Category: ახალი ამბები

  • 3 ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულ ჩეხებთან ურთიერთობა ჰქონდათ, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

    3 ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულ ჩეხებთან ურთიერთობა ჰქონდათ, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

    „სამი ადამიანი, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაინფიცირებულ ჩეხ ტურისტებთან, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო, კარანტინში იმყოფებიან. ერთ-ერთმა სამარშრუტო ტაქსითაც იმგზავრა მლეთა-თბილისის მიმართულებით“ – განაცხადა  სასტუმრო „გეოგრაფის“ თანამშრომელმა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    „სამმა ქალბატონმა, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ ჩეხ ტურისტებთან პირდაპირ შემხებლობაში იყვნენ, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვიეს და საპატრულო სამსახურმა ისინი კარანტინში გადაიყვანა. სამივე სასტუმრო „გეოგრაფში“ დამლაგებლებად მუშაობდა, დაავადებული ტურისტებიც სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ. ორი ქალბატონი სოფელში გადაადგილდებოდა, სახლებში თითქმის არ ჩერდებოდნენ. მესამე კი, მლეთიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა და ის დიდუბის ავტოსადგურში პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ეკიპირებულმა ეკიპაჟმა იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანა.

    ძალიან სამწუხაროა ასეთი უპასუხისმგებლობა. ჩეხები გაგვიფრთხილდნენ, მათი დიაგნოზის გაგებისთანავე ჩეხეთიდან სასტუმრო „გეორგრაფს“ და რესტორან „მთვრალ ალუბალს“ აცნობეს ინფიცირების შესახებ და გვთხოვეს, თავს გაუფრთხილდით, სასწრაფო ზომები მიიღეთ, დახურეთ ობიექტებიო. ესენი კი, თავიანთ ოჯახის წევრებსაც კი არ უფრთხილდებიან. ჯერ საინკუბაციო პერიოდიც კი არ გასულა და თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ“ – ამბობს ადგილობრივი.

  • საქართველოში კორონავირუსის ერთჯერადი ტესტების შემოტანა ხელოვნურად ფერხდება- სააკაშვილი

    საქართველოში კორონავირუსის ერთჯერადი ტესტების შემოტანა ხელოვნურად ფერხდება- სააკაშვილი

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კორონავირუსის ერთჯერადი ტესტები ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს უპრობლემოდ შეაქვს ქვეყანაში, საქართველოში კი ეს პროცესი ხელოვნურად ფერხდება.

    ,,რაც შეეხება ერთჯერად ტესტებს. ერთჯერადი ტესტების შემოტანა ხდება დიდი რაოდენობით ახლა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინამ შემოიტანა საკმარისზე მეტი ჩინეთიდან. პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საშუალება უპრობლემოდ შემოიტანოს ტესტები ჩინეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან. ის რაც ხდება საქართველოში, ჩემი აზრით სრულიად ხელოვნური შეფერხებაა”,- წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

    ის იმედოვნებს, რომ შეფერხება იმიტომ არ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღეში შემოიტანოს და ხალხს დაურიგოს უფასოდ. სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, დროზე შემოიტანონ ტესტები საქართველოშ.

    ,,იმედია ეს იმისთვის არ ხდება, რომ ივანიშვილი გამოხტეს უახლოს ორ-სამ დღეში და თქვას რომ ის შემოიტანს ამ ტესტებს და უფასოდ დაურიგებს ხალხს…იმიტომ, რომ ეს ძველი “ტრიუკია”, ბიუჯეტიდან ფული გადაქაჩო საკუთარ ჯიბეში და მერე ყველაფერი შენს თავზე მიიწერო, როდესაც
    აღმოჩნდება რომ ბიუჯეტს არ აქვს ელემენტარული ფული. ტყუილად გონია ვინმეს, რომ ჩვენი ხალხი ამას გადაყლაპავს!

