Category: ახალი ამბები

  • სოციალური დისტანციის დარღვევისთვის “კარფური” და “გუდვილი” 15-15 ათასი ლარით დააჯარიმეს

    სოციალური დისტანციის დარღვევისთვის “კარფური” და “გუდვილი” 15-15 ათასი ლარით დააჯარიმეს

    ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” და “გუდვილი” 15 -15 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსისთვის” არაოფიციალურად გახდა ცნობილი. მიზეზი სოციალური დისტანციის დარღვევაა, რომელიც მთავრობისგან კომპანიებს აქვთ დაკისრებული.

    შეგახსენებთ, მაღაზიებთან დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო. მოსახლეობას პროდუქტების შესაძენად საკმაოდ გრძელ რიგში უწევდა დგომა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვის ორგანიზებას ცდილობდა.

  • აშშ-მ საქართველოს COVID-19-თან საბრძოლად დამატებით $600 000 დოლარი გამოუყო

    აშშ-მ საქართველოს COVID-19-თან საბრძოლად დამატებით $600 000 დოლარი გამოუყო

    აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკის მთავრობამ საქართველოს COVID-19-თან საბრძოლად  დამატებით $600 000 დოლარი გამოუყო.

    ,,ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო”,- წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

    28 მარტს აშშ-მ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად $1.1 მლნ დოლარი გამოუყო.

  • საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემდეგ, სავარაუდოდ მანქანების შეზღუდვაც უნდა გაგრძელდეს – სუბარი

    საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემდეგ, სავარაუდოდ მანქანების შეზღუდვაც უნდა გაგრძელდეს – სუბარი

    პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ 21 აპრილამდე იმიტომ აიკრძალა, რომ საგანგებო მდგომარეობა ამ დრომდე მოქმედებს.

    მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების შემდეგ, სავარაუდოდ, ავტომობილების შეზღუდვაც უნდა გაგრძელდეს.

    ,,ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა არის პირდაპირ დამოკიდებული არა სხვა რაიმე გადაწყვეტილებაზე, არამედ, საგანგებო მდგომარეობის ვადასთან. შესაბამისად, 21-დან, როდესაც პარლამენტის თანხმობით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, პარალელურად, გაგრძელდება თუ არა ავტომობილების შეზღუდვა, ამაზე გადაწყვეტილებაც, იქვე იქნება მიღებული. სავარაუდოდ, ალბათ უნდა გაგრძელდეს.

    ნებისმიერი შეზღუდვა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა ვითარება იყო ქვეყანაში. რომ არ შექმნილიყო საცობები და ადამიანები დიდი რაოდენობით არ გამოფენილიყვნენ გარეთ, 100%-იანი მტკიცებით შემიძლია გითხრათ, რომ არ გახდებოდა საჭირო ავტომანქანებით მოძრაობის აკრძალვა… გამკაცრდება თუ არა კიდევ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვითარებაზე. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, მოლოდინები იყო, რომ ეს გაცილებით ჩქარა დამთავრდებოდა, თუმცა, ეს იმედი არ გამართლდა”, – განაცხადა სუბარმა.

    პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით უკვე მიმართა, პარლამენტი ამაზე 22-23 აპრილს იმსჯელებს. 21 მარტიდან ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ვადა 21 აპრილს იწურება.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • შემაშფოთებელია საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ნაბიჯები – საგარეო უწყება განცხადებას აკეთებს

    შემაშფოთებელია საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ნაბიჯები – საგარეო უწყება განცხადებას აკეთებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს 17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

    „კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.

    განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა.

    საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში

  • მომავალ კვირაში ონლაინ ვაჭრობით მომუშავე კომპანიების შემოწმებას დავიწყებთ – თურნავა

    მომავალ კვირაში ონლაინ ვაჭრობით მომუშავე კომპანიების შემოწმებას დავიწყებთ – თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მომავალი კვირიდან იმ კომპანიების შემოწმებას აანონსებს, რომლებიც ონლაინ ვაჭრობით არიან დაკავებული.

    მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ონლაინ ვაჭრობა იქნება პრიორიტეტი, როდესაც დაიწყება ეკონომიკის ამოქმედება.

    „როგორც არაერთხელ ითქვა, პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვას და ამოქმედებას, მიენიჭება იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ონლაინ ვაჭრობით ან უნდა გადაეწყონ ონლაინ ვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ ვაჭრობაზე მომუშავე კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო სწრაფად, ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა ექნებათ“,-აცხადებს ნათია თურნავა.

  • საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესების ამოქმედება მოსალოდნელი არაა – თურნავა

    საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესების ამოქმედება მოსალოდნელი არაა – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განაცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმ ბიზნესების აქტიურად ამოქმედება, რომელიც დროებით შეჩერდა, მოსალოდნელი არ არის.

