Category: ახალი ამბები

  • ზარქუას პირადი მოთხოვნით დამაყადაღეს – მარიამ სიჭინავა

    სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ირაკლი ზარქუას პირადი მოთხოვნით, ანგარიშები დაუყადაღეს.

    “ზარქუას პირადი მოთხოვნაა, რადგან ჩემი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინა”, – წერს აქტივისტი.

    ცნობისთვის, სიჭინავას ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სასამართლოში უჩივლა.

    “ჩავიბარეთ საქმის მასალები. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია 173-ეს 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას”. – დაწერა  სიჭინავა 21 მაისს.

    სასამართლო პროცესის სხდომა 23 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

  • ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს

    აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ისრაელის საელჩოს ორ თანამშრომელს ესროლა და მოკლა. პოლიციის თქმით, თავდასხმის შემდეგ კაცი ყვიროდა – “თავისუფლება პალესტინას”.

    ცეცხლის გახსნის შემდეგ კაცი მუზეუმში შეჭრას ცდილობდა, თუმცა დაცვამ შეაჩერა.

    “წყვილი, რომელიც დღეს ღამით “თავისუფლება პალესტინის” სახელით იარაღით მოკლეს, მალე დაქორწინებას აპირებდა.” – თქვა აშშ-შ ისრაელის ელჩმა იეხიელ ლეიტერმა.

    დონალდ ტრამპი მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმით მოტივირებული მკვლელობები უნდა შეწყდეს.

     

  • არის თუ არა ჩვენი ინტერესი ანტიამერიკული მთავრობა იყოს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონში? მივიღებთ ზომებს, რათა “ოცნებამ” ფასი გადაიხადოს ! – მარკო რუბიო

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო  ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „ანტიამერიკულ მთავრობას“ უწოდებს.

    “არის თუ არა ჩვენი ინტერესი ანტიამერიკული მთავრობა იყოს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონში? მივიღებთ ზომებს, რათა “ოცნებამ” ფასი გადაიხადოს !” – ასე უპასუხა
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, მეგობარი აქტის“ თანაავტორის და  კონგრესმენის ჯო უილსონის შეკითხვას.

    ჯო უილსონმა  აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხა თუ, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“?

    • „200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის [ტრამპის] ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“? – მიმართა ჯო უილსონმა ამ კითხვით რუბიოს. 

    რუბიოს პასუხი:

    „დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, – [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.

    ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.

    კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას – ანტიამერიკულ მთავრობას – რეაგირება“.

  • შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა – სეს

    შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა. სეს-ის ცნობით, მოქალაქემ, რომელსაც ბოტულიზმი დაუდგინდა, 20 მაისს ქარელში შეიძინა შებოლილი ლორი.  ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    “20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან  შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინება შემოვიდა.

    ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მოკვლევა დაიწყეს. არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ქარელში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში “ახალი ხორცი”, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა.

    ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ „ბესიკ ნაყიშაშვილი”) კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო.

    სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა შებოლილი ლორის მწარმოებელ ბიზნესოპერატორთანაც (ი/მ „ვახტანგ ლომიძე“, მის: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N54). საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

    დადგინდა, რომ  მეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საწარმოში არ არის დანერგილი HACCP სისტემა”. – ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

  • საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული – საია

    საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სპეციალური განცხადებით საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობის საკითხსა და კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს გამოეხმაურა.

    “პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

    აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად.

    იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას (In dubio pro libertate)“, – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

  • “არაფერი იცოდა [ონისემ], პატიმრებს არც სურვილი აქვთ და არც ბერკეტი ვინმეს რაიმეთი მოუწოდონ თუ რომელი ბანერით გამოვიდნენ რომელიმე დღეს””- ცხადაძე წერილზე

