Category: ახალი ამბები

  • “ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქარული ღვინო მოგწონს, მაგრამ მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ ლუგარის ცენტრში“–ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს

    “ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქარული ღვინო მოგწონს, მაგრამ მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ ლუგარის ცენტრში“–ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსული მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაუშვან რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრის შესამოწმებლად, დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ამირან გამყრელიძემ გუშინ თქვა, რომ ლუგარის ცენტრის შესამოწმებლად  რუსული მხარე მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტის ფარგლებში დაიშვება. ამის საპასუხოდ კი  რუსული მხარე, საგარეო უწყება და დეპუტატი ონიშენკო ითხოვენ მხოლოდ რუსი ექსპერტების დაშვებას ყველა დონეზე, რომ შემოწმდეს ლაბორატორია. ონიშენკო იმასაც ამბობს, რომ ექსპერტების გარდა სამხედროებიც უნდა დაუშვან. ამ კითხვაზე ამირან გამყრელიძე აცხადებს:

    “ბატონო გენადი, ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო რუსეთის მინისტრის პირველი მოადგილე. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს.ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს არა, ძალიან კარგად ვიცი რომ ამას გალაპარაკებენ შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალებენ რომ ეს თქვიო, ხო? მოვეშვათ რა, სამჯერ დაგპატიჟეთ , პირდაპირ გითხარით ბატონო გენადი, ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქარული ღვინო მოგწონს. კარგად იცით რითიც ვართ დაკავებული ამ ლუგარის ცენტრში, მაგრამ მარტო ჩვენ – მოეშვით ამ ველიკაძერჟავულ ჩვევებს ისევ. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ, ჩამოხვალთ თუ გნებავთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან,ფრანგებთან, შვეიცარელებთან ერთად, რომლებიც ახლა მედიატორები არიან ჩვენ ორს შორის, და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გვაქვს. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ ვერ გავიგვე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არის პრობლემა. “– ამბობს გამყრელიძე.

    ამავე თემაზე:

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში შესვლას მოითხოვს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს

    რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიის ყველა კორპუსსა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

    “რუსეთი ტრადიციულად ცდილობს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

    შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგართან დაკავშირებით – აშშ-ის საელჩო

    თეთრი შური ხომ იცით რა არის? – გამყრელიძე რუსეთის მიერ ლუგარში შესვლის მოთხოვნაზე

     

  • ოფისებში, ბანკებში – დახურულ სივრცეებში კონდიციონერის ჩართვა ნებადართული არ იქნება – იმნაძე

    ოფისებში, ბანკებში – დახურულ სივრცეებში კონდიციონერის ჩართვა ნებადართული არ იქნება – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ზაფხულში ბანკებში, მაღაზიებსა და სხვა დახურულ სივრცეებში კონდიციონერების გამოყენება ნებადარული არ იქნება.

    მისი თქმით, კონდიციონერი, რომელიც არ მუშაობს ჰაერის გარედან შემოტანაზე და შემდეგ მის გატანაზე, მაღალი რისკის შემცველია.

    ,,ის კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომელიც შიგნით ჰაერს ატრიალებს, სამწუხაროდ, მათი გამოყენება ჯერჯერობით არის მაღალი რისკის შემცველი, ამიტომ თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე და იქ სისტემებია, რომელსაც გააქვს ჰაერი დახურული სივრციდან, ასეთი არ არის საყოფაცხოვრებო კონდიციონერების აბსოლუტური უმრავლესობა, მათი გამოყენება საშიშია.

    ამიტომ, ვიცი, რომ სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული”,- აცხადებს იმნაძე პრესკონფერენციაზე.

    მან ასევე აღნიშნა, რომ კონდინციონერის ჩართვა თვითმფრინავებში აკრძალული არ იქნება, რადგან იქ სპეციალური ფილტრები აყენია.

    ცნობისთვის, კონდიცირების ჩართვა აკრძალული იქნება ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებშიც.

  • ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა

    ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა

    ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ 2 ახალი საავადმყოფო გაიხსნა.

