Category: ახალი ამბები

  • პირველი ე.წ ნახტომი დავაფიქსირეთ, რაც საყურადღებო და საგანგაშოა – გამყრელიძე

    პირველი ე.წ ნახტომი დავაფიქსირეთ, რაც საყურადღებო და საგანგაშოა – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით,  გუშინდელი დღე იყო პირველი, როდესაც ე.წ ნახტომი დაფიქსირდა და კორონავირუსი 30 ადამიანს 12 კლასტერიდან დაუდასტურდა.

    „გუშინდელი დღე იყო, როდესაც პირველი ე.წ ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებოა და ვიტყოდი საგანგაშო. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვქონდა ხუთი, შვიდი, ათი შემთხვევა, ორჯერ იყო როდესაც დავაფიქსირეთ 18, ერთხელ 19 შემთხვევა 24 საათის განმავლობაში, მაგრამ უკვე 30 ძალიან ბევრის მაჩვენებელია. ეს 30 არის ძირითადად 12 კლასტერში ანუ ჯგუფში. ესენი სხვადასხვა კლასტერებია, მოსახლეობაში მემგონი უკვე იციან, ირანის, იტალიური კლასტერი, ეროვნული ბანკის კლასტერი, ქობულეთის და ა.შ “,- განაცხადა გამყრელიძემ.

    მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულია 10 მედიცინის მუშაკი და 1 სასულიერო პირი.

    ,,ათი ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დილით უკვე დაგვიდასტურდა პირველი შემთხვევა სასულიერო პირში. ანუ შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა არ იცის ვინ ვინ არის, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი მამაა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

    მისივე თქმით, ვაქცინის შექმნამდე ერთადერთი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის გახლავთ ეპიდემიის შეკავება სოციალური დისტანციის საშუალებით.

    ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირებულია COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევა, 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

  • IMF-ის ვებ-გვერდიდან 150-ლარიან უმუშევრობის დახმარებაზე ჩანაწერი წაიშალა

    IMF-ის ვებ-გვერდიდან 150-ლარიან უმუშევრობის დახმარებაზე ჩანაწერი წაიშალა

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდიდან წაშლილია ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა კრიზისის დროს, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვის განმავლობაში 150 ლარის მოცულობის დახმარებას გადაუხდიდა.

    როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა,  IMF-ის ვებგვერდზე ეს ჩანაწერი “გაიპარა” და ის “ტექნიკურ შეცდომას” წარმოადგენდა. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ მსგავსი დახმარების შესახებ მსჯელობა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ მიმდინარეობდა, ხოლო ნამდვილი დახმარების პროგრამა კი რომელსაც საქართველოს მთავრობა წარადგენს, საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება.

  • ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსს საუკეთესოდ გაუმკლავდნენ ქალები მართავენ. ფორბსის სტატია

    ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსს საუკეთესოდ გაუმკლავდნენ ქალები მართავენ. ფორბსის სტატია

    გამოცემა ფორბსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ყველაზე კარგად გაართვეს თავი კორონავირუსთან ბრძოლას, ქალები მართავენ. გამოცემას შვიდი ქვეყნის მაგალითი მოჰყავს და წერს:

    “თუ ეძებთ კრიზისის პირობებში ნამდვილი ლიდერობის მაგალითებს, ისლანდიიდან ტაივანამდე და გერმანიიდან ახალ ზელანდიამდე, ქალები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ კაცობრიობის ოჯახზე გაჩენილ შავ ლაქას. დაუმატეთ ფინეთი, ისლანდია და დანიაც და ეს პანდემია დაგარწმუნებთ, რომ ქალები  მიზანს აღწევენ, როცა ჩვენს სახელმწიფოებში ტემპერატურა იწევს. ბევრი იტყვის, რომ ესენი არიან პატარა სახელმწიფოები, კუნძულები, ან სხვა ტიპის გამონაკლისები, მაგრამ გერმანია დიდი და წამყვანი ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთი კი კუნძული სრულიად განსხვავებული შედეგებით. ეს ლიდერები ძალაუფლების ფლობის ალტერნატიულ, მიმზიდველ გზას გვთავაზობენ. რას გვასწავლიან ისინი?

    გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ყველაზე ადრე გამოფხიზლდა და მშვიდად უთხრა თავის მოქალაქეებს, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა და შესაძლოა მოსახლეობის 70% დაინფიცირებულიყო. მან მოუწოდა მოქალაქეებს, სერიოზულად მოკიდებოდნენ ამ ამბავს და თვითონაც სერიოზულად მოეკიდა. ტესტირება თავიდანვე დაიწყო. გერმანიამ უარყოფის, განრისხების, თვალთმაქცობის ფაზები  გამოტოვა, რომლებიც სხვა ქვეყნებში ვიხილეთ. ქვეყანაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მის მეზობლებში. და არსებობს ყველა ნიშანი, რომ გერმანია შეზღუდვების მოხსნას სხვებზე ადრე დაიწყებს.

    ერთ–ერთი, ვინც ყველაზე სწრაფად გადადგა პირველი ნაბიჯები ტაივანის ლიდერი ცაი ინ ვენი იყო. ჯერ კიდევ იანვარში, ახალი დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მან მიიღო 124 ზომა დაავადების გავრცელების ბლოკირებისთვის, მათ შორის ნაკლებად იყო ის ზომები, რაც სხვა ქვეყნებში მოგვიანებით შემოიღეს. ამჟამად ის 10 მილიონ დამცავ ნიღაბს უგზავნის აშშ–ს და ევროპას. ცაიმ მოახერხა ის, რასაც სიენენმა “მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო“ უწოდა ეპიდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით და მოახერხა მისი გაკონტროლება. მის ქვეყანაში დღემდე მხოლოდ ექვსი გარდაცვალება დაფიქსირდა.

     

    ახალი ზელანდიის ლიდერმა, ჯასინდა არდენმა დროულად მიიღო შეკავების ზომები, გამოაცხადა განგაშის მაქსიმალური დონე და ქვეყანა ჩაკეტა. მან თვითიზოლაციაში ყოფნა დაავალდებულა ქვეყანაში შემსვლელებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალ ზელადნიაში სულ 6 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მალევე სრულად აკრძალა უცხოელების შესვლა. მისმა მკვეთრმა ნაბიჯებმა და მკაფიო კურსმა ახალი ზელანდია შტორმისგან დაიცვა. ამ დროისთვის ახალ ზელანდიაში კორონავირუსისგან მხოლდ 9 გარდაცვლილი ყავთ. ტესტირების მაჩვენებლითაც ქვეყანა ერთ–ერთი ლიდერია.

    ისლანდიის პრემიერმა,  კატრინა იაკობსდოტირამ მოახერხა, რომ  რომ ისლანდიის ყველა მოქალაქისთვის ტესტირება უფასო და ხელმისაწვდომია.  ისლანდია თვალსაჩინო მაგალითი და შემთხვევა გახდება Covid19-ის სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებლის შესასწავლად. აქ უკვე მოსახლეობის 10%–ზე მეტი გაიტესტა. ქვეყნების უმეტესობა ტესტირებას მხოლოდ აქტიურ სიმპტომებიან ადამიანებს უტარებს. ისლანდია კი სხვა გზით მიდის. მან უკვე დატესტა პროცენტულად მოსახლეობის იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე სამხრეთ კორეამ და წარმატებით ახორციელებს გამოვლენის სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არც საყოველთაო კარანტინი სჭირდება და არც სკოლების დახურვა.

     

    სანა მარინი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაური გახდა მსოფლიოში, როცა გასული წლის დეკემბერში ის ფინეთის ლიდერად აირჩიეს. ალბათ მართლაც ახალი თაობის ლიდერი იყო საჭირო განსხვავებული მიდგომებისთვის, მაგალითად იმისთვის,  რომ ახალი კორონავირუსის კრიზისისას ბრძოლაში საკვანძო აგენტებად სოციალური მედიის ინფლუენსერები გამოეყენებინა.

