Category: ახალი ამბები

  • ნაკრების სახელით, მადლობას ვუხდი ივანიშვილს და ქართუს ჩვენი შრომის დაფასებისთვის – გურამ კაშია

    ნაკრების სახელით, მადლობას ვუხდი ივანიშვილს და ქართუს ჩვენი შრომის დაფასებისთვის – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, გუნდის კაპიტნის, გურამ კაშიას სახელით, განცხადებას ავრცელებს.

    “ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.

    მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტნის, გურამ კაშიას გუნდის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

  • შესაძლოა, [რუსულმა] კანონმა მნიშნელოვნად დააზიანოს ბევრი კარგი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში – ბრიტანეთის ელჩი

    ”ვიტყვი, რას ნიშნავს ეს კანონი ჩვენი საელჩოს გადმოსახედიდან. შესაძლოა, ამ კანონმა მნიშნელოვნად დააზიანოს ბევრი კარგი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში. ერთ-ერთი დიდი ნაწილი, სადაც ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ, ეს შერიგების პროცესია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამ მხარდაჭერას სხვადასხვა სახე აქვს, საქმის ნაწილი ეუთოში მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის. გაერომ კიდევ ერთხელ დიდ ბრიტანეთთან ერთად უზრუნველჰყო რეზოლუცია დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად ჩვენი მხარდაჭერა და პოზიცია სრულიად ნათელია, მაგრამ ამასთან დაფინანსებას რაც შეეხება ვთანამშრომლობთ სათემო ორგანიზაციებთან, ამ კანონით მათ უცხო აგენტის იარლიყი უნდა მიეკრათ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი, ისინი საქართველოს მთავრობის შერიგების პოლიტიკის მხარდასაჭერად მუშაობენ, ამ კანონის რისკი ის არის, რომ მათი სტიგმატიზება შეიძლება მოხდეს და ეს სამუშაო გაჩერდეს”.

    ამბობს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი BMG-ის გადაცემაში.

  • ჩვენი შეთავაზება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების საშუალებას გააჩენს – პუტინი

    რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული უკრაინის კრიზისის მოგვარების ვარიანტი, კიევისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების მზადყოფნის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას გააჩენს

    ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

  • ოცნება აპირებს კადიროვთან დაახლოებული 500-მდე პირის მობილიზებას წინასაარჩევნოდ – ხაბეიშვილი

    ოცნება აპირებს კადიროვთან დაახლოებული 500-მდე პირის მობილიზებას წინასაარჩევნოდ – ხაბეიშვილი

    [ქართულ ოცნებაში] აპირებენ კადიროვთან დაახლოებული ჯგუფების, 300-დან 500-მდე ადამიანის მობილიზებას წინასაარჩევნოდ, რომლებიც დაესხმებიან ადამიანებს თავს. ეს გინახავთ და ვნახულობთ ყოველდღიურად, რომ ამას აკეთებენ. კიდევ უფრო გასამძაფრებლად წინასაარჩევნოდ აპირებენ ამას. თუ ამას არ აპირებენ, მაშინ თქვან, რა თემაზე საუბრობდა პრემიერმინისტრი და დედაქალაქის მერი ამ ადამიანთან [ხაბიბ ნურმაგომედოვთან].

    რას განიხილავდნენ? შავი ზღვის ანაკლიის პორტს განიხილავდნენ, ჩინელებს რომ მისცეს?

    განაცხადა ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

  • ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – სია

    ხვალ, 5 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და ბაგების დასახლების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების, კალოუბნუს, შუამთის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, სამტრედიის, გუდაუთის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, ჩხეიძის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ვეძინის, არსენას, ქიქოძის, თხინვალას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რიწის, ცხემის და კაკაბაძეების ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიჩურინის, ნორიოს, საქარის, უფლისციხის, ართვინის, მამარდაშვილის, ჩეჩელაშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანი-დიღმის შემაერთებელი მაგისტრალის, ფეიქრების, შეშელიძის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ლაგურაშვილის, ღვალაძის, ქობის, გობრონიძის, ბობოხიძის და რეზო გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, ფურცელაძის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩას, ორბელიანის, სანაპიროს და მტკვრის ქუჩების მოსახლეობას.

  • 8 ივლისს პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე გადაწყვეტილებას მივიღებთ – ბოკუჩავა

    “8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია, სადაც იქნება ასევე პარტიული ყრილობის ნაწილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები მათ შორის, პარტიის თავმჯდომარესთან და ასევე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც, ისევე, როგორც სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება, შევიკრიბეთ დღეს, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები.

    იცით, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესთავაზოს, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა წარმომადგენლობითმა ყრილობამ, როგორსაც ჩვენ ჩავატარებთ 8 ივლისს, სწორედ ამ ფორმატმა განიხილოს და იმედი მაქვს, მათი მხარდაჭერის შემთხვევაში, დაამტკიცოს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

    ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ რეფერანდუმად ქცეული არჩევნების დროს ოპოზიციური ფლანგის ერთიანობაა საჭირო, ამიტომ მზად არიან, ძალისხმევა ამ ერთობის შექმნისკენ მიმართონ.

