Category: ახალი ამბები

  • ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

    აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.

    აბიტურიენტის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.

  • შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – პროკურატურა

    შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – პროკურატურა

    პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ექსპერტიზის თანახმად, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით, თუმცა აღენიშნება სიკვდილამდე პერიოდში მკვრივი–ბლაგვი საგნით მიყენებული მრავალი დაზიანება.

    “გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

    სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

    კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

    საქმეზე ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ ჯგუფურ ძალადობის, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას მუხლით მიმდინარეობდა.

  • რა გახდა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი – პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს

    რა გახდა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი – პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს

    გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

    “მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე.

    ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

    საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

    მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან. საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • რაც ახლა ხდება, ტრაგედიის გამოყენებაა პოლიტიკური მიზნებისთვის – გახარია შაქარაშვილის საქმეზე

    რაც ახლა ხდება, ტრაგედიის გამოყენებაა პოლიტიკური მიზნებისთვის – გახარია შაქარაშვილის საქმეზე

    პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ, რაც ახლა ხდება, არის სპეკულაცია და ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

    მისივე თქმით, როცა გამოძიება დასრულდება და შედეგი იქნება, მხოლოდ შემდეგ შეიძლება გამოძიების შეფასება.

    “როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. მე ერთხელ უკვე ამაზე კომენტარი გავაკეთე და ვთქვი, რომ სახელმწიფოს და, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი.

    მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც, სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას.

    გამოძიება რომ დასრულდება და გამოძიების შედეგი რომ იქნება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა,” – აცხადებს გახარია.

    მანვე აღნიშნა, რომ თუ რომელიმე სამართალდამცავმა დაუშვა კანონდარღვევა ან შესაბამისად არ შეასრულა მოვალეობა, ამისთვის ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და “ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი”.

  • მე-10 დღეა იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას – ბაჩანა შენგელია

    მე-10 დღეა იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას – ბაჩანა შენგელია

    ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო უკვე მე-10 დღეა არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

    მისი თქმით, შენგელიას წერს, რომ გუშინ 9 ივლისს მიიღო წერილი, წერია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან 15 ივლისამდე პროგრამასთან წვდომა შეუწყდა.

    ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ 13 ივლისს პროკურატურას მიმართავს, რადგან სამინისტრომ უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

    “გუშინ საოცარი წერილი მივიღე, სადაც წერია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან შემიწყდა პროგრამასთან წვდომა 15 ივლისამდე. უკანა რიცხვით, ალბათ დროის მანქანით. 15 ივლისიდან აპირებენ ფეისბუქ-პოსტების გამო შემიჩერონ საქმიანობა უფრო დიდი ხნით, ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ველოდები. ორშაბათს გენერალურ პროკურატურას მივმართავ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით. სანქცია – სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

    ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, არადა სულ რაღაც სამი კვირა გავიდა 19 ივნისიდან. ორივე დანაშაულზე უკვე მაქვს საკმარისი მტკიცებულებები. ორივეზე აუცილებლად დადგება განაჩენი, პირობას გაძლევთ”,– წერს სოციალურ ქსელში შენგელია.

    შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიამ 24 ივნისს განაცხადა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. 29 ივნისს ნოტარიუსმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ის “ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს”.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და რაოდენობა 973–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი, სულ 846 ადამიანი. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა.

    ასევე, საქართველოში სამკურნალოდ 28 ქართველი ჯარისკაცი გადმოიყვანეს, რომელთაც Covid19 დაუდასტურდათ.

  • ავღანეთში მყოფ 28 ქართველ ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ავღანეთში მყოფ 28 ქართველ ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    უწყებაში ამბობენ, რომ ისინი სპეციალური რეისით საქართველოში ჩამოიყვანეს.

    სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    “მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს”, – აცხადებს სამინისტრო.

    მათივე ინფორმაციით, საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში. ამიტომ, უწყება ამბობს, რომ მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

    სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ. რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2-კვირიან კარანტინს გაივლიან

  • ცქიტიშვილის თქმით, პოლონეთს საქართველო საზღვრებს იმიტომ არ უხსნის, რომ მაღალი ავადობა აქვთ

    ცქიტიშვილის თქმით, პოლონეთს საქართველო საზღვრებს იმიტომ არ უხსნის, რომ მაღალი ავადობა აქვთ

    ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პოლონეთი მზად არის, რომ საქართველოს საზღვრები გაუხსნას, თუმცა საქართველო საპასუხოდ იმიტომ ვერ უხსნის, რომ მაღალი ავადობა და რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აქვთ.

    “პოლონეთს დღეს საზღვრები გახსნილი აქვს უკრაინასთან, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა ფიქსირდება, 500-1000 შემთხვევაზე მეტი. პოლონეთში, სამწუხაროდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონია. პოლონეთი კი არის მზად რომ საქართველოს გაუხსნას საზღვარი, სადაც ავადობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთშია მაღალი ავადობა. ჩვენ თუ გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეების ჯანმრთელობას, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ზონებს“, – თქვა ცქიტიშვილმა.

    მინისტრი აღნიშნავს, რომ რთულდება ვითარება ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებსაც საზღვრები გახსნილი აქვთ.

    „უშუალოდ ევროპაშიც სამწუხაროდ, უარესდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. გუშინ იტალიამ 13 ქვეყანას დაუკეტა საზღვარი. ასევე რთულდება ვითარება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი, სადაც აქტიურად გაიხსნა კარი ყველა ტურისტისთვის და საბერძნეთიც ფიქრობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის შეზღუდვების ხელახლა დაწესებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში მოვლენილ ელჩებთან და ასევე საკონსულოებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და დამერწმუნეთ, არავითარი უკმაყოფილლება არ არის. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე. დღეს გვაქვს საშუალება გახსნილი გვქონდეს პრაქტიკულად ყველა ბიზნესი, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

  • გახარია ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა საარჩევნო სიაში იყოს

    გახარია ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა საარჩევნო სიაში იყოს

    პრემიერმინისტრმა გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიაში ვიხილოთ, უპასუხა, რომ შესაძლებელია.

    “რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე, რა თქმა უნდა”, — თქვა გახარიამ.

    მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, სიის რომელი ნომერი იქნება, რადგან მთავრობა 3 ფრონტზე იბრძვის და არ აქვს დრო, სიაზე იმსჯელოს.

    “არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით – ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები.

    მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში იმიტომ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მესამე ამოცანაა, ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში – წყნარად, მშვიდად, ღიად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები.

    როგორ ფიქრობთ? ამ სამი უდიდესი გამოწვევის, პრობლემის, ომის, თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში ან მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”,– განაცხადა გახარიამ.

  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მედიას არ ეხება – გახარია

    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მედიას არ ეხება – გახარია

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზრით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მედიას არ ეხება, შესაბამისად მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

    „ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით არანაირ საფთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა გახარიამ.

    ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას ექნება უფლება, მაუწყებლებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

    კანონპროექტში წერია, რომ თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

    მაუწყებლები კანონპროექტს ცენზურად და კონტროლის დაწესების მექანიზმად განიხილავენ და პარლამენტს მოუწოდებენ, შეაჩერონ მისი დაჩქარებული განხილვა.

    ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებიც და აცხადებენ, რომ ის წინააღმდეგობაშია როგორც კონსტიტუციასთან, ისე სამართლის პრინციპებთან.