Category: ახალი ამბები

  • დღეს საზმაუს ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება

    დღეს საზმაუს ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება

    დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

    პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაყურებლებს მათთვის საინტერესო კითხვების გაგზავნა შეეძლებათ პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

    მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა რეკომენდაცის საფუძველზე დაიგეგმა, რომ საყოველთაო განხილვა არა საზოგადოებაში გასვლის გზით, არამედ ტელეკომუნიკაციის საშუალებით მოხდეს. მისივე ინფორმაციით, საერთო სახალხო განხილვები, ერთი თვის განმავლობაში უნდა შედგეს.

  • გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 80%-ზე მეტია – ეზუგბაია

    გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 80%-ზე მეტია – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი დადასტურებულებთან შედარებით 80%-ზე მეტია.

    მისი თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3.5-ჯერ უსწრებს ამჯამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს.

    ეზუგბაია ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება და ინფიცირებულის კონტაქტია.

    “ჩვენი ცენტრის მონაცემები უცვლელია, გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა, პრობლემური, მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს, გვყავს მხოლოდ ორი მძიმე პნევმონიით პაციენტი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, უმეტესი საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 801 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 644 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 4

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 4

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 801-მდე გაიზარდა.

    ასევე, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი და განკურნებულთა რიცხვი 644 გახდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი.

    ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

  • თბილისში მოპედის და ავტომობილის შეჯახების შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა

    თბილისში მოპედის და ავტომობილის შეჯახების შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა

    ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის გამზირზე. ჰიუნდაის მარკის ავტომობილი მოპედს შეეჯახა, რომელსაც არასრულწლოვანი მართვდა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმრების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აქვს.

    ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართლდამცველები ადგენენ რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, რის შემდეგაც მიეცემა მომხდარს შესაბამისი კვალიფიკაცია.

  • “ვერაფრით ვერ მივხვდი საიდან ამეკიდა“–ქართველმა ჟურნალისტმა ნიუ იორკში Covid19 გადაიტანა

    “ვერაფრით ვერ მივხვდი საიდან ამეკიდა“–ქართველმა ჟურნალისტმა ნიუ იორკში Covid19 გადაიტანა

    ჟურნალისტი თეა თუაშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს ფეისბუქზე წერს, რომ კორონავირუსი გადაიტანა. ეს მის მიერ ჩატარებული ანტისხეულების ტესტით დადასტურდა, რომლის ფოტოსაც ჟურნალისტი ფეისბუქზე აქვეყნებს. თეა თუაშვილი დეტალურად აღწერს, როგორ გადაიტანა დაავადება:

    “თქვენს წინაშეა ჩემი, კოვიდ ანტისხეულების ტესტი .

    როგორც მოსალოდნელი იყო ამოვიდა პოზიტიური. რაც იმას ნიშნავს რომ მე ნამდვილად გადავიტანე კორონავირუსი ამა წლის აპრილის თვეში….

    ვიცი საკუთარ დაბადების დღეზე, საჩუქრების კეთება. ყველაფერი დაიწყო დაბადების დღემდე 5 დღით ადრე.

    სასაში ვიგრძენი სიმძიმე და დაჭიმულობა. მეგონა ატმის კურკა გამეჩხირა, თითქოს ყლაპვაც მიჭირდა. ეს შეგრძნება გაგრძელდა მხოლოდ 1 დღე. დილას თავს უკვე ჩვეულებრივად ვგრძნობდი.

    ოთხი დღის შემდეგ ფანჯრის გაღების დროს მძაფრად ვგრძნობდი ოკეანის და თევზების სურნელს ( თუმცა ოკეანიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობ ) ისეთი სასიამოვნო იყო ეს სუნი ხშირად ვაღებდი ფანჯარას და ხარბად ვიყნოსავდი ჰაერს.ეს ჰარმონია ბუნებასთან და სავარაუდოდ პარალელურად ადაპტირება ჯერ კიდევ უხილავ ვირუსთან 2 დღე გაგრძელდა.