    ადამიანების ჯანმრთელობაა ახლა მთავარი და პოლიტიკური ტრიუკების დრო არ არის… უნდა მორჩეს ეს ჯამბაზობა და დროზე დაურიგონ ხალხს ტესტები, როგორც ეს კეთდება იმავე უკრაინაში, სადაც ბევრად უფრო სუსტი სისტემაა, ვიდრე მე დავტოვე საქართველოში”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

  • აზიის ქვეყნებს კორონავირუსის ახალი ტალღა ემუქრება

    აზიის ქვეყნებს კორონავირუსის ახალი ტალღა ემუქრება

    სამხრეთ კორეა, ჩინეთი, სინგაპური და აზიის სხვა ქვეყნები COVID19-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში წარმატებებს აღწევენ, თუმცა ახლა ისინი შესაძლოა ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ– ვირუსი აზიაში ამიერიდან ევროპიდან და აშშ–დან შეიძლება “დაბრუნდეს“.

    არადა, ვითარება აზიურ ქვეყნებში თითქოს გამოსწორდა. იაპონიაში მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ჰოკაიდოს პრეფექტურაში კი, სადაც 154 დაინფიცირებული ფიქსირდება საგანგებო მდგომარეობა გააუქმეს.

    უხანში, საიდანაც პანდემია დაიწყო ბოლო დღეებში არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ექვსი კვირის მანძილზე იზოლაციაში მყოფ ქალაქის მაცხოვრებლებს ახლა უკვე ქუჩაში გამოსვლაც შეუძლიათ.

    ვირუსის გავრცელების დინამიკა იცვლება. პანდემიის კერად უკვე ევროპის ქვეყნები იქცნენ იმ დროს, როცა აზიამ მისი პიკი უკვე გადაიტანა. ამ ფონზე უკვე შესაძლოა აზიურ ქვეყნებს დაჭირდეთ საკუთარი საზღვრების ჩაკეტვა.

    ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში იზრდება “იმპორტირებული“ დაინფიცირების შემთხვევები. ჩინოვნიკები და ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემები ამისათვის მზად უნდა იყვნენ.

    ვირუსის მიგრაცია

    ჩინეთში ცოტა ხნის წინ პირველად აღინიშნა 24 საათიანი პერიოდი ახალი დაინფიცირებულების გარეშე.

    სინგაპურში კი ერთი დღეღამის განმავლობაში 47 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 33 ქვეყანაში უცხოეთიდან ჩასულმა სინგაპურის მოქალაქეებმა ჩაიტანეს.

    სამხრეთ კორეაში გუშინ დაინფიცირებულთა რაოდენობამ უცებ იმატა – 152 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა დაკავშირებულია თუ არა ქვეყანაში მოგზაურობიდან დაბრუნებულებთან უცნობია.

    ჩინეთის მიგრაციის სააგენტომ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ 11 მარტიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჯანმომ პანდემია გამოაცხადა, ჩინეთში ყოველდღიურად 120 000 ადამიანი შედის.
    ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ჩინეთმა პიკის გადატანა მოახერხა, თუმცა ამისათვის ხელისუფლებამ უსასტიკეს ზომებს მიმართა – მთელი ქალაქების იზოლაცია და მოქალაქეების სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა.

    “ბევრი ხვდება, რომ ეს წარმატება დროებითია. შეკავება რთულდება იმით, რომ ყველა ამ ქვეყანაში იზრდება “იმპორტირებული“ დაინფიცირების შემთხვევები, ამ ეტაპზე ძირითადად ევროპიდან, თუმცა მომავალში შესაძლოა სხვა რეგიონებიდანაც“– განაცხადა Financial Times–თან საუბარში ჰონკონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა ბენ კოულინგმა.

    სტატისტიკა მეტყველებს, რომ აზიაში ვირუსის აფეთქებამ მართალია პიკი გადაიარა, მაგრამ დასრულებისგან ჯერ შორს არის. ყველაზე ნათელი მაგალითია სამხრეთ კორეა, რომელმაც მართლაც წარმატებით შეაჩერა ვირუსი. ინფექციის კვალის გამოკვლევა ეფექტურად ხდებოდა, ტარდებოდა ბევრი ტესტები, დაინფიცირების იზოლირება სწრაფად ხდებოდა.

    თუმცა ბოლო დღეებში იქ დაინფიცირებულთა რიცხვმა ზრდა ისევ დაიწყო.

    სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტრო ისევ აფრთხილებს ხალხს, რომ ჯერ მოდუნება ნაადრევია და მოუწოდებს მათ ჯგუფურ შეკრებებს თავი აარიდონ, არ იარონ კაფეებში, რესტორნებში და ეკლესიებში.

    გარდა ამისა, კორონავირუსით დაინფიცირდა კორეის ფარიკაობის ნაკრების სამი სპორტსმენი, რომლებიც ტურნირზე ბულგარეთში მიდიოდნენ. ამჟამად შემოწმებას მთელი ნაკრები გადის.

  • ინკასო ტელევიზიებს ავტომატურად დაედოთ, ისინი გამონაკლისები არ არიან- მაჭავარიანი

    ინკასო ტელევიზიებს ავტომატურად დაედოთ, ისინი გამონაკლისები არ არიან- მაჭავარიანი

    ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი მთავარი არხისა და ტელეკომპანია პირველის ანგარიშებზე ინკასოს დადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ ინკასო ავტომატურად დაედოთ და გამონაკლისები არ არიან.

    ,,სხვა ყველა დანარჩენი სფერო ჩვეულებრივად, ავტომატურად ფუნქციონირებს და შესაბამისად, ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ამიტომ, ტელევიზია ან ნებისმიერი სხვა კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს.” – ამბობს მაჭავარიანი.

    მისი განმარტებით, კრიზისის დროს მთავრობამ შეღავათები შესთავაზა მხოლოდ იმ სექტორს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდებოდა, სხვა სექტორებზე კი ეს არ ვრცელდება.

    დღეს, 20 მარტს ინკასოს დადების შესახებ განაცხადეს ,,ტელეკომპანია პირველმა” და ,,მთავარმა არხმა”.

  • ბოლო დღე-ღამეში იტალიაში COVID 19-ით კიდევ 627 ადამიანი დაიღუპა, 6000-მდე დაინფიცირდა

    ბოლო დღე-ღამეში იტალიაში COVID 19-ით კიდევ 627 ადამიანი დაიღუპა, 6000-მდე დაინფიცირდა

    იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 627 ადამიანი დაიღუპა, 5986 ადამიანს კი ვირუსი დაუდასტურდა. იტალიაში ვირუსის გავრცელების შემდეგ ასეთი მაღალი ლეტალობა და ინფიცირება არ დაფიქსირებულა.

    უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 47 ათასზე მეტია, გარდაცვლილი კი 4032 ადამიანია.

    დაავადებული პაციენტებიდან 2655 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

    მთელ ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული და მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახლიდან გამოსვლა ეკრძალებათ.

  • მსოფლიოში ინტერნეტმოხმარება უკიდურესად გაიზარდა. ევროკომისია პოპულარულ პლატფორმებს ხარისხის დაწევას თხოვს

    მსოფლიოში ინტერნეტმოხმარება უკიდურესად გაიზარდა. ევროკომისია პოპულარულ პლატფორმებს ხარისხის დაწევას თხოვს

    ევროკავშირი Netflix–ს და სხვა სტრიმინგ პლატფორმებს სთხოვს შეწყვიტონ მაღალი გარჩევადობის ვიდეოების ტრანსლირება, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო ინტერნეტის უპრეცედენტო გადატვირთვა შეამსუბუქოს.

    მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის გამო ასობით მილიონი ადამიანი სახლიდან მუშაობს, ინტერნეტით მიმდინარეობს სასწავლო პროცესიც კი, ამიტომ ევროკავშირის ჩინოვნიკები შეშფოთებულნი არიან ინტერნეტის უპრეცედენტო მოხმარებით და მისი შეზღუდული გამტარუნარიანობით, რაც მის შეფერხებას იწვევს.

    ევროკომისარმა ტერი ბრეტონმა, რომელიც ევროკავშირის შიდა ბაზარზე აგებს პასუხს, ტვიტერში დაწერა, რომ ელაპარაკა Netflix–ის გენერალურ დირექტორს, რიდ ჰასტინგსს. მან მოუწოდა ხალხს და კომპანიებს, როცა HD ხარისხი აუცილებელი არ არის, სტანდარტული გარჩევადობის ფორმატში უყურონ ვიდეოს, რათა ინტერნეტთან წვდომა ყველას შეუფერხებლად ქონდეს. ბრეტონმა დღევანდელ განცხადებაში თქვა, რომ უპრეცედენტო სიტუაციის გათვალისწინებით სტრიმინგ პლატფორმები, ქსელის ოპერატორები და მომხმარებლები – ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი ზომების მიღებაზე, რათა ინტერნეტმა ვირუსთან ბრძოლის პერიოდში უხარვეზოდ იმუშაოს. Netflix –ის დირექტორმა CNN Business–ს განუცხადა, რომ კომისარი ბრეტონი მართალია, როცა ხაზს უსვამს ინტერნეტის შეუფერხებლად მუშაობის მნიშვნელობას ამ კრიტიკულ მომენტში.

