Category: ახალი ამბები

  • CNN: საქართველოს ურჩი ეკლესია, კარანტინის მიუხედავად, მრევლს აღდგომის დღესასწაულზე უმასპინძლებს

    CNN: საქართველოს ურჩი ეკლესია, კარანტინის მიუხედავად, მრევლს აღდგომის დღესასწაულზე უმასპინძლებს

    CNN საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატებას.

    “საქართველოს სერიოზული გამოცდის ჩაბარება უწევს. კვირას  მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს,”- წერია CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

    სტატიაში – “საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია იზოლაციის მიუხედავად აღდგომას მრევლს უმასპინძლებს“, საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გაატარა, ასევე იმ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე, რაც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა გამოსცეს და აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მათ მოწოდებას არ ემორჩილება.

    „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირების მოწოდებას არ ემორჩილება. ქვეყნის მასშტაბით ღია რჩება და ცერემონიების ჩატარებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების თქმით, ეს შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს… იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, მან, შესაძლოა, ქვეყანა ყველაზე დიდი რისკის წინაშე დააყენოს. თუკი სააღდგომო დღესასწაულებზე ბევრი ადამიანის თავმოყრა მოხდება, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაფიქსირებული წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს,“ – წერს CNN-ი.

    სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ბზობის დღესასწაული აღინიშნა და ტაძრებში ჩატარებული ღვთისმახურებები მთავრობის მიერ 30 მარტს გამოცემული განკარგულების აშკარა დარღვევით ჩატარდა, რომელიც სამ პირზე მეტის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს.

    სტატიაში ზიარების რიტუალზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიები ამ რიტუალის ჩატარებაზე უარს არ ამბობენ.

    „კოვზი ხშირად არც კი ირეცხება“, – აცხადებს CNN-თან საუბარში „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტში“ რელიგიის საკითხებზე მომუშავე სალომე კანდელაკი. საპატრიარქოში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს, თუმცა საეკლესიო პირებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რელიგიური რიტუალების დროს დაინფიცირება გამორიცხულია“, – აღნიშნულია სტატიაში.

    ნილ ჰოუერი აღნიშნავს, რომ ქართული ეკლესიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, მათ შორის რუსულმა და ბერძნულმა ეკლესიებმა მრევლს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

     

  • შსს-მ ბოლო 24 საათში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 321 ფაქტი გამოავლინა

    შსს-მ ბოლო 24 საათში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 321 ფაქტი გამოავლინა

    ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 321 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    პოლიციამ, 17 აპრილის 21 საათიდან 18 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 მოქალაქე დააჯარიმა.

    გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 140 მოქალაქე დააჯარიმეს.

    სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 96 პირი დააჯარიმეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • საქართველოში დღეს წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ

    საქართველოში დღეს წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ

    საქართველოში წმინდა ცეცხლს დღეს ჩამოიტანენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იმ სპეციალური რეისით მოხდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდება.

    „ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან“, – განმარტეს საგარეო უწყებაში.

  • გარდაიცვალა რეჟისორი რეზო ესაძე

    გარდაიცვალა რეჟისორი რეზო ესაძე

    84 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი, რეზო ესაძე გარდაიცვალა. მონაწილეობა აქვს მიღებული 122 ფილმში. გადაღებული აქვს 11 ფილმი. არის რეჟისორი ფილმებისა: ერთხელ, ფრო, წამზომი, ყოველ შაბათს, წკიპურტები, ერთი ნახვით შეყვარება, წისქვილი ქალაქის გარეუბენში, საქორწილო საჩუქარი, ნეილონის ნაძვისხე, ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა.

    იყო ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი,  საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.

  • სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დღეს, 23:00 საათზე დაიწყება

    სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დღეს, 23:00 საათზე დაიწყება

    სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.სამების საკათედრო ტაძარში 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, ხოლო 23:00 საათზე მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ამის შემდეგ დაიწყება ლიტანიობა და სააღდგომო საღვთო ლიტურგია.

