Category: ახალი ამბები

  • როცა მანქანაში წინ ვიღაც ზის, როგორ გაიგოს პატრულმა ის ცოლია თუ მეზობელი – ცერცვაძე

    როცა მანქანაში წინ ვიღაც ზის, როგორ გაიგოს პატრულმა ის ცოლია თუ მეზობელი – ცერცვაძე

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ახირება და კაპრიზია, როცა ადამიანი ამტკიცებს, რომ როგორ, რატომ არ შეიძლება მანქანაში დაჯდეს სამი ადამიანი და წინ იჯდეს მგზავრი.

    მისი თქმით, პატრული ვერ გაიგებს, როდესაც მანქანა მოდის, წინ ცოლი ზის, მეზობელი თუ უცხო ადამიანი.

    „რატომ არ უნდა დასვას ქმარმა ცოლი გვერდით, შვილი ან ოჯახის წევრი. ელემენტარული მისახვედრია, როდესაც მანქანა მოდის და წინ ზის ვიღაც, როგორ გაიგოს პატრულმა ის ცოლია თუ მეზობელი. მართალია თუ ცოლია და ოჯახში მაინც ერთად არიან, არ აქვს აზრი ამ შეზღუდვას, მაგრამ იქ ხომ უცხო პირებიც დასხდებიან. წინ დაჯდომა პირდაპირი კონტაქტია მძღოლთან, რომ გადაედოს“, – განაცხადა ცერცვაძემ იმედის ეთერში.

    ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომა, ასევე ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის მგზავრობა. ეს შეზღუდვები ხვალიდან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც არ მოიხსნება.

  • ჩოხატაურში მამაკაცი მოკლეს

    ჩოხატაურში მამაკაცი მოკლეს

    მკვლელობა გურიაში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. “მთავარი არხი” შსს-დან ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება.

    არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სოფლე  გუთურში მოხდა და ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

  • ხვალიდან, მთავრობასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი იარსებებს – გოცირიძე

    ხვალიდან, მთავრობასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი იარსებებს – გოცირიძე

    ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადების, რომ დღეს თუ საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტი დამტკიცდება, ხვალიდან პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი იარსებებს.

    „ამ კანონს თუ მიიღებენ, ეპიდემიის არსებობის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა აღარასდროს გამოცხადდება. კონსტიტუციით კი პანდემიის დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვალდებულებაა. საგანგებოს არგამოცხადება და უფლებების ისე შეზღუდვა კი, კონსტიტუციის დარღვევის გამო, იმპიჩმენტის საფუძველია. ხვალიდან უკვე იარსებებს პრემიერის, მთავრობასთან ერთად იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი,“ – განაცხადა გოცირიძემ.

    კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტი კენჭს უყრის, ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

    მას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეძლებს.

    ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

  • რუსეთის  ნაკრებში მუშაობა? ჩვენი მიწები ჯერ კიდევ არავის დაუბრუნებია! – შოთა არველაძე რუსულ გამოცემას

    რუსეთის ნაკრებში მუშაობა? ჩვენი მიწები ჯერ კიდევ არავის დაუბრუნებია! – შოთა არველაძე რუსულ გამოცემას

    “რუსეთის ნაკრებში მუშაობა? არც ახლა. ძნელია იმ ტკივილის დავიწყება, რომელიც 2008 წლის ომიდან მაქვს. ეს მოგონებები ყოველთვის დამეხმარება გავაკეთო არჩევანი რუსეთთან მიმართებით,” – ეს სიტყვები “ფახთაქორის” ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა sports.ru-სთან ინტერვიუში თქვა, სადაც რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა, რა რეაქცია ექნებოდა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს რუსეთის ნაკრებში მუშაობაზე.

    2008 წლის ომიდან 2 წლის შემდეგ დიკ ადვოკატმა შოთა არველაძეს რუსეთის ნაკრებში პირველ ასისტენტად მუშაობა შესთავაზა, რაზეც უარი და გასაგები მიზეზიც მიიღო. ქართველი მწვრთნელი მათ ნაკრებში მუშაობაზე დღემდე მტკიცე უარზეა.

    • 2010 წელს დიკ ადვოკატმა რუსეთის ნაკრებში ასისტენტად მუშაობა შეგთავაზათ, თქვენ უპასუხეთ: “მე ჯერ კიდევ არ შემიძლია – მათ ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს”. ახლა წახვალთ შემოთავაზების შემთხვევაში?

    -არც ახლა. ჩვენი მიწები ჯერ კიდევ არავის დაუბრუნებია. 2008 წლის აგვისტოში ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, რა საშინელება ტრიალებდა ქვეყანაში, რისი დავიწყებაც ძნელია. რუსულ კლუბში მუშაობა სხვა საკითხია, მაგრამ ნაკრებში სულ კიდევ სხვა. არ მინდა ჩემი პოლიტიკური გრძნობები ფეხბურთში გავურიო, მაგრამ ის მოგონებები, რაც 2008 წლის ომიდან მაქვს, ყოველთვის დამეხმარება რუსეთთან მიმართებით არჩევნის გაკეთებაში.

    2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთ საქართველოს ომს, ჩვენი ქვეყნის 396 მოქალაქე ემსხვერპლა, აქედან 224 სამოქალაქო პირია, უგზოუკვლოდ დაიკარგა 27 ადამიანი.

    წყარო: adjarasport.com

  • მძღოლის გვერდით მგზავრი შეიძლება დღეში რამდენჯერმე შეიცვალოს – ხუნდაძე შეზღუდვას განმარტავს

    მძღოლის გვერდით მგზავრი შეიძლება დღეში რამდენჯერმე შეიცვალოს – ხუნდაძე შეზღუდვას განმარტავს

    უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რატომ არ იხსნება აკრძალვა მძღოლის გვერდით ჯდომაზე.

