Category: ახალი ამბები

  • მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე – ემანუელ მაკრონი

    დემოკრატიის ევროპული მოდელი, ასევე, არის განხილვის საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე, კიბერშეტევები, ამომრჩევლის მოსყიდვა, მანიპულაცია, ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა, მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და იმედი მაქვს, რომ საქართველო განამტკიცებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს.

    ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

  • ხელისუფლებისთვის ბევრი სიურპრიზი იქნება –  ხოშტარია სამოქმედო გეგმებზე

    ხელისუფლებისთვის ბევრი სიურპრიზი იქნება – ხოშტარია სამოქმედო გეგმებზე

    ქუჩის პროტესტის კონკრეტული და კოორდინირებული გეგმა გვაქვს, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვით. მაგრამ, ამას თავისი დინამიკა აქვს და შემიძლია გითხრათ, რომ ის იქნება ძალიან მწვავე, ერთიანი და შედეგზე ორიენტირებული – ქართული ოცნებისთვის ბევრი სიურპრიზი იქნება […]

    ქუჩაში ბრძოლის მზაობა ყველას უნდა გვქონდეს. მიმართულებას, კონკრეტულად როდის და რა უნდა გავაკეთოთ, საზოგადოება გაიგებს. ჩვენ, ოპოზიცია კოორდინირებულად ვმუშაობთ.

    თქვა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში.

  • 22 საათიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციომ გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა სარჩელები

    22 საათიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება უბნების გაბათილებასათან დაკავშირებით.  მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში დიმიტრი გვრიტიშვილიც შედიოდა, გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.

    სააპელაციო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნების”, საიასა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საჩივრებს განიხილავდა. არასამთავრობოები რიგ უბნებში ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.პროცესზე ჯამში 40 ოლქზე გამოვლენილი დარღვევები განიხილებოდა.

    საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

    “გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. ეს, პრინციპში, ჩვენთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით, მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის ერთად გაერთიანებას და არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი ამ საქმეში. ეს იგრძნობოდა გუშინ, იგრძნობოდა იმ განხილვით, როგორც სასამართლომ ეს განიხილა.

    ეს იყო კოორდინაციაში მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. სასამართლო სისტემამ გადაწყვიტა, არ გამეორებულიყო რაიმე განსხვავებული მოსაზრება სასამართლოდან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ველოდით, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა, არ იყო დაცული და ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რომელიც მან ვერ იტვირთა, ეს არის ფაქტი”- თქვა ქურდოვანიძემ.

  • ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას! – მაკრონის, შოლცის და ტუსკის ერთობლივი განცხადება

    სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ მოახდენს ხელშესახები რეფორმების გატარებისთვის ძალისხმევის დემონსტრირებას, განსაკუთრებით ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.” – ამის შესახებ ნათქვამია,  გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის,  საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერის, დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაში.

    “ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვხელმძღვანელობთ რა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მრავალი დარღვევა და ამომრჩევლის დაშინება, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საზოგადოების ნდობაზე პროცესის მიმართ.
    ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მოხდეს ყველა დარღვევის სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება და ყურადღებით გავეცნობით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნას.

    ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ის დაცული უნდა იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა ეს მიზანი მიღწეულ იქნას.

    26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია და აუცილებელი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

    სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ მოახდენს ხელშესახები რეფორმების გატარებისთვის ძალისხმევის დემონსტრირებას, განსაკუთრებით ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.” – ნათქვამია განცხადებაში. 

  • თბილისის სააპელაციოს სხდომა ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას – საია

    “თბილისის სააპელაციოს სხდომა ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ 22 საათიან პროცესს ეხმიანება.

    “თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე 22 უწყვეტი საათია მიმდინარეობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილება.

    ამ საქმეთა შორის გაერთიანებულია საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293, ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე.

    სამართლიანი სასამართლოს უფლების ძირითადი კონსტიტუციური პრინციპია, რომ სამართალწარმოება უნდა წარიმართოს გონივრულ ვადებში, რაც უზრუნველყოფს პროცედურული სამართლიანობის უზრუნველყოფას. გონივრული ვადა მიემართება, როგორც საქმის განხილვის სრულ დროს, ისე საქმის განხილვის სხდომის დროს.

    თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდინარე სხდომა, რომელიც ახლა 22 უწყვეტ საათს აჭარბებს, ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას.

    გარდა ამისა, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი ვადები, რადგან გადაწყვეტილებების მიღება არაუგვიანეს გუშინ, ღამის 12:00 საათამდე უნდა მომხდარიყო.

    სასამართლო პროცესის ამგვარი წარმართვა ვერ აკმაყოფილებს როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის (ECHR, ICCPR) სტანდარტებს, რითიც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება.

    უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალების არ ქონა კი, პირდაპირ გავლენას ახდენს სადავო უფლების, ამ შემთხვევაში, საარჩევნო უფლების დაცვაზე, რითიც ამ უფლების ეროვნულ დონეზე დაცულობის არსს არარად აქცევს.

    შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმეების გაერთიანების გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ მიიღო. სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა რომელიმე მოსამართლის მიერ სასამართლო კლანისაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება,” – წერია განცხადებაში. 

  • ბრიტანეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის “ექსპრეზიდენტი”, ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა

    დიდმა ბრიტანეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის “ყოფილ პრეზიდენტს”, ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, ბიბილოვი დასანქცირებულია უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის.

    “ბიბილოვი მონაწილეობს ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, რაც ძირს უთხრის, ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში დასაბუთებაში.

  • ვნახეთ ისეთი ბიულეტენები, სადაც 41 იყო შემოხაზული და იქვე ხელმოწერა ჰქონდა – ISFED

    ვნახეთ ისეთი ბიულეტენები, სადაც 41 იყო შემოხაზული და იქვე ხელმოწერა ჰქონდა – აცხადებს ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორი ნინო დოლიძე.

    ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს ამომრჩევლის ნების კონტროლის ერთ-ერთი გზა იყო, რათა მათ დაედასტურებინათ, რომ ხმა ნამდვილად მმართველ გუნდს მისცეს.

    “ვნახეთ ისეთი ბიულეტენები, სადაც ქართული ოცნება იყო შემოხაზული და იქვე ხელმოწერა ჰქონდა, რაც, შესაძლოა, ადასტურებდეს, რომ ამ ამომრჩევლების ნების კონტროლი ასეთი გზით ხდებოდა – რომ მათ დაედასტურებინათ, რომ ხმა ნამდვილად მმართველ გუნდს მისცეს […] ხელმოწერებით მინიშნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი ხდებოდა და მათ დავალება ჰქონდათ, რომ ხმა ქართული ოცნებისთვის მიეცათ”. – თქვა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

  • ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელსაც თვითონ უნდა ეძებდეს – ზურა ჯაფარიძე

    “ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელსაც თვითონ უნდა ეძებდეს” – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ განაცხადა

    „კითხვები ჰქონდათ ძირითადად ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მე ჩავწერე, სადაც ვყვები გაყალბების სქემებზე და აინტერესებდათ მტკიცებულებები. რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებ-გვერდების მისამართებზე, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არა მხოლოდ პროკურატურას, შეუძლია ნახოს მტკიცებულებების წყება, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღეს. შესავალ სიტყვაში ავხსენი, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს ჩათვლით, საერთოდ როგორ მოხდა საქართველოს მოქალაქეების ნების და არჩევანის მიტაცება. დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის, სადაც ძირითადად მიწევდა მითითება სხვადასხვა ვებ-გვერდებზე. ზღვა მასალა არის განთავსებული სხვადასხვა ვებ-გვერდებზე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს. თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მაგის პრობლემა არ არის. სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება არ არის მარტო არჩევნების დღეს, არჩევნები გაყალბება არის წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლა რასაც ვაკეთებთ, აქ რომ ვდგავარ და მიწევს სიარული და კითხვებზე პასუხების გაცემა, ესეც არჩევნების გაყალბების გაგრძელებაა. ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

  • “მოვუწოდებთ პროკურატურას, არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა” – “ჩემი ხმა”

    “მოვუწოდებთ პროკურატურას, არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა” – ასე მიმართავს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ხმა” პროკურატურას.

    “სადამკვირვებლო კოალიციამ “ჩემი ხმა” საზოგადოებას მრავალჯერ მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემების, ფორმებისა და გაყალბების პროცესში სავარაუდოდ ჩართულ პირთა შესახებ, ასევე არაერთხელ მოუწოდა პროკურატურას, გამოეძიებინა ის ათეულობით დანაშაული,1 რომლებიც ფოტო და ვიდეო მასალაზეა აღბეჭდილი: პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება/ხელყოფა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სხვისი პირადობის მოწმობებითა და პირადი ნომრებით ხმის მიცემა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობა, ამომრჩევლებზე ზეწოლა და  სხვა ფაქტები.

