Category: ახალი ამბები

  • ოზონოთერაპია Covid19-ის სამკურნალოდ, რომლის გამოყენება საქართველოში დაიწყეს ამერიკის სასამართლომ აკრძალა

    ოზონოთერაპია Covid19-ის სამკურნალოდ, რომლის გამოყენება საქართველოში დაიწყეს ამერიკის სასამართლომ აკრძალა

    ოზონოთერაპია, რომლის გამოყენება ქართველმა ექიმებმა Covid19-ის წინააღმდეგ დაიწყეს, როგორც ირკვევა ამერიკის სასამართლომ ორი დღის წინ აკრძალა. ამის შესახებ ფეისბუქზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე წერს:

    “პოსტი არ ემსახურება არავის კრიტიკას, არამედ არასამედიცინო საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარებას და წარმოადგენს ჩემს პირად აზრს. რადგან ბევრმა მომწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, აქ შევეცდები გაგცეთ პასუხი.

    რა პრინიპული განსხვავებაა პროტოკოლით/გაიდლაინით დადგენილ და ექსპერიმენტულ მკურნალობას შორის?

    როდესაც პაციენტს ეძლევა პროტოკოლით/გაიდლაინით დადგენილი მკურნალობა, მას ექიმი, როგორც წესი, აზრს არ ეკითხება; უბრალოდ ეუბნება რომ პაციენტს ეს წამალი ეკუთვნის. ამ ერთი შეხედვით მარტივი ქმედების უკან დგას წლების განმავლობაში დაგროვილი კვლევები და გამოცდილება ამ წამლის **უსაფრთხოების** და დადებითი ეფექტების შესახებ. ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, პაციენტს აქვს უფლება, უარი თქვას შეთავაზებულ მკურნალობაზე, რადგან პირველ რიგში ის არის პასუხესმგებელი თავის ჯანმრთელობაზე.

    როდესაც პაციენტს ეძლევა ექსპერიმენტული მკურნალობა (კვლევის სახით), მას უნდა განემარტოს რომ პაციენტი არის **ექსპერიმენტის** ნაწილი, ანუ ის რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს წამალი მას უფრო ავნებს თუ უფრო უშველის; მას უნდა ავუხსნათ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები და ვინმემ (როგორც წესი წამლის თუ პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ ან თავად კვლევის დამფინანსებელმა) უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველანაირი პოტენციური ზარალის ანაზღაურებაზე. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მესამე, ნეიტრალური მოწმის თანდასწრების პირობებში და პაციენტმა (ან მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელმა ოჯახის წევრმა) ხელი უნდა მოაწეროს თანხმობის დოკუმენტს. ამავე დროს, უნდა არსებობდეს საღი აზრის ფარგლეფში ეჭვი, თუ რატომ არის ეთიკურად გამართლებული ადამიანზე კონკრეტული ექსპერიმენტის ჩატარება.

    მაგალითისთვის, გუშინ შტატების ფედერალურმა სასამართლომ დალასის (ტეხასის შტატი) ერთ ერთი ჯანმრთელობის ცენტრს აუკრძალა ოზონოთერაპიის გამოყენება კოვიდ 19 დაავადებულების სამკურნალოდ https://bit.ly/2xbyOJm. კონკრეტული შემთხვევა ამერიკის FDA-მ და FBI-მ გამოიძიეს.“– წერს მამუკა მაჩაიძე.

    შეგახსენებთ, რომ კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბათუმელმა ექიმებმა ოზონოთერაპია გამოიყენეს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით დიდი წარმატება ჰქონდა. თენგიზ ცერცვაძის  თქმით მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების ფონზე დაავადება გაცილებით ადრე ალაგდა, ვიდრე, არსებული პრაქტიკის მიხედვით, სტანდარტულად ხდება:

     

    „მათ 4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს უკეთეს შემთხვევაში ვირუსი უქრებოდათ მე-13, მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება ორი თვის შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი განმარტებით ოზონოთერაპია არის ოზონის ინტრავენურად შეყვანა ადამიანის ორგანიზმში:

     

    „ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის, ყველამ იცის რა არის, შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს”, – უთხრა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

  • ,,მაგთიკომი” მომხმარებლებს თაღლითობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

    ,,მაგთიკომი” მომხმარებლებს თაღლითობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

    კომპანია მაგთიკომი მომხმარებლებს აფრთხილებს, კონკრეტულ ნომრებზე, რომლებიდანაც დილიდან გამოტოვებული ზარები ფიქსირდება, არ გადარეკონ, თორემ მათ თანხა ჩამოეჭრებათ.

    ,,აბონენტთა საყურადღებოდ!

    მაგთიკომის აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან,რომელთა საწყისი კოდებია:
    338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367

    ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.

    აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ”,- წერს მაგთიკომი.

  • თბილისში უმუშევრად დარჩენილმა 27 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა

    თბილისში უმუშევრად დარჩენილმა 27 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა

    კრიზისის შემდეგ უმუშევრად დარჩენილმა 27 წლის ბიჭმა თბილისში, თამარ მეფის ხიდზე თვითმკვლელობა სცადა. ის ამბობს, რომ გაჭირვების გამო გაუსაძლის მდგომარეობაშია და არანაირი შემოსავლის წყარო აღარ აქვს. ინფორმაციას ,,მთავარი არხი” ავრცელებს.

    ახალგაზრდის თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებამდე მშენებლობაზე იყო დასაქმებული, ახლა კი ობიექტებზე მუშაობა შეჩერებულია.

    ის ხელისუფლებას დახმარებას თხოვს.

    თამარ მეფის ხიდზე მობილიზებული არიან კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

     

  • ექიმები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და მათ ეფარებათ ,,ქართული ოცნება” – გიორგი ვაშაძე

    ექიმები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და მათ ეფარებათ ,,ქართული ოცნება” – გიორგი ვაშაძე

    “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პაატა იმნაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ მასობრივი ტესტირების არჩატარება მიზანმიმართულად ხდება.

    მისი თქმით, ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის , რომ დაბალი ციფრები შეინარჩუნონ, მეორე კი ,  ხელისუფლებამ ,,ზედამხედველობის ფუნქცია” გაიხანგრძლივოს.

    ,,ის, რომ საქართველოში არ ხდება საყოველთაო ტესტირება, ეს მიზანმიმართულად ხდება და ამას აქვს კონრეკრეტული მიზეზი. პირველი – ფიქრობენ, რომ ამ ციფრებს შეინარჩუნებენ და იტყვიან, რომ კარგად ებრძოლნენ კორონავირუსს, მეორე, რომ ზედამხედველის ფუნქცია, რომელიც გაუტკბა “ქართულ ოცნებას”, უნდათ, რომ მაქსიმალურად გაწელონ. სამწუხაროა, რომ ექიმები იჭრებიან პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ამ განცხადებებს ეფარება “ქართული ოცნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    ცნობისთვის, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ,,კორონავირუსზე ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას”.

  • სპეცოპერაცია ბათუმში – ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება $2 მლნ-ს აჭარბებს

    სპეცოპერაცია ბათუმში – ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება $2 მლნ-ს აჭარბებს

    დღეს ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამერიკის ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მლნ. დოლარს აჭარბებს.

    შსს ინფორმაციით, ნარკოტიკი ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ევროპაში გატანას გეგმავდნენ.

    ,,გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ, რომელთა დაკავების ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, საქართველოში წინა წლის მარტის თვეში უკანონოდ გადმოზიდა მსუბუქ ავტომობილში, სპეციალურად გამზადებულ სამალავში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ბათუმში დროებით საცხოვრებელ ბინაში განათავსა, საიდანაც აორგანიზებდნენ ცენტრალურ ევროპაში მის გადაზიდვას. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მიმდინარეობს სხვა პირების გამოვლენა”, – განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

    მისივე ინფორმაციით, სხვა პირების გამოვლენის მიზით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • სწორია, რასაც კოვზზე ამბობს, იმიტომ რომ საერო პოზიციიდან ამბობს – მეუფე ნიკოლოზი გახარიაზე

    სწორია, რასაც კოვზზე ამბობს, იმიტომ რომ საერო პოზიციიდან ამბობს – მეუფე ნიკოლოზი გახარიაზე

    ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაიანება, რომელმაც თქვა, რომ ერთი კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

    მეუფის თქმით, გახარია სწორს ამბობს, რადგან საერო პოზიციიდან საუბრობს, თუმცა სასულიერო პირები მისტიკასა და სასწაულებზე საურობენ, რაზეც ექიმები და პრემიერი ვერაფერს იტყვიან.