    “რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის, ხელი მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა, ამ გადამწყვეტ მომენტში, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში, რომ იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი. ამიტომ, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ ერთობა შედგეს. თუმცა თუ სხვა პარტიების და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, ენმ შევა არჩევნებში გასამარჯვებლად, შევა 5 ნომრით, როგორც ენმ, ჩვენი პარტიული და რეგიონული ინფრასტრუქტურით. მაგრამ მიუხედავად კონფიგურაციისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ სიახლეებს. 

    […] ჩვენთვის მთავარია გამარჯვება და მათ შორის, შიდაპარტიულ სტრუქტურებში იმგვარი კონფიგურაციის არსებობა, რომელიც საუკეთესო ფორმაში შეიყვანს ჩვენს პარტიას და თუ იქნება გამსხვილება, მთლიანად ოპოზიციას ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში და ვთვლით, რომ მათ შორის დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, ისევე, როგორც 8 ივლისის პრეზენტაციაზე, რომელსაც ასევე ექნება პარტიული ყრილობის ელემენტი, სწორედ ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება”,

    აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

  • სარჯველაძე აცხადებს, რომ ონკოპაციენტებს კლინიკაში წამლების თავად მიტანა აღარ მოუწვეთ

    სარჯველაძე აცხადებს, რომ ონკოპაციენტებს კლინიკაში წამლების თავად მიტანა აღარ მოუწვეთ

    ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, რადგან პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი სამკურნალო დაწესებულებაში დახვდება.

    „ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა, მათ, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი.

    მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.

    შეხვედრაზე, ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს – მხარეებმა, სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

    შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ოცნებამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელმაც რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადა – მანჯგალაძე

    გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ღიად ანტი-ქართულ ძალას. არ დაუჭირეს მხარი მთელ რეზოლუციას, რომელიც სამ მთავარ პირობას აყენებს: რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადა, ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მოითხოვს ოკუპანტების ჯარის საქართველოდან წასვლას.

    ამას ახსნა და დასაბუთება არ აქვს, ეს არის პირდაპირი მტრობა ეროვნული ინტერესის. არაფერს არ უჭერენ მხარს, ყველა პარტნიორთან აფუჭებენ ურთიერთობას. რად გვინდა ისეთი მთავრობა, რომელიც არცერთ რეზოლუციას არ უჭერს მხარს და არცერთ პარტნიორთან არ აქვს ნორმალური ურთიერთობა. რა არის გამოსავალი? გადატვირთვა ახსენა კობახიძემ, დიახ, გადატვირთვა გვჭირდება, უნდა გადავტვირთოთ საქართველო, რომელიც ამძიმებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას.

    თქვა სტრატეგია აღმაშენებლისა და გამარჯვების პლატფორმის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს

    რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ახსნა-განმარტების გარეშე საზღვრიდან გააბრუნეს.

    “საქართველოში არ შემიშვეს ქვეყანაში ცხოვრების მესამე წელს. თავდაპირველად მესაზღვრეებს თვალები დაუმრგვალდათ ჩემი პასპორტის დანახვისას, შემდეგ ცვლაში უფროსმა დაბღვერით შეხედა მონიტორს და წავიდა რაღაცაზე რაციით გადალაპარაკებისთვის. მთხოვეს დალოდება – 2 საათის განმავლობაში ჩემს გარშემო ბევრმა ადამიანმა გაიარა, სხვადასხვა ფერის პასპორტებით. შემდეგ მიხმეს, გადმომცეს სტანდარტული ფურცელი მშრალი ფორმულირებით “უარის მიზეზი: სხვა მიზეზები”.

    ამ წლების განმავლობაში საქართველო იქცა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად. […] მე ოცჯერ მაინც ვარ ნამყოფი საოკუპაციო ხაზის სიახლოვედ. ხელს ვართმევდი ხალხს, ვუყურებდი თვალებში და ვეხვეოდი მათ. . რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს საქართველოს ტერიტორიის 20-ზე მეტი პროცენტის ოკუპაციით და ახალი მიწების მოკბეჩით მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში – საშინელებაა. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით კოლეგებთან ერთად შეძლებისდაგვარად ვცდილობდით და ვისწრაფვით, როგორმე მაინც დავეხმაროთ ადგილობრივებს, ვისაუბროთ ოკუპაციაზე, გავიდეთ აქციებზე. და გავაგრძელებთ ამას ნებისმიერ შემთხვევაში.

    ქართველები და საქართველო უკვე მარადიულად ჩემს გულშია, მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. ჩემზე არ ინერვიულოთ – გავაგრძელებ მუშაობას და ბრძოლას”, – წერს ის Facebook-ზე.

  • ვაფასებთ თქვენს მრავალწლიან მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე – ზურაბიშვილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    “ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს 4 ივლისს ვულოცავ!

    საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე, რომელიც სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზეა დაფუძნებული.

    დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელ ერს ვუსურვებთ, რომ მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის შთაგონებად დარჩეს”.

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.