Category: ახალი ამბები

  • სიხარულია იცოდე, რომ ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს – ნიკა მელიას წერილი საპატიმროდან

    სიხარულია იცოდე, რომ ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს – ნიკა მელიას წერილი საპატიმროდან

    “სიხარულია იცოდე, რომ ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს ” – პარტია ახალის ლიდერი ნიკა მელია ციხიდან ვრცელ წერილს აქვეყნებს .

    “ამ ქვეყნის ყველა დროის ყველა ხელისუფალის მცდელობამ – საკუთარ ხალხზე უკეთესად წარმოეჩინა თავი, გაუცხოვება და გადაკიდება გამოიწვია საკუთარ ხალხთან.

    ივანიშვილის რეჟიმი არათუ გამონაკლისი არაა, მან ყველა წინა ხელისუფალს ბევრად გადააჭარბა ხალხის უგულებელყოფაშიც, რაც გარდაუვლად გამოიწვევს მის მარცხს. ივანიშვილი უკან შემოუბრუნებლობის წესით არის უკვე ხალხთან დაპირისპირებაში შესული, მან მანევრის სივრცე ვეღარ დაიტოვა, მისი და მისი ხელისუფლების მზარდად მძიმე მდგომარეობა აახლოვებს ქვეყანას ცვლილებებთან.

    თუმცა ცვლილებები იმავე აზროვნებით ვერ დადგება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დიდი ხანია ცვლილებების აუცილებლობა წარმოიშვა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა: პრობლემა ვერ მოგვარდება იმავე აზროვნებით, რომლითაც ეს პრობლემა შეიქმნა.

    სანამ გავაგრძელებ, შეგახსენებთ, 2024 წელს, არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოცხადდა, დამარცხებული კი – გამარჯვებულად. ივანიშვილმა ძალაუფლება მიიტაცა. ეს თითქოს ზოგჯერ გვავიწყდება…

    მიტაცებულის დასაბრუნებლად საჭიროა ცვლილებების მოსურნე საზოგადოების მკვეთრი ზრდა. მეორე მხრივ, ივანიშვილის სხვადასხვა მიზეზით არსებული მხარდაჭერის მწვავე შემცირება. ამას კი სჭირდება ხედვაში რევოლუცია!

    რა გეზითაც წარვმართავთ შემდგომ ძალისხმევას, ისე ვიცხოვრებთ.

    ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად შაბლონური მიდგომებით არ (აღარ) უნდა ვიხელმძღვანელოთ.

    ბოლო რამდენიმე თვეა, და ეს დამაიმედებელია, საპროტესტო საზოგადოებაში და მის მიღმაც, მდუმარე უმრავლესობის წიაღშიც, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც წარმოადგენს წლობით არსებული პოლიტიკური ბრძოლის ხედვებში აუცილებელი ცვლილებების საჭიროებას, რომელიც მოითხოვს მტანჯველ ძალისხმევას, რასაც თან ახლავს სამშობიარო ტკივილები.

    ხედვებში რევოლუციის შემდეგ, უკვე უშუალოდ ბრძოლის პროცესში, ყველამ თავისი სწორი როლი უნდა შეარჩიოს.

    პროცესი რაციონალური ელემენტებისგან, გონიერებისგან აღარ უნდა იყოს დაცლილი, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ჩვენსავე შიშველი ემოციების ნახარშში, მისსავე წვენში მოიხარშება ჩვენივე პოლიტიკური თუ საჯარო ცხოვრების ამჟამინდელი თაობები.

    თუ მიზანი მხოლოდ ღირსეული ბრძოლის ლეგენდის დატოვებაა, ეს მიზანი უკვე მიღწეულია, მას აღარაფერი ემუქრება. ათწლეულები შემოინახავს უამრავი ადამიანის თავდადებული ბრძოლის ისტორიებს.

    თუმცა, აი, უკვე გამარჯვებისთვის, თავისუფლებისთვის, პოლიტიკური უფლებების დაბრუნებისთვის, მდიდარი და უსაფრთხო, ქართული სახელმწიფოსთვის, საჭიროა შედეგი. იქამდე კი გვინდა ხედვებში ძირეული ცვლილებები, საიდანაც გამარჯვება უნდა ამოიზარდოს!

    შეიძლება ზოგს გაუკვირდეს, მაგრამ მაინც ვფიქრობ გაგაცნოთ ჩემი ეს პოზიციაც: დღეს ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, კრიტიკულ მედიაშიც, შესაძლოა, ბევრი დამაიმედებელი რამ არ დაილანდოს, თუმცა ხვალინდელი წარმატებული შედეგისთვის – არსებული პროცესი ძალიან სასარგებლოა.

    ხდება კრისტალიზაცია, ერთგვარი დაწმენდა – პერსონალურიც, მეთოდოლოგიურიც, იდეოლოგიურიც. შედეგად, ფართო საზოგადოება ადვილად შეძლებს ხორბალი გამოარჩიოს სარეველასაგან.

    მჯერა, მოხერხდება სწორი გააზრება იმ ახლებურად დამძიმებული გარემოსი, რომელშიც ცხოვრებაც გვიწევს და ბრძოლაც.

    კი ბატონო, ეს ჩვენი ცხოვრება და ბრძოლა, თითქოს აღმა ხვნას ჰგავდეს, მაგრამ ასე იყო წარსულში ყველა მებრძოლი პატრიოტის ცხოვრებაც, ბავშვობიდანვე მათი ცხოვრება აღმა ხვნა იყო, მაგრამ მოინდომებდნენ და მაინც მიაღწევდნენ წარმატებას.

    მჯერა, წარმატებით მოვახდენთ არსებულ ვითარებაზე რეაგირებას და მოქნილად მოვერგებით ცვალებად პირობებს – ვინც ასე არ მოიქცევა, ბრძოლას გამოეთიშება და ეს ვერ იქნება გამოსავალი.

    წლების განმავლობაში, უამრავი პოლიტიკოსის, ნჯო-ს და სხვა აქტიური / საჯარო პირების მიერ ხალხთან მუშაობის აუცილებლობა დაჩრდილული იყო უცხოეთიდან გადამწყვეტი დახმარების ილუზიით.

    ჩემთვის მიუწვდომელი და გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, ჯანსაღად ამბიციური ნჯო-სა თუ სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არცერთხელ ზუგდიდში?!

    ეს მიდგომაც მთლიანად შესაცვლელია. სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში!

    გაუცხოებული პოლიტიკოსი ყველაზე დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის და ამას ყოველდღე ადასტურებს ქართული ოცნება.

    ხალხთან გაუცხოებულ პოლიტიკოსს მხოლოდ საზეპირო ფრაზები და კარიერისტობა თუღა შერჩება, რასაც არასდროს არავისთვის სიკეთე არ მოუტანია.

    ამიტომაც არ მოსდით თავში არცერთი საკუთარი აზრი.

    საუბარს მიღმა კი მხოლოდ ტრეინინგებზე დაზუთხული ლოზუნგები დგას და არა პირადი გრძნობებით აღსავსე სააზროვნო შედეგები. ეს არის დღევანდელი სახელისუფლებო რეალობა, რასაც მთლიანად საპირისპირო მიდგომა სჭირდება. ამ შემთხვევაში მსგავსი მსგავსით ვერ განიკურნება.

    ბევრი რამ მინდა ვთქვა ამ წერილში, თუმცა როგორც ჩანს, წერილი ისედაც გრძელი გამოვა და არ მინდა ბოლოდროინდელი მავანისა და მავანის ეჭვიანობებით განპირობებული თავდასხმები გამოხმაურების გარეშე დამრჩეს.

    ცილისწამებაზე ჩემმა მუდმივმა წაყრუებამ და თავმინებებულობამ მავანსა და მავანს საშუალება მისცა ჩირქი ეფრქვია. მგონი დაიჯერეს რომ საიქიოში ვარ და პასუხს ვეღარასოდეს გავცემდი, არადა რუსთავში ვარ.

    უკანასკნელი ასეთი უზნეო ბრალდება მოვისმინე პარასკევს, 21:00 საათზე, კოალიცია ცვლილებების მიმართ, რასაც პირადად ჩემ თავზეც ვიღებ და ვპასუხობ ამ უკვე ლაგამაწყვეტილ ბინძურ კამპანიას.

    პოლიტიკურმა ლიდერმა კონკრეტული პარტიიდან, ნაციონალური მოძრაობიდან, გაბედა და თქვა, რომ 2024 წელს პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა N4-ს ნაციონალურ მოძრაობაზე მაღალი პროცენტიო.

    აი, ადგა და პირდაპირ ეთერში კრიტიკული არხისა, თქვა ეს ტარაკუჭაობა, უაპელაციოდ გაადენინა ზაპანი ამ შხამს.

    ჟურნალისტი კი სულგანაბული, თვალებმილული უსმენდა და კმაყოფილებას ვერ მალავდა, თითქოს მისივე სათქმელი გაიმეორა რესპოდენტმა.

    ეს პოლიტიკოსი ზუგდიდელია, ჩემთვის ამ ძვირფას ქალაქში, 2024 წლის კამპანიაში 1 თვე ვიცხოვრე. უშუალოდ ქალაქ ზუგდიდში 27%-ი დაგვიფიქსირდა, მის პარტიას კი 10%, რეჟიმი მისსავე ქალაქში მთავარ კონკურენტად კოალიციას მიიჩნევდა და არც ძალადობა და არც გაყალბების მძიმე ხარისხი დაგვაკლდა ზუგდიდში.

    ქალაქ ზუგდიდში ველდოებოდი 34/35%-ს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი 27/28%-ს. ამას სულ ბოლო კვლევაც მიჩვენებდა. შედეგად, ავიღეთ მხოლოდ 27% ქალაქში, მუნიციპალიტეტში 20%. ეს ყველაფერი ცილისმწამებელმა იცის, მაგრამ მაინც თქვა ბიძინამ დაუწერაო!

    ბიძინამ ზუგდიდში 7 /8 % წაგვართვა კოალიციას, თითქმის იმდენივე, რამდენიც სულ აიღო მისმა პარტიამ.

    ბარემ იმასაც ვიტყვი რა მოხდა უცხოეთის საარჩევნო უბანზე, ეს ცილისმწამებლების გასაგონად უნდა ვთქვა. N4-მა 33%-ი ავიღეთ, აი ის %, რასაც ზუგდიდშიც ველოდებოდით, მაგრამ ზუგდიდში გააყალბეს და უცხოეთში ვერ!

    საზღვარგარეთ ოცნებამ 10% აიღო.

    თბილისში უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა ოპოზიციას ჯამურად და რეჟიმი გაყალბებით ფონს ვეღარ გავიდა. N4-მა პირველი ადგილი აიღო ოპოზიციიდან და ცილისმწამებლებმა მეხუთე. ამერიკულ ეგზიტ-პოლებს აღარც ვახსენებ.

    იძულებული გავხდი პასუხი გამეცა ამ მათი სისაძაგლისთვის. მეტ მაგალითს აღარ მოვიყვან.

    გაოცებული ვარ, როგორ ახერხებენ ამდენ ტყუილს, შხამსა და ცილისწამებას!

    ბავშვობიდან მახასიათებს მკვეთრი უკიდურესობები, ალბათ ეს ჩემი ერთ-ერთი ნაკლია.

    ხან ძალიან აქტიური ვარ, ხან პირიქით.

    ხან ძალიან ბევრს ვმუშაობ, ხან მუშაობას გულს სულ არ ვუდებ.

    ხან ძალიან ბევრს ვკითხულობ, ხან თავის გაქნევა მეზარება.

    ხან 150 კილოგრამი ვარ, ხანაც 100კგ.

    ხან ციხეში ვარ, ხანაც გარეთ.

    მოკლედ, ნეიტრალური საშუალო მდგომარეობის რეჟიმი პრაქტიკულად არ მაქვს, სამწუხაროდ.

    ჰოდა, მავანსა და მავანს ვეტყოდი, თუ სიბიძურე გაგრძელდება, ყოველ ცისმარე დღეს დავიწყებ ფბ პოსტების გამოქვეყნებას ამ მიხრწნილი კამპანიის წინააღმდეგ და ეს გაკეთდება ბულდოზერული სტილით.

    თუ ვინმეს ცილისწამება და ჭუჭყიანი ბრალდებები ნორმად მიაჩნია და მიიჩნევს, რომ ყურადღება დაუსრულებლად არ უნდა მივაქციო და მას შევხედო, როგორც უმნიშვნელოს, დავინახო ეს უზნეო კამპანია, როგორც ტალღას მოწყვეტილი ერთი წვეთის გაშხაპუნება – არა, ამის პირობას არ დავდებდი.

    ასე რომ, მონატრებულო თანამებრძოლებო, მხარდამჭერებო, მეგობრებო, იმედია, სწორად გესმით ამ წერილის სულისკვეთება.

    მავანის ციხეში ყოფნაც ვეღარ ჩაითვლება ინდულგენციად, მით უმეტეს, როცა სხვებიც არ ვართ კისლოვოდსკში და კისლოვოდსკის ნარზანის გალერეაში გასაშლელი ჭიქით არ ვსეირნობთ!

    რა დღეს, რა ხვალ, ჩემი ეს პოზიცია მაინც არ დაიმალება და მოდით, ბარემ ამასაც გეტყვით: თავისუფლებაზე მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრებისთვის, კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისთვის დღეს გარეთ ყოფნა უფრო რთულია, ვიდრე თუნდაც ამ კუბოსავით ვიწრო სამარტოო საკანში ყოფნაა, აი, საიდანაც ახლა ამ წერილს გწერთ.

    გარეთ დარჩენილი ლიდერებისთვის და ბრძოლის ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის იცით რატომ არის ცხოვრება უფრო რთული, ვიდრე პატიმრებისა?! – გარეთ მყოფებს დღეს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვთ მხრებზე!

    გარდა ამისა, ოთხჯერ, ხუთჯერ და მეტჯერ დაჭერა, ან მუდმივად დაჭერის საფრთხის წინაშე ყოფნა გაცილებით სტრესულია, ვიდრე ერთხელ, როცა დაგიჭერენ და ციხეში ხარ თუნდაც დიდი საპატიმრო სასჯელით.

    ყოველი ახალი დაჭერა და ამ რისკის გაუნელებელი შეგრძნება, ფსიქოლოგიურად გაცილებით მძიმე გადასატანია და არამხოლოდ პოტენციური პატიმრებისთვის, პირველ რიგში მათი ოჯახებისთვის. ვაი, რომ ეს მავანს და მავანს არ ესმის.

    მესმის, რომ ციხეში მძიმე პირობებია, ვიდრე სახლში ან საავადმყოფოს პალატაში. აქ სამარტოო საკანია, ფეხსალაგია და ა.შ, მაგრამ ყველა ვუძლებთ. ბავშვებიც უძლებენ სხვა ციხეებში, ქალებიც უძლებენ ქალთა ციხეში. არავინ უკადრებელს არ კადრულობს, არავის გაუთავებელი ნაცვალსახელი მე, მე, მე, მე, მე არ გვესმის. ჰოდა, მავანმაც უნდა გაუძლოს და ცილისწამების ალეგორიას არ უნდა დაემსგავსოს.

    ახლო მეგობრებმა და თანამებრძოლებმა იციან, რომ სათქმელი და დასაწერი ძალიან ბევრი მაქვს. ვცდილობ ისტორიული პასუხისმგებლობის შეგრძნებით ვიმოქმედო. ჯერ-ჯერობით ვახერხებ, თუმცა მავანი და მავანი თითქოს ბედს სცდის.

    ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების ტალღა მეძალება ცილისმწამებლების მიმართ, რომელშიც არეულია სირცხვილი, სიბრალული და იმავდროულად, სიხარული; სიხარულია იცოდე, რომ მათთან აღარაფერი გაკავშირებს…

    დროებით…” – წერს პარტია ახალის ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

  • როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები ფაქტებად რჩება – ბოჭორიშვილი ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ

    როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები ფაქტებად რჩება – ბოჭორიშვილი ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ

    “ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში… შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რამდენადა ჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა, რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის. […]

    ის განცხადებები, ის ქმედებები, ის ნაბიჯები, რაც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც სხვათაშორის ქართველი ხალხის მიერაა არჩეული, არის მიუღებელი… მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზებას. […]

    როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. დღეს სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის მიუღებელი… მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველო კეთილსინდისიერ ურთიერთობებში.”

    განაცხადა ამის შესახებ, “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ.

  • თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს –  სააკაშვილი

    თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს – სააკაშვილი

    მე მინდა, ვთქვა, რამდენიმე სიტყვა ჩემს გარშემო ატეხილ ამბავზე. მე გამიხარდება, რომ ოპოზიცია იყოს აქტიური და შემტევი. მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს პოლიტიკაში, რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სააკაშვილი წარსული პოლიტიკოსია, თქვენ ხომ ხართ მომავლის პოლიტიკოსი? მე მივესალმები თქვენს გამარჯვებას. ვინც მე მაკრიტიკებს, ამ ხალხის 90 % ჩემს დროსაც აქტიურად იყო პოლიტიკაში. თუ ესენი არ იყვნენ, არიან იმ ხალხის შვილები ვინც იყო. არსებობს სხვადასხვა ხალხი, ვინც მე ფეხზე დავაყენე და სულ ფეხს მიდებენ. არის ისეთი ხალხი, ვისაც ჩავაცვი, პირდაპირი მნიშვნელობით და იმან გამხადა. მათგან უმეტესობა ძალიან კარგი ხალხია. ამ ძალიან კარგ ხალხს, მათ შორის ახალ ხალხს სჭირდება გაფრთხილება, გაერთიანება, ერთად ბრძოლა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ივანიშვილს და მის მინიონებს რაღაცას ვპირდებით და მათგან რარაც ირიბ სარგებელს ვიღებთ ამისთვის. ეს დაუშცვებელია ამ შემთხვევაში. ძალიან ბევრმა გადადო თავი, ბევრი მოხვდა ციხეში, ახლაც ციხეში არიან, ან ემქურებათ ციხე და მე ამ ხალხს ვცემ ძალიან დიდ პატივს.

    ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე ოპოზიციის ლიდერების განცხადებას.

  • ორბანის ოლიგარქებს თანხა უცხოეთში გააქვთ – მათ ქვეყანა ვერ უნდა დატოვონ – მადიარი

    ორბანის ოლიგარქებს თანხა უცხოეთში გააქვთ – მათ ქვეყანა ვერ უნდა დატოვონ – მადიარი

    “ორბანის ოლიგარქებს თანხა უცხოეთში გააქვთ – მათ ქვეყანა ვერ უნდა დატოვონ ” -განაცხადა  უნგრეთის არჩეულმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა და სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ მათ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცენ.