    მრავალპროფილური, უმაღლესი სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით აღჭურვილი ფოთის ცენტრალური საავადმყოფო “ბომონდი“, ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. ამოქმედდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა. ფოთის მოსახლეობა რეაბილიტირებულ გარემოში შეძლებს სრული ამბოლატორიული და სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის მიღებას. პირველ ეტაპზე საავადმყოფო 19 საწოლით აღიჭურვა, რამდენიმე თვეში კი საწოლების რაოდენობა 54-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაციები და კომპიუტერული რენტგენოლოგიური კვლევები ჩატარდება. აქვე იფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება და ემერჯენსი, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური ბოქსირებული  განყოფილებები. საავადმყოფო აღჭურვილი იქნება საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტით.

    ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო “ბომონდი“ პირველ ეტაპზე  ინფექციური განყოფილების (ცხელების ცენტრი),  შემდგომ კი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კლინიკა აღჭურვილია 10 ბოქსირებული პალატით, 3 ინტენსიური დაკვირვების სივრცით, თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიითა  და ლაბორატორიით, რომლებიც მწვავე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

    კლინიკა „ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი“ სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს აერთიანებდა, დღეს კი მრავალპროფილური, AC-ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა.

    თიბისი ჯანდაცვის სექტორის N1 მხარდამჭერი ბანკია. ამ მიმართულებით თიბისის მიერ დაფინანსებული ბაზრის წილი 37.1%-ია.

  • მგზავრებისთვის ერთადერი მოთხოვნაა ტრანსპორტში პირბადეებით ასვლა – კალაძე

    მგზავრებისთვის ერთადერი მოთხოვნაა ტრანსპორტში პირბადეებით ასვლა – კალაძე

    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოთხოვნაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილებისას მგზავრებს პირბადე ეკეთოთ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, ასევე კონდიცირება დროებით ვერ ჩაირთვება.

    „ხვალიდან სრულყოფილად დაიწყებს მუშაობას როგორც მიკროავტობუსები, ასევე მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. შეზღუდვებს რაც შეეხება, ერთადერი მოთხოვნა, რაც არის, ეს არის პირბადეებით ასვლა ტრანსპორტში და გადაადგილება. ასევე, რაც მოგვიწოდეს და გვითხრეს დარგის სპეციალისტებმა, დროებით კონდიცირება ვერ ჩაირთვება, სანამ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. შემდეგ ვნახოთ, რა რეკომენდაციოები იქნება“,- განაცხადა კალაძემ.

     

  • ლარი გამყარდა

    ლარი გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1865 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1865 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1901 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5071 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5149 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0078 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 ადამიანი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

    ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 ადამიანი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

    ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ცოტახნის წინ დასრულდა. 30 დაკავებულიდან 26-ს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, 2 გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა, ორის პროცესი კი გადაიდო.

    საპროტესტო აქცია ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრებმა გამართეს.  წულუკიძის ძმის მტკიცებით, ისინი პოლიტიკური მოტივით დააკავეს, რადგან ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს.

    აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ელოდებიან. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციები მანამდე არ შეწყდება, სანამ ელდარ ანთაძეს და რევაზ წულუკიძეს არ გაათავისუფლებენ.

  • ოპოზიცია ცდილობდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული ყოფილიყო – გაჩეჩილაძე

    ოპოზიცია ცდილობდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული ყოფილიყო – გაჩეჩილაძე

    უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ცდილობდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული ყოფილიყო.

    გაჩეჩილაძის თქმით, ოპოზიციის მიზანი სახელმწიფოს შერყევა და დესტაბილიზაციაა.

    “ასეთი ოპოზიცია, რომელსაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, სახელმწიფო როდის ჩამოიქცევა და რაც უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, მათთვის უკეთესია. რას იტყვიან, აბა? ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც უნდა ემუშავა ნორმალურ სახელმწიფოს. საქართველომ ბევრ ქვეყანას აჯობა და ამას მსოფლიო აღიარებს.