    12 აპრილს, დილით ცხვირში გაციების დაწყების წინა ასე ვთქვათ, შეღუტუნება მქონდა

    ყელში დამეწყო ქავილის მაგვარი შეგრძნება და მსუბუქი წვა. დავკარგე გემო და ყნოსვის შეგრძნება.

    ღამით კი უკვე სიცხე მომცა.

    დილას ტანი ძლივს ავწიე ლოგინიდან ისეთი დაღლილი ვიყავი, მტკიოდა ყველა კუნთი და ძვალი. ხელზე რომ ოდნავ თითებს შევახებდი ის კუნთი თითქოს უკვე მოგლეჯილი მქონდა. აი კაიფში რომ არიან და პატარა შეხებაც რომ აპანიკებთ აი ასეთი რამ იყო დაახლოებით. გული მქონდა ისეთი აჩქარებული, გულის უკმარისობით გამოწვეულ პაციენტებს რომ აქვთ, მუცლით რომ სუნთქავენ, აი ასე ვიყავი ზუსტად.

    არ მახველებდა, მაგრამ მიჭირდა სუნთქვა ისიც ტელეფონზე დიდ ხნიანი საუბრის (5 წუთამდე) დროს.

    შევნელდი, ყველაფერს ნელა ვაკეთებდი. ვერ ვკითხულობდი, ვერ ვუყურებდი ვერაფერს, სახლშიც კი რომ ვრეკავდი მესენჯერით 2 წუთზე მეტს ვერ ვლაპრაკობდი ისე ვიღლებოდი.
    დედაჩემს რომ ვუთხარი მგონი კოვიდი მაქვსთქო, არ მჯერაო  და მეტი არც გახსენებია.

    სიცხე ვერ დავიგდე ვერაფრით, ვერც იბუპორფენმა მიშველა ვერც ტაილენოლმა, დაილოცოს ედვილი. სიცხის დაწყებიდან მესამე დღეს მხოლოდ ამ საყვარელმა ცისფერმა ტაბლეტებმა მომიხსნა სიცხე. პერმანენტულად ვიღებდი ჩემი ალერგიის წაალს, ჰიდროქსიზინს, (ქლორიქვინი ამ ჯგუფში შედის და იმედი მქონდა რომ მდგომარეობას შემიმსუბუქებდა) .

    ჩემს ექიმთან დავნიშნე ზუმის აპლიკაციით ონლაინ-ვიზიტი. მოისმინა ჩივილები და მითხრა რომ ალერგია ნამდვილად იყო მაგრამ შეიძლებოდა კოვიდიც მქონოდა. გამეგრძელებინა ატარაქსის მიღება და ტაილენოლი ან რომელიმე ის სიცხის დამწევი, რომელიც ჩემზე კარგად მოქმედებდა.
    დავურეკე ჩემს უკარგეს, დიანა ჟღენტს Diana Zhgenti , ( და ალბათ ისტორიას არ ახსოვს ასეთი ყურადღებიანი გენ. კონსული ნიუ -იორკში და ნამდვილად იმსახურებს დაფასებას და მადლიერებას იმიგრანტებისგან და არამარტო ) რომელმაც მაშინვე დამაკავშირა ნიუ-იორკში ქართველ ექიმთან ვინც მომისმინა და მითხრა რომ რახან ოდნავ სიტკბოს ვგრძნობდი დაშაქრული ჩაის დალევის დროს ( ეს ერთადერთი, შაქრიანი ჩაი მინდოდა , საერთოდ უშაქროს ვსვავ), იმედი იყო რომ კოვიდი არ მქონდა. დამამშვიდა, თუმცა მონიტორინგი გაგრძელდა.