    “ვიქტორ ორბანის ოლიგარქები ათობით მილიარდ თანხას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აშშ-ში, ურუგვაისა და სხვა შორეულ ქეყნებში რიცხავენ.  მე ვიცი, რომ ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე, ანტალ როგანის გარემოცვის რამდენიმე, დიდი ოდენობით თანხის ტრანზაქცია შეაჩერა. ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებს მოვუწოდებ, დაუყონებლივ გაყინონ მოპარული ფული.

    სამართალდამცველ უწყებებსა და ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დააკავონ დამნაშავეები, რომლებიც ათასობით მილიარდი ფორინტის ზიანს აყენებენ უნგრელ ხალხს და მათ არ მისცენ იმის საშუალება, რომ გაფრინდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც პარტია Tisza-ს მთავრობის ჩამოყალიბებამდე მათი ექსტრადაცია არ მოხდება. ასევე ვიცი, რომ ორბანის მაფიოზებმა ტელეკომპანია TV2-სა და სხვა მედიების დაბალ ფასად გაყიდვა დაიწყეს – ასევე, როგანის სიძულვილის პროპაგანდის მთავარი წყაროს, კომპანია Lounge Event Kft-ის გაყიდვაც.ადგილობრივ და უცხოელ პატიოსან ინვესტორებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მაფიის აქტივების მიღებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უნგრეთის ეროვნული აქტივების აღდგენისა და დაცვის ოფისის წინაშე აღმოჩნდნენ. ასევე, ჩემი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე ოლიგარქის ოჯახი უკვე წავიდა – მესაროშის ოჯახიც დუბაიში მიფრინავს. რამდენიმე გავლენიანი ოლიგარქის ოჯახმა შვილები სკოლიდან გამოიყვანა და წასასვლელად საიმედო დაცვას აორგანიზებენ”. – ამბობს მადიარი facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

  • უკრაინა თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას – ზელენსკი

    უკრაინა თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას – ზელენსკი

    უკრაინა მონაწილეობას მიიღებს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში. ამჟამად მხარეები მონაწილეობის ფორმატსა და უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაზე თანხმდებიან, – , ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

    ზელენსკი აცხადებს,რომ  უკრაინა აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ალიანსის მომავალ შეხვედრაზე. თუმცა, წარმომადგენლობის დონისა და მონაწილეობის კონკრეტული ფორმატის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.

    „ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ, რა ფორმატით და ვის მიერ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

    ცნობისთვის, ნატო-ს სამიტი 7-8 ივლისს არის დაგეგმილი.

  • შსს: დუშეთში დაპირისპირების შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დაჭრილია 3

    შსს: დუშეთში დაპირისპირების შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დაჭრილია 3

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ოთხ პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო.

    უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.

    ამასთან, განმარტავენ, რომ დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ზ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 4 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო. ერთ-ერთი დაჭრილი – 1979 წელს დაბადებული გ.ბ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ გ.ბ.-ს სასიკვდილო დაზიანება 1991 წელს დაბადებულმა ლ.ზ.-მ. მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული ლ.ზ. შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე დამატებითი დეტალების დადგენისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“,- ნათქვამია შსს–ს ინფორმაციაში.

  • სროლა ღონისძიებაზე, რომელსაც ტრამპი ესწრებოდა:  სავარაუდო მსროლელი დაკავებულია

    სროლა ღონისძიებაზე, რომელსაც ტრამპი ესწრებოდა: სავარაუდო მსროლელი დაკავებულია

    თეთრ სახლთან აკრედიტებული კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ესწრებოდა, სროლა მოხდა. სახელმწიფოს პირველი პირების ევაკუაცია სასწრაფოდ მოხდა, ღონისძიება კი ერთი თვით გადაიდო.სავარაუდო მსროლელი დაკავებულია, მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

    გასროლის მსგავსმა ხმა  სასტუმრო Washington Hilton-ის მისაღებ დარბაზში მაშინ გაისმა, როცა ღონისძიება კარგა ხნის დაწყებული იყო.

    ამის შემდეგ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები დარბაზში იარაღმომარჯვებულები შევარდნენ. და ყვიროდნენ:  „გასროლებია!“

    საიდუმლო სამსახურის აგენტებს დარბაზიდან გაჰყავთ ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი უმცროსი

    მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ გაარიდეს ტერიტორიას. მათ შორის იყვნენ თავად დონალდ ტრამპი, აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი უმცროსი.

    ვახშმის მონაწილეები პირველივე გასროლების შემდეგ მაგიდების ქვეშ დაიმალნენ.

    „მე პირდაპირ FBI-ის დირექტორ კაშ პატელის წინ ვიჯექი და როცა, არსებული ცნობებით, გასროლები გაისმა, მან სწრაფად გადაფარა თავისი შეყვარებული საკუთარი სხეულით და იატაკზე დაეცა“, — ჰყვება BBC-ის კორესპონდენტი სუმი სომასკანდა.

    მისი თქმით, რამდენიმე წუთის შემდეგ საიდუმლო სამსახურის აგენტმა ოთახში მყოფ სხვა აგენტებს ანიშნა, რომ პატელი უსაფრთხოდ იყო და მისი ადგილსამყოფელი დადგენილი ჰქონდათ. „როცა ყველამ ადგომა დავიწყეთ, პატელმა ტელეფონზე შეტყობინებების წერა დაიწყო. ვცადეთ გვეკითხა, იცოდა თუ არა, რა მოხდა, მაგრამ ის მაშინვე გაიყვანეს“, — თქვა სუმი სომასკანდამ.

    ცოტა ხანში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინციდენტის შემდეგ პირველი განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა.

    „ვაშინგტონში საღამო შესანიშნავი იყო. საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეს. ისინი სწრაფად და გაბედულად მოქმედებდნენ“, — დაწერა ტრამპმა.

    მან დაამატა, რომ მსროლელი დაკავებულია.

    ამის შემდეგ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა ენტონი გულიელმიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა სხვა პირი, რომელსაც საიდუმლო სამსახური იცავს, უსაფრთხოდ არიან. მან ასევე დაამატა, რომ დაკავებულია ერთი ადამიანი, რომლის მდგომარეობა უცნობია.

    მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა და ქვეყნის პირველმა პირებმა Washington Hilton დატოვეს, ხოლო ღონისძიება მინიმუმ ერთი თვით გადაიდო.

    CNN-ის ცნობით, ხელისუფლებამ სავარაუდო მსროლელის ვინაობა დაადგინა: ის 30 წლის მამაკაცია კალიფორნიიდან.

    სამართალდამცველი ორგანოების მონაცემებით, ეჭვმიტანილმა „საიდუმლო სამსახურის პოსტი დაესხა თავს“, განაცხადა კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსმა ჯეფრი კეროლმა.

    კეროლის თქმით, მამაკაცი შეიარაღებული იყო საფანტის თოფით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით.

    ჯეფრი კეროლმა დააზუსტა, რომ ეჭვმიტანილმა საიდუმლო სამსახურის აგენტს ესროლა, თუმცა აგენტი ჯავშანჟილეტმა დაიცვა. თავად მსროლელს, პოლიციის მტკიცებით, ცეცხლსასროლი ჭრილობები არ მიუღია, თუმცა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოკვლევისთვის.

    კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსის თქმით, თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

    მოგვიანებით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ ბრიფინგზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი „ძალიან ავადმყოფი ადამიანი“ იყო.

    „ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ის მარტოხელა მკვლელი იყო“, — თქვა ტრამპმა ეჭვმიტანილზე. „ესენი გიჟები არიან. გიჟები არიან და მათთან გამკლავებაა საჭირო“.

    ტრამპმა განაცხადა, რომ ღონისძიება მოგვიანებით თარიღში დაინიშნება და დაამატა, რომ მომხდარი პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვის, ტრავმული იყო.

    „ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი საზოგადოება ხელში ჩაიგდოს“, — თქვა მან.

    აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, თავდაპირველად წასვლა არ სურდა. „სასოწარკვეთილად ვიბრძოდი, რომ დავრჩენილიყავი“, — განაცხადა ტრამპმა. თუმცა მას უთხრეს, რომ პროტოკოლის მიხედვით უნდა წასულიყო, რადგან გაურკვეველი იყო, მოქმედებდა თუ არა მსროლელი მარტო.

  • ტრამპმა უიტკოფისა და კუშნერის ისლამაბადში ვიზიტი გააუქმა. ირანელები აცხადებდნენ, რომ მათთან შეხვედრას არ აპირებდნენ

    ტრამპმა უიტკოფისა და კუშნერის ისლამაბადში ვიზიტი გააუქმა. ირანელები აცხადებდნენ, რომ მათთან შეხვედრას არ აპირებდნენ

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლები — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი — პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებებზე აღარ გაფრინდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი ჯერ კიდევ გუშინ იყო დაგეგმილი. ამასობაში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბბას არაღჩი პაკისტანიდან ომანში გაფრინდა.

    თავდაპირველად ტრამპმა უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის გაუქმების შესახებ ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა და თქვა, რომ „არ ღირს 18 საათის ფრენა იმისთვის, რომ იჯდე და არაფერზე ილაპარაკო“.

    მოგვიანებით მან ეს გადაწყვეტილება საკუთარ საიტზეც დაადასტურა.

    „ძალიან ბევრი დრო იხარჯება ფრენებზე, ძალიან ბევრი საქმეა! გარდა ამისა, მათ იქ, ‘ხელმძღვანელობაში’, საშინელი შიდა დაპირისპირება და არეულობა აქვთ. არავინ იცის, ვინ არის უფროსი — მათ შორის თავადაც“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

    „თანაც ჩვენ ყველა კოზირი ხელში გვაქვს, მათ კი არც ერთი! თუ საუბარი უნდათ, უბრალოდ უნდა დარეკონ!!!“ — განაგრძო აშშ-ის პრეზიდენტმა.

    ამის შემდეგ ტრამპი ტელეფონით რამდენიმე ჟურნალისტს ესაუბრა და ერთ-ერთ მათგანს — გაზეთ New York Post-ის კორესპონდენტს, რომელიც ახლა ისლამაბადში იმყოფება და მოლაპარაკებებს ელოდება — SMS მისწერა: „სახლში დაბრუნდი!“

    „ეს არც ისე კარგი ნიშანია მათთვის, ვისაც იმედი აქვს, რომ [უიტკოფისა და კუშნერის] ვიზიტი უახლოეს დღეებში მაინც შედგება“, — აღნიშნავს BBC-ს  კორესპონდენტი.

    ამრიგად, რა ბედი ელის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ტრამპის მიერ გახანგრძლივებულ ზავს, კვლავ გაურკვეველია.

    ირანთან ზავის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების შესახებ, სწორედ მოლაპარაკებების მიზნით, ტრამპმა 21 აპრილს განაცხადა.

    24 აპრილს თეთრმა სახლმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ უიტკოფი და კუშნერი — მაგრამ არა ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, რომელიც 11 აპრილს გამართულ პირველ შეხვედრაზე დელეგაციას ხელმძღვანელობდა — შაბათს ისლამაბადში გაფრინდებოდნენ.

    „ამ დელეგაციას, რომელსაც ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობდნენ, უკვე აღარ ჰქონდა ის წონა, რომელსაც მას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ანიჭებდა […] ის ფაქტი, რომ ახლა ამ შედარებით დაბალი დონის დელეგაციის ვიზიტიც კი გაუქმდა, აჩვენებს, რამდენად შორს დგანან მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან“, — მსჯელობს BBC-ის საერთაშორისო მიმომხილველი ჯო ინვუდი.

    მოგვიანებით, ფლორიდიდან ვაშინგტონში გაფრენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა გაიმეორა თავისი თეზისი, რომ ირანის მმართველ წრეებში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, და დაამატა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

    „მაგრამ მე საქმეს დავიჭერ ნებისმიერთან — ვისთანაც მოგვიწევს. თუმცა არ არის საჭირო ორი დღე ლოდინი, არ არის საჭირო, რომ ადამიანებმა 16–17 საათი იფრინონ. ჩვენ ასე არ მოვიქცევით […] როცა მოუნდებათ, დამირეკონ. ყველა კოზირი ჩვენ გვაქვს. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ“, — თქვა ტრამპმა.

    აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებამდე — არ გაეგზავნა დელეგაცია — ირანმა შეერთებულ შტატებს წინადადებები გადასცა, რომლებიც საკმარისად კარგი არ იყო.

    „და საინტერესო ის არის, რომ მას შემდეგ, რაც მე [მოლაპარაკებებზე ვიზიტი] გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც ბევრად უკეთესია“, — განაცხადა ტრამპმა.

    შაბათს ისლამაბადში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბბას არაღჩი იმყოფებოდა, თუმცა ცოტას თუ სჯეროდა სერიოზულად, რომ ის, ისლამაბადი–მასკატი–მოსკოვის ტურნეში წასული, პაკისტანის დედაქალაქში ამერიკელ მომლაპარაკებლებს დაელოდებოდა.

    იმავე შაბათს არაღჩი შემდგომი ვიზიტით ომანის დედაქალაქ მასკატში გაემგზავრა.

    ისლამაბადში ვიზიტის შედეგებზე დაწერილ ტვიტში არაღჩიმ აღნიშნა, რომ ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი იყო; რომ მან პაკისტანის ხელმძღვანელობას გაუზიარა ირანის პოზიცია „ომის საბოლოოდ დასრულების სამუშაო ჩარჩოსთან დაკავშირებით“; და რომ ირანი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რამდენად სერიოზულად არის აშშ მოლაპარაკებებისთვის განწყობილი.

    ამასთან, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ის ცნობით, პაკისტანის ოფიციალური პირები ელიან, რომ არაღჩი შესაძლოა ისლამაბადში კვირას ან ორშაბათს დაბრუნდეს.

  • სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა

    სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა

    საქართველოს პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა.

    ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან, ბრალდებულმა, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    ლაზარე გრიგორიადისი მანამდე,  3 წლის წინ, 2023 წლის 29 მარტსაც დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული. 2024 წლის 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმავე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას შეიწყალებდა. ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო 2024 წლის 24 აპრილს დატოვა.

  • რა ელის დოლარს აშშ–ირანის ომის გამო?

    რა ელის დოლარს აშშ–ირანის ომის გამო?

    აშშ-ის თავდასხმამ ირანზე კვლავ გააცოცხლა საუბრები დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო და საანგარიშსწორებო ვალუტის სწრაფი დასასრულის შესახებ. ირანმა ჰორმუზის სრუტე დაბლოკა და ტანკერებისგან ხარკის აღება ჩინურ იუანებსა და სტეიბლკოინებში დაიწყო. რამდენად რეალურია საფრთხე მსოფლიოს მთავარი ვალუტისთვის და ჩაანაცვლებს თუ არა „ნავთობიუანი“ „ნავთობდოლარს“ ირანის ომის შედეგად?

    ნავთობის ფასები უხსოვარი დროიდან დოლარში განისაზღვრებოდა და დღესაც მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 85% ამერიკულ ვალუტაში იყიდება. ეს წილი ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ იცვლება, მიუხედავად რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების სურვილისა, ბოლო მოუღონ აშშ დოლარის დომინირებას ანგარიშსწორებებში.

    ანალოგიური ვითარებაა რეზერვებთან დაკავშირებითაც. მსოფლიო თავის დანაზოგებს ტრადიციულად დოლარში ინახავს. საერთაშორისო რეზერვებში დოლარის წილი 60%-ია, ევროსი — 20%, დანარჩენი კი სხვა განვითარებული დასავლური ქვეყნების ვალუტებზე მოდის: ბრიტანეთის, იაპონიის, კანადის, ავსტრალიის. ჩინურ იუანებში მხოლოდ დაახლოებით 2% ინახება.

    ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ აშშ მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე განვითარებული ეკონომიკაა. ამერიკაში გიგანტური ფინანსური ბაზარია, კანონის უზენაესობა, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი და დასავლეთში ყველაზე მომგებიანი და ინოვაციური ბიზნესი.

    მაგრამ გასულ წელს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ ზოგიერთი ამ უპირატესობიდან საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, და დოლარის ტახტიც შეირყა.

    გასულ წელს დოლარმა 8% დაკარგა. მსოფლიოში დაიწყეს საუბარი ახალ ფინანსურ სტრატეგიაზე — „გაყიდე ამერიკა“. კურსის შემცირებაში ზოგიერთმა კომენტატორმა დოლარიდან გაქცევა დაინახა, რაც ტრამპის სავაჭრო ომს მთელ მსოფლიოსთან, მის შეტევებს მოკავშირეებზე და მზადყოფნას უკავშირდებოდა, აშშ-ის ფინანსური და სამხედრო ძალა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის გამოეყენებინა. კურსის შემცირება 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა – ირანზე თავდასხმამდე. მაგრამ როგორც კი ტრამპმა პლანეტის საკვანძო ნავთობ-გაზმომპოვებელი რეგიონი დესტაბილიზაციის ქვეშ მოაქცია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე დააყენა, ამერიკულმა დოლარმა ვარდნა შეწყვიტა და ზრდა დაიწყო.

    გადაურჩება თუ არა დოლარი ტრამპს?

    „მსოფლიო თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს ამერიკულ აქტივებში, დოლარში ინახავს, სხვადასხვა მიზეზის გამო. მთავარი კითხვა ის არის, გააგრძელებს თუ არა ის ამას, თუ ჩვენ გიჟურ პოლიტიკას გავატარებთ“, – სვამს კითხვას ამერიკელი სავალუტო ანალიტიკოსი ბრედ სეტსერი.

    „ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი ერთი იყო — დიახ, გააგრძელებს.“

    ირანზე თავდასხმის შემდეგ დოლარის კურსის 2%-იანი ზრდა მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკულ ვალუტას სარეზერვო სტატუსს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, აღნიშნავს რობინ ბრუკსი ამერიკული Brookings Institution-იდან.

    „უცხოეთიდან ამერიკულ აქციებსა და ობლიგაციებში ფულის შემოდინება ბოლო 25 წლის განმავლობაში რეკორდულია. დოლარის კურსის ბოლო ზრდა კი ადასტურებს, რომ ინვესტორები კრიზისულ დროს კვლავ განიხილავენ დოლარულ აქტივებს, როგორც უსაფრთხო თავშესაფარს“, — წერს ის.

    როგორც წინა კრიზისების დროს, ირანის დაბომბვის დაწყებისთანავე ინვესტორებმა დაიწყეს ფულის გამოტანა იმ ქვეყნებიდან და რეგიონებიდან, რომლებიც ომისგან პირველ რიგში დაზარალდებიან — აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და შედარებით ნაკლებად ევროპიდან – და მისი გადატანა დოლარულ აქტივებში. იმიტომ, რომ ისინი უფრო ლიკვიდური და მომგებიანია და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშშ-ის ეკონომიკამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვებზე სწრაფად შეუძლია ნებისმიერი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ამჟამინდელი ენერგეტიკული კრიზისისგან კი ის დამატებით უკეთ არის დაცული, რადგან აშშ მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელია.

    „ტრამპის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დოლარის დასასრული ამერიკული უპასუხისმგებლობისა და ძალის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი სამწუხარო შედეგი იქნება. მაგრამ მართლა დგას თუ არა დოლარი სპეციალური სტატუსის გარდაუვალი დაკარგვის საფრთხის წინაშე? და მართლა იქნება თუ არა ამ სტატუსის დაკარგვა დარტყმა შეერთებული შტატებისთვის?“ — სვამს კითხვას ამერიკელი ეკონომისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი.

    „ჩემი აზრით, ორივე კითხვაზე პასუხი ერთია — არა.“

    ნავთობდოლარის დასასრული და ნავთობიუანის განთიადი?

    მაშინაც კი, თუ ირანი, რუსეთი და თვით საუდის არაბეთიც კი ნავთობს იუანებზე გაყიდიან, დოლარის პოზიციები არ შეირყევა. მსოფლიო ნავთობის ბაზრის მასშტაბით რეალური ფიზიკური მიწოდებები მხოლოდ რამდენიმე პროცენტია. დანარჩენი არის ფინანსური კონტრაქტებით ვაჭრობა ვირტუალური ნავთობის მიწოდებაზე, ეს კი ამერიკაში და დოლარში ხდება.

    ნავთობის ბაზარზე დოლარის დომინირების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ 1970-იანი წლების პირველი ნავთობის კრიზისის შემდეგ,  რომელიც ჯერ არაბული ქვეყნების ისრაელთან ომმა, შემდეგ კი ირანში ისლამურმა რევოლუციამ გამოიწვია — აშშ და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, რომ ნავთობის ფასები დოლარში დადგენილიყო.

    მას შემდეგ ასე გაგრძელდა. თუმცა დოლარის დომინირების მთავარი მიზეზები ანგარიშსწორებებსა და რეზერვებში სულ სხვა რამეშია, მიიჩნევს ბრედ სეტსერი.

    „აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი იყო 1930-იან წლებში, ჩვენ ვაწვდიდით ნავთობს ბრიტანელებს მეორე მსოფლიო ომის წლებში. ფართო გაგებით, ნავთობის ინდუსტრია აშშ-ში დაიბადა და ნავთობით ყოველთვის დოლარში ვაჭრობდნენ“, — წერს ის.

    1970-იანი წლების პირველი ნავთობის კრიზისის შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებს თითქოს ოქროს წვიმა დაატყდათ. ისიც კი აღარ იცოდნენ, სად დაეხარჯათ ნავთობიდან მიღებული ზემოგებები თავიანთ მაშინ ჯერ კიდევ სუსტად განვითარებულ ქვეყნებში, ამიტომ დაიწყეს რეზერვების დაგროვება და მათი საზღვარგარეთ გამრავლება.

    გამომუშავებული დოლარების გაზრდის ყველაზე მომგებიანი და საიმედო გზა იყო მათი ამერიკისთვის სესხად მიცემა და ამერიკულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსება. თუმცა ამერიკა ისრაელს უჭერდა მხარს და შეიხებისთვის უხერხული იყო მტრის ღიად დაკრედიტება. საბოლოოდ ისინი ამას მაინც აკეთებდნენ, ოღონდ ირიბად. ასე გაჩნდა მსოფლიო ფინანსური ცენტრები ლონდონში, ციურიხში და მოგვიანებით — ჰონკონგსა და დუბაიში.

    მაგრამ ნავთობდოლარების ის ზვავი დიდი ხანია შეჩერდა. სპარსეთის ყურის ბევრმა ქვეყანამ ხარჯვა დაიწყო და ეკონომიკის მომზადებას შეუდგა ნავთობისშემდგომი მომავლისთვის. შედეგად, საუდის არაბეთი კაპიტალის ექსპორტიორიდან მოვალედ გადაიქცა. ის აღარ აგროვებს – ახლა ვალით ცხოვრობს.

    შედეგად, ამერიკაში ნავთობდოლარების შემოდინება შემცირდა, მაგრამ დოლარი კვლავ შესანიშნავად გრძნობს თავს. რატომ?

    პირველ რიგში, ამერიკას იმპორტირებული ნავთობი აღარ სჭირდება. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ის მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო, საუდის არაბეთი კი — ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი. ახლა ამერიკა საუდის არაბეთზე ორჯერ მეტ ნავთობს მოიპოვებს – ტექნოლოგიური რევოლუციისა და კაპიტალიზმის ერთობლიობის წყალობით. ეს კი ნიშნავს, რომ ის ახლო აღმოსავლეთში დოლარებით ნავთობს აღარ ყიდულობს.

    ახლა სწორედ ისინი, და არა შეიხები, ყიდულობენ დოლარულ აქტივებს. ამ პრაქტიკაზე უარის თქმა მათთვის რთულია, რადგან ეს ეკონომიკის საექსპორტო მოდელის გადაკეთებას მოითხოვს, რაც ძვირი ჯდება და სოციალური რყევების საფრთხეს შეიცავს. მეტიც, ამ ქვეყნებისთვის დოლარი არა მხოლოდ სიმდიდრის დაგროვების საშუალებაა, არამედ საკუთარი ვალუტის კურსის მიბმისა და სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების ორიენტირიც. ამის გარეშე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება გაცილებით უფრო რთული ამოცანა გახდება.

    რატომ არ ემუქრება დოლარს ჯერჯერობით არაფერი

    ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი ქვეყნების — სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისა და ნორვეგიის, რომელიც ევროკავშირის მთავარი მიმწოდებელია — ფულის სიჭარბემ, ანუ მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა, გასულ წელს დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი შეადგინა, დაითვალა ბრედ სეტსერმა.

    ეს არაფერია ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების 1.5 ტრილიონ დოლარიან პროფიციტთან შედარებით — ქვეყნების, რომლებიც დასავლეთში ნავთობს კი არა, საქონელს ყიდიან.

    ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ომი სპარსეთის ყურის ნავთობის მონარქიებს მრავალი წლით ზედმეტ ფულს გამოაცლის, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ფასების ზრდაზე ფულის შოვნას ვერ შეძლებენ, დოლარი მაინც არ დაკარგავს თავისი განსაკუთრებული სტატუსის ორ მთავარ საყრდენს.

    პირველი — ანალოგიურ მასშტაბებში ინვესტირების ალტერნატივების არარსებობაა. ჩინეთი — სახელმწიფო ბანკების მეშვეობით — და სხვა სახელმწიფოები კვლავ ყიდულობენ დოლარულ აქტივებს რეზერვებისთვის. სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნებიც კი, რომლებიც სიტყვით ამერიკულ ჰეგემონიას გმობენ, სინამდვილეში დოლარს კი არ ებრძვიან, არამედ სანქციების მოხსნასა და მსოფლიო ეკონომიკაში დაბრუნებას ცდილობენ.

    მეორე მიზეზი — მოგების წყურვილია.

    ამერიკული კომპანიები კვლავ უფრო მეტ მოგებასა და შემოსავალს აძლევენ აქციონერებს, ვიდრე მათი ევროპელი ან იაპონელი კონკურენტები. ამიტომ Amazon-ის, Google-ისა და Apple-ის აქციებში დაბანდება მეტ შემოსავალს იძლევა. იგივე ეხება ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირებასაც, რადგან ამერიკაში საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში და მით უმეტეს იაპონიაში. ამასთან, ბაზრის ლიკვიდობა და სიღრმე შეუდარებელია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან, სადაც კაპიტალის არა მხოლოდ თავისუფლად დაბანდება, არამედ სურვილის შემთხვევაში გამოტანაც არის შესაძლებელი. ჩინეთი ამ ქვეყნების რიცხვში არ შედის.

    შედეგად, დანაზოგებს დოლარში ათავსებენ ისინიც, ვისაც მათი შენარჩუნება სურს, და ისინიც, ვინც მათ გაზრდას ცდილობს. დონალდ ტრამპსაც კი არ გამოსდის ამერიკული ვალუტის ამ ყველა მყიდველის დაფრთხობა.

    „ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო წლის მთელი ქაოსის მიუხედავად, უცხოელების დაბანდებები დოლარში საუკუნის დასაწყისიდან მაქსიმუმზეა. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-სთვის ადვილი არ იქნება დოლარისთვის სარეზერვო ვალუტის სტატუსის წართმევა. გასაკვირი არაფერია. ეს სტატუსი ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და მისი შერყევა ერთ დღეში ვერ მოხერხდება“, — მიიჩნევს რობინ ბრუკსი.

    თუმცა, როგორც კი ირანში ომი დასრულდება, დოლარის კურსი კვლავ შემცირებას განაახლებს, დარწმუნებულია ის.

    პირველ რიგში იმიტომ, რომ მის ძველ მყიდველებს — სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტიორებსა და აზიის ნავთობის იმპორტიორებს — ნაკლები ფული ექნებათ. პირველებს თანხის დახარჯვა აღდგენასა და ხელახლა შეიარაღებაზე მოუწევთ, მეორეებს კი — ძვირ ენერგორესურსებზე, მარაგების შევსებაზე და ეკონომიკის გადაკეთებაზე, რათა წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულება შეამცირონ.

    მეორე – იმიტომ, რომ ტრამპი აგრძელებს შეტევას ამერიკული სავალუტო დომინირების საყრდენებზე. უპირველეს ყოვლისა – დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკზე, სასამართლოებზე და შეკავებისა და გაწონასწორების მთელ სისტემაზე, რომელიც აშშ-ში მეწარმეობისა და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

    მაგრამ მთლიანობაში, ბიზნესში დოლარზე, როგორც გადახდის მთავარ საშუალებაზე, უარის თქმა ისეთივე რთულია, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ინგლისურიდან ჩინურზე გადაყვანა, აღნიშნავს პოლ კრუგმანი.

    „ამერიკის ამჟამინდელი ქცევის გათვალისწინებით, შეიძლება, ის არც იმსახურებდეს მსოფლიოს მთავარი ვალუტის ემიტენტის სტატუსს. თუმცა ეკონომიკა და მორალი სხვადასხვა რამეა“, — წერს ის.

    „ზოგი ფიქრობს, რომ დოლარი მალე ჩამოიშლება და ყველა შეწყვეტს მის გამოყენებას. მაგრამ მაშინაც კი, თუ ამერიკა საბოლოოდ გადაირევა, ასეთი შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება. დოლარს ყველა იმიტომ იყენებს, რომ მას ყველა დანარჩენი იყენებს.“

    მეორე მხრივ, სპარსეთის ყურეში სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებიც იმაზე მეტს შოულობენ, ვიდრე ხარჯავენ — მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები. მათ აქვთ დანაზოგი — სუვერენული სტაბილიზაციის ფონდები, მომავალი თაობებისთვის და შავი დღისთვის დაგროვებული თანხები. ანალოგიური ფონდი აქვს ფინანსური დეფიციტის მქონე საუდის არაბეთსაც. ამ ფულს ზრდაზე უშვებენ, და ისე გამოვიდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ამის გაკეთება ყველაზე მომგებიანი ამერიკაშია.

    და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი — ნავთობდოლარები დიდი ხანია აღარ თამაშობენ მთავარ როლს მსოფლიოში. ბოლო 20–30 წლის განმავლობაში ის მთავარი ქვეყნები, რომლებიც ექსპორტით იმაზე მეტს შოულობენ, ვიდრე ხარჯავენ, აღარ არიან ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მონარქიები. ეს ქვეყნები დღეს ჩინეთი და განვითარებული აზიური ეკონომიკებია — სამხრეთ კორეა, იაპონია, ტაივანი და სინგაპური.