Category: ახალი ამბები

  • ტრამპი:ძალიან მძიმე 2 კვირა გველის. ამისთვის უნდა მოვემზადოთ

    ტრამპი:ძალიან მძიმე 2 კვირა გველის. ამისთვის უნდა მოვემზადოთ

    აშშ–ში კორონავირუსის მსხვერპლი იმაზე მეტი ადამიანი გახდა, ვიდრე ჩინეთში. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 3900 ადამიანი. დაავადებულთა რიცხვი 188 000–ს აჭარბებს. გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა იტალიაშია – 12000–ზე მეტი და ესპანეთში – 8400–ზე მეტი, თუმცა ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ აშშ–ში შესაძლოა ეპიდემიის შედეგად 240 000–მდე ადამიანი გარდაიცვალოს. ორშაბათს საღამოს აშშ–ს პრეზიდენტმა პრეს–კონფერენცია ჩაატარა, რომლის განმავლობაში ჟურნალისტებმა მის უკიუდრესად მოღუშულ სახეს მიაქციეს ყურადღება.

    მან განაცხადა, რომ ამერიკას მძიმე დღეები ელის და ამისთვის უნდა მოემზადოს. “შემდგომი ორი კვირა ძალიან მტკივნეული იქნება.იმდენად რთული 2-3 კვირა გველის, რომლის მსგავსი შესაძლოა აქამდე არც გვინახავს, ძალიან მძიმე 2 კვირა.“

    აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კოორდინატორმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში განაცხადა, რომ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ შეიძლება 100-დან 240 ათასამდე შეადგინოს. თუმცა, ტრამპმა დააზუსტა, რომ თუ სახელმწიფო არანაირ ზომებს არ მიიღებდა დაავადებასთან საბრძოლველად, მსხვერპლი შესაძლოა 2.2 მილიონი ამერიკელი გამხდარიყო.

    ბრიქსმა  ვირუსის ვიზუალური მოდელირება წარმოადგინა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სოციალური დისტანცირებით, იზოლაციით და ვირუსის გავრცელების მართვის და ზიანის შემცირების მექანიზმებით სიკვდილიანობა მცირდება 100000 – 200000 მდე. ამ ქმედებების გარეშე კი სიკვდილიანობა ამერიკაში იქნებოდა 1.6 მილიონიდან – 2.2. მილიონამდე.

  • პიკი 2-3 კვირაში დადგება, შემდეგ  შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს-თენგიზ ცერცვაძე

    პიკი 2-3 კვირაში დადგება, შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს-თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ეპიდემიოლოგი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო ლეტალური შედეგი აუცილებლად იქნება, თუმცა მაჩვენებლები ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

    “ჩემი პროგნოზით ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ იქნება ასეულები, და არა ათასეულები. როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, რთული კითხვაა, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია,” – ამბობს თენგიზ ცერცვაძეს.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის პირადი პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში დადგება, შემდეგ კი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს.

  • კომენდანტის საათმა სადისტრიბუციო კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა

    კომენდანტის საათმა სადისტრიბუციო კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა

    საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებამ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

    როგორც ჭყონიამ ფორმულას ეთერში განაცხადა, როდესაც შეზღუდვების გამკაცრებაზე იყო საუბარი, ფიქრობდნენ, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს ეს არ შეეხებოდა, თუმცა ბოლოს, ღამის 9-დან დილის 6 საათამდე გადაადგილება მათაც აუკრძალეს.

