Category: ახალი ამბები

  • თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა

    თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა

    თბილისში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

    კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მისივე თქმით, ელექტროსკუტერების ახალი პროექტიც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

    ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა. მომხმარებელი მის გააქტიურებას სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს. მგზავრობის დაწყების ღირებულება 1 ლარია, ხოლო ყოველი მომდევნო წუთი 35 თეთრი ღირს. ელექტროსკუტერით 1 საათის სარგებლობის ფასი 21 ლარია.

    პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. პროექტის მიზანი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს.

    ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი (www.scroll.eco), სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი. ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს.

    ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე, აუცილებელია მომხმარებლისთვისაც.

  • თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე  ქალის ცხედარი იპოვეს

    თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს

    თბილისში ახვლედიანის ქუჩაზე 50 წლის ქალი საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მეზობლები აცხადებენ გარდაცვლილს თვითმკვლელობა არაერთხელ უცდია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

  • “რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება” –  ლევან გოფოძე

    “რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება” – ლევან გოფოძე

    რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, თუ ქვეყანას აქვს რესურსი, ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოხერხდება საზოგადოების ამა თუ იმ ფენის (კლასტერების )კონტროლი მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება.

    „რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება თუ არის ასეთი შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, ეს დიდი მატერიალურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული და რაც მთავარია, ამ პოლიტიკას განსაზღვრავს NCDC როგორც იცით და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოებას რა ნაწილს და ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება“, -განაცხადა ლევან გოფოძემ.

    მისივე თქმით, დღეს ჩატარებული ტესტირება რომ საკმარისი არ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ არის საუბარია მის მეტად გაფართოებაზე.

    „ანუ თვითონ ჩვენი ინფექციის კონტროლის სამსახურიც თვლის, რომ მეტი კვლევაა საჭირო. ჩემი შეფასება ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ იქნება, რადგან მე მთლიან ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ისე დეტალურად არ ვიცნობ, ვინც დეტალურად იცნობს და ფლობს ინფორმაციას, უნდა დავუჯეროთ მათ და ისე გავაკეთოთ, როგორც გვეუბნებიან. პირადად ჩემი აზრი კი ასეთია, რომ რაც უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს კლასტერებს დავარქმევთ, ჯგუფებს თუ სხვას, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას“, – აცხადებს გოფოძე.

    მისივე თქმით, როცა სწრაფი ტესტების სანდოობაზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 100 პროცენტიანი სანდოობა არ აქვს არც PCR ტესტებს, ამიტომ გოფიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რამდენად მაღალია სანდოობის ხარისხი ამა თუ იმ სწრაფი ტესტის მიმართ.

    „სწრაფი ტესტების ნამდვილობაზე ბევრს საუბრობენ მოგეხსენებათ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს ტესტები ფაქტია, დიდ სამსახურს უწევს ეპიდსიტუაციის კონტროლს,“- აღნიშნავს გოფოძე.

    მისივე თქმით, სწრაფ ტესტებს რესპუბლიკურ კლინიკაში მედპერსონალის გასატესტადაც იყენებენ PCR ტესტებთან ერთად. „მედპერსონალიდან 11-ს გაუკეთდა PCR ტესტი , მთლიანად გაიტესტა უკვე რეანიმაციის მედპერსონალი და ყველას ნეგატიური აღმოჩნდა, ასევე ე.წ. ემერჯენსის მედპერსონალის ნაწილი გაიტესტა, იქაც უარყოფითი იყო ყველა, დღეს დასრულდება ემერჯენსი და მერე გადავალთ დანარჩენ მედპერსონალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მედპერსონალი. ვიყენებთ როგორც სწრაფ ტესტირებას, ასევე, PCR ტესტებს განსაკუთრებით იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მუდმივ შეხებაში COVID ინფიცირებულებთან,“- განაცხადა გოფოძემ.

  • ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს – ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე

    ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს – ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე

    გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს. მერაბიშვილი აბსოლუტურად უტიფრობით გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ მათ ხელისუფლებას და მას პირადად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

    „ის მკვლელობები, დარბევა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა – ეს მათთვის ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი, სპეცრაზმების მოუმზადებლობა. მეტიც, იქამდეც კი მივიდნენ, რომ თურმე ოპოზიცია დგამდა წამების სცენებს ციხეებში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

    მისივე შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ იყო დანაშაულისგან თავის არიდების მცდელობა, არამედ ეს არის მათი ჩვეულებრივი პოლიტიკური სტრატეგია და ხედვა. „თეორიულად რომ დავუშვათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ხალხმა მერაბიშვილის სახით გვითხრა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისევე ცხოვრებას იმიტომ, რომ არ თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი დანაშაულია და შემდგომ ამ ყველაფერს დააბრალებენ სხვას. ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხის და იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც აწამეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 28 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

    2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.

    ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

  • ზურა ჯაფარიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საგანმანათლებლო აქცია გამართა

    ზურა ჯაფარიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საგანმანათლებლო აქცია გამართა

    პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ  პრეზიდენტის სასახლესთან საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვების საწინააღმდეგო საგანმანათლებლო აქცია გამართა.

    მას ხელში  ბანერიეკავა, წარწერით ილფისა და პეტროვის „12 სკამის“ კინოეკრანიზაციიდან. როგორც ჯაფარიძე განმარტავს  ბანერზე წარწერა ისეთივე დამახინჯებული ფრანგულით წერია  როგორც პრეზიდენტი ლაპარაკობს ქართულად.

    „აკრძალული მაქვს საპროტესტო აქციები, ერთი საპროტესტო აქციის გამო დამაჯარიმეს და მეორე საპროტესტო აქციის შემთხვევაში მემუქრება ციხე, ამიტომ ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის საგანმამათლებლო აქცია, რომლის მიზანიცაა საქართველოს მოქალაქეებს გავაგებინო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს“, – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა.

     

  • თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

    თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

    თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საზოგაოდებრივ მაუწყებელს ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

    “თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფექციის გავრცელების ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე, მერიის ამ თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი და მერიის სხვა თანამშრომლებთან ყველასთან მოსულია უარყოფითი შედეგი, დადასტურება არ არის”, –  განაცხადა რეხვიაშვილმა.

  • ლელო მთავრობას მიმართავს, რომ გასცეს ინფორმაცია, ვინ მისცა ოთარ ფარცხალაძეს საშვი

    ლელო მთავრობას მიმართავს, რომ გასცეს ინფორმაცია, ვინ მისცა ოთარ ფარცხალაძეს საშვი

    “ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანა. კოჟორიძე მთავრობისგან საჯარო ინფორმაციას ითხოვს იმის თაობაზე  თუ რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა ყოფილ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე მანქანით გადაადგილების საშვი.

    გარდა ამისა, კოჟორიძე აღნიშნავს, რომ თუ ფარცხალაძეზე საშვი გაცემული არ იყო, მაშინ რა რეაგირება მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას.

    “ჩვენი მთავარი კითხვაა, როგორ მუშაობს სისტემა? [ფარცხალაძეს] აძლევს დარღვევის ასე გატარების საშუალებას თუ სამართლებრივი რეაგირებას ახდენს? და სამართლებრივი რეაგირებას თუ არ ახდენს, თუ სამართალდამცველებმა იციან, რომ ვიღაც არღვევს კანონს და მაინც არანაირი რეაგირება არა აქვთ, მათი მხრიდან შეიძლება ეს იყოს დანაშაული – როგორც მინიმუმ სამსახურებრივი გულგრილობა. ამ შემთხვევაში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები, რომლებსაც ევალებოდათ ასეთი ტიპის ფაქტებზე რეაგირების მოხდენა და გაუნძრევლად არიან და ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ ამ ამბავს, სავარაუდოდ, თავად ჩადიან დანაშაულს”, – განაცხადა  კახა კოჟორიძემ.

    25 აპრილს, როცა ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ვიდეო და ფოტო და აცხადებდა, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ქალაქში მანქანით თავისუფლად გადაადგილდებოდა.

  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

    შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

    პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

    ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 68 მოქალაქე დააჯარიმა.

    მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
    სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 23 მოქალაქე დააჯარიმეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა ჩათვალონ

    ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა ჩათვალონ

    პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შემსუბუქებული შეზღუდვები მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა ჩათვალონ.

    როგორც ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა გააზრებულად უნდა გამოიყენონ.

    „ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც covi19-თან გამარჯვება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველყვოთ მაქსიმალური სიფრთილხე იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გავრცელდეს covid19“, – განაცხადა ჩიქოვანმა.