    ფინეთში გააცნობიერეს, რომ პრესას ყველა არ კითხულობს და ნებისმიერი ასაკის ინფლუენსერს იყენებენ სოციალური ქსელებით თუ სხვა საშუალებებით ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გასავრცელებლად და პანდემიის სამართავად.

    დანიამ პრემიერ მინისტრ მეტე ფრედერიკსენის მეთაურობით მოხერხა ის, რომ ამ კვირას იქ უკვე სწავლა იწყება, საკარანტინო ზომები მსუბუქდება და ექსპერტების ვარაუდით დანია იქნება ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ეკონომიკის რეაბილიტაციას შეძლებს.

     

    ნორვეგიის პრემიერ–მინისტრს, ერნა სოლბერგს ეკუთვნის ნოვატორული იდეა  ნორვეგიელ ბავშვებთან პირდაპირი ურთიერთობისთვის ტელევიზია გამოეყენებინა.

    მან გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ზრდასრულები არ დაიშვებოდნენ. სოლბერგი აუჩქარებლად პასუხობდა ბავშვების კითხვებს და უხსნიდა, რატომ არის მაგალითად ნორმალური, როცა თავს შეშინებულად გრძნობ.

    ფორბსი აღფრთოვანებით წერს ქალი ლიდერების ნოვატორობაზე, ორიგინალურობაზე, მათ მიერ სიყვარულით გაკეთებულ საქმეზე,  სითბოზე, თანაგრძნობაზე და მზრუნველბაზე,  რომელსაც ისინი კრიზისის დროს ასხივებდნენ.

    ფორბსი წერს, რომ მეტი ქალი ლიდერი მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ ჰუმანურ ინოვაციას მოგვიტანდა.

    ფორბსი ამ ლიდერების და მათი ისტორიების შედარებას გვთავაზობს იმ ლიდერებთან, რომლებიც კრიზისებს ავტორიტარიზმის გასამყარებლად იყენებენ: ყველაფერს სხვებს აბრალებენ, იტაცებენ სასამართლო ორგანოებს, ეწევიან ჟურნალისტების დემონიზაციას, ებღაუჭებიან მარადიულ ძალაუფლებას. ამ ლიდერების ჩამონათვალში მოხვდნენ ტრამპი, ბოლსონარო, ობრადორი, მოდი, დუტერტე, ორბანი, პუტინი, ნეთანიაჰუ.

     

    ფორბსი წერს, რომ კარგი იქნებოდა მამაკაც ლიდერებს ქალებისგან აეღოთ მაგალითი და მათგან ესწავლათ ლიდერობისთვის აუცილებელი თვისებები.

  • უმრავლესობა მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მხარს დაუჭერს – ვოლსკი

    უმრავლესობა მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მხარს დაუჭერს – ვოლსკი

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, მმართველი პარტია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს. ვოლსკი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

    ,,წინასწარი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც უახლოეს პერიოდში მოგვმართავს და უმრავლესობაც, რასაკვირველია, მხარს დაუჭერს ამ შეზღუდვებს“,- თქვა ვოლსკიმ.

    დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მიმართავს, რომ მან პარლამენტს მიმართს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგძლივების თხოვნით.

    გახარიას განცხადებითვე, ხვალ 21:00 საათიდან 4 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

  • როგორ დაეხმარება სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილებს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

    როგორ დაეხმარება სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილებს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული განცხადება უმუშევრად დარჩნილებისთვის თვიურად 150 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა იყო, რომელიც ძველ გათვლებს ემყარებოდა.