    “ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით ქსელის ეფექტურობაზე მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის ღია კავშირის მიწოდების უფასო მომსახურებაზე სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის. “– ამბობს ის.

    Netflix აცხადებს, რომ უკვე დაიწყო სტრიმინგის ხარისხის რეგულირება ქსელების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით და სპეციალური მიწოდების ქსელს იყენებს, რომელიც მომხმარებელს არსებულ ბიბლიოთეკასთან წვდომას უადვილებს, თუმცა დიდ რესურსს არ მოიხმარს.

    ევროკომისია აცხადებს, რომ მართალია ბოლო კვირებში ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, ჯერჯერობით არ ყოფილა დარეგისტრირებული სერიოზული ხარვეზი და მძიმე შედეგი.
    ევროკავშირის ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ იმუშავებენ კომუნიკაციის სფეროს მარეგულირებლებთან სპეციალური მექანიზმების შესაქმნელად, რათა ინტერნეტ ტრაფიკს მონიტორინგი გაუწიონ და პრობლემების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება მოახდინონ.

  • სენატორს, რომელმაც კორონავირუსზე დაზვერვის ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის გამოიყენა გადადგომას ურჩევენ

    სენატორს, რომელმაც კორონავირუსზე დაზვერვის ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის გამოიყენა გადადგომას ურჩევენ

    აშშ–ს რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგიდან რესპუბლიკელ სენატორს, რიჩარდ ბერს თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლისკენ მოუწოდეს. მას ბრალს სდებენ აქციებით ვაჭრობაში და კორონავირუსის პანდემიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვაში.

    როგორც გამოცემა ProPublica–მ გაარკვია, ბერმა, რომელიც სენატის დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, წელს 13 თებერვალს მისი და მისი ცოლის კუთვნილი აქციების გაყიდვა დაიწყო, რომელთა ღირებულება დაახლოებით 700 000–დან 1 700 000 დოლარამდეა შეფასებული. ფასიანი ქაღალდები 33 სხვადასხვა გარიგებით გაიყიდა.

    კონგრესის წევრებს, ისევე როგორც ნებისმიერ ფედერალური თანამდებობის პირს ინსაიდერული ვაჭრობა ეკრძალებათ. ეს აკრძალვა დადგენილია კანონით: “კონგრესის ცოდნაზე დაფუძნებული ვაჭრობის“ შესახებ, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს, 2012 წელს მიიღეს. მაშინ ბერი ერთ–ერთი იყო სამ სენატორს შორის, ვინც კანონს ხმა არ მისცა.

    სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელობა რიჩარდ ბერს შესაძლებლობას აძლევდა აშშ–ს სპეცსამსახურებისგან სრულიად საიდუმლო ინფორმაცია მიეღო. როგორც სააგენტო როიტერი ამტკიცებს, ამ წლის თებერვალში ამერიკის დაზვერვის სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდნენ სენატორებს ანგარიშებს ვირუსის საფრთხის და გავრცელების სისწრაფის შესახებ.

    თებერვლის შუა პერიოდიდან ამერიკის საფონდო ბაზარი ისტორიული მაქსიმუმების სიახლოვეს იყო. მარტში კი, მას შემდეგ, რაც ბერმა ყველა აქცია გაყიდა, ბირჟებმა კატასროფული ვარდნა განიცადეს , რამაც ბოლო წლებში მიღებული მთელი მოგების ლიკვიდაცია გამოიწვია.

    მიმდინარე კვირას ამერიკის საზოგადოებრივმა რადიომ, NPR–მ თავის ინტერნეტ გვერდზე გამოაქვეყნა ბერის და რესპუბლიკური პარტიის მაღალჩინოსანი მხარდამჭერების შეხვედრის აუდიოჩანაწერი, რომელიც 27 თებერვალს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში შედგა. სწორედ ამ შტატს წარმოადგენს სენატორი. ბერი ამბობს, რომ რადიომ მისი გამოსვლა “შეგებულად და უპასუხისმგებლოდ დაამახინჯა.“

    მანამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ახალი პანდემიის გამო შეშფოთება გაზვიადებულია და ახლო მომავალში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კლებას დაიწყებდა.

    “ეს ყველაფერი გაქრება. ერთხელაც მოხდება სასწაული, და ეს ყველაფერი გაქრება“ – თქვა თეთრი სახის მეთაურმა და პირობა დადო, რომ ახალი ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ–ში ნოლს არ ასცილდებოდა.

    მეორე დღეს, საკუთარ მხარდამჭერებათან შეხვედრისას კი ბერი ასეთ ოპტიმისტურ სურათს არ ხატავდა:

    “ერთი რამ მინდა გითხრათ დღევანდელ პრობლემაზე – ეს ვირუსი ბევრად უფრო აგრესიულია და ბევრად უფრო სწრაფად გადაეცემა, ვიდრე ოდესმე აქამდე ისტორიის მანძილზე გსმენიათ. შესაძლოა სიტუაცია უფრო უარესი იყოს, ვიდრე ეს 1918 წელს (ესპანური პანდემიის დროს) იყო.“– თქვა სენატორმა.

    მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 თებერვალს სენატორმა ბერმა გავლენიან სენატორთან, ლამარ ალექსანდრთან ერთად ტელეკომპანია fox–ის საიტზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ აშშ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებზე უკეთ არის მომზადებული ნებისმიერ ეპიდემიასთან საბრძოლველად.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე Stop.cov.ge-ზეა ასახული.

  • ლას-ვეგასში ყველა კაზინო დაიკეტა

    ლას-ვეგასში ყველა კაზინო დაიკეტა

    ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასში დღეიდან ყველა კაზინო, ბარი და რესტორანი დაიკეტება. გადაწყვეტილება გუბერნატორმა სტივ სისოლაკმა მიიღო.

    გუბერნატორის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციისთვის არის საჭირო. აკრძალვა 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

    ,,დღეს აშკარაა, რომ აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა შევაჩეროთ სასიკვდილო ვირუსი ჩვენს სახელმწიფოში”,- თქვა სისოლაკმა ლას-ვეგასში გამართულ პრესკონფერეციაზე და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

    „ჩვენ ან ნაბიჯს ვდგამთ თითოეული ნევადელის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. გთხოვთ, მიუდგეთ მოცემულ მდგომარეობას სერიოზულად, თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე თქვენს ხელშია. გთხოვთ დარჩეთ სახლში“, – აღნიშნა სისოლაკმა თავის მიმართვაში.

    სისოლაკის განმარტებით, აკრძალვის პერიოდში მომსახურების გაწევა შეეძლებათ სასურსათო მაღაზიებს, ბანკებს, აფთიაქებს და პროდუქტის მიწოდების სერვისებს.

    ამ დროისთვის აშშ-ში COVID 19-ით ინფიცირების 8000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი 124-ია.

  • ” მე მომადგნენ ამ უნამუსობის გასაპრავებლად” – ნინო ჯანგირაშვილი ტელევიზიების ინკასოზე

    ” არ ვიცი ვის რა პოზა გაქვთ და რატომ თვლით, რომ დღეს ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის, მაგრამ იცოდეთ, ამათ ხელში კორონამ კი არა ერთმა პატარა კენჭმა შეიძლება ერთ დღეს დაანგრიოს ეს სახელმწიფო.” – ასე ეხმაურება ტელეკომპანია ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში, ტელევიზიების ინკასოს.  

    ‘გრძელი რამე დავწერე, მაგრამ მინდა რომ წაიკითხოთ.

    ახლა მოგიყვებით ამბავს, რომლის მოყოლა მეზარებოდა, ნერვი არ მქონდა, ვერც მოვიცალე. როგორც ყველა, მეც დათრგუნული ვარ ჩვენი ყოფით და ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში გადის დრო. ტვ პირველს და მთავარ არხს ინკასო დაადეს. მეც დამადებდნენ ალბათ, უბრალოდ საფუძველი არ ქონდათ ამჯერად. მიმდინარე დავალიანება არ მაქვს, ძველზე კიდევ რამდენიმე თვიანი გრაფიკი მაქვს.