    ამ ხნის განმავლობაში სიცხე 38-ზე მაღლა არ ასულა. ტეპერატურა გაგრძელდა სამი დღე.
    სულ მეძინა. ფიზიკურად არაფრის თავი არ მქონდა. ვიწექი და ვიცოდი რომ ეს იყო ის ვირუსი, რომელიც ვერაფრით მივხვდი საიდან ამეკიდა. პიციდან, რომელიც დელივერით მოიტანეს? უბერიდან, სადაც ქართველმა მძღოლმა მითხრა, რომ წინა დღით ქართველი იმიგრანტი მიიყანა საავადმყოფოში? კი მაგრამ ხელთათმანები ხომ სულ მეკეთა, პირბადეც, სათვალეებიც, ქუდიც მეხურა? სად, რანაირად, ხომ სულ სახლში ვიჯექი. ხელებს ხომ ხშირად ვიბანდი? ამ ინსტურქციებსაც ხომ ვასრულდებდი? ვერაფრით ვერ მივხდი საიდან.ის კი ვიცოდი რომ მე ამით არ მოვკვდებოდი. უბრალოდ მეწყინა და მოვიწყინე რომ მე დამემართა. მე , რომელიც ასე ვფრთხილობდი და მაინც ვერ ავცდი.

    კოვიდ19, სარსის თუ კორონავირუსის დასკვნითი ეტაპი იყო დაირეა. ჩემმა ოჯახის ექიმმა, რომელთანაც სულ მიმოწერა მქონდა ამიკრძალა რძის პროდუქტები და მეცადა იმოდიუმი , ვნახოთ, როგორ იმოქმედებსო.. როგორც კი შევწყვეტდი მიღებას, დაირეა კვლავ იწყებოდა.იმოდიუმის გარეშე დაირეა არ ჩერდებოდა და ბრძოლის ეს ეტაპი კიდევ 3 დღე გაგრძელდა.ეს იყო კოვიდის დასრულების დასაწყისი , როგორც მერე აღმოჩნდა. იმოდიუმმა დაამშვიდა გულიც, რომელიც მუცლით აღარ სუნთქავდა და დამიბრუნა ენერგიაც რომ მეყიდა პროდუქტები, გამერეცხა სარეცხი და დამიბრუნა ყნოსვის და გემოს შეგრძნება.
    ჩემი კოვიდ19 გაგრძელდა 14 დღე.ენერგიის და ყნოსვის დაკარგვიდან ამ ყველაფრის აღდგენამდე.

    ახლა ავდგები და ჩემს ამერიკელ ექიმს მივწერ, რომ ჩემს სისხლში ანტისხეულები აღმოჩნდა და საჭიროების შემთხვევაში პლაზმის გამოყენებისთვის მზად ვარ.
    ახლა კი სძინავს, მაგრამ ხვალ დედაჩემს დავურეკავ და ვეტყი, რომ კიდევ კარგი არ დაიჯერა და მაშინ ჩემთან ერთად არ ინერვიულა და ყველაფერი ასე კარგად მორჩა.
    უუფ ამოვისუნთქე, ხვალიდან პირბადეს დავემშვიდობები და მაკიაჟს გავიკეთებ“–წერს თეა თუაშვილი ფეისბუქ გვერდზე

    ფოტოს აღწერა მიუწვდომელია
  • Mazilla.ge-ს შესაძლოა, თაღლითები მართავდნენ – ეროვნული ბანკის გაფრთხილება

    Mazilla.ge-ს შესაძლოა, თაღლითები მართავდნენ – ეროვნული ბანკის გაფრთხილება

    ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კომპანია Mazilla.ge, შესაძლოა, თაღლითების მიერ იმართებოდეს

    სებ-ის განცხადებით, ეს ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხის აღებისთვის შუამავლობას სთავაზობს, სებში რეგისტრირებული არ არის.

    “Mazzila.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული”, – წერია განცხადებაში.

    გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას.

    “საქართველოს ეროვნული ბანკი მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებ-გვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

     

     

  • ბაგებში, სროლის დროს დაჭრილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ექიმი

    ბაგებში, სროლის დროს დაჭრილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ექიმი

    ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ნიკოლოზ ფერაძის ინფორმაციით, ბაგებში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთს წვივის არეში, ხოლო მეორეს – ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.

    ექიმის თქმით, დაშავებულებს ოპერაცია უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    „სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთ- ერთ მათგანს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, მცირე წვივის ძვლის დაზიანებით. ის წაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ოპერაციული მკურნალობის მიზნით. რაც შეეხება მეორე მამაკაცს, მას აღენიშნებოდა მარცხნივ, ბარძაყის უკანა ზედაპირზე საშუალო ზომის ნაკვეთი ჭრილობა. მასაც ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდება. არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ნიკოლოზ ფერაძემ.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სროლა იყო. თვითმხილველის თქმით, ადგილზე 5 ავტომობილი იყო მისული, რომლებმაც გაისროლეს.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით – 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.

  • ბარსელონაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სანაპიროზე ასეირნებენ ( ფოტოკოლაჟი)

    ბარსელონაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სანაპიროზე ასეირნებენ ( ფოტოკოლაჟი)

    ბარსელონაში, კლინიკა ჰოსპიტალ, დელ მარის პერსონალი, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სანაპიროზე ასეირნებს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას BBC ავრცელებს. 

    როგორც კლინიკის თანამშრომლები  აცხადებენ, ეს მეთოდი  ინტენსიური თერაპიის მუშაობის ჰუმანიზაციაზეა  გათვლილი და ასევე  ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს.

  • როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში, მეორე ტურის გარისკვა უპასუხისმგებლობაა – ბოკერია

    როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში, მეორე ტურის გარისკვა უპასუხისმგებლობაა – ბოკერია

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ენმ-სთან აფილირებულ პირებს აქცენტი მეორე ტურზე გადააქვთ, ოპოზიციამ კი არჩევნებზე გარდატეხის მოხდენა პირველივე ტურში უნდა შეძლოს.

    “რამოდენიმე განცხადება გაკეთდა ბოლო დღეებში, რომელიც სრულიად უპირისპირდებოდა ამ სულისკვეთებას. ვგულისხმობ აქცენტის გადატანას არჩევნების მეორე ტურზე. ეს განცხადებები გაკეთდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პირველ ტურში თუ ოპოზიცია გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გარდატეხა პირველივე ტურში მოხდეს. მე არ ვიძახი, რომ 2018 წელი აუცილებლად განმეორდება”,- ამბობს ბოკერია „გიორგი თარგამაძის ფორმულა“-ში.

    მისივე თქმით, უპასუხისმგებლობა იქნება მეორე ტურის გარისკვა, როცა შანსი პირველ ტურშიც არსებობს.

    “იმედი მაქვს და ამაზე ვმუშაობ, რომ ყველა ვარიანტში დამარცხდეს ივანიშვილი იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული ამოცანა. ეს კაცი, რომლიც საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანად უნდა ჩამოვიცილოთ, მაგრამ როგორი უპასუხისმგებლო იქნებოდა ყველა ჩვენთაგანის მხრიდან, როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში მკაფიო შედეგის ჩვენების, გავრისკოთ მეორე ტური. ამ დროს იზრდება ნევროზულობა, რისკები და უადვილდებათ პროპაგანდა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მსხვილი პოლიტიკური ძალები ევროპული საქართველოს ჩათვლით იქნებიან მეორე ტურში უფრო მეტ ადგილას. ამ შემთხვევაში მცირდება რაოდენობა იმ ხალხის, რომლებიც იმასთან შედარებით, რომელთაც ივანიშვილის წასვლა უნდა და იმასთან შედარებით, ვინც ვთქვათ ევროპულ საქართველოს უჭერს მხარს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • თანხის სისტემატურად გამოძალვის ბრალდებით სამეგრელოში 2 პირი დავაკავეთ – შსს

    თანხის სისტემატურად გამოძალვის ბრალდებით სამეგრელოში 2 პირი დავაკავეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ სისტემატურად მოქალაქისგან თანხის გამოძალვა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს”,- აცხადებს შსს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.