Category: ახალი ამბები

  • თავისუფლების დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი – ოპოზიციის ალიანსი

    თავისუფლების დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი – ოპოზიციის ალიანსი

    თავისუფლების დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი – “ოპოზიციის ალიანსი” 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

     

    “9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა, გმირული თავგანწირვითა და ბრძოლით, დაიბრუნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად, დაასრულეს საბჭოთა ოკუპაცია. ამ დღის შემდეგ, კომუნისტური პარტია საქართველოში საბოლოოდ გადატყდა და მზადება დაიწყო ეროვნული დამოუკიდებლობის აღსადგენად. და საბოლოოდ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს 3.3 მილიონმა მოქალაქემ ერთხმად დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის აღდგენას.

    35 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით გადაწყდა საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ერთსულოვანმა ნებამ უნდა გადაარჩინოს დამოუკიდებლობა ოლიგარქი ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან – ახლა! საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, რადგან ის ივანიშვილის რუსულ დიქტატურაში ვერ გადარჩება”. – წერს ოპოზიციის ალიანსი.

    ალიანსის განცხადებით, თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად “სასიცოცხლოა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი”.

    “საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გადარჩება, თუ ის რუსეთის პირისპირ სრულად დაუცველი, მარტო დარჩა. თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი, რომელმაც ქვეყანა თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციაში მოაქცია.

    სწორედ ამიტომ, ოპოზიციის ალიანსი მასშტაბურ შეკრებას ვაანონსებთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რათა 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის მსგავსად, დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ეროვნული მობილიზაციის პროცესი დავიწყოთ, რომელიც საბოლოოდ წააქცევს მოღალატე რეჟიმს და ქვეყანას განვითარების ისტორიულ გზაზე დააბრუნებს”. – წერია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.

  • გარეგნული თავისუფლება ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს – შიო

    გარეგნული თავისუფლება ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს – შიო

    დღეს ვფიქრობთ იმაზე თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, ისევე 9 აპრილს დაღუპულმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება და ამისთვის არ არის საკმარისი გარეგნული პირობები, მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ამისთვის აუცილებელია ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება, შინაგანად მოპოვებული და უნდა გვესმოდეს რა არის თავისუფლება ნამდვილი. რომ ეს არ არის მხოლოდ აკეთო ის რაც მოგესურვება, არამედ შეგეძლოს მართო შენი თავი. აკეთო ის, რაც მართებულია და საჭიროა. გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს

    თქვა პატრიარქის ტახდის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა 9 აპრილის მემორიალთან.

  • ურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს – გვარამია

    ურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს – გვარამია

    „მე მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი მზად არის, ხელისუფლებაში მოვიდეს და ქვეყანა წაიყვანოს ევროკავშირისკენ და 5-6 წელიწადში ქვეყანა გახადოს ევროკავშირის წევრი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. დანარჩენი პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც თავისუფალია, საკუთარი პოლიტიკური გემოვნება გამოხატოს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს. წარმატებას ვუსურვებ მას ამ საქმეში, თუ ის საჭიროდ თვლის ამას და თუ ამის შესაძლებლობები აქვს. კი ბატონო,“

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩნდნენ“.

  • არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

    არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

    “არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით” – განაცხადა  საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

    “ახლა უბრალოდ, გესმით, ასეთი დღეებია, წინჩასატარებელი გვაქვს სინოდი, გაფართოებული კრება. ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. […] ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ჩვეულებრივი, ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც”. – თქვა დეკანოზმა ანდრიამ.

  • პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს – უკრაინის საელჩო

    პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს – უკრაინის საელჩო

    უკრაინის საელჩო საქართველოში 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ყველას, ვინც იბრძოდა საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლისთვის. ეს მოვლენები განმსაზღვრელი გახდა საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის და სამუდამოდ აღიბეჭდება, როგორც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლო”. – წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

  • ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა – მედია

    ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა – მედია

    ზავის მიუხედავად, ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ, ირანის სახელმწიფო მედია Fars News agency იუწყება.

    მედიის ინფორმაციით, სრუტის დაკეტვა ისრაელის არმიის მიერ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ განხორციელებულ მასიურ შეტევებს მოჰყვა.