    ,,ყველა ექსპერიმენტულ მდგომარეობაში მუშაობს, მსოფლიოს ყველა მთავრობა, მათ შორის ფონდის ხელმძღვანელობაც. ეს იყო სანამ ღრმა კრიზისში შევიდოდით, დაახლოებით თვე ნახევრის წინანდელი. დღეს ეს ძველი ინფორმაცია გაიპარა, ტექნიკური შეცდომა იყო”,- თქვა გახარიამ.

    პრემიერმა განაცხადა, რომ დახმარება 150 ლარზე მეტი იქნება, რადგან 150 ლარი სააარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

    „რა თქმა უნდა საკმარისი არ არის 150 და იქნება უფრო მეტი. 150 ლარი არის სააარსებო მინიმუმს ქვემოთ, შეუძლებელია ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახარებაზე იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისიწნოთ საარსებო მინიმუმი.

    მიზნობრივი დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი შეუძლებელია საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს თვეში. ჩვენ აქამდე არ ვსაუბრობდით ჭორაობის დონეზე, მანამ სანამ არ გვექნებოდა შეთანხმებული პარამეტრები და მზა პორტფელი ფინანსური დახმარებისა,“ – განაცხადა პრემიერმა.

    ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით 2020 წლის თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 199 ლარი იყო.

  • საგანგებო მდგომარეობისას პარლამენტი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის შესახებ მსჯელობს – TDI

    საგანგებო მდგომარეობისას პარლამენტი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის შესახებ მსჯელობს – TDI

    ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, 16 აპრილს საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას გეგმავს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ტყეები საკუთრებით გადაეცეს.

    საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში მთავრობის ინიციატივით ცვლილებები შედის.

    ,, “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება კი სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული.

    დღეს მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსით საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია იყოს ტყის ფონდის მესაკუთრე (მე–9 მუხლი), ასევე სახელმწიფოსთან ერთად, ჰქონდეს მიჩენილი ტერიტორიების მართვის უფლება. თუმცა, ტყის კოდექსი საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის მხოლოდ მიჩენის (მართვის) პროცედურებს აწესრიგებს. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ–ერთი მიზანი კი ტყის ტერიტორიის საკუთრების უფლებით გადაცემის პროცედურების განსაზღვრაა.

    „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ქონება შეიძლება გადაეცეს სასყიდლით. აღსანიშნავია, რომ სასყიდლით გადაცემა შესაძლოა მოხდეს სიმბოლურ ფასადაც, მათ შორის 1 ლარად.

    “ტყის კოდექსის” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემა ხდება სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

    პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა; 2020 წლის 19 მარტს კანონპროექტს კენჭი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით ეყარა. საბოლოო, მესამე მოსმენა კომიტეტში 16 აპრილს გაიმართება, რის შემდეგაც პარლამენტს შესაძლებლობა ექნება ცვლილებები პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცოს”,- წერია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    TDI პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს კანონში ცლილებების შეტანა და საპატრიარქოსთვის ქონებრივი და ფინანსური პრივილეგიების მინიჭება.

    “მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები”, – წერს TDI.

  • შესაძლებელია 21 საათიდან დილის 6-მდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია – კვირიკაშვილი

    შესაძლებელია 21 საათიდან დილის 6-მდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია – კვირიკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრემირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  სააღგდომო ლიტურგიასთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას  ეხმიანება და ამბობს, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია წესების დაცვით საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეები ტაძარში დარჩნენ.

    მისი თქმით, გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში დადგენილი წესების დაცვა ზედმიწევნით ხდებოდა.

    ,,მსურს, გამოვეხმაურო სააღგდომო ლიტურგიის თაობაზე მიმდინარე პოლემიკას და გამოვხატო ჩემი პოზიცია, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში, ერთის მხრივ, ეკლესიის მსახურთათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდეს საზოგადოების წარმომადგენელთა აზრი.

    პირველ რიგში, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში ზედმიწევნით ხდებოდა დადგენილი წესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, სამღვდელოების და მრევლის ერთობლივი ძალისხმევით, ასე გაგრძელდება მომავალ დღეებშიც.

    ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა იმ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა, და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას და ზიარების საიდუმლოების აღიარებას”,- წერს კვირიკაშვილი Facebook-ზე.

    ყოფილი პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდებიან.

    ,,საგანგებო მდგომარეობის პირობებს რაც შეეხება, აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია, ანუ ყველა იმ ადამიანის სახლიცაა, ვინც სასოებით მიეახლება უფალს.

    იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო იპოვიან იმ გადაწყვეტილებას, საშუალებას მოგვცემს, ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ღირსეულად დავძლიოთ ის გამოწვევა, რომლის მსგავსი და უფრო მძიმე არაერთი განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ერის და ბერის ერთიანობით გადაულახავს”,- წერს გიორგი კვირიკაშვილი.

  • გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო – გახარია

    გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო – გახარია

    გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო”-  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენცაიზე განაცხადა.

    “მე პირადად, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერებისა და სიბრძნის, რადგან მოქალაქე ხვდება ერთ რაღაცას, რომ კანონის აღსრულება ჯანმრთელობის დაცვა არის სახელმწიფოს პირადაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს.ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ გონიერი, ბრძენი მოქალაქე, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი.

    ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც ჩვენი თითოეული მოქალაქე, სწორ გამოსავალს იპოვის. რა თქმა უნდა მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ, რომ დავრჩეთ სახლში და ნუ დავაყენებთ ეკლესიას იმ მდგომარეობაში, რომ არჩევანი გააკეთოს. ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს, თუ გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს და თუ არ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ავიღოთ როგორც ეკლესიაზე, ისე სახელმწიფოზე?იდეალური იქნებოდა ის, რომ ეკლესია იქნება ღია და კანონი არ დაირღვევა”.

  • ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო და არც ეკლესია – გახარია

    ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო და არც ეკლესია – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო და არც ეკლესია.

    ,,სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ესმის, რომ ჩვენ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია და არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა, მოქალაქეების ჯანმრთელობასაც. რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს არავის”, — თქვა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

    პრემიერი ბზობის დღესასწაულზე 3 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვის დარღვევასაც გამოეხმაურა და განაცხადა, ადამიანები დაჯარიმდნენ, მაგრამ არასერიოზულია იმის თქმა, რომ დაჯარიმდა ყველა, ვინც კანონი დაარღვია.

    “შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი საკითხი. რა თქმა უნდა, დაჯარიმებები იყო, მაგრამ არ იქნება სერიოზული ვთქვა, რომ დაჯარიმდა ყველა ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია. ეს რთული საკითხია”,- განაცხადა გახარიამ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაულზე კანონი არ და ვერ დაირღევა.

    ,,კანონი არ დაირღვევა და ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას წარმოადგენს”,- თქვა გახარიამ.

  • “თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა,არსებობს რისკი,შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით“–გახარია

    “თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა,არსებობს რისკი,შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით“–გახარია

    უახლოესი ორი–სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით.

    „უახლოესი ორი– სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით. ეს არის ობიექტური რეალობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერცერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციაც კი, კვლევითი ინსტიტუტებიც კი, დღეს ზუსტად ვერ აკეთებენ პროგნოზს, როდის იქნება გავრცელების პიკი. ეს არის პირდაპირი მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ერთ რამეზე – უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას. რა თქმა უნდა, ეს შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენს ეკონომიკას მივცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა. შედარებით მცირე რაოდენობა ინფიცირებული საქართველოში არის იმის დამსახურება, რომ ერთ-ერთი ვიყავით, ვინც ყველაზე ადრე დავიწყეთ შეზღუდვების შემოტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ასევე პირველთა რიგებში ვიყოთ, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის აღდგენას და ამის გაცხადების საშუალებას მაძლევს არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.