Category: ახალი ამბები

  • „თურქეთის ავიახაზები“ 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს

    „თურქეთის ავიახაზები“ 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს

    „თურქეთის ავიახაზები“ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი შიდა და საერთაშორისო ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, შიდა და საერთაშორისო რეისების განხორციელება ივნისიდან ეტაპობრივად, სამთვიანი გეგმის ფარგლებში განახლდება.

    როგორც სააგენტოს სარწმუნო წყარომ განუცხადა, ივნისიდან ფრენები 22 მიმართულებით, 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში განახლდება.

    თურქეთი ფრენების აღდგენას საქართველოს გარდა შემდეგ ქვეყნებშიც აპირებს: კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები,ბელგია, ბელორუსია, ისრაელი, ქუვეითი და ლიბანი.

    თავდაპირველად „თურქეთის ავიახაზები“ კვირაში 75 რეისს განახორციელებს. ივლისსა და აგვისტოში კი როგორც ფრენების სიხშირე, ასევე მიმართულებების რაოდენობა გაიზრდება.

    შეგახსენებთ, „თურქეთის ავიახაზებმა“ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენები კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შესამცირებლად 28 მაისამდე შეწყვიტა.

    ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 129 491 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 73 285-ია.

  • მიკროავტობუსის მძღოლები, ტაქსის მძღოლების მსგავსად, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

    მიკროავტობუსის მძღოლები, ტაქსის მძღოლების მსგავსად, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაზარალებულ ტაქსის მძღოლებსა და მიკროავტობუსის მძღოლებს 300-ლარიანი დახმარების შეღავათი შეეხებათ.

    „არსებული ვითარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არის ტაქსის მძღოლები და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ასევე ამ პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსების მძღოლები,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

    მან მიკროავტობუსების მძღოლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მოადგილეებს სატელეფონო შეტყობინების სახით მძღოლების ინფორმირება დაავალა.

    „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიკროავტობუსის მძღოლებს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მათ მონაწილეობა მიიღეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში იქნებოდა ეს ექიმების გადაყვანა, საკარანტინე ზონებიდან ხალხის გამოყვანა და კონკრეტულ ქალაქებში ჩაყვანა. ყველა საკარანტინე სივრციდან თბილისის მერიამ უზრუნველყო ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნება.

    დახმარების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება. მინდა გთხოვოთ მოადგილეებს, რომ SMS-ის სახით როგორც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, ასევე მიკროავტობუსების კომპანიას გადასცეთ ეს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების მძღოლებმა ამ პროგრამებით ისარგებლონ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

  • თბილისის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს

    თბილისის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს

    დედაქალაქს მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    როგორც კალაძემ განაცხადა, ინვესტორი ვალდებული იქნება ჩოგბურთის კორტები აღადგინოს.

    „დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს ადგილი სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. სავალდებულო იქნება, რომ ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი.

    ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და მომდევნო დღეების განმავლობაში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიურობა იქნება და კორტებს დავაბრუნებთ ძველი ფუნქციით“,-აღნიშნა კალაძემ.

  • საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, 269 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი.

    ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6-ით გაიზარდა და 610 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი.

    ინფორმაციისთვის, 610 ადამიანიდან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • ზუგდიდში ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ზუგდიდში ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, მათ მიერ გამოკვლევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან ორი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. კორონავირუსი  თეთრიწყაროს კლასტერის ორ წევრს, 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი ზუგდიდში დაუდასტურდათ. ისინი დედასთან ერთად ანაკლიის საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული, თუმცა დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამშაბათს გამოიკვლიეს. სულ ანაკლია განმუხურის საკარანტინო ზონიდან 73 ნიმუში გამოიკვლიეს.  43-ის პასუხი უარყოფითია, დანარჩენის პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

     

     

     

  • რატომ განსხვავდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების Covid ინფიცირებისა და სიკვდილიანობის  სტატისტიკა

    რატომ განსხვავდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების Covid ინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა

    ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით საინტერესო დაკვირვებას აქვეყნებს:
    “საინტერესო ტენდენციაა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კოვიდ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ვიმსჯელოთ, რომელი ქვეყანა უკეთ ებრძვის კორონავირუსს და რომელი უარესად.
    მაგალითად,რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის ლეტალობის პროცენტი ყველაზე მაღალია ესტონეთში (3.21%), ხოლო ყველაზე დაბალია უზბეკეთში (0.46%). საქართველოში ეს მაჩვენებელი 1.49%-ია და აღემატება შემდეგ ქვეყნებს: აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთი და შუა აზიის ქვეყნები. ანუ სიკვდილის პროცენტით ამ ქვეყნებს ჩვენზე უკეთესი სტატისტიკა აქვთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 6.9%-ია.
    რაც შეეხება მილიონ მოსახლეზე შემთხვევათა საერთო რაოდენობას, ყველაზე მაღალია ბელარუსში (1851). საქართველოში ეს მაჩვენებელია 151 და აღემატება ისევ შუა აზიის ქვეყნების მაჩვენებლებს.ანუ მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებია ჩენზე უკეთეს მდგომარეობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ.
    მილიონ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით ლიდერობს ესტონეთი (41). საქართველოში ეს მაჩვენებელი უდრის 2-ს და ამ მხრივაც ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში მხოლოდ შუა აზიის ქვეყნები არიან.
    მოკლედ, რომ შევაჯამოთ, საუკეთესო სტატისტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველა პარამეტრით აქვს შუა აზიის ქვეყნებს, ხოლო ყველაზე უარესი ესტონეთს, გარდა შემთხვევათა საერთო რაოდენობისა, რომელიც ყველაზე მაღალი აქვს ბელარუსს. ამ ფონზე გასაკვირია ბელარუსში გარდაცვლილთა ასეთი დაბალი პროცენტი – 103 გარდაცვლილი 17 489“– წერს მაია ბუწაშვილი.
  • ფეისბუქმა კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული ქსელის და ანგარიშების დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია აპრილის ანგარიშში გამოაქვეყნა

    ფეისბუქმა კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული ქსელის და ანგარიშების დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია აპრილის ანგარიშში გამოაქვეყნა

    ფეისბუქმა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ მათი გამოძიების შედეგად  საქართველოში კოკა ყანდიაშვილის Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ ანგარიში წაშალა. ეს  გამოცემა დაიბლოკა Facebook-ის მფლობელობაში მყოფი პლატფორმებიდან. ამ გვერდებისა და კავშირების დასადგენად ფეისბუქი DFRLab-ის გამოძიების შედეგებს დაეყრდნო.

    “ჩვენ წავშალეთ 511 გვერდი, 101 ანგარიში 122 გუფი და ინსტაგრამის 56 ანგარიში. ეს საქმიანობა, რომელიც საშინაო საქმეებზე იყო ორიენტირებული საქართველოში ხორციელდებოდა. ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი Espersona–ს დაუკავშირა, რომელიც საქართველოში არსებული მედია ფირმაა. ეს ორგანიზაცია ახლა ჩვენს პლატფორმებზე აკრძალულია . ჩვენი გამოძიების ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ მისი მოღვაწეობა საეჭვო კოორდინაციაში იყო არაავთენტურ  ქცევასთან, რაც საჯაროდ იქნა გაცხადებული ადგილობრივი ქართული ფაქტ ჩექინგის ორგანიზაციის მიერ და გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ჩვენს წარსულ გამოძიებასთან.

    ჩვენ ასევე გავაუქმეთ 23 ფეისბუქ ანგარიში, 80 გვერდი, და ინსტაგრამის 9 ანგარიში, რომლებიც საქართველოს საშინაო საქმეებთან იყო დაკავშირებული და საქართველოში ხორციელდებოდა. ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი პოლიტიკურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირდა. გამოძიების ფარგლებში ჩვენ საეჭვოდ და არაავთენტურ ქცევად ჩავთვალეთ ეს საქმიანობა.

    ჩვენ წარმატებას ვაღწევთ პლატფორმის ბოროტად გამოყენების აღმოფხვრის საქმეში. ეს მუდმივი ძალისხმევაა. ვცდილობთ მუდმივად წინ წავიდეთ. ეს ნიშნავს უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნას, უფრო მეტი ადამიანის აყვანას და უფრო მჭირდრო თანამშრომლობას სამართალდამცავებთან, უსაფრთხოების ექსპერტებთან და სხვა კომპანიებთან.“ –ნათქვამია ფეისბუქის ანგარიშში.

    ანგარიშის მიხედვით,  კოორდინირებული ქმედებების უკან მდგომი პირები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ჯგუფებისა და გვერდების სამართავად და თავიანთი კონტენტის ფართო მასაზე გასატანად იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომელთა ნაწილიც წინა ჯერზე გაუქმდა. ზოგიერთ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ ჯგუფები ნაყიდი იყო (მათ თავდაპირველად სულ სხვა სახელი ერქვათ). მოცემული ჯგუფები ასევე ქმნიდნენ გვერდებს, რომლებიც ჰგავდა ადამიანების პროფილებს და მთავარ ფოტოებად იყენებდნენ სტოკის ფოტოებს, რათა გაევრცელებინათ საკუთარი კონტენტი და თავიდან აერიდებინათ დაბლოკვის რისკი. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება. გვერდების მოდერატორები უმეტესწილად პოსტავდნენ ლოკალურ სიახლეებსა და პოლიტიკურ ამბებზე, როგორებიცაა არჩევნები, პოლიტიკა, მიმდინარე აქციები. ახლახან კი მოცემულმა ანგარიშებმა დაიწყეს COVID-19–თან დაკავშირებული კონტენტის გაზიარებაც, რომელთა ნაწილიც ფეისბუქმა წაშალა, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა მათ შიდა წესებს და შეიცავდა ჯანმრთელობისათვის საზიანო დეზინფორმაციას.