    ,,მინდა გულახდილად მოგახსენოთ, რომ გათვალისწინებით ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და იმ ვითარებისა, როდესაც პრაქტიკულად შევდივართ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს, საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ დავიწყებთ ბიზნესების ამოქმედებას, იმ ბიზნესების, რომლებიც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება ადრე თუ გვიან დაიწყოს მუშაობა”, — განაცხადა თურნავამ.

    მისი თქმით, ,,სამაგიეროდ” , ამ დროს კომპანიების შემოწმებისთვის გამოიყენებენ.

    ,,სამაგიეროდ, ამ პერიოდს ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, იმ უსაფრთხოების სტანდარტების გადამოწმება, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ როგორც კი შემაკავებელი ზომების შერბილების და ეკონომიკის ამოქმედების შესაძლებლობა მოგვეცემა, ყველა მზად იყოს და შემოწმებისთვის დამატებით დრო აღარ დაგვჭირდეს,“- განაცხადა მინისტრმა.

    რაც შეეხებათ ონლაინვაჭრობას, მინისტრი ამბობს, რომ მათ შემოწმებას შემდეგი კვირიდან დაიწყებენ.

    შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობების გარდა, ყველაფერი შეჩერებულია. მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები და კიდევ რამდენიმე ათეული სტრატეგიული ობიექტი.

  • კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?! – მეუფე იაკობი

    კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?! – მეუფე იაკობი

    კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?! – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისი თქმით, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო მეტი წინააღმდეგობის ბრძნობა აქვს მას, ამიტომ „ყველამ თავის საქმეს მიხედოს“.

    „დღეს გამოსული ვიყავი ქალაქში. 12 საათამდე ვიარე, რაც დღეს ხდებოდა, არ გაქვთ ის კადრები ნანახი?! მთელ ქალაქში დავდიოდი და უბრალოდ ვნახე, ის რიგები იყო?! დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ? ყველგან არეულობა იყო და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ერთი რამაა, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო წინააღმდეგობას ბრძნობს. ბევრი ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო და ახლა ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ?! კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • მეუფე იაკობი სახლში დარჩენის მოწოდებების გამო იმნაძისგან და გამყრელიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

    მეუფე იაკობი სახლში დარჩენის მოწოდებების გამო იმნაძისგან და გამყრელიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

    ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ამირან გამყრელიძისგან და პაატა იმნაძისგან საზოგადოებისთვის სახლში დარჩენის მოწოდებებს გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

    მისი თქმით, ინფექციონისტები ხალხს აპანიკებენ, მათგან დაავადებული ადამიანები კი ეკლესიიაში მიდიან.

    ,,პირდაპირ ვამბობ ამას, ინფორმირებული ვარ და მინდა იცოდნენ, რომ ეკლესიაზე გადაბრალება არავის არ გაუვა. ყველამ იცოდეს თავისი საქმე. ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი ჩვენთან მოდის. რომ აპანიკებენ, ფსიქოზური მომენტები ეწყებათ. ვინც არ მოდის, მათ, ალბათ, ფისოქანალიტიკოსები დასჭირდებათ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, სანამ გამოვლენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ, მერე მოვიდნენ და დაგველაპარაკონ.

    ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, აღდგომას ტაძარში არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, სხვა ექიმებზე არაფერი არ მაქვს სათქმელი. გულიანი ადამიანები არიან და სხვანაირად იქცევიან. ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, ღირსება რომ შერჩეთ. ეკლესიას ვერ მიაყენებენ დარტყმას”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

    მას შემდეგ, რაც მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად ჩატარდეს, პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში იტალიის მაგალითი განმეორდეს და პანდემია აფეთქდეს.

  • მთავრობამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები დაიბარა, თუ წირვაზე წახვალთ, სამსახურს დაკარგავთო – მეუფე იაკობი

    მთავრობამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები დაიბარა, თუ წირვაზე წახვალთ, სამსახურს დაკარგავთო – მეუფე იაკობი

    ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის თქმით, მის ეპარქიაში საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს მთავრობამ დაიბარა და უთხრა, თუ სააღდგომო ლიტურგიაზე წახვალთ, სამსახურს დაკარგავთო.

    „ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებსო დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს,“ – თქვა მეუფე იაკობმა.

    15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

  • პრეზიდენტის სასახლესთან სალომე ზურაბიშვილი ძაღლს ასეირნებს (ვიდეო)

    პრეზიდენტის სასახლესთან სალომე ზურაბიშვილი ძაღლს ასეირნებს (ვიდეო)

    სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლესთან  ძაღლს ასეირნებს. ამის ამსახველ ვიდეო მასალას “რადიო თავსუფელბა ავრცელებს’”

    ცნობისთვის, დღეს 17 აპრილს, 12:00 საათიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა შეზღუდვა რომლის მიხედვითაც იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

    შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.აკრძალულიაგადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. შეზღუდვა შეეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედითა და ველოსიპედით გადაადგილება.