    ზუსტად ერთი კვირის წინ დამირეკეს შემოსავლების სამსახურიდან. თუ შეგიძლიათ ორშაბათს ჩვენთან მობრძანდეთო. გადავწყვიტეთ ბიზნესს შეღავათები გავუკეთოთო. ეს ის მომენტი იყო, როცა მანამდე გახარიამ თქვა, ყველაფერს გავაკეთებთ კრიზისმა ბიზნესი რომ არ დაანგრიოსო და ვიფიქრე, ალბათ ამ კონტექსში რამეს გვთავაზობენმეთქი.

    მივედი ორშაბათს. მარტო მე ვიყავი, ანუ არ იყო კოლექტიური შეხვედრა. მითხრეს, გადავწყვიტეთ პირველ ოქტომბრამდე რაც დავალიანება გქონდათ ტელევიზიებს 5 წლით გადაგინაწილოთო. პირველ ოქტომბრამდეო! ხუთი წლითო! )) საიდან მოვიდა ეს ხუთი წელი და პირველი ოქტომბერი ალბათ გახსოვთ. ტვ იმედს, რუსთავს და მაესტროს ხომ 55 მილიონი ქონდათ 1 ოქტომბრის მდგომარეობით და მაშინ მინისტრმა ხომ მიჯნა გაავლო – ჩვენ და ტვ პირველი რომ დაგვაყადაღა წინასაახალწლოდ. პირველ ოქტომბრის მერე რაც არის იხადეთ ყველამო და პირველ ოქტომბრამდე რაც იყო იმას ჯერ არ მოგთხოვთო. მთელი ცინიზმი ის არის, რომ პირველ ოქტომბრამდე მთელი ჩემი დავალიანება იყო 10 000 ლარი, იმედის, რუსთავის და მაესტროს 55 მილიონის წინააღმდეგ. და ამ 10 000 ლარის განაწილებას მთავაზობენ 5 წელიწადზე.

    როგორც ჩანს თვლიან, რომ თავს ბედნიერად ვიგრძნობ ამის გამო და გაუპრავდებათ ის, რომ წვალობენ და ცდილობენ როგორმე ისე აპატიონ თავის სამ ტელევიზიას ბიუჯეტის 55 მილიონი ვალი, რომ ძალიან დიდი სკანდალიც არ ატყდეს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვუთხარი რომ არ მაინტერესებს ეს წინადადება და დაველოდები როდის მიიღებს ხელისუფლება არსებული უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე ყველა ბიზნესისთვის ადეკვატურ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მეც, როგორც ყველა დანარჩენი ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში ვარ და სულაც არ ვაპირებ რამე გამორჩეულ მდგომარეობაში ჩავდგე.

    და მთავარი, რაც ყველაზე ამორალური და გულისამრევია ამ ამბავში: ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, კოშმარული ვირუსის შიშით ადამიანები საით მიაწყდნენ აღარ იციან, ეკონომიკა ინგრევა, ბიზნესებისგან ნაფლეთები რჩება, ხელისუფლებას ჯერ არავითარი ანტიკრიზისული გეგმა არ დაუდია, არც ადამიანებს დახმარებია და ფეხებზე კიდია, ყველა ერთ დღეს შიმშილით რომ მოკვდეს და ამის ფონზე ყოფნით იმის დრო, სურვილი, ნამუსი (თუ უნამუსობა), რომ ივანიშვილის სამი ტელევიზიისთვის ფულის ჩუქებაზე იფიქრონ, რაღაცეები დაგეგმონ და თან იმდენად უტვინოები არიან, რომ მე მომადგნენ ამ უნამუსობის გასაპრავებლად.

    მოკლედ, არ ვიცი ვის რა პოზა გაქვთ და რატომ თვლით, რომ დღეს ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის, მაგრამ იცოდეთ, ამათ ხელში კორონამ კი არა ერთმა პატარა კენჭმა შეიძლება ერთ დღეს დაანგრიოს ეს სახელმწიფო.

    Nika GvaramiaVato Tsereteli ბოდიში პატივცემულებო, რაღაც უხერხულად ვგრძნობ თავს მეც რომ არ მადევს ინკასო.))”- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

    ამავე თემაზე :  

    ინკასო ტელევიზიებს ავტომატურად დაედოთ, ისინი გამონაკლისები არ არიან- მაჭავარიანი

    ინკასო ტვ პირველის გარდა მთავარ არხსაც დაედო

    “გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის ! “–ვატო წერეთელი. ტვ პირველს ინკასო დაადეს