    საჯაროდ ხელმისაწვდომია ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ჟურნალისტური გამოძიებები და ცესკოში წარდგენილი საჩივრები, რომლებიც ნათლად ასახავს არჩევნების გაყალბების სქემებს და აიდენტიფიცირებს კონკრეტულ პირებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ დარღვევებში მონაწილეობდნენ. თუმცა, პროკურატურამ ამ ფაქტებზე დროული რეაგირების, განადგურების საფრთხის ქვეშ არსებული მტკიცებულებების დაუყოვნებლივ მოპოვებისა და კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში უშუალოდ მონაწილე პირთა გამოკითხვის ნაცვლად, გამოძიება დაიწყო მხოლოდ 30 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე და ახლა საგამოძიებო ფუნქციების შესრულებას ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი განცხადების, მათ შორის კოალიციის მხრიდან, გავრცელების მიუხედავად, გამოძიებაც კი არ დაწყებულა პირადობების მოწმებობის ჩამორთმევის, ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ამომრჩეველთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვების არც ერთ ფაქტზე.
    ჩვენი არაერთი განცხადების საპასუხოდ – მომხდარიყო დროული რეაგირება დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტეზე, დღეს პროკურატურამ მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ წევრი და პრეს-სპიკერი – ლონდა თოლორაია.

    ჩვენების მისაცემად, შესაძლოა, კოალიციის სხვა წევრებიც დაიბარონ. მიუხედავად კოალიციის სურვილისა – არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულები გამოძიებულიყო ობიექტურად, 6 ნოემბერს ლონდა თოლორაიასთვის დაკითხვის პროცესში პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან დასმული კითხვები მიანიშნებს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიზანია არა დანაშაულის ფაქტების შესახებ ობიექტური, დროული ინფორმაციის მიღება და და ეფექტიანი გამოძიება, არამედ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების გამყარება.

    ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ნების არსებობის პირობებში, პროკურატურას გამოძების დროულად დაწყების პარარლელურად, უნდა მოეპოვებინა და შეესწავლა დანაშაულის ამსახველი უშუალო მტკიცებულებები, უნდა დაეიდენტიფიცირებინა ფოტო-ვიდეო მასალებში იდენტიფიცირებული და თვითმხილველი პირები და დაუყოვნებლივ გამოეკითხა ისინი,  ვინაიდან არსებობს მათზე ზეწოლის საფრთხე.

    ის ფაქტი, რომ პროკურატურა, არჩევნების ჩატარებიდან 2 კვირის თავზე შემოიფარგლება მხოლოდ კოალიციის წევრების გამოკითხვით და ამ ეტაპამდე არ აქვს შესწავლილი კოალიციის მიერ წარდგენილი საჩივრები, კოალიციის მიერ გასაჯაროებული ვიდეო და ფოტო მასალა, მედია საშუალებებისა და მოქალაქეების მიერ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები და თვითმხილველთა ჩვენებები და ამ დრომდე არ დაუწყია ამ მასალებში იდენტიფიცირებადი პირების გამოკითხვა, ადასტურებს რომ საგამოძიებო ორგანოს მიზანია არა დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება, არამედ გამოძიების გაჭიანურება, კოალიციის საქმიანობის შეფერხება და კოალიციის წევრებზე ზეწოლა.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • ჩემთვის ცნობილი არ არის, მიულოცავს თუ არა პუტინი ტრამპს გამარჯვებას – პესკოვი

    “რაც შეეხება მილოცვას, ჩემთვის ცნობილი არ არის პრეზიდენტის გეგმები მილოცვასთან დაკავშირებით […] მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ მაინც არამეგობრულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩართულია ჩვენ წინააღმდეგ ომში.[…] საქმის მეტად გაუარესება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, შემდეგი განვითარება უკვე დამოკიდებულია აშშ-ს მომავალ ხელმძღვანელობაზე. პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და ერთმანეთის წუხილის გათვალისწინების სურვილზეა დაფუძნებული. პრეზიდენტი პუტინი ინარჩუნებს ამ დამოკიდებულებას, რომელიც არაერთხელ დაუდასტურებია. ამჟამად, აშშ-ს ადმინისტრაცია აბსოლუტურად საპირისპიროდაა განწყობილი. ვნახოთ, რა იქნება იანვარში”.

    აცხადებს ამის შესახებ, კრემლის პრესსპიკერი სმიტრი პესკოვი.