    გემების მონიტორინგის სერვისის ინფორმაციით, ზავის გამოცხადების შემდეგ სრუტის გავლა მხოლოდ ორმა ტანკერმა მოახერხა.

    აშშ-ის მიერ ირანზე დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა ორკვირიანი ზავის საფუძველზე შეჩერებულია.

  • 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ – ლიეტუვის საგარეო

    1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ – ლიეტუვის საგარეო

    ლიეტუვის საგარეო უწყება პატივს მიაგებს 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის გმირულად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას.

    „ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ. ლიეტუვა პატივს მიაგებს იმ ადამიანების სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავ იბრძვიან დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“ – ვკითხულობთ ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.

  • “ქართული ოცნება” არის ის ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდის. ეს მემორიალი არის სწორედ ის მემორიალი, სადაც ვერ უნდა მიდიოდნენ – ზურაბიშვილი

    “ქართული ოცნება” არის ის ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდის. ეს მემორიალი არის სწორედ ის მემორიალი, სადაც ვერ უნდა მიდიოდნენ – ზურაბიშვილი

    “ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ჩვენი ხვედრი, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ყველასთვის, ეს დამოუკიდებლობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასია. ამაზე არც უფიქრიათ ერთ წუთი იმ ადამიანებს, რომლებიც აქ იყვნენ. ბოლომდე იდგნენ ყველა, გაფრთხილების მიუხედავად. იდგნენ და დარჩნენ. ასე იქნება პროტესტის გზა, რომელიც ბოლომდე იდგება, რადაც არ უნდა დაუჯდეს. იმიტომ, რომ ამათი გაშვება არ იქნება. No pasarán – ეს არის ჩვენი გზავნილი. რაც არ უნდა აქ მოვიდნენ და ვითომც და პატივი სცენ, თუნდაც დაიჩოქონ, არაფერი ეშველებათ. ესენი [„ქართული ოცნება“] არიან ისინი, ვინც საქართველოს ყიდის, საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდიან და არიან მზად იმისთვის, რომ თავიანთი გამდიდრებისთვის, ძალაუფლებისთვის, რომელიც აღარ გააჩნიათ, ყველაფერი გასცენ და ყველაფერი მისცენ რუსებს. ეს მემორიალი არის სწორედ ის მემორიალი, სადაც ვერ უნდა მიდიოდნენ. არ კი არა, ვერ უნდა მიდიოდნენ. ნათელია რამდენი პოლიციელი სჭირდებათ იმისთვის, რომ აქამდე მოვიდნენ“,

    რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

  • კობახიძემ მდინარაძეს სუს-ის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება ვადის ამოწურვამდე მიანიჭა

    კობახიძემ მდინარაძეს სუს-ის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება ვადის ამოწურვამდე მიანიჭა

    ირაკლი კობახიძის 9 მარტის ბრძანებით, ივანიშვილის სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება ვადამდე მიენიჭა – 1 თვის შემდეგ, კობახიძის 8 აპრილის ბრძანებით კი მან მორიგი უფროსი სპეციალური წოდება მიიღო ვადამდე – მდინარაძე ამიერიდან “სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი” იქნება.

    “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 2¹ პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება “სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი” – წერია კობახიძის ბრძანებაში.

  • რას წერს მსოფლიო მედია ახლო აღმოსავლეთში დროებით ზავზე – ტრამპის დროებითი შვება თუ თეირანის გამარჯვება? – პერსპექტივები და სცენარები

    რას წერს მსოფლიო მედია ახლო აღმოსავლეთში დროებით ზავზე – ტრამპის დროებითი შვება თუ თეირანის გამარჯვება? – პერსპექტივები და სცენარები

    შესაძლოა, პრეზიდენტ ტრამპის მუქარებმა მოკლევადიან პერსპექტივაში იმუშავა: ირანმა და აშშ-მ შეძლეს დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, რაც ორივე მხარემ საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა. თუმცა ირანთან ფუნდამენტური უთანხმოებები ისეთივე მწვავე რჩება, როგორც თებერვალში იყო.

    ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმებამ ტრამპს საშუალება მისცა გამოსულიყო სიტუაციიდან, რომელიც მას სახიფათო არჩევანის წინაშე აყენებდა — ან კონფლიქტის ესკალაცია მისი დაპირების შესაბამისად („მთელი ცივილიზაციის განადგურება“), ან უკან დახევა და ავტორიტეტის დაკარგვა. თუმცა გაურკვეველია, რამდენ ხანს გასტანს ზავი და რაზე შეძლებენ მხარეები შეთანხმებას ორი კვირის განმავლობაში –  მით უმეტეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევა ათწლეულების განმავლობაშიც ვერ ხერხდებოდა.

    ამ მხრივ განსაკუთრებული ოპტიმიზმი საერთაშორისო ანალიტიკოსებში არ შეინიშნება.

    ეჭვგარეშეა, ცეცხლის შეწყვეტა არის ბოლო მომენტში მიღწეული ტაქტიკური გამარჯვება, რომელმაც, სულ მცირე, დროებით მაინც უნდა უზრუნველყოს ნავთობის, სასუქებისა და ჰელიუმის მიწოდების განახლება ორმუზის სრუტის გავლით და დაამშვიდოს ბაზრები, რომლებიც შიშობდნენ, რომ გლობალური ენერგეტიკული შოკი მსოფლიო რეცესიას გამოიწვევდა, — აღნიშნავს New York Times. თუმცა მან ვერ გადაჭრა ვერცერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელმაც ომი გამოიწვია.

    ირანის რეჟიმი კვლავ არსებობს და არ არსებობს საფუძველი იმედისთვის, რომ ის მალე დაემხობა ან უფრო ლიბერალური გახდება.

    არსად გამქრალა ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებიც, რომლებიც თეორიულად ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

    თუ ადრე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ირანის შესაძლებლობაში, გაეკონტროლებინა ან გადაეკეტა ორმუზის სრუტე, ახლა ეს ეჭვები გაქრა.

    ეს პრობლემები ადრეც არსებობდა, თუმცა ახლა მათ ახლებიც დაემატა.

    სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებმა გააცნობიერეს, რომ დუბაის ცათამბჯენები და ქუვეითის წყლის გამამტკნარებელი (დეზალინაციის) დანადგარები შესაძლოა ირანის რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდეს.

    ტრამპის პოლიტიკური ბაზა გახლეჩილია — ყოფილი მხარდამჭერები მას ადანაშაულებენ იმაში, რომ დაარღვია დაპირება და აშშ კვლავ ჩაითრია ახლო აღმოსავლეთის უშედეგო ომებში, რაც  ბენზინის ფასების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით არასასურველია შემოდგომაზე დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ.

    მიყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით:

    სამშვიდობო გეგმა

    ერთი თვის წინ ტრამპი თეირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ მოითხოვდა და აცხადებდა, რომ თავად გადაწყვეტდა, როდის იქნებოდა ირანი სრულად დამარცხებული. სამშაბათ საღამოს მისი ტონი შეიცვალა. ის  დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების გამართვას ირანის მიერ წარმოდგენილი 10-პუნქტიანი გეგმის საფუძველზე, რომელიც პაკისტანის მხარეს გადაეცა. ტრამპმა მას უწოდა „მუშა საფუძველი მოლაპარაკებებისთვის“ .

    „ნახეთ ირანის გეგმა? — ამბობს რიჩარდ ფონტეინი, ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის ‘ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის’ აღმასრულებელი დირექტორი. — ის ჰგავს თეირანის სურვილების სიას, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე იყო შედგენილი: მასში მოთხოვნილია ირანის უფლების გლობალური აღიარება ურანის გამდიდრებაზე, ამერიკული ჯარების სრულად გაყვანა რეგიონიდან და ეკონომიკური სანქციების მოხსნა. ასევე, შეიცავს მოთხოვნას, ირანს გადაუხადონ კომპენსაცია ომის შედეგად მიყენებული ზიანისთვის.“

    რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საწყისი წერტილია მოლაპარაკებებისთვის. თუმცა ირანული და ამერიკული ხედვები ომისშემდგომი რეგიონული მოწყობის შესახებ იმდენად განსხვავდება, რომ სწრაფ შედეგებს არ უნდა ველოდოთ.