     

  • “ეს სრული უაზრობაა“– გერმანელები თვლიან, რომ ქუჩების მორეცხვას კორონავირუსთან საბრძოლველად მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს

    “ეს სრული უაზრობაა“– გერმანელები თვლიან, რომ ქუჩების მორეცხვას კორონავირუსთან საბრძოლველად მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს

    ბოლო დროს თბილისის და საქართველოს რამდენიმე დიდი ქალაქის ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვა დაიყო. თბილისის მერია  ამას “კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესს “უწოდებს. რამდენად გონივრულია ქუჩების სავალი ნაწილის თუ ტროტუარების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვა და რამდენად გამართლებულია ეს ხარჯები? ქუჩების დეზინფექციას კორონავირუსის გავრცელების შემდეგ  თავდაპირველად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშიც აკეთებდნენ,  თუმცა ბოლო დროს მსგავს პროცედურას ნაკლებად შეხვდებით, რადგან დღეს მსოფლიომ ბევრად მეტი იცის ვირუსის შესახებ, ვიდრე თავიდან და ქუჩების მორეცხვის აბსურდულობაც დადგენილია. მაგალითად, ქუჩების დეზინფექცია კორონავირუსთან საბრძოლველად არასოდეს ჩაუტარებიათ გერმანიაში, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში ერთ–ერთი მოწინავეა. ეს ქვეყანა პირველი დღიდან მიზანდასახულად ებრძვის ეპიდემიას ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებით, შეზღუდვის ზომებით, მასობრივი ტესტირებით, პარალელურად მუდმივი კვლევებით და წარმატებასაც აღწევს. მას ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

    გერმანია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე უკვე წარმატებით კონტროლდება და იმართება. ამის დასტურია ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ კვირის თითოეულ დღეს უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლად ინფიცირებული პაციენტების რიცხვი.4 მაისიდან გერმანია ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას,

    პროფესორი კრისტიან დროსტენი ბერლინის შარიტესთან არსებული ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც გერმანიაში ყველაზე ავტორიტეტული ვირუსოლოგია, კოვიდ-19 ბრძოლის საკითხში გერმანიის მთავრობის ერთერ-ერთი მრჩეველია და  ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტია არა მხოლოდ გერმანიის მასშტაბით.

    ის ამბობს, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტებით არის მოტივირებული, როდესაც სატვირთო მანქანები ქუჩაში სადეზინფექციო საშუალებებს აფრქვევენ, რადგან ადამიანები სასოწარკვეთილი ცდილობენ რაიმე ფორმით მაინც შებრძოლონ ეპიდემიის გავრცელებას.

    გერმანიის სამხრეთ–დასავლეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, SWR–ის სამეცნიერო გამოცემა კი ქუჩების დეზინფექციას მასალას უძღვნის, რომელშიც გამოცემის– SWR SCIENCE–ის რედაქტორი, ანა ბრაუნი საუბრობს, რამდენად აზრიანია კორონავირუსთან საბრძოლველად ქუჩების დეზინფექცია:

    “კონკრეტულად რას შეიცავს ეს სითხე, რომელსაც ცარიელ ქუჩებში აფრქვევენ:

    ასეთ დრის ხშირად გამოიყენება ოქსიდანტები – მაგალითად, გაზავებული წყალბადის ზეჟანგი, რომელიც სწრაფად იშლება გარემოში, ან ძმარმჟავა. ამ საშუალებებს ჩვეულებრივ, იყენებენ სასმელი წყლის გამწმენდ სისტემებში და შესაბამისად ისინი უვნებელნი არიან.

    იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში  ქუჩების დეზინფექციის მიზნით და ვირუსის გასაუვნებელყოფად ქუჩებსა და მოედნებზე ქლორიანი ნაზავიც კი გამოიყენეს, თუმცა  ესეც მეტწილად უვნებელია როგორც ადამიანებისათვის, ასევე ბუნებისთვის.

    გერმანია  ვირუსის გავრცელებისთან ბრძოლის სხვა ზომებს ეყრდნობა .

    აქედან ბუნებრივია შეკითხვა:

    აქვს თუ არა საერთოდ  აზრი ქუჩებისა და შენობების ფასადების დეზინფექციას:

    გერმანელი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სრული უაზრობაა. ვირუსის გავრცელება   ხდება ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე. თავად ვირუსი  კი დიდხანს გარემოში ვერ ძლებს. არსებობს კვლევები ვირუსის სიცოცხლის უნარიანობის  ვადებზე მაგრამ ლაბორატორიულ პირობებში. თავისთავად ცხადია, ასეთ პირობებში იგი უფრო მეტხანს ინარჩუნებს სიცოცხლის უნარიანობას, ვიდრე ღია სივრცეში, ჰაერში, მზეში, ქარში ან წვიმაში. ასეთ პირობებში ახალი ტიპის კორონა-ვირუსს დაავადების გამოწვევისათვის საჭირო აქტიურობის შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი აქვს.

    ცნობილია, რომ ვირუსი ასევე გადადის კანთან კონტაქტით. ასეთი რამ ქუჩასა და საზოგადოებრივ ადგილებში ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია და მაშინაც კი, თუკი იგი ადამიანის ხელზე მოხვდება, ვირუსების რაოდენობა ჩვეულებრივ იმდენად მცირეა, რომ მათ არ შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს თეორიული რისკი, მაგრამ ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

    ჰიგიენოლოგების აზრით, უფრო გონივრული იქნება დეზინფექცია ისეთ  ადგილებში ჩატარდეს, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება. მაგალითად ბარებში,  ავტობუსებში, მატარებლის სადგურებსა თუ მოსაცდელ ოთახებში. ასევე აზრიანია  კარის სახელურების ან ლიფტების ღილაკების დეზინფექცირება.

    მაშინ რატომ აფრქვევენ ასე უხვად ამ ხსნარებს:

    ეს ნამდვილად ერთგვარი აქციონიზმია – ამით  სახელმწიფოები ცდილობენ ადამიანებს დაანახონ, რომ რაღაცას აკეთებენ კორონას წინააღმდეგ ბრძოლაში. სამხრეთ კორეაში ხელისუფლებამ თქვა, რომ ზომები მიიღება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავი უფრო დაცულად იგრძნონო.

    ზოგიერთ ქვეყანაში ეს შეიძლება იყოს პანდემიის სტანდარტული რეპერტუარის ნაწილი. თუმცა ძალა და ენერგია შეიძლება უფრო გონივრულად იქნას გამოყენებული, მაგალითად ჯანმრთელობის სისტემის მხარდასაჭერად.“– წერს გამოცემა.

  • ზუსტად ვიცით რა მოელის ჩვენს პატარა ქვეყანას, შეიძლება სულ მალე ორთოპედებს თერაპევტობა მოგიწიოთ, ონკოლოგებს ინტენსივისტობა – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

    ზუსტად ვიცით რა მოელის ჩვენს პატარა ქვეყანას, შეიძლება სულ მალე ორთოპედებს თერაპევტობა მოგიწიოთ, ონკოლოგებს ინტენსივისტობა – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

    ამერიკაში მოღვაწე  ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე, სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და ქართველ ექიმებს მიმართავს.

    „ჩემო ძვირფასო კოლეგებო,შეიძლება საქართველოდან ასე ჩანს რომ ჩვენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ექიმებმა „თავს ვუშველეთ“ აქ წამოსვლით, მაგრამ ღმერთმა უწყის, რომ გულით და სულით მანდ ვართ;

    მხოლოდ იმიტომ რომ, საბედნიეროდ, მანამდე გამოვცადეთ ჩვენს თავზე ეს საშინელება ვიდრე თქვენამდე მოაღწევდა, ზუსტად ვიცით რა მოელის ჩვენს პატარა ქვეყანას და რამხელა საფრთხის ქვეშ ხართ პირველ რიგში თქვენ, ვკადნიერდები რომ გთხოვოთ:

    ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში, მოქალაქეობრივი თვითშეგნების გარდა, პროფესიული პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!

    მე კარგად მესმის რომ ისედაც დაბეჩავებულ, დასუსტებულ და ხშირად მანკიერ სისტემაში გიწევთ მუშაობა, სადაც თქვენი აზრის დაფიქსირება შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, მაგრამ ახლა, როდესაც დღესავით არის ნათელი სად გადის ზღვარი სწორ ქცევასა და კომფორმიზმს შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!

    ეს სენი არ დატოვებს არცერთ სპეციალობას, რომელსაც არ შეეხება, უკვე რამდენიმე კვირაა ბნელ ოთახში ვაცეცებთ ხელებს და რამდენი ნაღმია ოთახში, იმასაც კი ვერ ვხედავთ. შეიძლება სულ მალე ორთოპედებს თერაპევტობა მოგიწიოთ, ონკოლოგებს ინტენსივისტობა; ეს რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!