    ონლაინ გამოცემა ესპერსონა კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის.ის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია და მათ პიარ კონსულტანტადაც მუშაობდა. ამჟამად ფეისბუქზე დაბლოკილია კოკა ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც.

    DFRLab-ის ინფორმაციით , ფეისბუქმა ასევე წაშალა კოკა ყანდიაშვილის ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის პერსონალური ანგარიში, რომელიც 2012 წლიდან 2017 წლამდე პრემიერის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

    ფეისბუქმა ერთმანეთთან დაკავშირებული გვერდები გასული წლის დეკემბერშიც წაშალა. ფეისბუქმა განაცხადა, რომ ეს გვერდები მარკეტინგულ კომპანია პანდას ეკუთვნოდა, რომელიც  ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული.

     

     

  • იძულებითი ქველმოქმედება: თამაზ მეჭიაური სკანდალში ეხვევა

    იძულებითი ქველმოქმედება: თამაზ მეჭიაური სკანდალში ეხვევა

    თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური, შესაძლოა, მორიგ სკანდალში გაეხვეს. საქმე ეხება კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდისთვის შეგროვილ თანხას, რომელიც მერიის აიპის თანამშრომლებს საკუთარი ხელფასებიდან მიატანინეს.

    მთავარი არხი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თანხის შეგროვების დავალება მერიიდან ყველა აიპის ხელმძღვანელმა მიიღო,  მათ შორის, საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა, მუზეუმის, ბიბლიოთეკისა და უფასო სასადილოს  თანამშრომლებმა, თუმცა მათ “მთავარ არხთან” ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

    მერიის ინიციატივით დახმარების შეგროვებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ საკრებულოშიც. თვითმმართველობის ორგანოს წევრები ვარაუდობენ, რომ მეჭიაური არა ფონდის, არამედ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდა.

    თამაზ მეჭიაური ყველა ბრალდებას უარყოფს. თიანეთის მერი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები ებრძვიან და ცილს სწამებენ. მისი მტკიცებით,  კოვიდის ფონდში ხელფასის ნაწილის გადარიცხვის ინიციატივა თანამშრომლებმა თავად გამოთქვეს.

    არასამთვრობო ორგანიზაციები შესაბამის ორგანოებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

  • ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, გვაქვს ტეხილი – ჯანდაცვის მინისტრი ეპიდსიტუაციაზე

    ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, გვაქვს ტეხილი – ჯანდაცვის მინისტრი ეპიდსიტუაციაზე

    ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში ეპიდსიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელება ქვეყანაში ჰგავს არა ვაკეს ან პლატოს, არამედ ტეხილს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში, პოზიტიური დინამიკაა, არის მნიშვნელოვანი “ნახტომები” დღეში 30-მდე დაინფიცირებულის სახით.

    “ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაქვს ტეხილი და შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ტერმინი, რომელიც ყოველ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა, იქიდან გამომდინარე, რადგან ორი კვირის წინ იყო მნიშვნელოვანი ზრდა დაინფიცირებული ადამიანებისა, რაც დღესდღეობით, არის კლებაში. თუმცა, ამ კლების პროცესში, არის გარკვეული დღეები, როდესაც არის ნახტომი და ჩვენ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 20-27 ინფიცირებული გვყავს 1 დღის მანძილზე,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    საგანგებო მდგომარეობის დამთავრებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ კომენტარის გაკეთება ნაადრევია, თუმცა აცხადებს, რომ წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, პოზიტიური პროგნოზის საშუალებას დღეს არსებული მონაცემები იძლევა.

    “მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს შედარებით ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა იქნება 22 მაისს. თუმცა, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მთავრობა და მოქალაქეები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ იმისათვის, რომ 22 მაისს ბევრად უფრო შევამსუბუქოთ და ვიზრუნოთ, რომ არ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა. თუმცა, ეს ყველაფერი კვლავ ეპიდმდგომარეობაზეა დამოკიდებული და ყველა იმ ქცევით ნორმაზე, რაც ამ სამი თვის მანძილზე საკმაოდ კარგად შევისწავლეთ. უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს.-განაცახადა მინისტრმა.