Category: ახალი ამბები

  • მსახურებაზე COVID-19-ით ინფიცირებულ სასულიერო პირთან ერთად სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ – ჯაღმაიძე

    მსახურებაზე COVID-19-ით ინფიცირებულ სასულიერო პირთან ერთად სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ – ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.

    მისი თქმით, სასულიერო პირი იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინაძღვარი არაა, თუმცა, ის მსახურებაზე ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.

    ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ინფიცირებულმა სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ ტაძარში წირვა ჩაატარა.

    იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძარი ვერის პარკთან, ქიაჩელის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკეტილია. იქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს.

    გავრცელებული ინფორმაციით, მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ ეს სასულიერო პირია, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გუშინ მოათავსეს. 

  • აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს დედაენის დღეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსით ულოცავს

    აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს დედაენის დღეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსით ულოცავს

    აშშ-ის საელჩო საქართველოში, დედაენის დღეს საქართველოს მოქალაქეებს გალაკტიონ ტაბიძის ლექსით ულოცავს.

    ,,42 წლის წინ, ამ დღეს ათასობით ქართველმა მსოფლიოს უჩვენა თუ რამდენს ნიშნავდა ქართული ენა მათთვის. სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე დარჩენილმა ხალხმა მომავალ თაობებს შეუნარჩუნა ეს უნიკალური ენა. გილოცავთ დედაენის დღეს!“, – წერია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

    14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 69

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლინობასი ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 69 პაციენტი.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 ადამიანი გარდაიცვალა.

  • 44 წლის კაცი, რომელსაც ფილტვის მწვავე დაზიანება აღენიშნებოდა, თერაპიულ განყოფილებაში გადადის – რატიანი

    44 წლის კაცი, რომელსაც ფილტვის მწვავე დაზიანება აღენიშნებოდა, თერაპიულ განყოფილებაში გადადის – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 44 წლის კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ფილტვის მწვავე დაზიანება აღენიშნებოდა და რეანიმაციაში ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია უტარდებოდა, თერაპიულ განყოფილებაში გადადის.

    მისი თქმით, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე კიდევ 4 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

    რატიანი აღნიშნავს, რომ 62 წლის მარნეულელი ქალი დღეს გაეწერება კლინიკიდან. ასევე, კლინიკას დღეს დატოვებს 65 წლის ქალი, რომელიც გამოჯანმრთელებულია.

  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 24 საათში 199 პირი დააჯარიმა

    შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 24 საათში 199 პირი დააჯარიმა

    შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის 199 მოქალაქე დააჯარიმა.

    კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 106 პირი.

    საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო პოლიციამ 63 მოქალაქე დააჯარიმა.

    20 პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

    ასევე, დაჯარიმდა 2 ადამიანი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის.

    გარდა ამისა, დაჯარიმებულებს შორის მოხვდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე გამოვლენილი 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • კიევ–პეჩორის ლავრა Covid19-ის აფეთქების შემდეგ დაიხურა. გარდაცვლილია 3 სასულიერო პირი

    კიევ–პეჩორის ლავრა Covid19-ის აფეთქების შემდეგ დაიხურა. გარდაცვლილია 3 სასულიერო პირი

    კიევის ხელისუფლებამ კიევ–პეჩორის ლავრა კორონავირუსის აფეთქების შემდეგ კარანტინზე დახურა. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქის საგანგებო სიტუაციის კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლი სამართალდამცავ ორგანოებს თხოვა.  მონასტერში კორონავირუსით 90–ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ეს კი უშუალოდ კიევში დაინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის მეხუთედია. სულ უკრაინაში  3,372 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 98.

    მარტში ლავრის მეთაური, მიტროპოლიტი პაველი აცხადებდა, რომ კორონავირუსი ადამიანების ცოდვებით არის გამოწვეული და მასთან გასამკლავებლად მეტი ჩახუტება, მეტი ლოცვა და მარხვაა საჭირო. მან მორწმუნეებს ტაძარში მისვლისკენ მოუწოდა.