    „დღევადელ დღეს შექმნილმა სიტუაციამ, როცა ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენა იმ კუთხით, რომ რატომღაც გვეგონა, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შეზღუდვა არ იქნებოდა და სიები მომზადებული გვქონდა, გადავეცით, თუმცა დღის ბოლოს მივიღეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ 9 საათის მერე მოძრაობას ჩვენც ვერ შევძლებთ. ეს საკმაოდ ბევრ კომპანიას პრობლემას შეუქმნის, იგივე მწარმოებელ კომპანიებს. მათ უწევთ ღამის ცვლაში მუშაობა, იქ პროდუქციის მიღება ხდება, წარმოება და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია უბრალოდ ამ პროცესების შეჩერება და ამიტომ, ალბათ ხვალ კიდევ მეტი კომუნიკაცია გვექნება ხელისუფლებასთან, დეტალურად ავუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ გაითვალისწინონ და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ჩვენთან ერთად იმ სიების გაფილტვრაში, თუ ვინ არის საჭირო, ვინ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და ვინ არა, რომ არ შეჩერდეს ეს პროცესი და ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად არ დააწვეს და დახლები ცარიელი არ ვნახოთ”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

    შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად ისე ავტოტრანსპორტით.

  • “ერთი სული აქვთ როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი“–საპატრიარქო ღვთისმსახურების და ზიარების წესს არ შეცვლის

    “ერთი სული აქვთ როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი“–საპატრიარქო ღვთისმსახურების და ზიარების წესს არ შეცვლის

    საკარანტინო ზომების გამკაცრებისა და კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საპატრიარქო არ აპირებს ღვთისმსახურების და ზიარების დადგენილ წესს გადახედოს. საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეულ რეკომენდაციებს გამოსცემს ქვეყანაში არსებული საკარანტინო ზომების გათვალისწინებით, თუმცა ეს არ გასცდება სინოდის მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს. საპატრიარქოს პოზიციაზე დეკანოზმა რუსთავი2–ის ეთერში ისაუბრა:

    “გარკვეული რეკომენდაციები იქნება, ეს რეკომენდაციები არ გაცდება ბოლო სინოდის გადაწყვეტილებას და მის ოქმში ასახულ რეკომენდაციებს, იქნება დაზუსტება ზოგიერთი დეტალისა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დაგვიდგა და რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია და გაამკაცრეს ზომები. ამ გადაწყვეტილების ერთგვარი გათვალისწინება იქნება შემდეგ ზომებში,” – განაცხადა მამა ანდრიამ.

    მისი თქმით, საბოლოო განცხადება დასაზუსტებელი და მღვდელმთავრებთან შესათანხმებელია, საბოლოო ჯამში კი ის პატრიარქმა უნდა მოიწონოს.

    მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, წირვები რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება, ამავდროულად, არ შეიცვლება ზიარების წესი. დეკანოზი უახლოეს მომავალში სინოდის შეკრების საჭიროებას ვერ ხედავს.

    მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საზოგადოების ნაწილში არსებული მოთხოვნა, საეკლესიო მსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ეკლესიის დიკრედიტაციას ემსახურება და არა ვირუსისგან დაცვას და ყველა ავტოკეფალური ეკლესია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

    “რა სტატისტიკაც გვაქვს, ეს ძალიან ძნელია ზიარებას დაუკავშირო. ვერც ჩინეთში ვერც იტალიასა და ირანში ვერ ვიტყვით რომ ზიარების შედეგად გავრცელდა ეს. ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ ნებისმიერი საშუალება გამოიყენება ეკლესიის დისკრედიტაციისთვის. ჩვენი ეკლესია არის ავტოკეფაკლური, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერი საბაბით ბრძოლა გრძელდება. ერთი და იგივე ხალხი წუხს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა რუსეთის ეკლესიას, და რომ არ დაემთხვა. ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ, წინასწარ აანონსებენ, რომ დავირუსდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი,”- განაცხადა პრესმდივანმა.

    მისი თქმით, ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს და რეაქცია სხვაგვარი იქნებოდა, ეს რომ ეკლესიის წევრის მიერ მომხდარიყო.

    ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ შესრულდება ღვთისმსახურების ფარგლებში მკაცრი რეკომენდაციების შესრულება, ჯაღმაიძემ მაღაზიების მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, მაღაზიის გარეთ დაყენებულ რიგებში ადამიანები რეკომენდებული დისტანციის დაცვის შემთხვევაში წესების დაცვას ახერხებენ. „იქ შეიძლება სამზე მეტიც იყოს და ათზე მეტიც იყოს. ეს არ ითვლება დარღვევად”,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

    კითხვის პასუხად, რომ სხვა ეკლესიებმა, მათ შორის სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებმა მიიღეს გადაწყვეტილება ღვთისმსახურების დროებით შეჩერების შესახებ  ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური ეკლესიაა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.

     

  • თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

    თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

    თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა – ინფორმაციას ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი, კახა ბეროზაშვილი ადასტურებს.

    მისი ინფორმაციით, ინფიცირებული 50 წლის მამაკაცია,რომელსაც მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკას მან სიცხით და ყელის ტკივილით მიმართა.

    მამაკაცს შესაბამისი ტესტირების ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ამ დროისთვის ოფიციალურად კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში ასე გამოიყურება:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 110
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 21
    • კარანტინის რეჟიმში – 5106
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294
  • ვიდეო თუ როგორ გამოიყურება თბილისი კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ

    ვიდეო თუ როგორ გამოიყურება თბილისი კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ

    31 მარტის 21:00 საათის შემდეგ თბილისის ქუჩები სრულად დაცარიელდა. ქუჩაში მხოლოდ პოლიციის მანქანები მოძრაობენ. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოიყურება თბილისის ცენტრალური ქუჩები კომენდანტის საათის გამოცხადებიდან ერთ საათში.

    საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედება იმას ნიშნავს,  რომ  საღამოს 9 საათიდან  დილის 6 საათამდე  აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.

     ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად ისეთი, როგორიც არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი.

    პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას მოუწოდებს მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა.

    „მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე. ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ, რომ დაიცვათ ეს რეჟიმი. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც გულისხმობს  ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულ პირებზე  15 000 ლარიან ჯარიმას. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვათ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის, დღეს 21:00 საათიდან“, –  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის- კალაძე

    ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის- კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე მეუფეებს და მღვდელმთავრებს გაძლიერებულად ლოცვას თხოვს. ასევე, მისი თხოვნაა, მათ მრევლს მოუწოდონ, რომ ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

    „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან”,- ამბობს კალაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა.

    ,,დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც”,- ამბობს კახა კალაძე.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. გარდა ამისა, 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ.

  • ,,სრული სიჩუმე სუფევს… ეტყობა თბილისი #იცავსრეკომენდაციებს!”- სალომე ზურაბიშვილი

    ,,სრული სიჩუმე სუფევს… ეტყობა თბილისი #იცავსრეკომენდაციებს!”- სალომე ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილი დღეს, 21:00 საათიდან კომენდანტის საათის გამოცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში მოქალაქეები რეკომენდაციებს იცავენ.

    ზურაბიშვილის თქმით, ასეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დავამარცხებთ ,,კორონასაც და მეტსაც”.

    ,,9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე… სრული სიჩუმე სუფევს… ეტყობა თბილისი #იცავსრეკომენდაციებს!

    მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებელი ქცევა… ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც…

    #სიფრთხილედაარაშიში” , – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ. წესების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3000 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.

  • მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა

    უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულია 828 305 ადამიანია, ხოლო გამოჯანმრთელდა 174 454 პაციენტი.

    COVID 19-ით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა – 12 428. გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი (8 269), მას მოსდევს აშშ (3,431)და ჩინეთი (3,305).

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 106 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

  • აშშ-მა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო

    აშშ-მა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო

    აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 290 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 3 431 მიაღწია. ამ მონაცემებით აშშ-მა ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრ ჩინეთს გადაასწრო, სადაც ვირუსს 3 305 ადამიანი ემსხვერპლა.

    რაც შეეხება ინფიცირებულებს, აშშ-ში დაავადდა კიდევ 12 730 ადამიანი და ჯამში პაციენტთა რიცხვი 176 518-ია.

    აშშ ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, გერმანია, ირანი და საფრანგეთი.

    კორონავირუსისგან აშშ-ში 6 241 ადამიანი განიკურნა, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში 3 893 პაციენტი იმყოფება.