Category: ახალი ამბები

  • ყვარელში მანქანა სახლის წინ მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა, დაიღუპა 1 ადამიანი

    ყვარელში მანქანა სახლის წინ მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა, დაიღუპა 1 ადამიანი

    ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ავტომანქანის მძღოლი სახლის წინ მჯდომ ადამიანებს დაიჯახა. ერთი ადამიანი, შუახნის ქალი ადგილზე დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

    არსებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ადგილობრივებს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

    შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

  • მზად ვართ, შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან ვითანამშრომლოთ – პროკურატურა

    მზად ვართ, შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან ვითანამშრომლოთ – პროკურატურა

    საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ნებისმიერ თემაზე ითანამშრომლოს.

    “აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, – წერია უწყების განცხადებაში.

    სახალხო დამცველის აპარატმა გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, მათ სურთ, შეისწავლონ გამოძიების ეფექტიანობა და მეორეს მხრივ, შეაფასონ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

    სახალხო დამცველის აპარატი შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

  • რას ედავება “კაწროს” ცოლი, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას – ეთიკის ქარტიის განცხადება

    რას ედავება “კაწროს” ცოლი, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას – ეთიკის ქარტიის განცხადება

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მთავარი არხის დირექტორის და წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად კაწროს ცოლი, ნათია რუხაია ჩივის.

    ქარტიის ინფორმაციით, განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა.

    “‘საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ნათია რუხაიას განცხადება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. მხარე სადავოდ ხდის 2020 წლის 07 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

    განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

    • პირველი – ინფორმაციის სიზუსტე;
    • მესამე – დადასტურებული წყარო;
    • მეთერთმეტე – ფაქტის განზრახ დამახინჯება

    ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები”,– წერია ქარტიის განცხადებაში.

    ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, ტელეარხმა “კაწროს” და მისი ოჯახის რეპუტაცია შელახა, ამიტომ შესაძლოა უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

    ცნობისთვის, მთავარი არხი პირველი იყო, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ შაქარაშვილის საქმეში არსებულ კადრებში, დიდუბის ტერიტორიაზე მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს “კაწრო” ესაუბრა.

    მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ავთანდილ ბილანიშვილი. შსს აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა.

  • ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლზე – ბოკერია საგანგებოს გარეშე შეზღუდვებზე

    ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლზე – ბოკერია საგანგებოს გარეშე შეზღუდვებზე

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლის არსებობაზე.

    გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გამოიყენოს ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წინასაარჩევნო პერიოდში.

    „ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლზე, დემოკრატიულ კონტროლზე, მოქალაქეების მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლზე. როგორ გამოიყენებენ ამას – დიდი რჩევა გვექნებოდა – ეგეთი სისულელე არც გაიფიქრონ, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება სცადონ არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად”, – აცხადებს გიგა ბოკერია.

    ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

  • 100-ჯერ გამეორდა სიტყვა “არაკონსტიტუციური”, 1 სიტყვით გავაბათილებ, კანონს ჰქვია პრევენციული – კახაძე

    100-ჯერ გამეორდა სიტყვა “არაკონსტიტუციური”, 1 სიტყვით გავაბათილებ, კანონს ჰქვია პრევენციული – კახაძე

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივების კანონპროექტზე ამბობს, რომ არაკონსტიტუციური არ არის.

    მისი თქმით, ხელისუფლების მიერ პრევენციული ღონისძიებების გატარებით ამაყობს.

    “დაახლოებით 100–ჯერ გამეორდა სიტყვა არაკონსტიტუციური კანონი. 1 სიტყვით გავაბათილებ ამ 100–ჯერ გამოთქმულს ჩვენი მოსახლისათვის. ეს არის ჯანმრთელობის კომიტეტის ინიციატივა, კანონს ჰქვია პრევენციული კანონი. ამ ღონისძიებების ერთობლიობამ და პრევენციის სწორად ორიენტირებამ, სამედიცინო ჭკუის, კლიმატის განსაზღვრებამ, ხელისუფლების შტოების ვერტიკალსა და ჰორიზონტალზე ბმამ გაგვიყვანა იმ შედეგზე, რითაც ვამაყობთ და იამაყებენ ყველა მომდევნოები, რომლებიც ამას მაგალითად მოიყვანენ”,– ამბობს კახაძე კანონპროექტზე.

    ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

    “წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

    კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ
    ხაჩიძე და ილია ნაკაშიძე.

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა გახელაძე

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა გახელაძე

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ზაზა გახელაძის გატაცებას ეხმაურება.

    უწყების პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსი სამხედროების მიერ დაჭრის ფაქტს და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.

    „მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრას და დაკავებას რუსული სამხედრო ძალების მიერ და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, –წერია განცხადებაში.

    ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და გაიტაცეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ლია გიგაურის ინფორმაციით, ის ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

    ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

    “წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

    მისი ავტორების განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის შეზღუდვების ვადის გახანგრძლივება აუცილებელია.

    კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ
    ხაჩიძე და ილია ნაკაშიძე.

    შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი. პარლამენტმა საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას მაისში მიანიჭა.

    მთავრობას მიეცა დროებითი უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

    გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

  • ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

    ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

    ცოტნე გამსახურდიას მკურნალობა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში უტარდება. ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ წერს.

    გამსახურდია აღნიშნავს, ცოტნეს მკურნალობის პროცესში მათ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა დაეხმარა, რისთვისაც მადლობას უხდის.

    “ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“,- წერს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.

    შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

    გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

  • “ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრება არ იქნება“ – ჯანმოს ხელმძღვანელი

    “ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრება არ იქნება“ – ჯანმოს ხელმძღვანელი

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ ჰებრეისუსი აცხადებს, რომ პანდემია სულ ფრო მეტად გავრცელდება, თუ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები გადამწყვეტ ნაბიჯებს არ გადადგამენ ინფექციასთან საბრძოლველად.

    „ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვირუსი მსოფლიოში ისევ ნომერ პირველ მტრად რჩება, თუმცა ბევრი მთავრობის და ადამიანების მოქმედება ამას არ ასახავს„– ამბობს ის და აზუსტებს, რომ ბევრ ქვეყანაში სერიოზულად არ უდგებიან სოციალური დისტანცირების ზომების დაცვას, ხელების დაბანას და ნიღბების ტარებას.

    “ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრება არ იქნება“ – ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი.

    ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 13 მიმლიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 571 000–ზე მეტი, გამოჯანმრთელდა 7.2 მილიონი ადამიანი.

  • ომბუდსმენი პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობისთვის მიმართავს

    ომბუდსმენი პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობისთვის მიმართავს

    სახალხო დამცველის აპარატი გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართავს. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, მათ სურთ, შეისწავლონ გამოძიების ეფექტიანობა და მეორეს მხრივ, შეაფასონ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

    სახალხო დამცველის აპარატი შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

    “ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას.

    2020 წლის 13 ივლისს სახალხო დამცველი შეხვდა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.

    ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული. აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებადარღვევის თაობაზე.

    სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და მეორეს მხრივ, შევაფასოთ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

    პარალელურად, შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და ასევე ჩვენს შეფასებებს. ვფიქრობთ, ჩვენი როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას”, – წერია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი.