Category: ახალი ამბები

  • ნაკრების დახვედრის ცერემონიისთვის თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

    თბილისის მერიის ცნობით, თავისუფლების მოედანზე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის გამოც  ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

    12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ.

    2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში, თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება. შეზღუდული იქნება თავისუფლების მოედანზე გადაადგილება, როგორც კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებიდან, ისე რუსთაველის გამზირიდან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება.

    უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს – ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.

    თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები თავისუფლების მოედანზე დახვდებიან. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.

  • მადლობა გულშემატკივარს, რომელიც დაგვხვდა დღეს აეროპორტში! – მამარდაშვილი

    მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, ვინც დაგვხვდა დღეს აეროპორტში. მართლა დასაფასებელია ეს ყველაფერი. არ ვფიქრობ, რომ პირველი ადამიანი ვარ ქვეყანაში, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, უბრალოდ და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.

    პირველ რიგში, უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. ჩემს მომავალს რაც შეეხება, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან და ჯერჯერობით არაფერი მაქვს გადაწყვეტილი, ყველა ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ ჩემს მომავალს.

    რა თქმა უნდა, ველოდებოდით [ასეთ ემოციებს] იმიტომ, რომ ვიცი, როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი და ვიცი, რა შეუძლია ფეხბურთს.

    ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ საკუთარი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ და იმ საქმეს მიჰყვნენ, რაც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ.

    თქვა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ TV პირველთან საუბრისას.

  • უეფამ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, თურქეთი კი – 25 000 ევროთი დააჯარიმა

    უეფამ, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის, დორტმუნდში სტადიონზე, მატჩის წინ, გულშემატკივრების ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, თურქეთი კი – 25 000 ევროთი დააჯარიმა

    ტურნირის მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა, საერთო ჯამში 20 000 ევროთი, სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო – რაც ეხებოდა პორტუგალია-თურქეთსა და პორტუგალია-საქართველოს მატჩების დროს მოედანზე თამაშის დროს შესულ მხარდამჭერებს.

    რვა გუნდი – უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია, გულშემატკივრების ქცევისთვის დააჯარიმეს.

    უეფამ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა.

  • არის საკითხები, რომლებზეც საქართველოს მთავრობასთან ვისაუბრებთ – ვედანტ პატელი

    „როცა საქმე საქართველოს ეხება, და ვიცით, რომ ამ ბრიფინგების ოთახში ბევრი გვისაუბრია საქართველოზე, მათ შორის კანონზე, რომელიც ახლახანს მიიღეს. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ ჩართულობა საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ კვლავ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კონტექსში, გვსურ პრიორიტეტი მივანიჭოთ. და რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ გსმენიათ ჩემი და მეთიუს [ მეთიუ მილერი, აშშ-ის სახ. დეპარტამენტის სპიკერი] საუბარი, იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს [კანონი] ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას. და ჩვენ მაინც გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და კვლავაც არის სხვა საკითხები, რომლებზეც ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ მათთან ვისაუბრებთ”,

    განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

  • ამაყი ვარ – ჩვენი პატარა ქვეყნის ისტორია დავწერეთ – ლოჩოშვილი

    ამაყი ვარ, ამ ისტორიულ პერიოდში თქვენს გვერდით რომ ვითამაშე. ერთად ისტორია დავწერეთ ჩვენი პატარა ქვეყნის. ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მინდორზე მომიწია თამაში. სტაფის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. ამაყი ვარ, რომ ამ ერთი დიდი ოჯახის წევრი ვარ. ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს ამ ემოციებისთვის, რაც გვაჩუქეს. რაც ერთად გამოვიარეთ ეს ჩვენი, ყველას წარმატებაა. ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის მაისური მაცვია. მადლობა!

    წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი.

  • ნურმაგომედოვი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული – ვოლსკი

    ნურმაგომედოვი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული – ვოლსკი

    „ალბათ სპორტული მიღწევებია თემა, რაზეც მათ ისაუბრეს, თუმცა ალბათ ირაკლი კობახიძე ან კახა კალაძე დაადასტურებს, რა თემაზე შეიძლება ელაპარაკათ ადამიანთან, რომელიც ჩემპიონია სპორტში – ბრძოლა წესების გარეშე. დამერწმუნეთ, ამ თემის იქეთ არც იქნებოდა საუბარი.

    თუ ფოტოებითა და ვიდეო ჩანაწერებით ვიმსჯელებთ, მისი ურთიერთობების წრე გაცილებით უფრო ფართოა, რაც რაიმე პოლიტიკურ ინსინუაციებს არ ეხება“,

    ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ მინისტრის, თბილისის მერისა და “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის UFC-ის მებრძოლთან, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრას.

  • საგამოცდო ცენტრებამდე ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

    საგამოცდო ცენტრებამდე ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

    თბილისის მერიის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

    მათ, ვისაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; N177 საჯარო სკოლა; N191 საჯარო სკოლა და N207 საჯარო სკოლა.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შარშან, წელსაც დაწესდება ავტობუსების დროებითი მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან.

    N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია);

    N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან;

    N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი);

    N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);

    რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, უკვე არსებულ მარშრუტებს გამოიყენებენ.

  • ჩემთვის, ესპანეთის პირველ გოლზე 100%-ით თამაშგარე იყო – გიორგი მამარდაშვილი

    ჩემთვის, პირველ გოლზე 100%-ით თამაშგარე მდგომარეობა იყო. შეიძლება, ეს თამაში მაინც წაგვეგო, მაგრამ იმ მომენტში თამაშგარე იყო. მორატა ჩემ წინ იდგა და ხელს მიშლიდა – მარჯვენა მხარეს ვიყავი, როდრიმ კი ჩემგან მარცხნივ დაარტყა.

    ასე შეაფასა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მის კარში გატანილი პირველი გოლი, რომლის ავტორი ალვარო მორატაა.

  • რა შიკრიკი – ეს არ იყო პარტიული ვიზიტი – გია ვოლსკი

    რა შიკრიკი – ეს არ იყო პარტიული ვიზიტი – გია ვოლსკი

    “მე არ მეგონა, რომ ასე ქვემოთ დაეცემოდა და იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა გახარია. რა სისულელეს ლაპარაკობს, რა შიკრიკი. თუკი იმყოფებოდა კიდეც ლილუაშვილი აშშ-ში, შიკრიკი რატომ ჰქვია, არ ვიცი.

    […] რაც შეეხება და რაც ევალება უსაფრთხოების სამსახურს, იმას აკეთებს. ამ ვიზიტთან დაკაშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სამუშაო ვიზიტი იყო თუ არასამუშაო, მსოფლიოში არსებული ვითარება, ზოგადად, საკმაოდ რთული ვითარება, შესაძლოა იმასაც ითვალისწინებდეს, რომ ამაზე წინასწარ პრესრელიზი არ კეთდებოდეს. ეს შიკრიკობას ნამდვილად არ ნიშნავს და ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს.

    […] ეს არ იყო პარტიული ვიზიტი, ლილუაშვილი არ წარმოადგენს პარტიის აქტივისტს”

    აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი.

  • ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმება უარყოფითად შეაფასა – სახალხო დამცველი

    ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმება უარყოფითად შეაფასა – სახალხო დამცველი

    სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად ომბუდსმენი ავრცელებს.

    დასკვნის მიხედვით, კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას. მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო.

    “მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსი საქართველოს პარლამენტში ნელა, თუმცა თანდათანობით უმჯობესდებოდა სავალდებულო გენდერული კვოტებისა და ფინანსური წახალისების შემოღების გამო, ის კვლავ დაბალი რჩება ეუთოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით და არ აღწევს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს.

    დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ კანონპროექტების თანმხლები განმარტებითი ბარათები არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებას, მონაცემს ან ფაქტს, გენდერული კვოტის მოქმედების მექანიზმის სიღრმისეულ ანალიზს ან მის შესაძლო ალტერნატივას და ვერ ასაბუთებს საარჩევნო გენდერული კვოტებისა და პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის გაუქმების საჭიროებას.

    ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში ყურადღებას ამახვილებს ასევე პროცედურულ ხარვეზებზე, კანონპროექტების დაჩქარებულად მიღებაზე, განხილვის პროცესში ადეკვატური და ინკლუზიური მონაწილეობისა და დაინტერესებულ მხარეებთან რელევანტური კონსულტაციების არარსებობაზე, არჩევნების სიახლოვეს საარჩევნო სისტემის არსებითი ელემენტების ცვლილების უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპის გაუთვალისწინებლობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.