Category: ახალი ამბები

  • საქმე ფაბრიკაციაა, მიზანია ჩემზე მოახდინოს ზეწოლა, მაიძულოს უარი ვთქვა ბრძოლაზე – ქაცარავა

    “დასრულდა დღევანდელი სასამართლო, სადაც მასამართლებენ 2 მუხლით, 166/1 და 173/1, პოლიციის დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა. როგორც ვვარაუდობდი და ეს ვარაუდი არაერთხელ გავაჟღერე კიდეც, მოწმეებად მოიყვანეს 2 პოლიციელი, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა და როგორც ვივარაუდე, სამხრე კამერები არ ჰქონდათ ჩართული და შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ. 2-ვე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს აცდენილი იყო და ურთიერთგამომრიცხავი. ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა, რომლის მიზანია ჩემზე მოახდინოს ზეწოლა, დამაშინოს და მაიძულოს უარი ვთქვა ბრძოლაზე. მალე მოვა ის დღე, როდესაც ყველა კანონ დამრღვევს მოგიწევთ კანონის წინაშე, კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგება. დრონი მეფობენ, დრონი”,

    აცხადებს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, რომლის პროცესიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მას რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის – პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა, წვრილმან ხულიგნობა – დარღვევას ედავებიან.

  • ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს – TI

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ 2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი. ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.

    ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა.

    ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით. მაგალითად, 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ  ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, მიხეილ ყაველაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ბექა ოდიშარიას დეკლარაციები. ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება).

    ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებს, და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა მის მიერ (2023 წლის 1 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე) შემოწმებული დეკლარაციების შედეგები, მათ შორის არც ზოგადი სტატისტიკა. ბიურომ 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე არ გასცა”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

  • “ევროკავშირს არ წარმოადგენს!” – ბორელი ორბანის მოსკოვში ვიზიტზე

    “უნგრეთი ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც, როტაციული პრინციპით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არ გულისხმობს კავშირის რაიმე გარე წარმომადგენლობას, ეს არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურების დონეზე, და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მინისტრთა დონეზე. […]

    ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე აისახება ევროპის საბჭოს ბევრ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ოფიციალურ კონტაქტებს ევროკავშირსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. ამრიგად, უნგრეთის პრემიერმინისტრი არ წარმოადგენს ევროკავშირს არავითარი ფორმით”,

    ასე ეხმაურება, უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ჩასვლას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი

  • ვიქტორ ორბანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

    უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო MTI ვიქტორ ორბანის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

    “სამშვიდობო მისიის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება”. – ციტირებს MTI ორბანის პრესმდივნის ბერტალან ჰავაშის სიტყვებს.

    ვიქტორ ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 2 დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

  • ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია – ბოკუჩავა

    ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია – ბოკუჩავა

    “ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბუქარესტში ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედება, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრებმა დააფიქსირეს ღია კენჭისყრაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუქარესტში.

    +ამასთანავე, ამ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრე ჯგუფის რეზოლუცია, სადაც მათ შორის შედის აშშ-ის დელეგაცია სხვა ევროპული ქვეყნების დელეგაციებთან ერთად. მოგეხსენებათ, ევროპის სახალხო პარტიამ ბოლო არჩევნების შედეგად შეინარჩუნა ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური ოჯახის სტატუსი და მათ შორის, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში.

    რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნა ბუქარესტში მოწოდებაა ხელისუფლებაზე, გააუქმოს რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, შეწყვიტოს ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აქ ხაზგასმულია, რომ ამგვარი მოთხოვნა ფიქსირდება არაერთ სხვა საერთაშორისო რეზოლუციაში და ამ მოთხოვნას აფიქსირებს კიდევ ერთხელ ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი. […]

    რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები და მინდა გითხრათ, რომ ბუქარესტის სესიის მთავარი აქცენტი იყო სწორედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა, იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტია რომელიც მოხსენიებულია, როგორც რუსული ჰიბრიდული ოპერაცია ქართველი ხალხის ევროპული ნების წინააღმდეგ, მან ვერ შეძლოს დარღვევებით ვერც ერთი ხმის მიტაცება და რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგზე.

    ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალური მობილიზაცია და ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც გახდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი 26 ოქტომბერს”,

    განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

  • თალიბანი ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში – ვლადიმერ პუტინი

    “ზოგადად, უნდა დავიწყოთ ფაქტით, რომ ქვეყანაში [ავღანეთში] ძალაუფლებას თალიბანის მოძრაობა აკონტროლებს. ამ მხრივ, თალიბანი ჭეშმარიტად ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში”.

    განაცხადა, ამის შესახებ  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასტანაში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე .

  • მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

    78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ოჯახის წევრების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ქართველი მევილიონე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, დაიბადა 1946 წელს. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე იყო.

    ლიანა ისაკაძე 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია;

  • ვაპირებთ, გრავიტაციის გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ, პარტიებმა რომლებსაც შეუძლიათ პროდასავლური ძალების შეკრება – გვარამია

    ვაპირებთ, გრავიტაციის გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ, პარტიებმა რომლებსაც შეუძლიათ პროდასავლური ძალების შეკრება – გვარამია

    “მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს, იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებამდე მივალთ, 8 ივლისამდე იქნება ეს გადაწყვეტილება, თუ უბრალოდ განაცხადს გავაკეთებთ და მერე რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გაფორმდეს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ თავად, არა მარტო პარია “ახალმა” არამედ იმ პარტიებმა ვისაც შეუძლია მემარჯვენე ცენტრისტული პროდასავლური ძალების შეკრება და ამ ყველაფრისგან გაკეთება “გეიმ ჩეინჯერის” ანუ იმის, ვინც იქნება ლიდერი გამარჯვებული კოალიციის”,

    განაცხადა ამის შესახებ, პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.

  • 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან – საია

    2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან –  ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული.საია-ს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ამის მიუხედავად, ორგანიზაციის შეფასებით, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის გამოვლენა.

    „2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 პირის ინტერესებს იცავს. ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.

    საია მთელი გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციაში იყო საგამოძიებო უწყებებთან, თუმცა, სამწუხაროდ, გაგზავნილ განცხადებებსა და საჩივრებზე ჯეროვანი რეაგირება არ მომხდარა, რამაც ცხადყო რომ ეროვნულ დონეზე ადგილი არაეფექტიან გამოძიებას ჰქონდა. გასული 3 წლის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის გამოვლენა.

    ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხდებოდა დაზარალებულთა/მომჩივანთა უფლებების სათანადო დაცვა, საია-მ მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. ამ დროისათვის საქმეზე დასრულებულია მხარეთა შეპასუხების ეტაპი და მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი, საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია. 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე – სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს”, – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

    უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

    უკრაინელებმა 32-ვე დრონი გაანადგურეს.

    დრონები მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რაიონებში ჩამოაგდეს.

    თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.

    “მადლობა 100%-იანი შედეგისთვის!”, – დაწერა საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა სოციალურ ქსელში.