Category: ახალი ამბები

  • აფხაზეთის დამოუკიდებელ განვითარებას მხარს ვუჭერთ – პუტინი

    აფხაზეთის დამოუკიდებელ განვითარებას მხარს ვუჭერთ – პუტინი

    “აფხაზეთის დამოუკიდებელ განვითარებას მხარს ვუჭერთ” – რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფორუმის “აფხაზეთი – ინვესტიციები მომავალში” მონაწილეებს მისალოცი მიმართვა გაუგზავნა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელი განვითარება ერთ-ერთი “უმნიშვნელოვანესი” პრიორიტეტია.

    “რუსულ-აფხაზურ პარტნიორობას კომპლექსური ხასიათი აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც ენერგიულად ვიმოქმედოთ ყველა პერსპექტიულ მიმართულებაზე – განვავითაროთ პროექტები სხვადასხვა სფეროში” – ნათქვამია ტექსტში, რომელიც ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ წაიკითხა.

    რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის დადებითი შედეგები ისეთ სფეროებში, როგორიც სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ასევე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობაა, მნიშვნელოვანია.

    “ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მისი ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, უპირობო პრიორიტეტია” – აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის გზავნილში.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

    სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული ოპოზიციაა – პაპუაშვილი

    ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული ოპოზიციაა – პაპუაშვილი

    რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში არის ის, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია. აბსოლუტური ისტერიაა, რომელიც რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით სჩვევიათ და აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომელიც სჩვევია ზოგიერთ ჯგუფს. მე მგონი, ამ პრობლემამ უფრო დიდად დაგვანახა – ჩვენ გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდებათ. მათ ჩვენ ვერც პოლიტიკურად დავეხმარებით, ვერც ვერანაირად. მათ სხვანაირი დახმარება სჭირდებათ. ის კადრები, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ – ქცევა, შეჭრა, თავდასხმა არის აბსოლუტურად აცდენილი ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას და თან ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ. ჩვენ სამინისტროს და სააგენტოს დეტალური განმარტებები ვნახეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, სად, როგორ, რანაირად ხდება ძაღლების აყვანა, რაზე ხდება დამუშავება, შემდეგ დაბრუნება. იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო.

    თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

  • ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში გვექნება რეაგირება – პაპუაშვილი

    ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში გვექნება რეაგირება – პაპუაშვილი

    ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რადიო თავისუფლებას, ტაბულასა და სხვა ონლაინგამოცემებს “აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.”

    პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ყველაფერს აკვირდებიან და ექნებათ რეაგირება.

    “მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში და მათ შორის, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმიდა სინოდს და ასევე ჩვენ ძალიან დეტარულად დავაკვირდებით ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

    დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონდე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, რადიო თავისუფლება, ტაბულა პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში. პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.

    ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვთ რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინგამოცემებს – პუბლიკას, ნეტგაზეთს და ასე შემდეგ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.

    ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, მათ შორის, დიდი ალბათობით ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას ეკლესიის საქმეებში.

    კიდევ ერთხელ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით, აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის, უცხოელებმა, ვინც ამას აფინანსებს, რომ ეს ყველაფერი აღირიცხება, ყველაფერს ვაკვირდებით და ყველაფერზე გვექნება რეაგირება.” – თქვა პაპუაშვილმა.

  • დააკავეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი

    დააკავეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი

    „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსმა, წვევამდელზე, სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით, 3000 ლარის სანაცვლოდ, ყალბი სამედიცინო დასკვნა გასცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    “ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი.

    გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.

    გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მკაცრი.

  • დღევანდელ სინოდზე გაირკვევა, ვინ შეძლებს საპატრიარქო კანდიდატურის დაყენებას

    დღევანდელ სინოდზე გაირკვევა, ვინ შეძლებს საპატრიარქო კანდიდატურის დაყენებას

    დღეს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება, რომელზეც საორგანიზაციო საკითხებსა და მართვა-გამგეობის დებულებათა ცალკეული მუხლების ინტერპრეტაციაზე იმსჯელებენ.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ადასტურებს, რომ დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის შესაძლოა, იყოს ასაკობრივი ცენზისა და განათლების საკითხის განსაზღვრა-მოწესრიგება.