    “მოკლედ ჩემმა ძმამ დამირეკა, რადგან ნახა კობახიძის განცხადება. მანამდე არაფერი იცოდა საერთოდ. საღამოს განცხადებასაც გავაკეთებთ ოჯახის წევრები. რა თქმა უნდა რაც ვიფიქრეთ, სიმართლე ის არის რომ ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილი და აქვთ ნათქვამი, რომ 26 მაისს ბევრი ხალხი რომ გამოვიდეს, ამისთვის რაღაც წერილი კეთდება თითქოს. შესაბამისად მეტი არაფერი იცოდა – არც დეტალები იცოდა ონისემ. არც იფიქრებდა, რომ სხვა პოლიტპატიმრისგან შეიძლება რაღაც ასეთ მინიმუმ გაუგებრობაში თავს ამოყოფდა. ყველა გავაკეთებთ საღამოს განცხადებას და უფრო მეტ სიმართლეს ვიტყვით. კოორდინაციის პირობებში ვართ. პატიმრებს არც სურვილი აქვთ და არც ბერკეტი აქვთ რომ ვინმეს რაიმეთი მოუწოდონ ან აზრი შეაცვლევინო თუ რომელი ბანერით გამოვიდნენ რომელიმე დღეს”,

    აცხადებს პოლიტპატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, თორნიკე ცხადაძე პოლიტპატიმრების ნაწილის სახელით გავრცელებულ წერილზე.

  • “ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, განცხადება მან დაწერა და ტექსტს სხვა პატიმრებიც შეუერთდნენ”- ბოლის ჩელე ყურუა

    ბორის ჩელე ყურუა აცხადებს, რომ რეჟიმის ერთ-ერთი პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე მოინახულა, რომელმაც დაუდასტურა, რომ გუშინ რეჟიმის პატიმრების სახელით გავრცელებული განცხადების ტექსტი მისი დაწერილია.

    “ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა რომ წერილი მან დაწერა.

    საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი.

    14 მაისს სასამართლოზე წასვლის დროს, ზვიადმა წერილი წაიღო, ტექსტს გაეცნო, მოიწონა და ხელი მოაწერა:
    ვეფხია კასრაძემ
    ვასილ კაძელაშვილმა
    გიორგი გორგაძემ
    ირაკლი მიმინოშვილმა
    ინსაფ ალიევმა (უთარგმნეს რუსულად)
    თორნიკე გოშაძემ
    ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

    15 მაისს მისმა თანამესაკნეებმა გურამ მირცხულავამ და ვალერი თეთრაშვილმა წერილი იგივე ხერხით გააცნეს 11 კაციან ჯგუფს, საიდანაც რვამ მოიწონა და ხელი მოაწერა.

    ჩემი მიზქნი იყო წერილის წარმომავლობის და ავთენტურობის გარკვევა, რაც გავარკვიე გიყვებით.

    კონსპირაციულ თეორიებს თუ აღარ ააგებთ კარგი იქნება”. – წერს ყურუა.

    გუშინ, 20 მაისს მოძრაობა დაფიონმა რეჟიმის 17 პატიმრის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც პატიმრები მოქალაქეებს 26 მაისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, ოპოზიციისგან მოითხოვდნენ მკაფიო უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნავდნენ რომ მათთვის მიუღებელია,  ”კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას”.

    დაფიონმა აღნიშნიული განცხადება მოგვიანებით  სოციალური ქსელიდან წაშალა.

  • თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

    თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა წარადგინა.

    “ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, ყველა იმ პროცესში, რასაც ქალაქის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა ჰქვია. გიორგი ტყემალაძე მინდა წარმოგიდგინოთ. გიორგი ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ, ყველა პროექტი რაც ხორციელდება და რაც გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა”, – თქვა კახა კალაძემ.

    გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

  • ბავშვების თვალწინ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა – ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

    მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

    ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

  • საქართველო რა კანონებს მიიღებს, ეს არავის საქმე არაა – კალაძე

    საქართველო რა კანონებს მიიღებს, ეს არავის საქმე არაა – კალაძე

    “რა კანონებს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, ეს არავის საქმე არაა – არც ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის, ვიღაც რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს. მათ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ.

    ჩვენ არსად არაფერი გადაგვიხვევია. ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ინტერესს და საქართველოს მომავალს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და პოლიტიკა. საქართველოსთან მიმართებაში რაღაც მბრძანებლური ტონით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია”

    თბილისის მერი, კახა კალაძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის განცხადებას გამოეხმაურა.