    მისი თქმით, მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრი შეიძლება დღეში რამენჯერმე იცვლებოდეს.

    ,,შეხედეთ… ხშირად ავტომობილს ჰყავს ერთი მძღოლი, ამიტომ ყველაზე ხშირად წინ ზის მძღოლი. რა თქმა უნდა, ავტომობილში არაოჯახის წევრი შესაძლოა იყოს, ეს მგზავრი შეიძლება დღეში რამდენჯერმე იცვლებოდეს. მაგალითად, ტაქსიში, მაგალითად, სხვა ავტომანქანას შეუძლია გაუჩეროს თანასოფლელს, თანამოქალაქეს, მეზობელს და ა.შ. მაგრამ უკან თუ ზის ცოლ-ქმარი მაშინ მას გადამოწმებაც არ სჭირდება, რადგან დისტანცია მძღოლთან უკვე დაცულია და მის გვერდში სიახლოვეს ის არ ზის, ამიტომ ქორწინების მოწმობის შემოწმება საჭირო არ არის”,- თქვა ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

    ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომა, ასევე ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის მგზავრობა. ეს შეზღუდვები ხვალიდან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც არ იხსნება.

  • “გოიმობა წაიკითხოს თალაკვაძის ლექსები როა, ალუჩასთან ინცესტიო”- ალეკო ელისაშვილი კობახიძეს

    “გოიმობა წაიკითხოს თალაკვაძის ლექსები როა, ალუჩასთან ინცესტიო”- ალეკო ელისაშვილი კობახიძეს

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ,,ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.

    ,,ბიძინა ივანიშვილის უნიჭო ანეკდოტებზე რომ იხევიან სიცილით და არჩილ თალაკვაძის და ლადო კახაძის ლექსები კაცს მოგწონს, ვის გოიმობაზე ლაპარაკობს ერთი მაგრად მაინტერესებს. გოიმობა წაიკითხოს თალაკვაძის ლექსები, ალუჩასთან ინცესტიო და რაღაცა ბოდვები რომ უწერია”,- თქვა ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

    კობახიძემ ოპოზიციას გოიმები, ხოლო გიგა ბოკერიას ნომერ პირველი გოიმი უწოდა. 

    ბოკერიამ მას ,,კომპლიმენტისთვის” მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თუ გოიმი ხარ, უნდა ეცადო, რომ N1 გოიმი იყო. 

  • “ღმერთის არ გწამთ?”- ზურა ჯაფარიძემ საპატრიარქოსთან აქცია გამართა (ვიდეო)

    “ღმერთის არ გწამთ?”- ზურა ჯაფარიძემ საპატრიარქოსთან აქცია გამართა (ვიდეო)

    “ღმერთის არ გწამთ?” – ამ წარწერით პარტია “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ საქართველოს საპატრიარქოსთან აქცია-პერფორმანსი  გამართა.

    როგორც პარტიაში აცხადებენ, ამ ფორმით გააპროტესტა ზურაბ ჯაფარიძემ  ტყის კოდექსში ცვლილებების მიღება.

    ცნობისთვის, კანონის მიხედვით ყველა ეკლესიის ირგვლივ მდებარე ტყის 20 ჰექტარი ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს. ცვლილებები ტყის კანონში, რომელსაც სამოქალაქო სექტორი თვეების განმავლობაში აპროტესტებდა, დღეს მესამე მოსმენით, ერთხმად მიიღეს. პროცესის დასასრულებლად მხოლოდ კენჭისყრაა დარჩენილი, რომელიც ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდება.

  • თუ გოიმი ხარ, უნდა იყო ნომერ პირველი – ბოკერია კობახიძეს პასუხობს

    თუ გოიმი ხარ, უნდა იყო ნომერ პირველი – ბოკერია კობახიძეს პასუხობს

    ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ბოკერია N1 გოიმია. მისი თქმით, ,”თუ გოიმი ხარ,  უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო”.

    “გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში უნდა ეცადოს, იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ, ჯობია კიარა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ამიტომ დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის. ნომერ პირველი უნდა იყო, უნდა ეცადო ყოველ შემთხვევაში. მე ასე არ ვაფასებ ჩემ თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, რომ თავი ნომერ პირველ გოიმად ჩავთვალო”, — თქვა ბოკერიამ.

    დღეს კობახიძემ ოპოზიციას კიდევ ერთხელ უწოდა ,,გოიმები” და თქვა, რომ საზოგადოება ამ ,,გოიმობისთვის” პასუხს გასცემს მათ.

  • თენგიზ ცერცვაძეს პირდაპირ ეთერში ველოსიპედი აჩუქეს (ვიდეო)

    თენგიზ ცერცვაძეს პირდაპირ ეთერში ველოსიპედი აჩუქეს (ვიდეო)

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს “იმედის” შუადღის გადაცემაში ველოსიპედი აჩუქეს. როგორც  ირკვევა ველოსიპედი თენგიზ ცერცვაძის ბავშვობის ოცნება იყო.

    გადაცემაში აღნიშნეს, რომ კომპანიის მფლობელებს სურთ, რომ ამ ჟესტით ახალგაზრდებსაც გაუგზავნონ შეტყობინება, რომ მანქანების ნაცვლად ველოსიპედებზე იფიქრონ.

     

  • საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე- ირაკლი ჩიქოვანი

    საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე- ირაკლი ჩიქოვანი

    საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

    „გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გაჟღერდა, უკავშირდება იმას, რომ  22 მაისის შემდგომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და შეზღუდვა მოიხსნება 23 მაისს. რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ეს შეზღუდვები იქნება ეტაპობრივად მოხსნილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.