Category: ახალი ამბები

  • სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

    სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

    არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი, რომლითაც ის  ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.

    ორგანიზაციის ინფორმაციით სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

    შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

    შეგახსენებთ, რომ ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს.

    მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.  ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ამავე საქმეზე ჩოგბურთელის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

    ბასილაშვილის ცოლი ამბობს, რომ  ყოფილმა ქმარმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისი თქმით დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა.

    ბრალდებებს უარყოფს ბასილაშვილის ოჯახიც. საქმის გახმაურების პირველ ეტაპზე საჯარო განცხადებების შემდეგ ორივე მხარემ დავის პროცესში საჯაროობაზე უარის თქმა ამჯობინა. ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს.

  • ლაშა ბაქრაძემ “ლელო“ დატოვა. მიზეზი სავარაუდოდ მამუკა ხაზარაძის განცხადებებია

    ლაშა ბაქრაძემ “ლელო“ დატოვა. მიზეზი სავარაუდოდ მამუკა ხაზარაძის განცხადებებია

    ისტორიკოსმა და ლიტერატურათმცოდნემ, ლაშა ბაქრაძემ პოლიტიკური გაერთიანება ლელო დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა. ბაქრაძე არ აკონკრეტებს გადაწყვეტილების მიზეზს, თუმცა სავარაუდოდ მან ეს გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის განცხადებების შემდეგ მიიღო, რასაც საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

    ლაშა ბაქრაძემ ფეისბუქზე დაწერა:

    “მივიღე გადაწყვეტილება “ლელოს” რიგებიდან გამოსვლის შესახებ.

    არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს.


    ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით.


    სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ – თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე.


    ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და “იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო” მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა “ჩარევა სასურველია”. 
    ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას.“

    ორი დღის წინ ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ლელოს ლიდერს კითხვა ამ ფორმულირებით დაუსვა:

    “უმცირესობებისთვის ქორწინების დაკანონებაზე და შვილად აყვანის საკითხზე რა აზრის ხართ”.

    ხაზარაძემ უპასუხა: კონსტიტუციაში ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი, ამას გადახედვა არ სჭირდება. ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. თუ რაღაც გადახრები ხდება, ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება და ვიღაცის უფლებები იღრვევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს. მე ვფიქრობ, კანონი დარეგულირებულია. უფლებები ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავს რაღაც, კონსტიტუციაში ლამაზად წერია, კარგად წერია, ამას უნდა გავყვეთ. ამას, მე მგონი, მეტი აფიშირება არ სჭირდება. რაც თქვენ თქვით, წინააღმდეგი ვარ – ქორწინებების. შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ”– თქვა ხაზარაძემ. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ კარგია ტყეების ეკლესიის საკუთრებაში გადასვლა, რადგან ისინი მათ კარგად მოუვლიან. ამ განცხადებებს ფართო დისკუსიები მოჰყვა.

  • თუ პარლამენტში ვერ შევა ჩემი პარტია, პოლიტიკიდან წავალ – ბესელია

    თუ პარლამენტში ვერ შევა ჩემი პარტია, პოლიტიკიდან წავალ – ბესელია

    ეკა ბესელია აცხადებს, რომ თუკი 2020 წლის არჩევნებით პარლამენტში ვერ შევა, პოლიტიკიდან წავა – ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში გააკეთა.

    როგორც პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიზნისთვის ბრძოლა მიიყვანოს ბოლომდე და თუკი ამ მიზანს ვერ მიაღწევს, პოლიტიკიდანაც წავა, თუმცა სხვა ფრონტიდან იბრძოლებს სამართლიანი სასამართლოსთვის.

    „თუ ჩემი ახალი პარტია არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ შევა, მე პოლიტიკიდან წავალ. მე ამ პარტიით მინდა ამ ქვეყანაში ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის თანამოაზრეებთან ერთად. თუ ეს მიზანი ვერ მივიყვანე ბოლომდე, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პოლიტიკაში. შეიძლება სხვა ფრონტიდან ვიბრძოლო. ზუსტად ვიცი რისთვის ვიბრძვი, ვიცი როგორ მივიდე და ბევრი ადამიანია საჭირო ამისთვის. ბევრი ადამიანი მეიმედება და ბევრი ასეთი ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკაში, რომ მიზანს მივაღწიოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • კორუფცია, ნეპოტიზმი, არაპროფესიონალიზმი, მორჩილება – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ქობულია “ოცნების” ხელისუფლებას ამხელს

    კორუფცია, ნეპოტიზმი, არაპროფესიონალიზმი, მორჩილება – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ქობულია “ოცნების” ხელისუფლებას ამხელს

    ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქართული ოცნების ხელისუფლებას ამხელს. გიორგი ქობულია თანამდებობიდან წასვლის და ბიძინა ივანიშვილის გუნდთან შეუთავსებლობის მიზეზებზე “მთავარ არხთან” საუბარში საუბრობს.

    გადაცემა “დღის სტუმარის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას ქობულიამ ხელისუფლებაში არსებულ კორუფციაზე, არაპროფესიონალიზმზე, ნეპოტიზმსა და სისტემისადმი უპირობო მორჩილებაზე ისაუბრა.

    “დაბალკვალიფიური და დემოტივირებული სახელმწიფო მანქანა, ჩამოშლილი პრემიერის ფორმალური ვერტიკალი, მიკერძოებული გარიგებები ე.წ. სქემები; რეპუტაციულად მძიმედ დაიზნებულ სასამართლო სისტემა”– ამბობს ქობულია.

    მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ინიციატივა დასჯადია. ადამიანებს საქმის კეთების მოტივაცია არ აქვთ, რადგან ამისთვის არანაირ ჯილდოს არ იღებენ . ქობულიას თქმით,  ადამინებმა ინიციატივისთვის შესაძლოა პირიქით, სასჯელიც მიიღონ.

  • 15 ოპოზიციური პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    15 ოპოზიციური პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ადგილი აქვს მორიგ ჯერზე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციის მცდელობას.

    ერთობლივ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები მზად არიან მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება.

    „8 მარტს, აშშ-სა და ევროკავშირის დიპლომატიური მისიების თანამონაწილეობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ რეაგირებას მოახდენა იმ ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ასევე შევთანხმდით, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 15 მაისს პოლიტიკური პატიმრების, გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შეთანხების პირობების შესრულების თვალსაზრისით.

    ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად. ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო წარმომადგენლობა აქვთ, კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ საპატიმროში რჩება პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა.

    სამართლებრივი ფიასკოს ფონზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით.

    ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, სამართლებრივი ფიასკოს ფონზე მიმდინარე მიზანმიმართული სახელისუფლებლო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც ხელისუფლებისგან მართულმა მედია საშუალებებმა უკანასკნელ დღებში წარმოიწყეს.

    აშკარაა, რომ ადგილი აქვს მორიგ ჯერზე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციის მცდელობას. ეს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის შეთანხმების საფუძველზე შემდგარ პოლიტიკურ კონსესუსს.

    გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, შეასრულოს 8 მარტს აღებული ვალდებულებები, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ნაკლებლად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში და განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას“,- ნათქვამია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: „გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ლელო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ერთიანი საქართველო“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-კონსერვატული პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“.

  • შესაძლოა, არ დაჯარიმდეს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია – ოხანაშვილი

    შესაძლოა, არ დაჯარიმდეს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია – ოხანაშვილი

    “შესაძლოა, არ დაჯარიმდეს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია “- ეს განცხადება  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

    “რა თქმა უნდა, ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს პირბადის ტარება, ან პირბადის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, თუ ჯანმრთელობის სხვა რაიმე გართულებები, აქ სამართალი ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ ასეთი პირი არ დაჯარიმდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაიწეროს და დარეგულირდეს ეს საკითხები. ამიტომ, ეს არავის უნდა დააწყვეს მძიმე ტვირთად და გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი შესაძლებლობა, რომ თუ დამატებითი საფრთხე შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სხვა ისეთი ტიპის რეგულაცია, რომ ერთი მხრივ, არც დაჯარიმდეს მოქალაქე და მეორე მხრივ, არ შეეზღუდოს არც მიმოსვლის თავისუფლება და არც შესაბამისი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა”, –  განაცხადა ოხანაშვილმა.

  • ლარი გამყარებას განაგრძობს

    ლარი გამყარებას განაგრძობს

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9805 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9805 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9562 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0243 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3599 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3476 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

    როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ორივე ინფიცირებული სოფელ კირაჩმუღანლოდანაა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

    მარნეულში დღეისათვის ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევაა, მათგან 29 გამოჯანმრთელებულია.

  • ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასშტაბური ღონისძიების გამართვისთვის ჯარიმა 2 000 ლარია

    ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასშტაბური ღონისძიების გამართვისთვის ჯარიმა 2 000 ლარია

    ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიების გადახდის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება. რეგულაციის განმეორებითი დარღვევა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.  დაარღვევენ, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

    ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა:

    “მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა. იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუკი ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაჯდება მძიმე დარღვევაში და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2 000 ლარიანი სანქციით და იურიდიული პირები 10 000 ლარიანი ჯარიმით. თუმცა, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა” — განაცხადა ოხანაშვილმა.

  • ხანძარი მუხიანში – მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 არასრულწლოვანია

    ხანძარი მუხიანში – მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 არასრულწლოვანია

    თბილისში, მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებულ დამხმარე ნაგებობას ეკიდა, რამაც კორპუსის ქვედა სართულების ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

    მეხანძრე-მაშველებმა, ხანძრის ქრობის პარალელურად, დაუყოვნებლივ განახორციელეს დაკვამლიანებული ტერიტორიის – მათ შორის, საცხოვრებელი ბინების დათვალიერება. ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, რომლებსაც შესაბამისი პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

    მომხდარის შედეგად, დაიწვა დამხმარე-ნაგებობის 10 კვ/მ-მდე ფართობი, ასევე, კორპუსის ნულ სართულზე განთავსებული სავაჭრო დაწესებულების ჭერი და პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ფანჯარა.