Category: ახალი ამბები

  • ვიცი, Facebook-ზე ჩემზე ბევრი ამბობს, “გამოვა და იტყვის კიდევ 2-3 კვირა” – გამყრელიძე

    ვიცი, Facebook-ზე ჩემზე ბევრი ამბობს, “გამოვა და იტყვის კიდევ 2-3 კვირა” – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პიკის სავარაუდო პერიოდთან დაკავშირებით გამოხმაურებებს უპასუხა და განაცხადა, რომ პიკი შიდა გავრცელებიდან მე-6, მე-7 და მე-8 კვირას არის.

    მისი თქმით, ახლა მე-7 კვირაში ვართ.

    ,,მე ვიცი, Facebook-ზე ბევრი ამბობს, აი, გამყრელიძე გამოვა და იტყვის კიდევ 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა. არა, ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიგონებთ, შიდა გავრცელებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო. შიდა გავრცელება ჩვენთან დაიწყო 23 მარტს, იქედან გადათვალეთ, ახლა ვართ მე-7 კვირაში. ამიტომ, მე-7 კვირა, მე-8 კვირას დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ გავივლით” — თქვა გამყრელიძემ.

  • თუშეთში მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა

    თუშეთში მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა

    უბედური შემთხვევა თუშეთში – აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერმა ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა. ისინი ადგილზე მაგისტრალის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდნენ. ადგილობრივებმა ერთი მუშის გადარჩენა შეძლეს, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაშია გადაყვანილი. მეწყერის ქვეშ მოყოლილ მეორე მამაკაცს კი, მაშველები  უკვე სამი საათია ეძებენ. დაკარგული მამაკაცი სავარაუდოდ, მიწის მასის ქვეშ მოყვა, თუმცა შესაძლოა, ის ხევშიც იყოს გადავარდნილი.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე ხშირია.

    შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

     

  • საქართველო პრეპარატ “რემდესივირის” მოპოვებას ცდილობს

    საქართველო პრეპარატ “რემდესივირის” მოპოვებას ცდილობს

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ დრომდე ფარმაცევტული კომპანია “გილეადის” გავლით პრეპარატ „რემდესივირის“ მიღება ვერ მოხერხდა. ის ამბობს, რომ პრეპარატი საქართველოში, ქვეყნის კვლევების პროგრამაში ჩართვით მოხერხდება. „რემდესივირი“ კოვიდ-19-ით ინფიცირებულების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენება შეერთებულ შტატებში, 1 მაისს იქნა დაშვებული. მას კომპანია „გილიადი” აწარმოებს.

    „გილეადის მექანიზმით პრეპარატის პირდაპირ, უშუალოდ ჩვენამდე მოღწევა ვერ მოხერხდა და მათი რეკომენდაცია იყო სოლიდარობის კვლევაში საქართველოს ჩართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

    ამ დრომდე, “რემდესივირთან” დაკავშირებით ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე აცხადებდნენ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნებოდა, რომელიც პრეპარატს მიიღებდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრეპარატი საქართველომ კომპანიას უკვე შეუკვეთა.

    „ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ასეთი მცირე ნაკადით პაციენტების, რომელიც მკვლევარებისთვის, ბუნებრივია, რომ კვლევის თვალსაზრისით არ არის საინტერესო და დიდი, მოხვდა ამ კვლევაში“, – განაცხადა გაბუნიამ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს კვლევაში ჩართვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თბილისის თანამშრომლობა გახდა.

    „რემდესივირის“ დადებით ეფექტებზე საუბრობენ შეერთებულ შტატებში. ალერგიათა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პრეპარატი კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში ეფექტურად მუშაობს. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა. “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს” – ამბობს ექიმი ფაუჩი.

    კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ათასი ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც “რემდესივირით” უმკურნალეს, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ისინი ვისაც პლაცებო მისცეს საშუალოდ 15 დღეში. ამასთან “რემდესივირის” ჯგუფის შემთხვევაში გარდაცვალების მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო, ხოლო პლაცეპო პაციენტებთან 11.6 პროცენტი.