    თქვენ გაქვთ უფლება, რომ იყოთ სათანადოდ დაცული, მიუხედავად იმისა, რომელ კლინიკას წარმოადგენთ;

    თქვენ ხართ ჯარისკაცები ამ ომში და გჭირდებათ აღჭურვილობა, შიდა წრეებში ამის განხილვა საკმარისი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!

    ჩვენ პაციენტების დაცვა არა მხოლოდ კლინიკებში და სტაციონარში, არამედ მის გარეთაც გვევალება და, როდესაც რეალურ საფრთხეს ვხედავთ, მყისიერად უნდა ვიმოქმედოთ რომ ეს საფრთხე პაციენტს თავიდან ავაცილოთ.

    რა თქმა უნდა პანდემია გადაივლის, რა თქმა უნდა, როგორც ერი, ჩვენ გადავრჩებით, მაგრამ იგივე საქართველოში აღარ გავიღვიძებთ და ერთმანეთს თვალებში ვეღარ შევხედავთ, რადგან ვიცოდით საფრთხის შესახებ და არაფერი მოვიმოქმედეთ.

    ამიტომ გთხოვთ, მიმართეთ მთავრობას საერთო განცხადებით, რომ უზრუნველყოს საგანგებო მდგომარეობის აღსრულება გამონაკლისის გარეშე, მათ შორის ეკლესიებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.როდესაც ბევრნი ვიქნებით, მეტი შანსი იქნება რომ მოგვისმინონ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

    პატივისცემით“, – წერს მამუკა მაჩაიძე.

  • “როგორც ჩანს მეუფე იაკობი ვერ ხედავს სხვაობას ჯვარსა და კალაშნიკოვს შორის“–პაატა შამუგია

    “როგორც ჩანს მეუფე იაკობი ვერ ხედავს სხვაობას ჯვარსა და კალაშნიკოვს შორის“–პაატა შამუგია

    მწერალმა პაატა შამუგიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ მეუფე იაკობის განცხადებებზე ისაუბრა. პაატა შამუგიას თქმით, ეპისკოპოსი იაკობი ჯვარს კალაშნიკოვივით იყენებს.

    „ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც დღეს ექიმებისგან ბოდიშს ითხოვდა და რომელზეც ამბობენ რომ ეს ყოფილა ადამიანი, რომელიც 90-იანებში კალაშნიკოვით ხელში დარბოდა, ახლა ეს კალაშნიკოვი მოიხსნა და ჯვარი დაიკიდა, მაგრამ ამ ჯვარსაც კალაშნიკოვივით იყენებს – როგორც ჩანს, ვერ ხედავს სხვაობას ჯვარსა და კალაშნიკოვს შორის. რანაირად შეიძლება ამ ხალხს ჰყავდეს მრევლი? რა საერთო აქვთ ამათ ან სულიერებასთან ან ბიბლიასთან ან ქრისტიანობასთან. როგორ შეიძლება ენდო ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც აქვს მეხუთე კლასელი ძნელად აღსაზრდელი ბავშვის ლექსიკა? მოუსმინეთ იაკობს, მოუსმინეთ იობს, მოუსმინეთ თითქმის ყველა მაღალ იერარქს და ყველა მათგანი საუბრობს როგორც მართლაც მეხუთე კლასელი ძნელად აღსაზრდელი ბავშვი“,-განაცხადა პაატა შამუგიამ.

    შეგახსენებთ, მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს. ბოდიშის მოხდის მიზეზი კი იმნაძისა და გამყრელიძის მიერ მოსახლეობისთვის ეკლესიაში წასვლისგან თავის შეკავებაზე გაფრთხილების მიცემაა.

    წყარო: formulanews

  • ბორდერიზაციის გაგრძელება სრულიად დაუშვებელია – კარლ ჰარცელი

    ბორდერიზაციის გაგრძელება სრულიად დაუშვებელია – კარლ ჰარცელი

    “საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მხრიდან ბორდერიზაციის გაგრძელება სრულიად დაუშვებელია”, – ამის საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „ტვიტერზე“ დაწერა.​

    „საქართველოს სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის მხრიდან ბორდერიზაციის გაგრძელება სრულიად დაუშვებელია. მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები და თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელმაც შესაძლოა, სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს“, – წერს კარჰლ ჰარცელი.

    ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს.

  • კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

    საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში 84 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს.

    ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე აისახა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა არის დადასტურებული.