    “3 კანდიდატის გამოცხადება შემდეგ სინოდზე მოხდება, მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან კანდიდატებს. დღეს მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის შესაძლოა ამაზე [ასაკობრივ ცენზსა და განათლებაზე] იყოს მსჯელობა” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

    სინოდის სხდომა, რომელიც სამ კანდიდატს გამოარჩევს, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაიმართება.

  • მარნეულში 21 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს – შსს

    მარნეულში 21 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს – შსს

    შსს-ს ცნობით, მარნეულში 21 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 21 წლის კაცი დააკავეს.22 წლის, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას  – 2005 წელს დაბადებულ უ.ბ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა”, – აცხადებს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება – მერია

    მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება – მერია

    თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციის დროს მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა და “ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში”.მერია აცხადებს, რომ “მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, იქ კი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, უცხო პირთა შესვლა აკრძალულია”.

    “გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა, ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში.

    აქციის მონაწილეებს შორის იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროვოკაციის მოწყობას.

    მოქალაქეთა ნაწილი ასევე, არ დაემორჩილა ადმინისტრაციის წარმომადგენლების მითითებებს, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის კანონის ფარგლებში ეჩვენებინათ თავშესაფრის ტერიტორია და გაეცნოთ სამუშაო პროცესი.

    მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, შესაბამისად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, იქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. უფრო მეტიც, მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაცულია შესაბამისი სანიტარიული ნორმები, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შინაგანაწესისა და კანონის სრული დაცვით. ასევე, თავშესაფრის ტერიტორიაზე არ არსებობს კრემატორიუმი, რომელსაც აქციის მონაწილეები ეძებდნენ.

    მოვუწოდებთ მოქალაქეებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა კანონდარღვევას წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

    ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მზადაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი ნორმების დაცვით, თავშესაფრის ტერიტორია დაათვალიერებინოს და სამუშაო პროცესი გააცნოს”, – ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • დავუკავშირდი საქართველოს საგარეოს, შემდეგ შეხვედრა გავმართე – ირანის ელჩი

    დავუკავშირდი საქართველოს საგარეოს, შემდეგ შეხვედრა გავმართე – ირანის ელჩი

    ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი აცხადებს, რომ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, შემდეგ კი შეხვედრა გამართა.

    “დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე. შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.

    ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს.

    ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.

    ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას.

    რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა”, – წერს ის Facebook-ზე.

  • ევროპული ბიუროკრატია ჩვენთან შეცდომებს ხშირად უშვებს – ყაველაშვილი

    ევროპული ბიუროკრატია ჩვენთან შეცდომებს ხშირად უშვებს – ყაველაშვილი

    სლოვაკეთის პრეზიდენტთან საუბარი ევროკავშირთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებითაც მქონდა […] ევროკავშირი რომ შეიქმნა, ეს იყო სამშვიდობო იდეა, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემაზე. ამ ეტაპზე კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია ჩვენთან მიმართებაში შეცდომებს ხშირად უშვებს. საქართველო ამ ღირებულებების ერთგულია.

    ჩვენთვის სამაგალითოა სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს და ჩვენი ხალხი ევროკავშირში სლოვაკეთის პოზიციონირებას იმედიანად შესქცერის, რადგან ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, თუმცა დაცული უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ მოლაპარაკება არ შეგვიჩერებია, ყოველთვის მზად ვართ. ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ. მაგრამ, ამ პროცესს მეორე მხარე სჭირდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, იმედს გვაძლევს ის ქვეყნები, მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ეს პრინციპები გააჩნია და მათი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მუდმივად აქვს – სლოვაკეთი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

    თქვა  “ქართული ოცნების”  პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ბრატისლავაში, სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