    კომპანია “გილეადის” მიერ წარმოებული პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • თბილისის თავზე გადაიფრენს “გეორგიევსკის დროშა” – ,,უკვდავი პოლკი” 9 მაისს აქციას აანონსებს

    თბილისის თავზე გადაიფრენს “გეორგიევსკის დროშა” – ,,უკვდავი პოლკი” 9 მაისს აქციას აანონსებს

    საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 9 მაისს “ვაკის პარკში” უცნობი ჯარისკაცის საფლავთან “მოძრაობა უკვდავი პოლკის” წევრები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები აქციის ჩატარებას გეგმავენ.  ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე ყიფიანი რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ისინი თბილისის თავზე დრონებით დიდ “გეორგიევსკის დროშას” გადააფრენენ.

    “თბილისის თავზე გადაიფრენს რამდენიმე დრონი, რომლებიც თბილისს გადაატარებს დიდ გეორგიევსკის დროშას და ყველა მოიქეცით ძალიან ჭკვიანურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ ზომებს, როგორი ზომებიც მიგვიღია”, – ამბობს ყიფიანი.

    მისივე თქმით, მათ რუსული ფონდი “რუსკი მირი” და სხვადასხვა ბიზნესმენი აფინანსებენ. ყიფიანი აღნიშნავს, რომ მათ არავითარი შეზღუდვა არ აბრკოლებთ.

    ყიფიანი სამართალდამცაველ უწყებებს ემუქრება და მოუწოდებს, ჯარიმა არ დაუწერონ.

    ,,სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებით შეაშინონ ის, ვინც შეუშინებიათ. არავინ ჯარიმა არ დაწეროს, თორემ ის ჯარიმის ქვითარები სად ამოყოფს თავს, მე ირაკლი ყიფიანი გპირდებით, რომ განახებთ მეორე დღესვე და ტყუილად არავის არ ვემუქრები. მე განახებთ თქვენ ყველაფერს, ყველაფერს დაგილაგებთ. ღმერთი არ გაგიწყრეთ, რამე არ შეგეშალოთ, მოგამრთავთ უმაღლესი თანამდებობის პირებს”, – განაცხადა ყიფიანმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

    ფონდი, რომელიც ირაკლი ყიფიანის ორგანიზაციას აფინანსებს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 2007 წელს დააარსა და მას პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს.

    საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ასევე ყველანაირი შეკრება-მანიფესტაცია.

  • საგანგებო მდგომარეობის პირობებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 1.6 მლნ-ის ავეჯს ყიდულობს

    საგანგებო მდგომარეობის პირობებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 1.6 მლნ-ის ავეჯს ყიდულობს

    საგანგებო მდგომარეობიდან 1 თვის თავზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, 1.6 მლნ ლარის ავეჯს ყიდულობს. 23 აპრილს შპს ,,ჯეოსტილთან” გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ საჯარო რეესტრს ავეჯი 30 მაისამდე უნდა მიაწოდოს.
    .
    ავეჯზე ფასები ასე ნაწილდება: მაგალითად, ღია სივრცეში განსათავსებელი სავარძელი 9350 ლარი ჯდება, რომელიც 12 ცალი უნდა შეიძინონ, უფროსების სკამი 1200 ლარი ჯდება, სტუმრის სკამი 405 ლარი, მენეჯერების სკამი 930 ლარი, თანამშრომლების – 335 ლარი, სავარძელი თავმჯდომრის მოსასვენებელ სივრცეებში – 1100 ლარი. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

    ამ შესყიდვა უკვე მოყვა ოპოზიციის მწვავე კრიტიკა. ,,ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება ხელს უსვამს იმას, რომ ხელისუფლება მოსახლეობის გაჭირვების მიმართ აბსოლუტურად გულგრილია.

  • გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ გორში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

    გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ გორში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

    გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ გორში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იგეგმება. ჩაიკეტება გორიჯვრის ტაძართან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტება და მას შსს-ს წარმომადგენლები გააკონტროლებენ, მომლოცველებს იქ მოხვედრა მხოლოდ ფეხით, სოციალური დისტანციის დაცვით შეეძლებათ.

    შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

    ,,იმ ტაძრებში, სადაც ტრადიციულად უფრო მეტი ხალხი გროვდება ხოლმე, იქნება მოწესრიგებული როგორც ადამიანების მოძრაობია, ისე შეიზღუდება სამანქანა მოძრაობაც. შესაბამისად, ამ საკითხზე ასეთი გადაწყვეტილებაა”,- ამბობს ხოჯევანიშვილი.

    გორში გიორგობას მორწმუნეთა უმრავლესობა გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად მიდის.

