„ღია წერილი საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში შექმნილი მძიმე მდგომაროებისა და COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად.
საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მსოფლიო კულტურის შექმნასა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ამასთან ერთად, გამწევ ძალას წარმოადგენს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ხელოვანებმა და კოლექტივებმა შექმნეს ახალი ქართული კულტურა, რომლებმაც არამხოლოდ განსაზღვრეს თანამედროვე, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს სახე, არამედ ქვეყანა 90-იანი წლების დეპრესიიდან გამოიყვანეს. მომდევნო ათწლეულებში სწორედ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმატების შედეგად ჩამოყალიბდა საქართველო რეგიონის კულტურულ ცენტრად და შესძინა მას გლობალური მნიშვნელობა.
საშემსრულებლო, ვიზუალური და ურბანული ხელოვნება, ქორეოგრაფია, მოდა და დიზაინი, კინემატოგრაფია, მუსიკალური, საფესტივალო და საკლუბო სცენა, ლიტერატურა, სარეკლამო სააგენტოები, ახალი ციფრული მედია და მულტიმედიური ხელოვნება – ეს ის სფეროებია, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი. საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო და საზოგადოებრივ პროცესებს წლების განმავლობაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიასა და გავლენიან სახელოვნებო ინსტიტუციებში, გალერეებსა და შემოქმედებით აქტივისტურ კოლექტივებში. თანამედროვე ევროპის საზოგადოებრივი მოძრაობები შთაგონების წყაროდ ხშირად თბილისიდან წამოსულ ახალ, ხმამაღალ იმპულსებსა და განაცხადებს ასახელებენ. ჩვენი ინდუსტრიების მაღალმა რეპუტაციამ, რომელიც ათასობით დასაქმებული ადამიანის შრომის შედეგია, დიდი ბიძგი მისცა ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ კულტურულ, არამედ ეკონომიკურ განვითარებას, რაც საერთო კეთილდღეობის წინაპირობაა.
სამწუხაროდ, COVID 19-ის პანდემიამ და მისმა თანმდევმა კრიზისმა საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიები, განსაკუთრებით კი არაინსტიტუციონალური კულტურის წარმომადგენელი დამოუკიდებელი შემოქმედებითი – რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ორგანიზაციები, გაერთიანებები და არტისტები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა. საგანგებო მდგომარეობამ და საყოველთაო იზოლაციამ, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით არის განპირობებული, შეაჩერა გაერთიანებების საქმიანობა. შეჩერებულია სახელოვნებო, მუსიკალური და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და არტისტების მუშაობა, რამაც არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული, ინდუსტრიების მომავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და კულტურის სტრატეგია 2025-ის სტრატეგიულ მიმართულებას, თუმცა დღემდე არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე შემოქმედებითი ინდუსტრიები, არც მის სექტორებში დასაქმებული პირების მონაცემებია ხელმისაწვდომი, შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია კორონავირუსის შედეგად რა ზარალი მიადგა მთლიან ინდუსტრიას ან მის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.
მიგვაჩნია და ვფიქრობთ ეჭვს არ იწვევს, რომ კრიზისის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია გვერდში დაუდგეს და გადაარჩინოს თანამედროვე კულტურული ეკოსისტემა, რომელიც წარმოდგენილია დამოუკიდებელი სახელოვნებო და რეკრეაციული სივრცეების, შემოქმედებითი კოლექტივების, არტისტული გაერთიანებების, ფესტივალების, კლუბების, მუსიკოსების, დიზაინერების, საგანმანათლებლო სივრცეების, დამოუკიდებელი არტისტებისა და ამ სფეროებში დასაქმებული თითოეული ადამიანის სახით. ჩვენის მხრივ, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კრიზისის დაძლევასა და საერთო მიზნის მიღწევაში.
გაგაცნობთ ჩვენს მიერ შემუშავებულ კრიზისის დაძლევის გეგმასა და მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიებისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის.