Category: ახალი ამბები

  • მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

    უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 7 013 909 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 430 736 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 402 746 გარდაიცვალა.

    ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები. ქვეყანაში 1 990 046 ადამიანი დაინფიცირდა, 112 113 კი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 676 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, 36 ათასი კი გარდაიცვალა.

    ინფიცირებულთა ათეულში ასევე არიან რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი.

  • რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან საქართველოში

    რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან საქართველოში

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალ, 8 ივნისის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.

    რა იხსნება:

    • დახურული კაფებ-ბარები და რესტორნები;
    • სასტუმროები, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დააკმაყოფილებენ;
    • ამუშავდება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები;
    • აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა, თუმცა ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ პირბადით იქნება შესაძლებელი.

    ძალაში რჩება სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა, 10 პირზე მეტის შეკრება, ტაქსით 3 ადამიანზე მეტის გადაყვანა და სხვა შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება.

  • ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

    ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

    ბათუმში მშენებარე ობიექტიდან 28 წლის კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

    აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ახალი ბულვარის ტერიტოროიაზე მშენებლობაზე მუშაობდა.

    შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს

    ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს

    რუსმა ოკუპანტებმა სუფელ მუჟავადან სამი ადამიანი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჯართის შეგროვების დროს დააკავეს. ისინი იზოლატორში არიან გადაყვანილები.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

  • პოლიციამ ხელების გადაგრეხვით, ყელში წაჭერით დაგვაკავა და გამოგვიყვანა ატოციდან – ქაცარავა

    პოლიციამ ხელების გადაგრეხვით, ყელში წაჭერით დაგვაკავა და გამოგვიყვანა ატოციდან – ქაცარავა

    სამოქალაქო აქტივისტი და ანტისაოკუპაციო მოძრაობა, “ძალა ერთობაშიას” წევრი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ქართულმა პოლიციამ ატოციდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

    “სამწუხარო რამ მოხდა ატოცში – ატოცში ჩვენი მონიტორინგის მსვლელობისას პოლიციამ ხელების გადაგრეხვით, ყელში წაჭერით, ჭიდაობით, ტელეფონების წართმევით, დაგვაკავა და გამოგვიყვანა ატოციდან. სამწუხაროა, რომ ასეთ პრინციპულობას ხელისუფლება იჩენს ჩვენს მიმართ, ხოლო იქ, სადაც საჭიროა, ოკუპანტებს უთმობს ჩვენ მიწა-წყალს”,- წერს ქაცარავა “ფეისბუქზე”.

    მისივე განცხადებით, ოკუპანტებმა ოქონა-ატოცის გადაკვეთაზე ახალი სათვალთვალო კოშკი ააგეს, რისი დაფიქსირებაც დაკავებამდე მოასწრეს.

    “ახალი სათვალთვალო კოშკის დაფიქსირება მოვასწარით, რომელიც სულ ახლახანს ააგეს რუსებმა ოქონა-ატოცის გადაკვეთაზე. სამწუხაროდ, ჩვენი დაკავების და ჩვენთან ბინძური ჭიდაობის კადრები არ გვაქვს, თუმცა რომც მქონოდა, ვერ გავასაჯაროვებდი, იმდენად შემრცხვა და მეუხერხულა პოლიციელების მაგივრად… ძალიან სამარცხვინო საქციელი იყო.. ძალიან…

    და ეს ყველაფერი ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თვალწინ..
    ამასობაში კი ეს მოღალატე და კოლაბორაციონისტი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩორჩანა-პერევის უზარმაზარი ტყის გადასარჩენად, რომელსაც ოკუპანტები ყოველდღე გვართმევენ.

    მაგრად ტეხავს”,- წერს დავით ქაცარავა.

  • თუ პატრიარქს წირვებზე მოიხსენიებს, მღვდელმსახურების უფლება აღუდგება – მეუფე გრიგოლი მამა ათენოგენეზე

    თუ პატრიარქს წირვებზე მოიხსენიებს, მღვდელმსახურების უფლება აღუდგება – მეუფე გრიგოლი მამა ათენოგენეზე

    ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლ კაციას თქმთ, ბალდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ათენოგენეს ღვთისმსახურების უფლება იმ შემთხვევაში აღუდგება, თუ წირვებზე პატრიარქს კვლავ მოიხსენიებს.

    მისი თქმით, ათენოგენეს მღვდლის წოდება ჩამორთმეული არ აქვს.

    „არქიმანდრიტ ათინოგენეს ჩვენ ხუთჯერ შევხვდით, მე ვიყავი იმ მონასტერში, თვითონაც მოდიოდა და ვსაუბრობდით. მას ჰქონდა განცდები, რომ რაღაც აზრები აწუხებდა პატრიარქის მიმართ. არქიმანდრიტი არის მღვდელი, უბრალოდ არ აქვს კურთხევა, რომ ახლა ჩაატაროს მღვდელმსახურება. ხარისხი არ ჩამოერთვა. ბერული ლოცვები უნდა ჩაატაროს, მაგრამ როგორც მღვდელი, არ აქვს კურთხევა მღვდელმსახურება ჩაატაროს. წოდება დარჩა. თუ მეტყვის, რომ მე მოვიხსენებ წირვებზე პატრიარქს, შემინდეთ რომ ეს მომივიდა, ეგრევე აღუდგება [მღვდელმსახურება]“, – განაცხადა გრიგოლ კაციამ.

    ცნობისთვის, არქიმანდრიტ ათინოგენეს მღვდელმსახურება 29 მაისს წირვისას ილია მეორის არმოხსენიების გამო შეუჩერდა. 

    არქიმანდრიტის თქმით, პატრიარქის მოხსნიება იმის მერე ვეღარ შეძლო, რაც მეუფე პეტრემ ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა. მამა ათენოგენე ყვება, რომ ამის შემდეგ ტაძარში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მივიდნენ და გადაიღეს, რომ პატრიარქს არ იხსენიებდა.

  • ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსი 766 ადამიანს დაუდასტურდა, 10 გარდაიცვალა

    ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსი 766 ადამიანს დაუდასტურდა, 10 გარდაიცვალა

    სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა დადასტურდა, და ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 13 130-ს მიაღწია.

    24 საათში გარდაიცვალა 10 ადამიანი, ჯამში – 200 პირი.

    ამჟამად, სომხეთში ვირუსზე 8 844 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 4014 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

    კრიტიკულ მდგომარეობაშია 10 ინფიცირებული.

  • თვითმფრინავის მგზავრებს იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა მოუწევთ, სადაც მიფრინავენ

    თვითმფრინავის მგზავრებს იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა მოუწევთ, სადაც მიფრინავენ

    საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება, ხოლო მგზავრებს მოუწევთ იმ ქვეყნების რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვა, სადაც მიფრინავენ.

    “თვითმფრინავის სალონში მათ მოუწევთ პირბადეების ტარება, ხოლო აეროპორტებში, სადაც ჩაფრინდებიან, მოუწევთ იმ ქვეყნების რეგულაციების დაცვა, რომელშიც ჩაფრინდებიან”,- ამბობს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე.

    მისივე თქმით, აეროპორტები პირველი ივლისისთვის ემზადებიან და დისტანციის დაცვისთვის სტიკერებს აკრავენ.

    “ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა”, – აცხადებს არჩუაძე.

    შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება.

  • “ადამიანის ძვლები ტაძრის გარშემოა მიმობნეული” – ახალქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს

    “ადამიანის ძვლები ტაძრის გარშემოა მიმობნეული” – ახალქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს

    საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალქალაქის სოფელ გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს. სააგენტოს განცხადებით, სომხურ ეკლესიასთან მძიმე ტექნიკითაა დაზიანებული სამარხები და ეკლესიის ზღურბლის ქვა.

    “ადგილზე დათვალიერების შედეგად, უკვე დადასტურებულია ეკლესიის სამ (დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი) ფასადთან მიწის ფართობზე მძიმე ტექნიკით მუშაობის კვალი, რის გამოც დაზიანებულია ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები. სპეციალისტების მიერ დაფიქსირებულია სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები, რომლებიც ტაძრის გარშემოა მიმობნეული. დაზიანებულია ეკლესიის შესასვლელთან არსებული ზღურბლის ქვაც”,- წერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

    მათი შუამდგომლობის საფუძველზე, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო.

    გამოძიება სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის მიერ 4 ივნისს სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნებართვო სამუშაოებს ეხება.

    “პოლიციური მოკვლევის შედეგად, უნდა დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოების განმახორციელებელი პირთა ჯგუფი, რომელთაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა განესაზღვრებათ. პარალელურად, სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ დადგინდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებათა ხარისხიც.”,- წერს სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობამ 809-ს მიაღწია.

    ასევე, გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი, სულ – 674.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285 პირი.

    საქართველოში COVID-19-ით 13 ადამიანი გარდაიცვალა.