    „აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს, რადგან ამას საერთო პოზიციიდან საუბრობს. ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ საფრთხის შემცველი არ არის. ექიმები, პრემიერ-მინისტრი, ადამიანები, მეცნიერები ვალდებულები არიან, რომ ეს თქვან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არსებობს ღმერთი-იესო ქრისტე, რომელიც თავის სისხლსა და ხორცს საჭმელად და სასმელად გვაძლევს, ამაზე რას იტყვიან პრემიერ-მინისტრი და ექიმები? ვერაფერს იტყვიან, რადგან ეს არის მისტიკა, საიდუმლოება. ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული“,-განაცხადა მეუფემ.

    ცნობისთვის, პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ ზიარების საერთო კოვზი კოვზიც ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

    საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ერთი კოვზით ზიარების პრაქტიკა ამ დრომდე არ შეცვალა.

  • რეალობას აცდენილები არიან, აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ – კალაძე ოპოზიციაზე

    რეალობას აცდენილები არიან, აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ – კალაძე ოპოზიციაზე

    თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები აბსურდული და მძიმე მოსასმენია.

    მან ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ოპონენტები ხელისუფლებას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გასახორციელებელ სამუშაოებში შეუერთდებიან, რადგან ეს საბოლოოდ მათ წაადგებათ.

    „ირაკლის პოსტი მე არ მინახავს, თუმცა, რასაც ვისმენ ბოლო დღეებში ოპონენტების მხრიდან არის ძალიან მძიმე მოსასმენი. რეალობას აცდენილები არიან აქაც, აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ, თუმცა ვფიქრობ, ამის დრო არ არის. ჩვენ ვართ ორიენტირებულები და კონცენტრირებულები, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. თუ ისინი ამ ყველაფერში შემოგვიერთდებიან, მხოლოდ და მხოლოდ მათ წაადგებათ საბოლოოდ“, – განაცხადა კალაძემ.

    ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  ,,პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა პანდემიის დროს, პოლიტიკური მაროდიორობაა.”

    ამას ,,ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელსაც შიმშილის წინაშე დარჩენილი ათასობით ოჯახისთვის რეალური დახმარების შეთავაზება არ შეუძლია, ექიმების ზურგს ეფარება.

  • როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კახა კალაძის განმარტება

    როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კახა კალაძის განმარტება

    თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეკონომიკის გახსნის ეტაპები დაასახელა, კორონავირუსთან სიფრთხილე მაინც საჭიროა.

    კალაძის განმარტებით, როგორც კი დარგის სპეციალისტები მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის მოწოდებას და რჩევას მისცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.

    მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარებაზე.

    ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო ეტაპები შეზღუდვების მოხსნის, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენ ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრდინ რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, მაშინვე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება“, – თქვა კალაძემ.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. აკრძალულია ასევე საქალაქთაშორისო მოძრაობაც.

    ხვალიდან აღდგება ავტომანქანებისა და ტაქსების ოპერირება, თუმცა დარჩება მძღოლის გვერდით ჯდომისა და 3-ზე მეტი პირის გადაყვანის აკრძალვა. ამასთან, ტაქსებს მოუწევთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა.

  • თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა

    თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა

    თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდა არის.

    “მივიღეთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ცენტრის ჩაკეტვის, რადგან მაქსიმალურად შევზღუდოთ კომუნიკაცია და მივიღოთ პრევენციული ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება…. შესაბამისი პოლიციური და თავდაცვის დანაყოფებმა შეისწავლეს გეოგრაფია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი იქნება ჩაკეტილი”,- თქვა მან რუსთავი 2-თან საუბარში და აღნიშნა, სამ სოფელში ვირუსის ერთეული შემთხვევებია და ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს.

    კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოშიც.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 20-მდე შემთხვევა დადასტურდა. მისივე თქმით, უმეტესობა მათგანი სამედიცინო პერსონალია.

  • თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

    თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

    თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. ამის მიზეზი ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, ისაა, რომ COVID 19 კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.

    მისივე თქმით, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

    „საავადმყოფოს ექთანთან დადასტურდა ინფიცირების ფაქტი. გუშინ ძალიან მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები გაკეთდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. აიღეს საკვლევი მასალები მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომელიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი და ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის მანძილზე არის ის ცვლილება, რომ დღეს თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი“,- თქვა შოთა რეხვიაშვილმა.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 20-მდე შემთხვევა დადასტურდა. მისივე თქმით, უმეტესობა მათგანი სამედიცინო პერსონალია.

    ჩაიკეტა თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრიც.

    დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 29 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 485-ს მიაღწია. ასევე, დღეს COVID-19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი