრამ ეს კონკრეტული სუ არ ემსახურებოდა ამ საქმეს. არ ვიცი, რა სწავლება იყო. გარდაცლილია, ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. აფეთქება მოხდა, არის გარდაცვლილი, რომელმაც ვერ მოასწრო კატაპულტირება. დააახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა“- განაცხადა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, დიმიტრი მოდებაძემ.

    ინფორმაციას ადასტურებს, თავდაცვის სამინისტროც:

    “მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში, ვიქტორ ორბანს შეხვდა

    ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევში ჩასულ, უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს, უკრაინის მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა.

    ორბანმა ერთობლივი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს ბლოკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში, ამიტომ პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან,  2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

    ორბანი უკრაინაში ბოლოს 2012 წელს იმყოფებოდა, როცა პრეზიდენტი პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო.

  • ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის ის ზეიმი, რაც გველოდება – ხვიჩა კვარაცხელია

    რა თქმა უნდა, ველოდით გულშემატკივრების დახვედრას იმიტომ, რომ ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო საქართველოშიც და აქაც ველოდით, რომ დაგვხვდებოდნენ.

    ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის ის ზეიმი, რაც გველოდება.

    რონალდუსთან თამაში ოცნება იყო და ძალიან ბევრჯერ ვახსენე, რომ ოცნება ამიხდა – მადლობელი ვარ და დიდი გამოცდილება იყო მასთან თამაში.

    განაცხადა  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ TV პირველთან საუბრისას.

  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – შსს

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის საფუძველზე უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას, შინგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ერაყის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 26 მოქალაქე”, – ნათქვამია განცხადებაში.