Category: ახალი ამბები

  • ინფორმაცია, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, სიმართლეს არ შეესაბამება – მინისტრის მოადგილე

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი აცხადებს, რომ  ინფორმაცია, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და სიმართლეს არ შეესაბამება. ავალიანი მიიჩნევს, რომ შესაბამისი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ მიზეზებით, რის გამოც ინფორმაცია ცხოველების დაწვის შესახებ მტკიცებით ფორმაში გავრცელდა.

    “ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში. ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია” – ამბობს ლაშა ავალიანი.

  • მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში მესამე დავა დაიწყო

    მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში მესამე დავა დაიწყო

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, არასათანადო მოპყრობის შესახებ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა – ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

    “საჩივარი შეეხება 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას. საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და ამასთან კავშირში ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულება; დისკრიმინაციის აკრძალვა; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება.

    აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 4 მარტს გაიგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა”. – წერს საია

     

    მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

  • ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

    ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

    2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება. ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

    „აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი განსაზღვრულ ვადებში გაიარონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • შვეიცარიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო შეუჩერა

    შვეიცარიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო შეუჩერა

    3 აპრილიდან საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შვეიცარიაში შესასვლელად ვიზის ქონა სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილის სხდომაზე მიიღო.

    დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ გააძლიერა მესამე ქვეყნებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმი. განახლებული წესები იძლევა შესაძლებლობას, სავიზო რეჟიმი დროებით დაწესდეს ახალი საფუძვლებით, მათ შორის:

    • მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესების გამო;
    • ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის შემთხვევებში.

    გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

    განცხადების მიხედვით, „შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია“.

    „ევროკავშირმა ახლახან მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი გააძლიერა, რაც საშუალებას აძლევს, რომ სავიზო მოთხოვნები ახალ საფუძველზე დაყრდნობით დროებით დააწესოს. ეს მოიცავს ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, მესამე ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას. ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ დებულებების ამოქმედება გადაწყვიტა. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ის სარჩელი არ მიიღო

    საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ის სარჩელი არ მიიღო

    ნაციონალური მოძრაობა გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გასული წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს თეა წულუკიანის კომისიის კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად მიმართეს, ხოლო 2026 წლის 26 მარტს მიღებული განჩინებით “საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა, კონსტიტუციურ კონტროლს დაუქვემდებაროს პარლამენტის ამ ფუნქციის თვითნებურად და რეპრესიულად გამოყენების შესაძლებლობა”. პარტიის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარ მოამზადა საფუძველი პოლიტიკური პარტიებისა და, შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ასაკრძალად.”2025 წლის 10 ნოემბერს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და გაასაჩივრა „ქართული ოცნების“ თვითმარქვია პარლამენტის მიერ დეპუტატ წულუკიანი თავმჯდომარეობით შექმნილი “ღალატის კომისიის” კონსტიტუციურობის საკითხი.

    აღნიშნული კომისიის ოფიციალურად გაცხადებულ მიზანს სწორედ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის მომზადება წარმოადგენდა. თვითმარქვია პარლამენტის “ქართული ოცნების” უმრავლესობის მიერ პარტიათა აკრძალვის თაობაზე საკონსტოტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიც, შესაბამისად, მთლიანად ამ კომისიის დასკვნას ეფუძნება.

    საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვდით, რომ შეეფასებინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიისთვის პოლიტიკური პარტიების დაქვემდებარების შეუზღუდავი უფლებამოსილების კონსტიტუციურობა.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის განჩინება (საქმეზე №1915) წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს, როგორ შეიძლება, მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს, სასამართლომ სამართლებრივი ფორმალიზმი გამოიყენოს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ინსტრუმენტად. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა, კონსტიტუციურ კონტროლს დაუქვემდებაროს პარლამენტის ამ ფუნქციის თვითნებურად და რეპრესიულად გამოყენების შესაძლებლობა.

    ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართულ ოცნებას“ შეუზღუდავი უფლებამოსილება მიანიჭა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ჯგუფი ან ორგანიზაცია, კონსტიტუციური პრინციპების სრული უგულვებელყოფით, თვითნებურად დაუქვემდებაროს თავის საგამოძიებო მექანიზმს, დაჭერის შიშით დაავალდებულოს მათ წევრებს გამოცხადება, მოსთხოვოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოტივებისა და მიზეზების ახსნა და ამით მათი პოლიტიკური დევნის წინაპირობები შექმნას.

    მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უარი თქვა თავისი ძირითადი მოვალეობის განხორციელებაზე და კიდევ ერთხელ წაახალისა „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულვებელყოფა და თვითნებობა. ამ გადაწყვეტილებით მან წინასწარ მოამზადა საფუძველი წულუკიანის „ღალატის კომისიის“ დასკვნის საფუძველზე პოლიტიკური პარტიებისა და, შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ასაკრძალად.

    მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქვეყნაში ავტოკრატიის კონსოლოდაციის პროცესთან დაკავშირებული ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, ფარულად განიხილა. შესაბამისად, ჩვენ წაგვერთვა შესაძლებლობა, ზეპირად მოგვესმინა არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენლების სამართლებრივი ახსნა-განმარტება და სათანადოდ დაგვეცვა ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის არსებითი მნიშვნელობის ინტერესები, რაც თავის, მხრივ, არღვევს სამართლიანი სამართალწარმოების პრინციპებს.

    ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი გადაწყდეს ზეპირი განხილვის საფუძველზე და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება კვლავ არ გამოიტანოს დახურული პროცესის საფუძველზე”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

    გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

    “გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს.

    აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ისინი დაავადებებისგან, ასევე, დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება.

    ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ჯერ მხოლოდ სატესტო არეალებზე დაიწყო (იმერეთი, კახეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შესაბამისად, სიმართლეს არ შესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული ლოკაციებიდან აყვანილ ძაღლებს ეტაპობრივად აბრუნებს აყვანის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსხვავებული მიდგომაა სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების ტერიტორიებიდან აყვანილი ცხოველების შემთხვევაში. ისინი ბრუნდებიან არსებული ტერიტორიების მოშორებით.

    რაც შეეხება ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

    აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიულად შემოწმდა ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია. გადამოწმების შედეგად, სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.

    მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

    გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, ინსინერატორში ხდება თავშესაფრის ბინადარი ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების და გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია”, – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

  • ირანის ახალმა პრეზიდენტმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა – ტრამპი

    ირანის ახალმა პრეზიდენტმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა – ტრამპი

    ირანის რეჟიმის ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც ნაკლებად რადიკალიზებული და გაცილებით უფრო ჭკვიანია, ვიდრე მისი წინამორბედები, ახლახან აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა. განვიხილავთ, როდის გაიხსნება ჰორმუზის სრუტე, როდის იქნება ის თავისუფალი და უსაფრთხო. იქამდე კი ირანს მიწასთან გავასწორებთ ან, როგორც იტყვიან ხოლმე, ქვის ხანაში დავაბრუნებთ

    წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ში.

  • მზია ამაღლობელის მიმართ ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – ომბუდსმენი

    მზია ამაღლობელის მიმართ ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – ომბუდსმენი

    მზია ამაღლობელის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – ამის შესახებ ომბუდსმენის  ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აღწერს.

    “კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში. პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს, ასევე, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაუთვალისწინებია. დაკავების ოქმის მსგავსი შინაარსისაა 2025 წლის 11 იანვარს შედგენილი პოლიციელის პატაკიც. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2025 წლის 14 თებერვალს, მზია ამაღლობელის მიერ 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა პირების დაკავებისას, პოლიციისთვის ხელის შეშლის გამო. ამ საქმეზე, სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან მხოლოდ სტიკერი გააკრა (სხვა ქმედება არ ჩაუდენია), და ამის გამო მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კომპეტენცია პოლიციას არ ჰქონდა. თუმცა, სასამართლომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, რომელიც „სტიკერის“ გაკვრაში გამოიხატა, ასკ-ის 173-ე მუხლის ქვეშ სამართალდარღვევად განიხილა და სამართალდარღვევად ცნობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო. რამდენიმე თვეში, პოლიციამ კვლავ დაიწყო მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება, ამჯერად, ასკის 150-ე მუხლით, იმავე საფუძვლით, იმავე თარიღზე, ადგილზე, ფაქტსა და მოქმედებაზე მითითებით, რისთვისაც ის უკვე გასამართლებული იყო. კერძოდ, 2025 წლის 30 აპრილს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 11 იანვარს, აქციაზე, მზია ამაღლობელმა არ გაითვალისწინა პოლიციის მოთხოვნა და პოლიციის შენობის გარე ფასადზე გააკრა სტიკერი.

    ხსენებულ საქმეზე, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა, სადაც ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის შესაძლო დარღვევის რისკსა და მშვიდობიანი პროტესტის ფორმის სამართალდარღვევად გაუმართლებლად კვალიფიკაციის საშიშროებაზე მიუთითა“,- ნათქვამია ანგარიშში.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.

    „3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.

    ქ. თბილისში 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 აპრილს კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 და 4 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • კობახიძეზე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში – მაჭავარიანი

    კობახიძეზე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში – მაჭავარიანი

    კობახიძეზე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში – განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა, კობახიძის მისამართით ფრაქცია „საქართველოსთვის“ კრიტიკის პასუხად გააკეთა.

    „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად წამგებიანი იყო, ყველა საქმე სააშკარაოზე გამოვიდა. ხედავთ როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ. როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, ეს ჩვენთვის სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ორმაგი დარტყმაა, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და ხელი არავისთვის არ დაგვიფარებია, იმის მიუხედავად, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან წამგებიანია.

    რაც ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა, იმ დღიდან მთავრობის ყველა განკარგულება გამჭვირვალეა. მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა. მან ჩამოაყალიბა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაა კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა. სუს-ის ხელმძღვანელად პარლამენტს მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარუდგინა – მდინარაძის შესაძლებლობებზე რომ დავიწყო საუბარი, ძალიან შორს წავალთ. ხედავთ, როგორ ეფექტურად მუშაობს სუს-ი კორუფციის წინააღმდეგ. ასევე კობახიძის ინიციატივით გაციფრულდა შესყიდვების მოდული და ივლისიდან სამთავრობო შესყიდვები მთლიანად ციფრულ მოდულში გადავა, რაც გამორიცხავს იმას, რომ ვინმემ ვინმეს რაიმე პირობები მოარგოს.

    აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რაც ირაკლი კობახიძის დაპირება იყო – სულ რამდენიმე წელიწადში კორუფციის სიმცირის კუთხით საქართველო მალე ტოპ სამ ქვეყანაში შევა.

    ირაკლი კობახიძის მოწოდებაა, რომ თუკი სადმე კორუფციის ნიშნებს ხედავთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ და მყისიერი რეაგირება იქნება. თუ მყისიერი რეაგირება არ იქნება, შეგიძლიათ ჟურნალისტებთან გააკეთოთ განცხადება, რომ მიწოდებულ ინფორმაციას რეაგირება არ მოჰყვა. გპირდებით, რომ რეაგირება აბსოლუტურად ყველაფერზე იქნება“,