    ოპოზიცია თავიდანვე ცდილობდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული ყოფილიყო, რადგან ჰგონიათ, რომ ამით პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ. ისინი გლობალური კრიზისის დროს ასე იქცევიან ხოლმე. მათი მიზანია, სახელმწიფოს შერყევა და ამის საფუძველზე იქნებ დესტაბილიზაცია მოხდეს”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

  • “კარგად წერა კარგად კითხვის შედეგია” – ევროპარლამენტარი “კავკასიურ სახლს” პასუხობს

    “კარგად წერა კარგად კითხვის შედეგია” – ევროპარლამენტარი “კავკასიურ სახლს” პასუხობს

    ევროპარლამენტარი, ევროპის  „მწვანეთა პარტიის“ წევრი ვიოლა ფონ კრამონი „კავკასიური სახლის“ წერილს პასუხობს.

    “მივიღე თქვენი წერილი.

    წერილის კითხვა დავიწყე დიდი ინტერესით და დავასრულე ასეთივე დიდი იმედგაცრუებით. ამ პროცესში გამახსენდნენ „პერსონაჟები“ გივი მარგველაშვილის ნაწარმოებიდან „Verfasser Unser“, რომლებიც გაიძახიან – „ვითხოვთ უკეთეს ნაწერს“ (“Wir fordern eine bessere Verfassung”).

    ბრძანდებით რა სახელგანთქმული მწერლები, ფილოლოგები და აკადემიკოსები, აუცილებლად დამეთანხმებით, რომ კარგად წერა კარგად კითხვის შედეგია.

    მე, როგორც საქართველოს და მისი ხალხის უპირობო და უკომპრომისო მეგობარს, არაერთხელ გამომიხატავს ჩემი პოზიცია უახლეს მოვლენებზე. ყველაზე ცხადად იგი წარმოჩინდა ჩემს ვებ გვერდზე 13 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ასევე ფართოდ გააშუქა ქართულმა მედიამ.

    სამწუხაროა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ გამოგეტოვებინათ ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც განცხადების წაკითხვა ეწოდება. რომ არა ეს, ამაცილებდით მე ამ წერილის წერის , ხოლო საკუთარ თავს, ამ წერილის კითხვის უხერხულობას.

    თქვენ რომ მე წინასწარ შემხმიანებოდით, როგორც ეს „საერთო პოლიტიკური და ეთიკური ღირებულებების“ მქონე მოკავშირეს შეშვენის, კიდევ ერთხელ სიამოვნებით განგიმარტავდით ჩემს პოზიციას და ამ გზით თავიდან აირიდებდი თქვენი წერილის სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებას.

    ასევე ზედმეტია ჩემთვის სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეების შეხსენება. ეს ყველაფერი ჩემთვის კარგადაა ცნობილი. გერმანიის პარლამენტის წევრობისას, მე გახლდით სააკაშვილის მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსი. ამის გამო მან და მისმა გუნდმა შემრაცხა პერსონა ნონ გრატად და აქტიურად (მაგრამ არა ყოველთვის წარმატებით) ცდილობდნენ საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებში ჩემს  დაბლოკვას. 2012-ში, მეც, მილიონობით ქართველის გვერდით, იმედით და კეთლი მოლოდინით შევყურებდი ქართულ ოცნებას. ვაი რომ იმედი გახუნდა.

    გარდა ამისა, არა ვსაჭიროებ თქვენს მეურვეობაში. შესანიშნავად მომეხსენება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საეჭვო მეთოდები და სწორედ ამიტომ საქართველოს შესახებ ინფორმაციას უდიდესწილად ვიღებ ექპერტებისგან, მკვლევარებისგან, დიპლომატებისგან და ხშირად რიგითი ქართველებისგან.

    თქვენ ამტკიცებთ, რომ მე „აქტიურად ვლობირებდი რამდენიმე დატუსაღებული ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლებას“. ეს არის სრული და მტკნარი სიცრუე. არც ჩემს ოფიციალურ განცხადებაში და არც ინტერვიუებში არ მომითხოვია ვინმეს გათავისუფლება. ასევე სიცრუე როცა ამტკიცებთ, რომ მე თითქოს ვიღაც „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოვაცხადე. არასოდეს გამომიყენებია ეს სიტყვები. მე ჩემს საქმიანობას ვეკიდები უდიდესი პასუხისმგებლობით, ხოლო თქვენი ქვეყნის მომავალს უდიდესი ზრუნვით. სწორედ ამიტომ ვარჩევ სიტყვებს მაქსიმალური სიზუსტით. ამავდროულად მოველი, რომ თქვენ აირჩევთ ამ სიტყვების სწორად წაკითხვას სანამ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენებას მიყოფდით ხელს.

    ჩემი რჩევა (და არა თხოვნა ან მოთხოვნა) საქართველოს მთავრობის მიმართ არის იგივე რაზეც ხალხი 2012 წელს ოცნებობდა. დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და ობიექტური, გამჭვირვალე და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევარები ადასტურებენ, ამ სფეროებში ძალიან სამწუხარო უკან დახევის ტრენდი გამოიკვეთა.

    უცილობოა, რომ ყველა დამნაშავე უნდა გასამართლეს. თუმცა, დამნაშავეებიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს რომელის გადაწყვეტილებებიც დაეყრდნობა მყარ მტკიცებულებებს და თავისუფალი იქნება ხელისუფლების ჩარევისგან. სხვა შემთხვევაში გამოვა რომ ყველანი ერთად ვაშენებთ არა დემოკრატიულ საქართველოს, არამედ რეჟიმს რომელსაც თქვენ და სხვა დისიდენტები ათწლეულების განმავლობაში ებრძოდით.

    ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის შეფასებისას. არაერთხელ ვყოფილვარ  საქართველოში, მოხიბლული ვარ  თქვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალით მწვანე და მდგრადი ენერგიის წარმოების სფეროში. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვმუშაობთ თავდაუზოგავად, რათა „ახალი მწვანე შეთანხმების“ დადებითი შედეგები გასცდეს ევროკავშირის საზღვრებს და საქართველოსთან ერთად სარგებელი მოუტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც. ეს ნაბიჯები გაამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ურყევი ინტეგრაციის გზას, რომელსაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა.

    პატივისცემით,

    ვიოლა ფონ კრამონი”

    იხილეთ  “კავკასიური სახლის”  წერილი : “რატომ დახარჯეთ  ამდენი დრო და ენერგია სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის“–ნაირა გელაშვილის და კავკასიური სახლის წერილი ევროპარლამენტარს

  • ფოტოხაფანგმა ალგეთის ეროვნულ პარკში მურა დათვი დააფიქსირა

    ფოტოხაფანგმა ალგეთის ეროვნულ პარკში მურა დათვი დააფიქსირა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ალგეთის ეროვნული პარკიდან მურა დათვის ფოტოს აქვეყნებს.

    ფოტოს ახლავს წარწერა: “მურა დათვის ფოტოპორტრეტი ალგეთის ეროვნული პარკიდან”.

  • გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან პირდაპირ სიცრუეს იძახდა – ბოკერია

    გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან პირდაპირ სიცრუეს იძახდა – ბოკერია

    “ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ გახარია ან ცრუობდა, ან კითხვებს არ პასუხობდა.

    მისი თქმით, სწორედ ამიტომ ურჩევნია მას ფორმატი, სადაც გროვდება კითხვები და ბევრ კითხვას ერთად სცემს პასუხს.

    „გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან პირდაპირ სიცრუეს იძახდა. სწორედ ამიტომ ურჩევნია ფორმატი, სადაც გროვდება კითხვები და ბევრ კითხვას ერთად სცემს პასუხს. სინამდვილეში კი არ სცემს ამ კითხვებს პასუხს ან პირდაპირ ცრუობს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ ყველა შემდეგ შესაძლებლობას, როგორი ცუდი ფორმატიც არ უნდა იყოს გამოვიყენებთ, რომ ის საკითხები დაისვას და კიდევ ერთხელ გახდეს ნათელი, რაზე არ აქვს პასუხი და რაზე ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს, ან სადაც გაჭრის ეს წნეხი ვაიძულოთ დათმობებზე წავიდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

    გახარიას ანგარიშის წარდგენა შეაფასეს უმრავლესობის წევრებმაც. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩაუტარა”.

    გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის აზრით, პარლამენტის სხდომაზე, ოპოზიცია ძალიან სუსტი იყო. მისი თქმით, პრემიერმა ყურადღება ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანა და ოპოზიციას როგორც პანდემიის, ისე ეკონომიკის ნაწილში “მოუგო”.