    მოგვიანებით მიტროპოლიტმა აღიარა, რომ პრობლემა სათანადოდ ვერ შეაფასა. უკრაინული მედიის ინფორმაციით ლავრის სამი ბერი გარდაიცვალა. 11 აპრილს კი თავად მიტროპოლიტი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს.

     

  • ქობულეთის კლასტერიდან 5 ინფიცირებული პაციენტი დაგვემატა, მათგან 4 მოზარდია – ეზუგბაია

    ქობულეთის კლასტერიდან 5 ინფიცირებული პაციენტი დაგვემატა, მათგან 4 მოზარდია – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოს დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტი დაემატა. მათგან 5 ქობულეთის კლასტერიდან არის, რომელგანაც 4 მოზარდია, ხოლო 1-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

    ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია.

    ,,24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 84 პაციენტი ჩვენია და მათგან 45 ჩვენი გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს.

    ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, რომელთაგან 4 მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. ორი კლასტერი შემოგვემატა, ერთი ქობულეთი და მეორეს წყარო ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • როგორია კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა – დეტალები

    როგორია კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა – დეტალები

    ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი, მაკა სოლოღაშვილი ადასტურებს, რომ სასულიერო პირს, რომელიც მათ კლინიკაშია მოთავსებული, კორონავირუსი დაუდასტურდა.

    მისი თქმით, სასულიერი პირს მშრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა გამოუვლინდა.

    სოლოღაშვილი აღნიშნავს, რომ სასულიერო პირთან ერთად კლინიკაში მისი 2 ოჯახის წევრიც შეიყვანეს, თუმცა რომელს რომლისგან გადაეცა COVID-19, ჯერჯერობით ამის თქმა არ არის საფუძვლიანი.

    ,,დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგონოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტეპერატურის მაღალი მაჩვენებელი, შემოიყვანეს გუშინ. ოჯახის სულ 3 წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლიდან გადაეცა, არ ვიცით. ვინ არის წყარო არ ვიცით. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც გუშინ შემოიყვანეს“,- განაცახდა მაკა სოლოღაშვილმა.

    გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების წყაროა, რადგან ერთ-ერთი ექთანი მისი დაა.

  • ინფიცირებულმა სასულიერო პირმა თბილისის ცენტრალურ უბანში წირვა აღავლინა

    ინფიცირებულმა სასულიერო პირმა თბილისის ცენტრალურ უბანში წირვა აღავლინა

    კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძარი ვერის პარკთან, ქიაჩელის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკეტილია. აქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს.

    სასულიერო პირს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზე აღასრულებდა. ამას ადასტურებს ეკლესიის მრევლი. ინფორმაცია, რომ სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ მსახურებაში მიიღო მონაწილეობა, საპატრიარქომაც დაადასტურა.

    მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ ეს სასულიერო პირია, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი.

    თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც 12 აპრილს კორონავირუსი ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა, ვირუსზე კიდევ 4-მა თანამშრომელმა დადებითი პასუხი მიიღო.

    თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის განცხადებით დაინფიცირებული მღვდელმსახური რეგულარულად დადიოდა ტაძარში.

    „პრაქტიკულად გამოვლინდა საქართველოში  ერთ-ერთი მოქმედი მღვდელმსახურის დაინფიცირების ფაქტი, როელმაც დააინფიცირა საკუთარი ოჯახის წევრები. როგორც ირკვევა, მან გადასდო საკუთარ დას რომელმაც შემდგომში დააინფიცირა დედამთილი და წარმოიშვა ოჯახური კლასტერი. საეკლესიო პირობებში ეს კიდევ უფრო საფრთხის შემცველია, რადგან აღნიშნული მღვდელმსახური რეგულარულად ღვთისმსახურებაზე იმყოფებოდა.

    რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ის არ იმყოფებოდა ბზობის დღესასწაულზე, მაგრამ მრევლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იგი იყო წირვაზე ბზობის დღესასწაულზე. საინტერესოა ის, რომ საპატრიარქოს ვერსიით, ის რამდენიმე დღეა არ გამოჩენილია ტაძარში იმის გამო, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ჰქონდა ეჭვი ვირუსით დაინფიცირებისა “, – განაცხადა თეოლოგმა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.

    ინფორმაციისთვის, 296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.