  • არქიმანდრიტი საბა ამბობს, რომ არ დაუნახავს, ვინ ესროლა მის მანქანას

    არქიმანდრიტი საბა ამბობს, რომ არ დაუნახავს, ვინ ესროლა მის მანქანას

    არქიმანდრიტი საბა ამბობს, რომ არ დაუნახავს, ვინ ესროლა მის მანქანას ტყვია, ასევე არ იცის, მის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს თუ არა.

    ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის წინამძღვარი აცხადებს, რომ როცა ადამიანი სასიკვდილოდ გიმეტებს, იმას ხელს თავისთავად დაადებ.

    “თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, მე კაცი სასიკვდილოდ მიმეტებდა და იმას ხელს ვერ დავადებ?! კაცი, რომელიც სასიკვდილოდ გიმეტებს, იმას ხელს ხო დაადებ? ეგ არის სიცრუე მეთქი, არ ვიცი, არ დამინახავს. რაც არ დამინახავს, იმის დამტკიცება ძნელია. ადამიანი, რომელიც ხედავს თავისი თვალით, ჩვენ სწავლება გვაქვს ასეთი, ეჭვი უნდა შეიტანო იმ თვალში – რაც არ დამინახავს, ის როგორ ვთქვა?” – განაცხადა მან.

    ის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას ისევ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრილი არ არის და არც ყოფილა.

    ,,რაც შეეხება ჩემს მანქანას, მე არ მითქვამს, რომ ავტომატიდან იყო გასროლა. მე ვთქვი, რომ რაღაც მხვდებოდა. ვბრუნდებოდი გორიდან ეპარქიაში, მომხვდა რაღაც… მე არ გამიგია ავტომატიდან იყო თუ ცეცხლისგან, მე ვიცი, რომ რაღაცები მოხვდა მანქანას და გავაგრძელე გზა, მე არ დამინახავს ვინმე… მამა დავითს რომ მაპირისპირებენ, მამა დავითთან კონფლიქტიც არ მქონია მე” – ამბობს არქიმანდრიტი TV პირველთან საუბარში.

    მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

    ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

    ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. მთავარი არხის ინფორმაციით, მათ შორისაა ამავე გზის გაწმენდაზე მომუშავე კომპანია “თუშეთგზის” დირექტორი.

    გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოშლილი ქვაღორღიდან ადგილობრივებმა ერთი ადამიანის ამოყვამა შეძლეს, დანარჩენების სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობს.

    შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე სახანძრო- სამაშველო მანქანა.

  • დღეის მდგომარეობით, ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილა – ტიკარაძე

    დღეის მდგომარეობით, ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილა – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილა.

    თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, რომ დაავადების შემთხვევები დაფიქსირდეს.

    „რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირები“, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.

  • თუ ბლეფი აღმოჩნდა პანდემია, სად მიდიხართ? – მეუფე ანტონი

    თუ ბლეფი აღმოჩნდა პანდემია, სად მიდიხართ? – მეუფე ანტონი

    ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია მეუფე საბას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ მოწოდებას “დარჩით სახლში” და “არ დაესწროთ აღდგომას” მხოლოდ ეშმაკი იტყვის.

    ,,როგორც მე მეუბნებიან და გუშინაც ვუყურე რაღაცა გადაცემებს, გადმომიგზავნეს Whatsapp-ზე და ბლეფი არისო საერთოდ. დავუშვათ და ბლეფი აღმოჩნდა ეს პანდემია, სად მიდიხართ მაშინ? სწორი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი? თუ ეს პანდემია არის ხრიკი, მართალი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი?”,- მიმართავს მეუფე ტვ პირველის ჟურნალისტს.

    მისივე თქმით, ყველა გარდაცვლილს ,,აწერენ პანდემიას”, იტალიაში კი ადრე უფრო მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

    ,,როცა დადგინდება და მსოფლიო იტყვის, რომ ეს ბლეფია არის თუ.. და თუ ბლეფია, არის თუ არა ის მღვდელმთავარი სწორი? იტალიაში ადრე მაგაზე ბევრია გარდაცვლილი, ყველას აწერენ პანდემიას. სიკვდილიანობის რიცხვით არაფრით არ ჩამოუვარდება იგი არცერთ ავადმყოფობას რაც კი დედამიწაზე არის, გრიპი იქნება თუ ხოლერა. ამიტომ ამაზე ჯერ კვლევები არ დადებულა”,- აცხადებს მეუფე ანტონი.

    ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით მსოფლიოში COVID-19-ით 253 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, 3 მლნ 669 ათასი ინფიცირებულია, ხოლო 1 მლნ 210 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

    საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.