    ობამას ადმინისტრაციას ბირთვული შეთანხმების მისაღწევად ორი წელი დასჭირდა — და ეს მშვიდობის პირობებში ხდებოდა. იმის მოლოდინი, რომ ორ კვირაში დიპლომატები შეძლებენ ასეთი განსხვავებული პოზიციების შეთანხმებას და  სრულფასოვან სამშვიდობო შეთანხმებად ქცევას, მით უმეტეს, დაბომბვების განახლების მუქარის ფონზე – გეოპოლიტიკაში გადაჭარბებული ოპტიმიზმია.

    როგორ რეაგირებს ისრაელი

    აღსანიშნავია, რომ ისრაელმა, მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა ტრამპის გადაწყვეტილებას სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ (პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეს), აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ლიბანს არ ეხება. ბოლო კვირებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ძალები შეიყვანეს და განაცხადეს, რომ ლიტანეს მდინარის სამხრეთით ტერიტორიაზე კონტროლს შეინარჩუნებენ მანამ, სანამ „ჰეზბოლას“ მხრიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება.

    ამავე დროს, როგორც ირანის, ისე მოლაპარაკებებში შუამავლად ჩართული პაკისტანის განცხადებებში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზეც ვრცელდება. ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ ამ დრომდე ოფიციალური რეაქცია არ გაუკეთებია, თუმცა ოთხშაბათ დილით ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმები, როგორც ჩანს, შეწყდა.

    თუმცა ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ისრაელი ზავის პირობებს ისე დაიცავს, როგორც ამას ვაშინგტონი (და რაც მნიშვნელოვანია, თეირანი) ხედავს. ირანის რეჟიმის დასუსტება ისრაელის სტრატეგიული მიზანია, მაგრამ ეს არ ხსნის „ჰეზბოლას“ და სხვა დაჯგუფებების პრობლემას, რომლებიც ქვეყნის საზღვრებთან მოქმედებენ. შეაჩერებს თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპერაციებს ლიბანში — ეს ცალკე საკითხია.

    „ნებისმიერი შეფასება უნდა ეფუძნებოდეს მთავარ ფაქტს: ირანს კვლავ აქვს გამდიდრებული ურანი. ეს რეალობა არ შეცვლილა,“ — აღნიშნავს ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსი დენის სიტრინოვიჩი.

    აშშ-ის პრეზიდენტები უკვე 20 წელია აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან, აწესებენ სანქციებს და ცდილობენ მისი ეკონომიკის დასუსტებას. ახლა ტრამპის წინაშე დგას ამოცანა დაამტკიცოს, რომ მისი ომი ირანთან უკეთეს შედეგს გამოიღებს.

    თუ მას არ გამოუვა ქვეყნიდან გაიტანოს 400 კგ 60%-ით გამდიდრებული ურანი, ასევე გაცილებით დიდი მოცულობის დაბალგამდიდრებული ბირთვული საწვავი, მაშინ ამ ომში — რომელიც დღეში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ჯდება — ის მიაღწევს ნაკლებს, ვიდრე ობამამ 11 წლის წინ, სამხედრო მოქმედებების გარეშე შეძლო (2015 წლის შეთანხმების ფარგლებში ირანმა დაკარგა თავისი ბირთვული მარაგების 97%).

    იგივე ეხება თეირანის სარაკეტო არსენალს, რომლის დათმობას რეჟიმი არ აპირებს. აშშ-ის შესაძლებლობა სრულად გაანადგუროს ან მნიშვნელოვნად შეამციროს ირანის რაკეტების რაოდენობა ადრეც ეჭვქვეშ იდგა სამხედრო ექსპერტებში, ხოლო ბოლო თვის მოვლენებმა აჩვენა, რომ ირანს კვლავ შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება — თუ არა თავად აშშ-სთვის, მაშინ მისი მოკავშირეებისთვის რეგიონში.

    ორმუზის სრუტე

    ორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის, ხოლო ამერიკა-ისრაელის დაბომბვების შეწყვეტა – ირანისთვის. ომი არ დასრულებულა – მხოლოდ ზავი დადგა, რომლის განმავლობაში მხარეებს მოუწევთ მშვიდობის პირობებზე შეთანხმება, — აღნიშნავს BBC-ის სამხედრო მიმომხილველი პაველ აკსენოვი.

    ამასთან, თავად სრუტის ბლოკადის მოხსნა გამარჯვებად ვერ ჩაითვლება. ეს ბლოკადა ირანის თავდაცვითი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო და ომის შედეგად წარმოიშვა. შესაბამისად, ეს უფრო იმ პრობლემის მოხსნაა, რომელიც თავად ომმა შექმნა.

    თუმცა, მაშინაც კი, თუ ირანი სრულად გახსნის ორმუზის სრუტეს და არ დააწესებს გადასახადებს ან სხვა საფასურს გემების გავლაზე, მან უკვე აჩვენა, რომ შეუძლია გააკონტროლოს ეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური „ბოთლის ყელი“.

    მას შემდეგაც კი, რაც ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თქვა, რომ ირანი შეწყვეტს „დაცვით ოპერაციებს“ და უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას ორმუზის სრუტეში — „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით“.

    „ირანი ინარჩუნებს სრუტეზე კონტროლს, რაც ომამდე არ ჰქონდა,“ — აღნიშნავს რიჩარდ ფონტეინი. — „მიჭირს დავიჯერო, რომ შეერთებული შტატები და მსოფლიო მიიღებენ სიტუაციას, სადაც ირანი უსასრულოდ გააკონტროლებს ამ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ გასასვლელს. ეს ბევრად უარესი შედეგი იქნებოდა ომამდელ მდგომარეობასთან შედარებით.“

    დენის სიტრინოვიჩის შეფასებით, ორმუზის სრუტის გახსნა მოლაპარაკებების მთავარი მიზანი იყო. ნავთობის ფასებმა უკვე რეაგირება მოახდინა კლებით, თუმცა აშშ-ში ბენზინის ფასებზე ეს ჯერ არ ასახულა, რაც ტრამპისთვის კიდევ ერთ პრობლემად რჩება.

    ტრამპის პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყნის შიგნით

    მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პარტიაში ბევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტს, ეს მხარდაჭერა შორს იყო იმ თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერისგან, რომლითაც ის ხშირად სარგებლობს, — წერს BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის კორესპონდენტი ენტონი ზურკერი.

    ერთი მხრივ, პრეზიდენტის ახლო მხარდამჭერებიც კი უსიამოვნოდ გააკვირვა „ცივილიზაციის განადგურების“ და მსგავსი მუქარების სერიამ, რომელსაც ტრამპი ბოლო დროს თითქმის ყოველდღიურად ავრცელებდა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე.

    ვისკონსინის სენატორმა რონ ჯონსონმა, რომელიც ჩვეულებრივ ტრამპისადმი ლოიალურია, განაცხადა, რომ „დიდი შეცდომა“ იქნებოდა, თუ ტრამპი ბოლომდე მიიყვანდა დაბომბვების კამპანიას. ტეხასის კონგრესმენმა ნათანიელ მორანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ უჭერს მხარს „მთელი ცივილიზაციის განადგურებას“. „ჩვენ ასეთები არ ვართ,“ — დაწერა მან, — „და ეს არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რომლითაც ამერიკა დიდი ხანია ხელმძღვანელობს.“

    პრეზიდენტის მიმართ იმედგაცრუება, რომელიც ომის დაწყებისთანავე გაძლიერდა, შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ ზავი დროებითი აღმოჩნდება და მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. ასეთი სცენარის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

    ამ დროისთვის ნავთობის ფასი რამდენიმე დღის შემდეგ პირველად ჩამოვიდა 100 დოლარზე ქვემოთ, ხოლო ამერიკული აქციების ფიუჩერსები მკვეთრად გაიზარდა. თუმცა ფინანსური ბაზრების ოპტიმიზმი, როგორც წესი, მოკლევადიანი და არამდგრადია.

    რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ამერიკელები ტრამპით და მისი პოლიტიკით, ეს უკვე ნახევარ წელიწადში გახდება ნათელი – ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე.

    მიუხედავად თეთრი სახლის გამარჯვების განცხადებებისა, ტრამპის დაბრუნებასთან დაკავშირებული დაპირებული „ოქროს ხანა“ ამერიკელთა უმრავლესობისთვის არ დამდგარა, ხოლო ომის პერიოდში გაზრდილი ბენზინის ფასები შეიძლება პრეზიდენტისთვის ისეთივე მტკივნეული აღმოჩნდეს, როგორც ადრე ტარიფების ომის შედეგები, რომლებმაც ამომრჩეველთა ჯიბეზე იმოქმედა.

    ტრამპისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში

    თუნდაც ამჟამინდელმა ზავმასაბოლოოდ მყარ მშვიდობამდე მიიყვანოს, ირანთან ომმა (და ტრამპის ბოლო განცხადებებმა) შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ის, თუ როგორ აღიქვამს დანარჩენი მსოფლიო შეერთებულ შტატებს, — აღნიშნავს ზურკერი.

    „უცნობია, მოახდინა თუ არა ასეთი შოკისმომგვრელი მუქარამ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლა ირანზე და აიძულა ის დათანხმებოდა იმ ზავს, რომელსაც ადრე უარყოფდა,“ — წერს ის. — „ერთი კი ცხადია: ტრამპის გამაოგნებელი და პროვოკაციული განცხადება — სულ ორი დღის შემდეგ მსგავსი მოთხოვნისა, რომელიც არაცენზურული ფორმულირებებითაც იყო გამყარებული Truth Social-ზე — არაფერს ჰგავს იმასთან შედარებით, რაც ოდესმე უთქვამს ან თუნდაც მიუნიშნებია  ამერიკის რომელიმე პრეზიდენტს.“

    ტრამპის ტაქტიკა, რომელიც რიტორიკის უკიდურესად გამწვავებას ეფუძნება, აშკარად დაეხმარა მას გამოსავლის პოვნაში, — აღნიშნავს New York Times. ამან შესაძლოა კიდევ უფრო განამტკიცოს მისი რწმენა, რომ ნიუ-იორკის უძრავი ქონების სამყაროში ნასწავლი მიდგომა – ძველი შეთანხმებების იგნორირება და მაქსიმალისტური მოთხოვნების დაყენება – გეოპოლიტიკაშიც მუშაობს.

    ქვეყანა, რომელიც ტრადიციულად საკუთარ თავს მსოფლიო სტაბილურობის უზრუნველმყოფ ძალად წარმოაჩენდა, ახლა თავად არღვევს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს–წერს გამოცემა.

    ირანში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, აუცილებლად გაჩნდება კითხვა – რამდენად შეიძლება საერთოდ ენდო პრეზიდენტის სიტყვას. სულ ერთინახევარი თვის წინ ტრამპი ირანელ ხალხს მოუწოდებდა აჯანყებულიყვნენ და დაემხოთ საკუთარი მთავრობა, ამბობდა, რომ „დახმარება უკვე გზაში იყო“. ახლა კი ამავე მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. სამშაბათს მან ასევე განაცხადა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი ეკუთვნის „სხვა — უფრო გონიერი და ნაკლებად რადიკალიზებული“ ლიდერების თაობას.

    ამასთან, თუ მოლაპარაკებები ჩავარდება, შესაძლოა ახალი ომი დაიწყოს, — აღნიშნავს ჟურნალ Economist-ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი გრეგ კარლსტრომი. თუმცა ომი ამერიკაში უკიდურესად არაპოპულარულია, და ტრამპი ძალიან ცდილობს მის დასრულებას მაისში სი ძინპინთან შეხვედრამდე, რის გამოც მზად არის, სულ მცირე ამ ეტაპზე, თავიდან აიცილოს ესკალაცია და მოქნილობა გამოიჩინოს.

    მოკლევადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით თუ ნავთობის ფასები მართლაც დაბრუნდება ომამდელ დონეზე, ტრამპს შეუძლია არსებული ვითარება საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს, თუმცა არსებობს ეჭვი, დაიჯერებს თუ არა ამას  სი ძინპინი .  თუმცა პეკინში აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას იმას, რამდენად სწრაფად და მკვეთრად ცვლის პრეზიდენტი პოზიციას გარემოებების მიხედვით.

    და თუ ირანმა მართლაც მიიღო გარანტიები იმ „ათი პრინციპის“ საფუძველზე, რომელზეც ტრამპმა ისაუბრა – ეს მეორეხარისხოვანი შედეგი კი არა, არამედ სტრატეგიული გამარჯვებაა თეირანისთვის, – მიიჩნევს სიტრინოვიჩი. ტრამპის განცხადება, რომ აშშ-მ „მიაღწია და გადააჭარბა“ ყველა სამხედრო მიზანს, შესაძლოა მხოლოდ მის ყველაზე ერთგულ მხარდამჭერებს დააჯეროს, რომელთა რაოდენობაც, როგორც ჩანს, მცირდება.